04 სექტემბერი, 2014
ფოტოგრაფი, რომელიც ადამიანების გადაღებაზე უარს აცხადებს
ძალიან მინდა, ალასკაში ვიმოგზაურო და ლამაზი კადრები გადავიღო მერაბ გალაშვილი ახალგაზრდა, ჯერჯერობით დამწყები ფოტოგრაფია. რთული გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მამა, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფია, ყველანაირად ეხმარება შვილს. ოცნებობს ალასკაზე მოხვედრაზე და იმედი აქვს, რომ ამ სურვილს აუცილებლად აისრულებს. უყვარს ბუნება და ნაკლებად - ადამიანები. ცხოვრებაში ადამიანები უყვარს, თუმცა მათი გადაღება - ნაკლებად. მის არქივში პორტრეტებს თითქმის ვერ ნახავთ. ალბათ სწორედ ეს არის, რაც ბევრი კოლეგისგან გამოარჩევს.

- რუსთავში გავიზარდე და ახლაც იქ ვცხოვრობ, სკოლაში ვსწავლობ. ფოტოგრაფია
მამამ შემაყვარა. ოცდაათი წელია, რაც ამ სფეროშია. თავად პროფესიით ვიდეოოპერატორია და ''რუსთავი 2''-ში მუშაობს. სურათების გადაღება მე-9 კლასიდან დაიწყო და მას შემდეგ სულ თან აქვს ფოტოაპარატი, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ახლა მე მეხმარება, რომ როგორც ფოტოგრაფი გავიზარდო.

Rating

- შენ როდის გადაიღე პირველად?
- დაახლოებით 4-5 წლის წინ მამამ ციფრული ფოტოაპარატი მაჩუქა. მაშინ ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. თავიდან ბევრი ვერაფერი გავუგე, მაგრამ რაც მთავარია, სწავლა არ მეზარებოდა. მანა-მდეც ვიღებდი ფოტოებს, მაგრამ პირველი სურათი, რომელიც ძალიან მომეწონა, კონკურსზეც გავიტანე და მესამე ადგილი ავიღე. სამწუხაროდ, ის სურათი დავკარგე. ერთი წლის შემდეგ მამას ნაჩუქარი ფოტოაპარატი გამიფუჭდა, მაგრამ მალე მშობლების დახმარებით უკეთესი შევიძინე და მაშინ დაიწყო ფოტოგრაფიაში ჩემი წინსვლა.

Rating

სოციალური ქსელის საშუალებით უამრავი ადამიანი გავიცანი, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფები და არ მერიდებოდა, ხშირად ვეკითხებოდი რჩევებს და მათგან ბევრი ვისწავლე. მოგვიანებით სურვილი გამიჩნდა, რომ საყვარელი საქმით ფული მეშოვა და შეკვეთით გადაღება დავიწყე. მაშინ მივხვდი, რომ ნაკლებად მიყვარდა
ხალხის გადაღება და ძირითადად მაინც ბუნება მიზიდავდა.

Rating

- შენს რომელიმე ფოტოს განსაკუთრებული ისტორია ხომ არ აქვს?
- არა, რადგან ჯერჯერობით სირთულეები არ შემხვედრია. ძირითადად მარტო დავდივარ გადასაღებად, მაგრამ ოჯახიც ძალიან მიწყობს ხელს. მამა, როგორც წესი, კრიტიკულია. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენჯერმე შემაქო, მაგრამ ძირითადად მეუბნება, რომელ ფოტოს რა აკლია, უნდა, რომ მეტი ვისწავლო და მარიგებს.

Rating

- გამორჩეულად საყვარელი ფოტო გექნება შენს არქივში.
- დიახ, ჩემს სოფელში მიტოვებული შენობა გადავიღე, რომელიც საშინელებათა ფილმებში გადაღებულ სახლებს წააგავს. მისტიკური ფოტოა, მგონი, გამომივიდა. არ ვიცი, თქვენმა მკითხველმა შეაფასოს (იღიმის).

Rating

- მერაბ, შენს საოცნებო პროექტზე მოგვიყევი...
- ძალიან მინდა, ალასკაში ვიმოგზაურო და ლამაზი კადრები გადავიღო, რომელიც ყველა მნახველს გააოცებს. მინდა, ლამაზი ლანდშაფტის კარვის ფონზე რძიანი გზა გადავიღო, რომელიც განსაკუთრებულად ჩრდილოეთითაა ლამაზი. ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ნაწილია და დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს შეველევი ამ საქმეს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nino
Carmatebebi merab, shenit vamayob ♥
23:13 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS