თუ შვილი მოდის შენთან და გეუბნება, მე ის მიყვარს და მასთან ბედნიერი ვიქნებიო, დაშლას რა აზრი
- ქვეყანა, ოჯახი და ურთიერთობები ტრადიციებზე დგას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლე ცუდია და არ უნდა მივიღოთ. როგორც წესი, ვინარჩუნებთ კარგ რაღაცებს, რასაც მერე და მერე ტრადიცია ერქმევა. ცუდი ტრადიცია არ არსებობს, უბრალოდ, ძველი ქმედების გადმონაშთი განიცდის ტრანსფორმაციას, იცვლის სახეს, რის შემდეგაც შეიძლება აღარ მოგვეწონოს და მას ცუდი ტრადიცია დავარქვათ, რაც არასწორია. ზოგადად, ტრადიცია – სულ სხვა ფილოსოფიაა.
- ხშირად მეუბნებიან, რომ სუფრასთან აღიზიანებთ თამადა და საერთოდ, თამადის ინსტიტუტი მომაბეზრებელია, როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს?
- თამადა თუ მაგიდაზე ხელს ურტყამს და თან იძახის, მომისმინეთ, მომისმინეთო, რა თქმა უნდა, მომაბეზრებელი იქნება, მაგრამ ვყოფილვარ სუფრებზე, სადაც ბუზის გაფრენაც კი ისმოდა და ხალხი დიდი გულისყურით უსმენდა სადღეგრძელოს. თამადის ინსტიტუტი აუცილებელია, მაგრამ ამასაც თავისი ადგილი აქვს, ბარსა და ღამის კლუბში რომ მოინდომო თამადობა, არაა მისაღები, მაგრამ ქორწილს უნდა ჰყავდეს, რათა თუნდაც ნათესაობამ ერთმანეთი უკეთ გაიცნოს იმ კონკრეტულ სუფრაზე. თამადობას ისეთი ფორმის მოძებნა უნდა, რომ არ იყოს გამაღიზიანებელი სტუმრებისთვის, ახალგაზრდა იქნება თუ ასაკიანი, მაგრამ იმავდროულად თავისი სათქმელი უნდა თქვას, უნდა ამცნოს იქ მყოფ საზოგადოებას, რისთვისაა ხალხი შეკრებილი, რისთვისაა გაწეული ამხელა ხარჯი, ვინ ვის დაუნათესავდა. თამადა უნდა იყოს ნიჭიერი კაცი და თავად უნდა განსაზღვროს, როგორ წაიყვანოს სუფრა. თუ გისმენენ, გამოთქვამენ საკუთარ აზრს და ეს ყველაფერი ნორმებსა და ფორმაში ჯდება, ცუდია არაა თამადის ინსტიტუტი.
- რაც შეეხება ოჯახის შექმნის ფორმას, ათეული წლის წინ, სანამ წყვილი ერთად დაიწყებდა ცხოვრებას, უნდა გაევლო სხვადასხვა ეტაპი, დანიშვნა, ხელის თხოვნა, ქორწილი. როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თითოეული ამ ნაბიჯის გავლა?
- ამ ეტაპების გავლა ერთგვარი პატივისცემაა მშობლების მიმართ, სავალდებულო არაა, მაგრამ თუ გოგოს ან ბიჭს სურს ასე მოიქცეს და ასიამოვნოს მშობლებს, ცუდი რატომაა? თუ ასე არ მოიქცევიან, ამით ქვეყანა არ დაინგრევა.. მაგალითად, მე ისე მოვიყვანე ცოლი, არავისთვის არაფერი მიკითხავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპატივცემულოდ მოვექეცი ვინმეს. ჩემმა ბიჭმა უცებ ცოლი რომ მოიყვანოს და მე არაფერი ვიცოდე, არ გავბრაზდები და არ ვიტყვი, ეს რა გამიკეთა-მეთქი, ის სიყვარულიც მისია, ის ქალიც, ის ოჯახიც და როგორც უნდა, ისე მოიქცევა.
- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებას როგორ უყურებთ?
- ეს ხან მისაღებია, ხან - მიუღებელი, გააჩნია ადამიანს და სიტუაციას. ამას ჩარჩოში ვერ მოაქცევ, ადამიანები საკუთარი ფასეულობების მიხედვით იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. პრინციპში, ამას ტრადიციასაც ვერ დავარქმევთ, მაგრამ აბანოშიც რომ აღარ ''სინჯავენ'' ქალებს, ესეც ხომ ვიცით?! (იცინის) კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველა ქმედება შეიძლება განვიხილოთ პატივისცემის ჭრილში. თუ შვილი მოდის შენთან და გეუბნება, მე ის მიყვარს და მასთან ბედნიერი ვიქნებიო, დაშლას რა აზრი აქვს? თუ შვილი გიყვარს, უნდა მისცე ნება, იყოს ბედნიერი მასთან, ვისთანაც უნდა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ცხოვრებაში რაც ჩემმა შვილებმა პატივი მცეს, ვერასდროს გადავიხდი. სანამ მშობელი გავხდებოდი, ვიყავი სხვა კაცი, შვილის შეძენის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა, დავფიქრდი ხვალინდელ დღეზე, მომავალზე და ბევრი რამ შევცვალე ცხოვრებაში, დამოკიდებულებებიც შემეცვალა, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო მშობლები, შვილებიც ბევრ რამეს უკეთებენ მშობლებს, ამიტომ უზომოდ ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ ასეთი კარგი შვილები მყავს.
- ბატონო ვანო, მივუბრუნდეთ ჩვენს თემას და ამჯერად გენდერულ თანასწორობაზე ვისაუბროთ...
- ამ თემის ასე წამოწევა და ამაზე საუბარი გაუნათლებლობის, მოუწესრიგებლობის და უსიყვარულობის ამბავია. პირდაფჩენილი, შტერი გოგო-ბიჭები ერთმანეთს უკავშირებენ ცხოვრებას, პროფესია არ აქვთ, შემოსავალი არ აქვთ და თავიდან ბოლომდე მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, სხვაზე დამოკიდებული ადამიანი კი დაჩაგრულია, არა აქვს მნიშვნელობა, ვისზეა დაყრდნობილი, ქმარზე, საკუთარ თუ მეორე ნახევრის მშობლებზე. სანამ ეკონომიკური მდგომარეობა არ ამაღლდება, ყველას თავისი საქმე და სამსახური არ ექნება, ეს პრობლემა ყოველთვის იდგება ჩვენ წინაშე. როდესაც გიყვარს, იქ გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი საჭირო არ ხდება და ეს პრობლემა აქტუალობას კარგავს, რადგან სიყვარულს სხვა პატივისცემა მოაქვს, სხვა ურთიერთობა. მაგრამ თუ იმიტომ მოჰყავს კაცს ცოლი, რომ ''ხელი დაეღალა'', მაშინ ყველაფერზე საუბარი დამთავრებულია (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, ქალის უმანკოება ოჯახის სიმტკიცეს განსაზღვრავს?
- უპირველესად ოჯახის შექმნის ფილოსოფია უნდა შევაგნებინოთ ჩვენს შვილებს, ოჯახი ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. ეს ისეთი ურთიერთობა და ისეთი ინტიმია, რაც იმ ორ ადამიანს შორის ხდება და მათი ნებაა. თუ სიყვარულია, ამაში მესამე და მეხუთე კაცი ვერ ჩაერევა, თორემ ზემოთ რა თემაც განვიხილეთ, იმას თუ მივუბრუნდებით, მაშინ ყველაფერი დასაშვებია.
- ჩვენს ქვეყანაში ღალატს სქესის მიხედვით განსაზღვრავენ, ეს სწორად მიგაჩნიათ?
- ღალატის ყველა გამოვლინება საშინელებაა. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში კაცის ღალატი სხვაგვარად აღიქმება და ქალის – სხვანაირად, მაგრამ როცა ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის სხვას აყენებს ტკივილს, ეს დაუშვებელია. ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, მაგრამ საკუთარი სიამოვნებისთვის სხვას ტკივილი არ უნდა მიაყენო, ეს სწორი არაა. თუმცა ყველა ურთიერთობაში, მეგობრობა იქნება ეს თუ პირადი, ღალატი მძიმე და აუტანელია.
- ბატონო ვანო, საყურიანი, ვიწროშარვლიანი, გრძელთმიანი ბიჭები გაღიზიანებენ? ხშირად სწორედ ამის გამო ამბობენ, გადაჯიშდა ქართველი ერიო...
- გადაჯიშდა ქართველი ერიო, ბევრ რამეზე შეიძლება თქვა, მაგრამ ცოტა ხმამაღალ ნათქვამად მეჩვენება. ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს და საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრობს, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იმოქმედოს დასაშვებ ზღვრამდე, დაუშვებელი არ უნდა გააკეთოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ პიროვნების შინაგანი მდგომარეობიდან მოდის მისი გარეგნული სახე, შეიძლება დაინახო ტიპი დახეული, ჩაჩაჩული შარვლით თუ საყურით, მაგრამ არ გაგაღიზიანოს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც უარყოფით ემოციას იწვევენ.კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შინაგან სამყაროს ასეთ ვითარებებში განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ზემოხსენებულ ტიპთან ყანწებსა და განსხვავებულებზე ვერ დაიწყებ ლაპარაკს, მას თავისებური მიდგომა უნდა მოუნახო. მიუხედავად ამისა, იმასაც ვიტყვი, რომ მომწონს და პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც არც ჭკუა აკლიათ, არც ნიჭი და იმავდროულად იციან, ვისი გორისანი არიან.
- დასასრულ, არატრადიციულ ორიენტაციაზე მინდა გკითხოთ, ეს პათოლოგიაა?
- რა თქმა უნდა, არატრადიციული ყველაფერი პათოლოგიაა, მაგრამ აგრესია მათ მიმართ დიდი სისულელეა. ლონდონში ვიყავი გადაღებაზე და მიმიწვიეს დიდ, 20-ათასიან გეიაღლუმზე, შემდეგ დამაყარეს კითხვები, გეიაღლუმზე დაგინახეთ და რა აზრის ხართო. რა აზრის უნდა ვიყო? გადახრა და არატრადიციული ორიენტაცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, არ ვემხრობი ამას, მაგრამ აგრესია არაა სწორი. სუფრასთანაც ვყოფილვარ ასეთ ადამიანებთან, ვიცნობ კიდეც, მაგრამ ჩემთვის მისაღები და ნორმალურია, რომ კაცმა ქალი უნდა შეირთოს ცოლად, უნდა გამრავლდნენ და შვილები უნდა გაზარდონ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''