- ნანუკა, ბავშვობიდან გინდოდა, ცნობილი ყოფილიყავი?
- არასდროს მიოცნებია, მაგრამ თავში მქონდა ჩადებული, რომ ცნობილი მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა, საინტერესოდ ვყვებოდი ამბებს. თანაც, ოჯახის წევრების უმრავლესობა მსახიობია. მერე სხვა
- პოპულარობის გემო რა ასაკში იგრძენი?
- ჩემი მშობლების გამო ბავშვობიდან მცნობდნენ. ამბობდნენ, ეს გოგიჩას შვილიაო. ასე რომ, რაღაც სახელი, არა ჩემით მოხვეჭილი, სულ მომყვებოდა. 14 წლის ვიყავი, როდესაც შარდენზე ნანა შუკვანის ჩვენება გაიმართა. კრისტი ყიფშიძესთან, სალომე ღვინიაშვილსა და ნათია მაქაცარიასთან ერთად მე და მაშო გაგუა გამოვდიოდით და მოდელებს შორის ყველაზე პატარები ვიყავით. იმ პერიოდში სადღაც მოვხვდი და ჩემზე თქვეს, ჩვენებაზე გამოდიოდაო. იცი, მაშინ ეს ჩემთვის რა იყო? ამ ტოპმოდელებთან ერთად ორი პატარა ღლაპი გამოვედით. აი, ეს მომენტი დამამახსოვრდა. დაბადების დღეზე ვიყავი და იქ აღნიშნეს. მაშინ თითო-ოროლა ჩვენება იმართებოდა და ყველა იგებდა მათ შესახებ. თავი დიდი ვინმე მეგონა (იცინის).
- თავში არასდროს აგვარდნია?
- არასდროს. პატარაობისას გოგონები ხომ ოცნებობენ დედოფლობაზე და მეფეს რომ გაჰყვნენ ცოლად. მე ასეთ რამეზე არასდროს მიოცნებია. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ვიღაც აუცილებლად თავად გავხდებოდი. ჩემი მშობლები იმდენად მიამიტები არიან, ხვალ რომ მომინდეს, მკვლელი ან ნარკომანი გავხდე, არც მომინდება, მაგრამ არც გავაკეთებ, რადგან ჩემს მშობლებს გავუწევ ანგარიშს - მათი ფაქტორი მაჩერებს. პრეზიდენტის შვილი რომ ვყოფილიყავი, როგორიც მომინდებოდა, ისეთი ვიქნებოდი და ისე მოვიქცეოდი, სულ ვამბობ, რომ მშობლებს არ უნდა მიაწერონ შვილების საქციელი და პირიქით. მერე აუცილებლად ავხსნიდი ჩემს საქციელს, არ არის აუცილებელი, რადგან მამა პრეზიდენტია, შვილიც შესაბამისად იქცეოდეს. მინდა, ცალკეულად განიხილონ ყველა ადამიანი. მე თუ ცუდი ვარ, არ მინდა, ჩემს მშობლებს მიაწერონ. არასდროს მიყვარდა ასეთი მიდგომა, მაგრამ ძირითადად ასე ხდება ხოლმე.
- რა მოიტანა შენს ცხოვრებაში პოპულარობამ დადებითი?
- კარგი ის არის, რომ დღის განმავლობაში ყველანაირი ასაკის, სოციალური ფენის წარმომადგენელთან მაქვს შეხება და დიდ სიყვარულს ვიღებ, განსაკუთრებით, ხანში შესული ადამიანებისგან. ისე მელაპარაკებიან, მგონია, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ალბათ, უარყოფითი ისაა, რომ სადაც უნდა შეხვიდე, აუცილებლად ყველა შენ გიყურებს. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, რა ბედნიერებაა, ახლომხედველი რომ ხარ და ბევრ რამეს ვერ ხედავ, ჩვენ უნდა ვიაროთ ''როჟებით'' და მოვიშოროთ ყველა შენი თაყვანისმცემელი თუ მაყურებელიო. მე კი დავდივარ და ვერაფერს ვამჩნევ.
- სათვალე არ გიკეთია?
- კითხვის დროს მიკეთია. ერთ დღეს გავიკეთე და გავედი გარეთ. ისეთ ხალხს მივესალმე, ცხოვრებაში რომ არ მივსალმებივარ. ამბობდნენ, ცხრა წელია, ამ გოგოს გამარჯობა არ უთქვამს და ახლა რა დაემართაო (იცინის). არადა, შორს ვერ ვხედავ და რა ვქნა? სახლშიც არ სჯეროდათ, რომ მხედველობის პრობლემები მქონდა, ბოლოს ჩემმა დამ წამიყვანა ძალით ექიმთან, უკვე ნათესავებს და მამას რომ არ ვესალმებოდი, მიხვდნენ (იცინის). მაგრამ არც ახლა ვხმარობ ლინზებს და სათვალე გარეთაც არ მიკეთია.
- საკუთარ თავს თუ ინახავ შენი შემოსავლებით?
- საზღვარგარეთ, თუკი ცნობილი სახე ხარ და სადმე რესტორანში ან კლუბში გამოჩნდები, ამისთვის თანხას გიხდიან. აქ, ძირითადად, ყველაფერი ნაცნობობით გვარდება. ბევრი მთხოვს, მისი ნამუშევარი ''ინსტრაგრამზე'' დავდო, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. ან, ვთქვათ, გაიხსნა კაფე, მთხოვენ, დავწერო სტატუსად, რომ კარგი გარემო და კერძებია. არ არის პრობლემა,
ვწერ, მაგრამ ამაში თანხას არავინ მიხდის. მაქვს ხელფასი ტელევიზიაში. მოდელობით ფულს ვშოულობ-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ, დამცინებენ. მინიმალურ თანხას გიხდიან ჩვენებაზე, მაგრამ როცა მოდელი ხარ, იმდენად გახარებს პოდიუმზე გასვლა, რომ კარგ დიზაინერთან შესაძლოა, თანხის გარეშეც გამოხვიდე. ჩემი შემოსავალი, ასე თუ ისე, მყოფნის, მაგრამ მშობლებიც მეხმარებიან. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ ზაფხულში მე და ჩემი და მათ ვაბარივართ (იღიმის). აუცილებლად გვეხმარებიან ხოლმე. თავის მოვლის საშუალებებს კი ჩემით ვყიდულობ.
- პოპულარობას აქვს ის კარგი მხარე, რომ ცნობილ სახეებს ხშირად ჩუქნიან სხვადასხვა პროდუქციას, მომსახურებას.
- რა თქმა უნდა. ბევრჯერ უჩუქებიათ ერთწლიანი აბონემენტები სავარჯიშო დარბაზებში, რომ უბრალოდ, იქ მევლო და მევარჯიშა, მაგრამ რატომღაც არასდროს გამომიყენებია. აუზის აბონემენტებსაც მჩუქნიან და მათ ხშირად ვიყენებ. ასე რომ, პოპულარობას აქვს პლუსები, ბევრ საჩუქარს ვიღებ და დიდი მადლობა მათ. თუკი ეს თაყვანისმცემლისგან არ არის, სიამოვნებით ვიღებ.
- ანუ რომელიმე შენმა თაყვანისმცემელმა საჩუქარი რომ მოგიძღვნას, არ მიიღებ?
- დაიჯერებ, რომ თაყვანისმცემლებთან არ ვკონტაქტობ? ძირითადად, საახლობლო წრისგან ვიგებ მათ შესახებ. პირველი ''აიფონი'' თაყვანისმცემელმა მაჩუქა და ავიღე, მეტი არაფერი. დედაჩემს ისეთი სახით ვუთხარი ამ საჩუქრის შესახებ, ეგონა, რაღაც დამემართა, ვფიქრობდი, რომ ეს არ შეიძლებოდა (იღიმის).
- კიდევ გაწუხებენ? ესეც პოპულარობის თანმდევია.
- ზოგი არაადეკვატურია და ეს ძალიან არ მომწონს.
- ახლა მოგწერეს, პროკურატურიდან გირეკავთ და ტელეფონი აიღეთო.
- ასეთ რაღაცებს ხშირად მწერენ, პატრულიდანაც მწერენ (იცინის). ჯერჯერობით არ მაწუხებენ. არ მიყვარს, როცა მავიწროებენ. ვერ ვიტან, სახლთან რომ მხვდებიან, როცა არ ველოდები, უკნიდან რომ მეპარებიან. ერთი პერიოდი სახლში ლიფტთან მხვდებოდა ვიღაც. მეუბნებოდნენ, დაელაპარაკე, რა უნდაო, მაგრამ რატომ უნდა დავლაპარაკებოდი? მანქანიდან რომ გადმოვდიოდი და დავინახავდი, ბაბუას ვურეკავდი, ჩამოდი-მეთქი. სულ ისეთ გარემოში დავდივარ, სადაც თავს დაცულად ვგრძნობ. მარტო მე არა, ნებისმიერ გოგონას ჰყავს თაყვანისმცემლები. როცა მეგობრებთან ერთად ხარ, არავის სიამოვნებს, რომ ვიღაც მოგადგება და მერე შენმა მეგობრებმა უნდა აიტკივონ თავი. ჩემი მეგობარი ბიჭები ლიფტის კარამდე მაცილებენ, ძალიან გამიმართლა მეგობრებში.
- ჭორები და გავრცელებული ხმები არის პოპულარობის კიდევ ერთი მხარე.
- ალბათ, გამამწარებს ჭორი, რომ ვიღაცის საყვარელი ვარ. არ მადარდებს, როცა წერენ, რომ ოპერაციები მაქვს გაკეთებული. ამაზე შეუძლიათ, პირდაპირ მკითხონ და პასუხის გაცემა არ გამიჭირდება, მაგრამ თუკი დამაბრალებენ, იმასთან დადის და ამასთან დადისო, იმდენად არ შეესაბამება სიმართლეს, რომ წყობიდან გამოვალ. სულ მგონია, რომ ჭორი რაღაც დონეზე სიმართლეს ეფუძნება, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უსაფუძვლოა. ამის გამო პანიკას არ ავტეხ. ჩემ გარშემო მყოფ ბიჭებს ძალიან სწყინთ და იძაბებიან. ჩვენ ხომ ვიცით, როგორი ადამიანი ხარო. ზოგჯერ ამის გამო მეც ვიძაბები. პირდაპირ მკითხონ ხოლმე, არასდროს არაფერს ვმალავ, არც ემოციებს.
- შენი პოპულარობა უფრო პოზიტიურია, თუ არა?
- მგონია, რომ მაინც პოზიტიურია. ფორუმებზე არ შევდივარ და არ ვიშლი ნერვებს. ''ფეისბუქზე'' არასდროს მომსვლია უარყოფითი მესიჯი. არავის მოუწერია, ვერ გიტან, რას ჰგავხარო. არ ვიცი, ხმამაღალი ნათქვამია თუ არა, მაგრამ დადებით ემოციებს ვიღებ გარშემო მყოფთაგან და ეს ალბათ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ფორუმებზე ანჯელინა ჯოლისაც უთვლიან ოპერაციებს და ჩემზე გაუჭირდებათ რაიმეს დაწერა?
- რას არ გააკეთებ პოპულარობისთვის?
- არ გადავაბიჯებ ჩემს მორალს. მაგალითად, არ მინდა გაშიშვლება. სულ მეკითხებიან, ''ვიქტორიას სიკრეტში'' რომ მიგიწვიონ, არ გაშიშვლდებიო? ეს სულ სხვა თემაა, ზუსტად უნდა მქონდეს გარანტია.
- არც ფილმში გაშიშვლდებოდი?
- მქონია შემოთავაზებები ფილმში თამაშზე, ჩემში კეთილშობილ ძიძას ვერავინ ხედავს და ამიტომაც საყვარლის როლზე შემოთავაზებებით ვერ მომხიბლეს.
- დასასვენებლად რომ მიდიხარ, ალბათ, ზღვაზე ყველა შენ გიყურებს. სულ ფორმაში ყოფნა არ გეზარება?
- საქართველოში, დიდი-დიდი, თვალი გამოგაყოლონ, უცხოეთში ბევრად შემაწუხებლად იქცევიან. ამისგან არსად არ ხარ დაზღვეული. თავის მოვლა ძალიან მიყვარს. ვვარჯიშობ და ძირითადად ამით ვუვლი თავს. ისეთ რაღაცებს ვჭამ, ალბათ, ცელულიტიანი და ორასი კილო უნდა ვიყო. ძალიან მიყვარს ჭამა, მაგრამ შემდეგ წელიწადში რამდენჯერმე ინტენსიურად ვვარჯიშობ.
- რას ფიქრობ, ღირს თუ არა საქართველოში პოპულარობა?
- კარგია, დადებით ემოციებს იღებ. თუკი ნეგატივი მოდის და გლანძღავენ, არ გიღირს. მაგრამ მაინც მიიჩნევა, რომ პოპულარობა ყველას უნდა და აქეთკენ მიისწრაფვის.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინიგი''