სახელი გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია და სამუშაო გამოცდილება:
ბაჩო კვირტია. დავიბადე 1974 წლის 8 ნოემბერს. პროფესია: პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი. ვმუშაობ ''საზოგადოებრივ მაუწყებელში'', რამდენიმე რადიოში და რამდენიმე ჟურნალის რედაქციაში.
ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე...
დავიბადე ქალაქ ზუგდიდში. გავიზარდე და საშუალო
პირველი მოგონება, რაც ბავშვობიდან დღემდე მახსოვს...
მძაფრი ემოცია, რომელიც ზღვის პირველი ხილვისას დამეუფლა. 4-5 წლის ვიქნებოდი, როცა მშობლებმა ზღვის პირას გამიყვანეს და ჩემ წინ უეცრად გადაიშალა ლურჯი უსასრულობა. ამ ემოციას დღესაც, როცა ზღვისპირეთში ჩავდივარ, ზღვის პირველივე დანახვისას იმავე სიმძაფრით შევიგრძნობ, როგორც მაშინ – ღრმა ბავშვობაში.
ჩემი დილა იწყება...
ჩემი ორი შვილის თვალიერებით, რომლებსაც ჯერ კიდევ სძინავთ და არ იციან, რომ მათ ვუყურებ...
წერა დავიწყე, როცა...
როცა ვიყავი 12-13 წლის. გაურკვეველი მიზეზით, გარკვეულ თემებზე. პოეტურად თუ ვიტყვი, ესეც ბედისწერა იყო, მაგრამ მაინც გადაჭარბებული ნათქვამი მგონია. დავიწყე წერა და მორჩა. სხვა არაფერი.
წერის მანერა, დრო და ინტერვალები...
წერის ჩამოყალიბებული მანერა არ მაქვს. ზოგადად, ვწერ ნელი ტემპით, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩემი ყოველდღიური გადატვირთული და არეული გრაფიკითაა გამოწვეული. ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ყოველთვის ვწერ, მაგრამ უზომოდ ნელა და ხანგრძლივად.
ჩამოთვალეთ თქვენი ლიტერატურული პრემიები... დღეს, როცა რამეს წერთ, ფიქრობთ, დაიმსახურებს ესა თუ ის მათგანი კვლავ რომელიმე ლიტერატურულ პრემიას?
2007 წელს - პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე ''PEN-მარათონი''; 2007 წელს - პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე ''წერო''; 2008 წელს - ლიტერატურული პრემია ''საბა'', ნომინაცია: ''საუკეთესო დებიუტი''; 2011 წელს - გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია ''ალავერდი'', ნომინაცია: ''საუკეთესო მოთხრობა''; 2013 წელს – გამარჯვებული ნომინაციაში ''საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს რჩეული'', ლიტერატურულ კონკურსზე ''წერო''.
როცა რამეს ვწერ, ყველაფერზე ვფიქრობ: საკუთარ ემოციებზე, იმაზე, რამდენად გულწრფელი და ნამდვილი ვარ წერისას, მკითხველის შეფასებაზე, მომავალი ტექსტის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, იმაზე, როგორი იქნება მომავალი დღე – იწვიმებს, ქარი ამოვარდება თუ დაცხება... ყველაფერზე ვფიქრობ.
ტელევიზია, რადიო და პრესა...
ტელევიზია, რადიო, პრესა – ჩემი ამჟამინდელი სამსახურებია. სამივე მიმართულებასთან მაქვს შეხება. ბევრი რამ არ მომწონს და არ ვკარგავ იმედს, რომ ახლო მომავალში საქართველოში გაცილებით მაღალი დონის მასმედია იქნება.
საკუთარ თავში ვებრძვი...
ზედმეტ სენტიმენტალიზმს, რომელიც, ჩემი აზრით, ხელის შეშლის გარდა, არაფრის მაქნისია.
მჯერა...
რომ უახლოეს ხანში საქართველო განვითარებული და წარმატებული ქვეყანა გახდება.
არ მჯერა...
მოჩვენებების, ცრურწმენების, ასტროლოგების, პოლიტიკოსებისა და სხვა დანარჩენი მუცლით მეზღაპრეების.
ყველაზე ხშირად მავიწყდება...
თითქმის არაფერი არ მავიწყდება. ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს.
არასოდეს მავიწყდება...
საქართველოს უახლესი ისტორია, 1989 წლიდან დღემდე – ტრაგედიით, უკიდურესი სირთულეებით სავსე წლები, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) მნიშვნელოვანი ეპიზოდია.
ყველაზე მეტად მეშინია...
ომის, სტიქიური მოვლენების, ეპიდემიების, მძიმე ავადმყოფობის, განუკითხაობის, უსამართლობის, რაც ძალზე ახლოსაა ჩვენ ირგვლივ, მუდამ თავს დაგვტრიალებს – მშიერი აფთარივით...
ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი...
ჩვენი ქვეყნის დაკარგული ტერიტორიები. ის, რომ საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ დადგა მყარად ფეხზე და ხალხმა შვება ჯერ კიდევ ვერ იგრძნო.
ჩემი დღემდე აუხდენელი ოცნება...
მოგზაურობა სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში – ცეცხლოვან მიწებსა და კუნძულ ტასმანიაზე.
ვგეგმავ...
ვიცოცხლო, რომ არ მოვკვდე.
დღეს ვწერ...
პიესას და მოთხრობას, ერთდროულად.
მე – ოცი წლის შემდეგ...
ისევ მე ვიქნები, ოღონდ – 20 წლის შემდეგ.
ის, რაც აქამდე არასდროს მითქვამს...
არ ვიტყვი კიდევ დიდხანს, კარგა ხანს,
აგვისტო მარტის წითელ ღვინოს სვამს,
წყალი სწყურია მეხრეს ბებერ ხარს...
(პასუხი-ექსპრომტი – ბოლო შეკითხვასთან გარითმული 3 ტაეპი).
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















