29 აგვისტო, 2014
ოთარ ქირია: „რაღაც გადავწყვიტე ეკას ცხოვრებაში...“
ჩვენი მეგობრობა შვიდი წელია გრძელდება ოთარ ქირია და ეკა სამხარაძე ''რუსთავი 2''-ის დილის გადაცემაში დამეგობრდნენ. უკვე შვიდი წელია, ოჯახებით აგრძელებენ ურთიერთობას, ერთად ისვენებენ, ითვალისწინებენ ერთმანეთის რჩევებს როგორც პირად, ისე საქმესთან დაკავშირებულ საკითხებში. მოკლედ, როგორც თავად ამბობენ, ეს მეგობრობა ნამდვილია და წლების მერე ისევ ერთად იქნებიან. მეგობრობენ მათი შვილებიც, ორივეს ლიზა ჰქვია.

ერთ-ერთ კაფეში რომ მივედით, გოგონები აქეთ-იქით დარბოდნენ, ოთარ ქირიას მეუღლე თამრიკო მშვიდად იჯდა მაგიდასთან, ხოლო ოთარი და ეკა რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. აღმოჩნდა, რომ კონფლიქტის
მთავარი მიზეზი ყოფილა ''კაკო''. მოგვიანებით ეკამ და ოთარმა ფოტოკამერების წინ იმდენი იპოზიორეს, მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა, შემდეგ კი სიცილი-კისკისით ისაუბრეს თავიანთ წრფელ მეგობრობაზე.

- მოდი, დავიწყოთ კაკოს თემით, გაგვარკვიეთ, რა ხდება...
ეკა:

- კაკო ჩემი კაქტუსია (იღიმის). ერთი კვირით წასული ვიყავი, კაკოს პატრონი სჭირდებოდა და ჩავაბარე ოთოს მეუღლეს, თამუნას. მესიჯებით მთელი კვირის განმავლობაში მაცნობებდნენ, როგორ გრძნობდა თავს კაკო. ამას ყოველდღიური ანგარიშების სახე ჰქონდა. დღეს ვიყავი ძალიან ბედნიერი, რომ კაკო ჩემთვის საღ-სალამათი უნდა ჩაებარებინათ, მისი ყვავილი უნდა გაშლილიყო. აქეთ რომ მოდიოდნენ, ოთომ უცებ დაამუხრუჭა. თამუნას კაქტუსი ხელიდან გაუვარდა, ძირს დაენარცხა და ყვავილი მოსძვრა.
ოთარი:
- უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ მადლობასაც კი არ იხდის, ხომ შეიძლებოდა, კაკო შუაზე გადატეხილიყო? - გადარჩა. ჩემს მეუღლეს ხელში ეკლები შეერჭო. ოჯახია დაზარალებული, მხოლოდ ბავშვი გადარჩა, მაგრამ მას აქვს სტრესი (იცინიან). როცა დაინახა, რომ კაკოს ყვავილი აღარ აქვს, სიტყვები არ წარმოუთქვამს, თმა გაუხდა კაქტუსივით და მწვდა ყელში. შენ რომ არ მოსულიყავი, ცუდად იქნებოდა საქმე (იღიმის).
- კაკოს გარდა, კიდევ რაზე კამათობთ ხოლმე?
ეკა:

- ძალიან ბევრ თემაზე, როგორც სამსახურებრივ, ისე სხვა საკითხებზე. როგორც ეს ყველა სამეგობროში ხდება. ჩვენ შემთხვევაში საღი აზრი მოეკითხება ხოლმე თამარს, რომელიც ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერს (იცინის).
- მგონია, რომ ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს.…
- რას ამბობ, ღმერთმა დამიფაროს, ამას ვგავდე. ოთარს საშინელი ხასიათი აქვს და ეს ყველაფერში გამოიხატება.
ოთარი:
- იმაში გამოიხატება, რომ მისი ხმის ინტონაციასა და წუნკლურ წინადადებებს ვერ ვეგუები. ბოროტული გამოვლინებები ახასიათებს. შენ თვითონ აღიარე.
ეკა:
- შეიძლება, რაღაც შენიშვნა ვუთხრა სამსახურებრივ თემაზე და ამან გააბრაზოს...
ოთარი:
- გვაქვს ჩვენი ადგილი ''რუსთავი 2''-ში, სადაც გადაცემის შემდეგ ყავას ვსვამთ, ვსაუბრობთ და ა.შ. როცა კარგი ამინდია, გარეთ ვსხედვართ ხოლმე. როცა გავდივართ, იღებს მანიაკურ ფოტოებს. თავს შევიკავებ, რომ ამასთან დაკავშირებით სრულად გამოვხატო ჩემი ემოციები. დადგება მზეზე და იღებს ჩრდილებს.
ეკა:
- ამ ბოლო დროს ფოტოგრაფიით დავინტერესდი. ტელეფონითაც მშვენივრად ვიღებდი, მაგრამ ახალი ფოტოკამერა მაქვს და მისით ვამაყობ, სხვათა შორის. შესაძლოა, ოთარი ფიქრობს, რომ მანიაკივით ვარ გატაცებული, მაგრამ თავად ასე არ მივიჩნევ და ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის (იღიმის). მოკლედ რომ ვთქვა, მისი აზრი არ მაინტერესებს (იცინის).
ოთარი:
- საქმე ის გახლავთ, რომ ოდითგანვე, როცა ჩამოყალიბდა ''გადარეულთა სექტა'', სელფებისა და მსგავსი ფოტოების მანიაკად მიიჩნეოდა ქეთი ქებაძე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკას დაეწყო ჩრდილების გადაღების მანია და რაფებზე შემომჯდარ ფოტოებზეც არ ამბობს უარს... სერიოზულ საუბარზე არ გადავიდეთ, თუ კიდევ ვიცანცაროთ?
- კარგი, რამდენი ხანია, თქვენი მეგობრობა გრძელდება? დიდ ასაკში ცოტა რთულია ახალი მეგობრის შეძენა.
ეკა:

- ჩვენ შემთხვევაში უდიდესი როლი ითამაშაA ოჯახებით მეგობრობამ, ბავშვებმა; ორივე ლიზა, მგონი, ხასიათითაც ერთნაირები არიან. მე და ოთოს მეუღლე თამარი ვმეგობრობთ და ოთო რა შუაშია, არ ვიცი (იცინის). ზოგჯერ ჩნდება ხოლმე ჰორიზონტზე.
ოთარი:
- ჩვენი მეგობრობა შვიდი წელია გრძელდება, ანუ, რაც ''რუსთავი 2''-ზე ვმუშაობთ. თავიდანვე მეგობრობით არ დაგვიწყია. 2007 წელს, როცა ტელევიზიაში მივედი, ნელ-ნელა აკლიმატიზაცია გავიარე და ყველა გავიცანი, დავეკონტაქტე. მერე, ხომ იცი, როგორც ხდება, ინსტინქტურად უმეგობრდები ადამიანს, ვისთანაც უფრო მეტი საერთო გაქვს. ოჯახებმა ბევრი საერთო იპოვა, მერე დასასვენებლად წავედით ერთად, შემდეგ ორივე ლიზა წამოიზარდა და მათაც დაიწყეს მეგობრობა.
ეკა:
- ამ ზაფხულს ორივე, თავთავის სოფელში, იმერეთში ისვენებდა. ერთ დღეს ლიზამ დამირეკა და მეუბნება, აუ, დე, გინდა, მაგარი რამე გითხრა? ორივე ხომ ლიზა ვართ, ორივეს ხომ ერთნაირად გვაქვს თმა შეჭრილი, ორივე ხომ იმერეთში ვართ და ხვალ ერთად მოვდივართ თბილისშიო (იღიმის).
- მოკლედ, ყველანაირი პირობა შეიქმნა თქვენი მყარი მეგობრობისთვის.
- ასეა. თანაც, რაც ყველაზე მთავარია, ეს ნამდვილი მეგობრობაა!.. არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაში მეგობარი გეხმარება. ამ მხრივაც ძალიან ახლოს ვართ, ერთმანეთის სიხარული თუ პრობლემები საერთო თემა ხდება. ბევრად კარგია, როდესაც ჯანსაღი და ჭკვიანი ადამიანის რჩევას იღებ და ითვალისწინებ.
ოთარი:
- ხომ ამბობენ, ადამიანის ამოსაცნობად მასთან ერთად ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამოო. 21-ე საუკუნეში ამდენი მარილის ჭამაზე ბევრად მარტივი ხერხიც არსებობს, სადმე შორს დასასვენებლად ერთად წასვლა. როდესაც შარშანწინ პირველად გავემგზავრეთ ერთად ეგვიპტეში, ჩვენს მეგობრობას ბეჭედი დაესვა.
- რა მოგწონთ ერთმანეთში?
ეკა:
- მომწონს ის, რომ ოთო არის განათლებული, ნიჭიერი, სერიოზული, საქმისადმი კარგი დამოკიდებულება აქვს, უზომოდ შრომისმოყვარეა, რასაც ყოველთვის ვაფასებ, მეოჯახეა, კარგი მამა და მეუღლე, რაც ძალიან დასაფასებელია, და შესანიშნავი მეგობარია.
ოთარი:
- მე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. პრესის მიმომხილველობასთან ერთად, ოთხშაბათობით დილის გადაცემის წამყვანიც ვარ. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოხდა, როდესაც უცბად საჭირო გახდა ჩემი ეთერში დაჯდომა. იმ პერიოდში ეკამ ძალიან შემიწყო ხელი. ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ეკა სამხარაძე რომ არა, შესაძლოა, აღარ ყოფილიყო შემდეგი ეთერები და გავბანძებულიყავი. აბსოლუტური კომფორტი შემიქმნა, რომ საქმე მეკეთებინა. მერე ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას ჩაჯდა. ეკა ყველა მხრივ ნიჭიერია. შეუძლია, ხელი მიადოს რაღაცას და მისგან აუცილებლად გამოვა რამე. ერთგული ადამიანია. ერთგულება ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც ეკას აქვს და ვიცი, რომ ამ თვისებას ვერასდროს ვერ მოიშორებს საქმეში, მეგობრობასა თუ ოჯახში.
- უარყოფითიც გვითხარით.
ეკა:

- თუ შეჯდა ხეზე, ვერავინ ჩამოიყვანს. მაგრამ ეს ყველამ ვიცით. მე და თამარი ეგრევე ვეცლებით ხოლმე, როდესაც ოთო რამეზე ''გაჭედავს''.
ოთარი:
- ეკა ფეთქებადია, ფხუკიანი. ისეთი ფეთქებადია, რომ ჩემი ხასიათი მონაგონია. არის თავნება, მაგრამ ეგვიპტეში მოვარჯულე. სიარულისას ექვსი თვალი მქონდა გამობმული, მაგრამ ყველა თავისას უბერავდა. იქ შეიძლება ქუჩაში თავს ვიღაც დაგესხას, რაღაც გაკადროს, ჯიბეში ხელი ჩაგიყოს და ა.შ. ეკას კი ამ დროს შეუძლია, დაადოს თავი და მოხიოს სადმე, მაგალითად, გაუგებარი სათვალეების მაღაზიაში, ჩემს ჯიბრზე (იღიმის).
ეკა:
- პირველად რომ მივემგზავრებოდით, მიგვყავდა ორი ბავშვი და ჩემი და თამარის გარდა, კიდევ ორი ჩვენი მეგობარი გოგონა მოდიოდა. ოთარმა გააანალიზა, რომ ოთხ ქალს შეიძლებოდა, ერთ კონკრეტულ მომენტში სხვადასხვა იდეა გასჩენოდა. აეროპორტშივე დაგვსვა ყველა ერთად და გვაიძულა, კონტრაქტზე ''მოგვეწერა ხელი''. იქ ეწერა, რომ ყველაფერი უნდა შეგვეთანხმებინა ოთარ ქირიასთან (იღიმის). ეს პუნქტი პირნათლად შევასრულეთ, რადგან ეგვიპტეში დაძაბული სიტუაცია იყო. სამი დღე სასტუმროში ვისხედით, ბოლოს გადავწყვიტეთ, გარეთ გავსულიყავით და წავედით შოპინგცენტრში. საღამო იყო, გავიფანტეთ სხვადასხვა მაღაზიაში და უცბად ჩაქრა შუქი. ყველამ ერთად ვიკივლეთ - ''ოთო'' და მის გარშემო შევგროვდით (იღიმის).
- თქვენი მეგობრობა როდისმე თუ დამდგარა გამოცდის წინაშე?
- როცა მეგობრობა დროს უძლებს, ე.ი. გამოცდებსაც გაუძლო.
ოთარი:
- არ მოვყვები დეტალებს, მაგრამ იყო შემთხვევა, რომ მე, როგორც მამაკაცი, შევეცადე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე და რაღაც გადავწყვიტე ეკას ცხოვრებაში. უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობდი, ვიდრე ეკა. მისთვის არ მითქვამს, ისე გადავწყვიტე, მერე დროზე ადრე თავად ვუთხარი. ეკას რეაქციიდან მივხვდი, რომ ეს ყოველთვის არ უნდა გავაკეთო. ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, თუ მანამდე ორი წუთი დავფიქრდი, ახლა ოთხი წუთი მაინც ვიფიქრო. ამას დავარქმევდი გამოცდას. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მეგობრობამ ეს და სხვა გამოცდები გაიარა. ჩვენ სულ ერთად ვართ, ყოველდღიურად, - სად ვისაუზმოთ, სად წავიდეთ უიქენდზე, ეს თემებია აქტუალური ჩვენთვის და არა მხოლოდ ზაფხულში ერთად დასვენება.
- რა საერთო ინტერესები გაქვთ?
- ორივეს გვიყვარს განვითარება. მე მთელი ცხოვრება ვსწავლობ, ეს ეკასაც ახასიათებს, რაც ძალიან მომწონს. როგორც პერსონის, მისი აუდიტორია საინტერესოა. აქვს ძალიან საინტერესო ხედვები, რაც, ალბათ, ნიჭის ამბავია.
ეკა:
- ანალოგიურად მეც ასევე ვარ განწყობილი. ეს არის მეგობრობა. როცა რაღაც მნიშვნელოვანს წყვეტ, რჩევას იღებ შენი მეგობრისგან, პირადულია ეს თუ სამსახურის საქმე. თანაც, ვაკვირდები, რომ ოთო ყოველთვის სწორ რჩევას მაძლევს.
ოთარი:
- არ ვიცი, რით აიხსნება, მაგრამ ეკას აქვს ტალანტი, შეუძლია, ადამიანი ამოიცნოს და განჭვრიტოს, როგორ მოიქცევა ის. ათჯერ რომ მართლდება, მერე ქვეცნობიერად შენთვის დასაყრდენი ხდება და ძალიან მარტივად ენდობი. უამრავი საკითხია, რომელთაც მეუღლესთან ერთად განვიხილავ, მაგრამ არის სამსახურის საქმეები, რომელსაც ოჯახამდე არც მოუღწევია. ასეთ საკითხებს ყოველთვის ეკასთან განვიხილავ.
- როგორ წარმოგიდგენიათ, წლების შემდეგ ისევ ასე იმეგობრებთ?
- ზუსტად ისევე ვიცანცარებთ, რაც დღეს აქ მოვაწყვეთ.
- ეკა, ეთერში სერიოზული ხარ, სინამდვილეში კი - მხიარული.
ეკა:
- ეთერში ხომ არ დავიჯღანები? რეკლამის დროს ბევრს ვხალისობთ. ერთ დღეს გადავწყვიტეთ, განტვირთვა მოგვეწყო რეკლამის დროს, ორანგუტანგებივით ჩამოვუშვით ხელები და მათსავით ვიქცეოდით, ეს ყველაფერი ჩვენმა რეჟისორმა გადაიღო და შემდეგ კურიოზებში მოახვედრა (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS