- მაკო, სანამ უშუალოდ ჩარლიზე ვისაუბრებდეთ, გვითხარი, რა დამოკიდებულება გაქვს შინაური ცხოველებისა და ფრინველების მიმართ...
-
- ახლა სადაა?
- გარდაიცვალა. მე სულ მკბენდა. ხელს რომ შევყოფდი გალიაში, საჭმლის დასაყრელად, მინისკარტებდა. ერთხელაც შევყავი გალიაში ხელი და თავი დამადო. 11-12 წლის ვიქნებოდი მაშინ. ჯიჯიო, თქვა, თავის საჭმელში ჩარგო თავი და მოკვდა. ისტერიკა დამემართა, მოკვდა, მოკვდა-მეთქი, ვყვიროდი. მეზობელთანაც კი ავედი და ვეუბნებოდი, მოკვდა-მეთქი. გაგიჟდა ქალი, სანამ გაიგებდა, ვინ მოკვდა. დოლიძეზე ფრინველების საგვარეულო სასაფლაო გვაქვს. რამდენი ფრინველიც მოგვიკვდა, ყველა იქ დავასაფლავეთ. ჯიჯიც იქ წაიყვანეს. მე ცერემონიას არ დავსწრებივარ... ბავშვობაში წერა მიყვარდა. მოთხრობებს ვწერდი. ჯიჯიზეც დავწერე წერილი, სადღაც შენახულიც მაქვს, ვწერდი, როგორ მენატრებოდა, რა უბედური ვიყავი (იცინის).
- ძაღლი როდის მოიყვანეთ?
- სანამ ჩარლის გვაჩუქებდნენ, ბულტერიერი მოგვიყვანეს. პატარა ვიყავი მაშინ, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან მეშინოდა მისი. დიდი პირი ჰქონდა, მგონი, მამაჩემმა მოიყვანა. მერე ძაღლების სკოლაში გავაგზავნეთ და ბიძაჩემის ძმაკაცს გადავაბარეთ. სახლში აღარ დაგვიბრუნებია. მე უფრო საყვარელი ძაღლები მიყვარს, როგორიც ჩემი ჩარლია. დედაჩემს ალერგია აქვს ძაღლებზე, მის ბეწვზე. ზოგადად არ უყვარს ძაღლები, მაგრამ იცოდა, რომ მე და ანას ძალიან გვიყვარს ძაღლები და ანას დაბადების დღეზე მოუყვანა ჩარლი. კარზე ზარი გაისმა, გავაღეთ კარი და მუყაოს სასაჩუქრე ყუთი დაგვხვდა შეფუთული. შემოვიტანეთ, გავხსენით და პატარა ჩარლი იჯდა შიგ. ისტერიკა დაგვემართა, ისე გაგ-ვიხარდა. პუდელს ბეწვი არ სცვივა და არც ძაღლებისთვის დამახასიათებელი მძაფრი სუნი აქვს. 2 თვის იყო, რომ მოვიყვანეთ და ახლა 13 წლის არის. ეს ჯიში 14-15 წელი ცოცხლობს, მაგრამ ჩარლი ისეთ ჯანზეა, უფრო მეტს იცოცხლებს.
- შეყვარებულები თუ ჰყავდა თქვენს ჩარლის?
- კი, საყვარლები ჰყავდა ხოლმე (იცინის). ჩემს დას სათამაშო მოუტანეს, უზარმაზარი დათვი. ისე შეუყვარდა ჩარლის, რომ ვეხებოდით, გვიღრენდა. ზაფხულობით სოფელში დაგვყავს ხოლმე, იმერეთში. იქ საკურორტო რომანები აქვს. ჩარლი რომ ჩადის ხოლმე სოფელში, უბნის მდედრობითი სქესის ძაღლები აკითხავენ. ქალაქელ მაჩოს უბნის გოგოები ეპრანჭებიან (იცინის).
- მაკო, შენ თუ უვლი ძაღლს, რა გევალება?
- ანა არის ჩარლის დედა, მე - დეიდა. ერთად გავზარდეთ მე და ანამ ჩარლი. ახლა ცოტა გვეზარება ხოლმე გასეირნება, მაგრამ უკვე უბნის ბავშვები აკითხავენ და გვთხოვენ, გავასეირნებთო და ვატანთ. ჩარლი მარტოც ჩადის, წასვლის წინ ვარიგებ, რომ მალე ამოვიდეს. ჩადის, მოისაქმებს, ამოდის და კართან ყეფს.
- ეზოში უშენოდ არაფერს აშავებს?
- ახლა არა, ახალგაზრდობაში უფრო აშავებდა. დიდ გულზე იყო და დიდ ძაღლებს უყეფდა. მერე ხელში ამყავდა, ეს დიდი ძაღლები გვიყეფდნენ და მე ისტერიკულად ვყვიროდი, მიშველეთ-მეთქი (იცინის). ახლა დაბერდა, კბილები სცვივა, მხედველობაც დააკლდა, ნორმალურადაც აღარ ესმის. მაგრამ სიბერესთან ერთად გაბავშვდა, გაცელქდა, თამაში დაიწყო, არ ეგუება სიბერეს, არ იმჩნევს, თინეიჯერობა უნდა ისევ. კბილებსაც კი იხეხავს, ანა უხეხავს, ბანს და სალონშიც დაჰყავს. იცით, რა სუფთაა, ეზოდან რომ ამოდის, კართან დგება, გამწმინდეთო. თუ არ გაწმინდე, სახლში არ შემოდის. ადრე ჩუსტებიც მიჰქონდა, ვინმე რომ მოდიოდა სახლში... მარტო ყოფნა არ უყვარს. ერთხელ პროტესტის ნიშნად ლოგინზე დააფსა. მე და ანა თუ ვჩხუბობთ ან ვეფერებით ერთმანეთს, მე ცოტა უხეში მოფერება ვიცი, ანას მხარეს იჭერს. ამის გამო სამჯერ მიკბინა, ანა დაიცვა ჩემგან. პატარა იარებიც მაქვს.
- წეღან მითხარი, ინსულტი გადაიტანა ჩემმა ძაღლმაო...
- ჰო. ერთხელ, სახლში რომ შემოვედი, ვერ ვიპოვე. 20 წუთი მაინც ვეძებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ დედაჩემის საწოლის ქვეშ იყო. რომ ვეძახდი, არ გამოდიოდა. ძალიან საწყალი თვალებით მიყურებდა. სათამაშოს ვუგდებდი, არც ეს აინტერესებდა. ხმა ამიკანკალდა, აბაზანისკენ გამოვედი და დავუძახე მოდი-მეთქი. რაღაცნაირად თავს ძალა დაატანა, მოვიდა და ჩაიკეცა. ვერ აღვწერ, რა დამემართა ამ დროს. კივილი დავიწყე, ჩარლი მიკვდება-მეთქი. ბებიაჩემი მამშვიდებდა, რაღაც ჭირს ალბათ, ექიმთან წაიყვანეთო. ანა კინოში იყო, რომ დავურეკე, ვიღას აინტერესებდა კინო, სუპერმენივით მოქანდა სახლში.
ანა:
- იცით, რა ტექსტი მითხრეს, რომ დამირეკეს? ჩარლი ძირს გდია, მაკოც მასთან ერთად გდია და ფორთხავს იატაკზეო. ამ დროს მაკოს ყვირილი მესმის, სად ხარ, მოეთრიე დროზე სახლშიო, იგინებოდა (იცინის). მოვედი სახლში და დამხვდა სცენა: დამწუხრებული ბებიაჩემი, ჩემი ბიძაშვილები ტირიან, მაკო საწოლზე გდია ჩარლისთან ერთად და ჩარლი არ ინძრევა. მეზობლებიც კი იყვნენ, ყველა ტიროდა.
მაკო:
- ღამის 2 საათზე მოვიყვანეთ ექიმი. ინსულტის დიაგნოზი დაუსვა. გადავიყვანეთ კლინიკაში, იქ გაუკეთეს გადასხმები, სპეციალური ვიტამინები და გამოგვიშვეს სახლში. სულ ნარკოზში იყო. რეაბი-ლიტაციის პერიოდმა რომ გაიარა, ჩარლი ადგა, დაიწყო სიარული და გაბავშვდა, სულ ცელქობს მას მერე, ასე მგონია, თავიდან დაიბადა.
- როდის ჰქონდა ინსულტი?
- დაახლოებით 5-6 თვის წინ.
- სხვა დროს ავად არ გამხდარა?
- კი, ერთხელ ბავშვობაში შოკოლადი ჭამა. მე და ანას გვეგონა, რომ დედაჩემს ძაღლი არ უყვარდა. მახსოვს, როგორ ურეკავდა ტირილით სხვა ოთახიდან ექიმს, ძაღლი მიკვდებაო. უყვარს, მაგრამ ჩვენსავით ხშირად არ ეფერება. მე და ანას მართლა ვერ წარმოგვიდგენია ჩარლის გარეშე ცხოვრება. ბევრჯერ მიფიქრია, როცა დიდხანს არ ვიყავი საქართველოში და შინ ვბრუნდებოდი, მეგონა ჩარლის მაგივრად სხვა ძაღლს დამახვედრებდნენ, ასეთივეს, იმის გამო, რომ ბებერია. მაგრამ ჩარლის ას ძაღლში ამოვიცნობ. სხვა ძაღლს არ შევიყვარებ, გავაგდებ. ''ფეისბუქზე'' ან ''ინსტაგრამზე'' ჩარლის ფოტოებს რომ ვდებ ხოლმე, ჩემი მეგობრები მაშაყირებენ, ეგ კიდევ ცოცხალიაო. იციან, ამაზე რომ ვბრაზდები და სპეციალურად მეუბნებიან.
- ვის უფრო უჯერებს ჩარლი?
- ახლა ცოტა დაყრუვდა და დაბრმავდა. ზოგჯერ არ ესმის, რომ ეძახი. ხმამაღლა ვეძახით ხოლმე. ისე, ყველას უჯერებს. ბებიაჩემის ეშინია ყველაზე მეტად, პატარა რომ იყო, აბაზანაში კეტავდა და იმიტომ, არ უყვარდა მაშინ, ახლა ძალიან უყვართ ერთმანეთი. აბაზანაში შესვლის დღემდე ეშინია ჩარლის. სინათლე თუ არ ანთია, არ შედის. სტრესი მიიღო ბავშვობაში.
- დასასვენებლად თუ დაგყავთ ხოლმე?
- კი, სოფელში დაგვყავს ყოველ წელს, მდინარე ძალიან უყვარს.
- როცა დიდი ხნით მიდიხართ სადმე და ბრუნდებით, როგორ გხვდებათ?
- ძალიან უხარია, დარბის და სიხარულისგან წკმუტუნებს. სახლიდან რომ გავდივართ, დივანზე ადის და იქ გველოდება, ვეღარ ჩამოდის, სანამ არ ჩამოვიყვანთ, ინსულტის მერე ეშინია და წინა ფეხებს ძალას ვეღარ ატანს... ადრე სადარბაზოში ვინმე რომ აივლიდა ან ჩაივლიდა, ჩარლი კარიდან უყეფდა. ახლა აღარ ესმის ეტყობა, გარეთ კი არა, სახლში შემოსულ სტუმარსაც აღარ უყეფს. ერთხელ ქორწილში მივდიოდით მე და ანა. ანა ჩემზე ადრე გავიდა და კარი ღია დარჩა. ძაღლს ვეძებდი, ვეძახდი, მაგვიანდებოდა და ვერ ვპოულობდი ჩარლის. ჩავედი ქვევით, ყველას ვკითხე, ჩემი ძაღლი ხომ არ გინახავთ-მეთქი. არავინ არაფერი იცოდა. მთელი დოლიძის ქუჩა შემოვირბინე ფეხით, არსად არ იყო. ამოვედი სახლში და ვნახე, რომ ჩარლი საწოლის ქვეშ იწვა, ვერ გაიგო რომ ვეძახდი (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















