- და გაგიმართლათ...
- დიახ. გავრისკე, რადგან ძალიან დიდი კონკურსი იყო. ბატონი ნუკრი ქანთარიას ჯგუფში მოვხვდი და ამით ბედნიერი ვარ. 4 წლის განმავლობაში სპარტანულად გვზრდიდა. დილის 9-დან 12 საათამდე ვიყავით აუდიტორიაში ჩაკეტილი, მაგრამ ამან შემძინა გამძლეობა, გამოცდილება და სერიოზული დამოკიდებულება პროფესიისადმი. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში ''პიგმალიონის'' დადგმა დაიწყო. სჭირდებოდა ახალგაზრდა შემადგენლობა მასობრივი სცენებისათვის და სხვებთან ერთად მეც ამიყვანა. ამას მოჰყვა იმავე თეატრში ნინო ბურდულის სპექტაკლი და ჩვენი პედაგოგის ნუკრი ქანთარიას სპექტაკლი ''შერცხვენილნი''. ვინაიდან პირველად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვითამაშე, დღემდე ძალიან მიყვარს იქაურობა.
ამ ეტაპზე არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ, რადგან არ მივიჩნევ, რომ ბოლომდე ვიპოვე ჩემი თავი საიმისოდ, რომ ერთგან გავჩერდე. მარჯანიშვილის შემდეგ ვითამაშე ახმეტელის, სოხუმის თეატრებში. სამეფო უბნის თეატრთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს და დღემდე ყველაზე მეტად მას ვგულშემატკივრობ.
- ''რა? სად? როდის?'' ყველაზე ახალგაზრდა გუნდის კაპიტანი ხართ. ინტელექტუალური თამაშებით გატაცება რა ასაკიდან მოდის?
- აქაც ბანალურად - ბავშვობიდან (იღიმის). ''რა? სად? როდის?'' თამაში 2002 წლიდან დავიწყე. მაშინ 14 წლის ვიყავი. მკითხველს, ვინც არ იცის, ავუხსნათ, რომ გარდა იმ შოუსი, რომელსაც ყოველკვირა უყურებს ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი, არსებობს რეგულარული სპორტული ჩემპიონატი, რომელიც ტელევიზიის მიღმა მუდმივად მიმდინარეობს. ასეთ სპორტულ ტურნირზე მივედი პირველად 14 წლის ასაკში ბატონ წამყვანთან. მაშინ ეს ტურნირი ''თესეუში'' ტარდებოდა და გიორგი მოსიძეს ვუთხარი, რომ თამაშის დაწყება მინდოდა. ბუნებრივია მკითხა, მყავდა თუ არა გუნდი და ვინაიდან გუნდი არ არსებობდა, ერთი კვირის შემდეგ ჩემს გუნდთან ერთად უნდა მივსულიყავი. სიტყვას არ ვამატებ, გუნდის შესავსებად უბანში ყველა მეგობარს მივმართე, ქუჩაშიც კი ვთხოვდი ხალხს წამოსვლას, ძმურად, მარტო დაჯექი, ხმა არ ამოიღო, მთავარია, გუნდი შეივსოს და 6 ვიყოთ-მეთქი. აი, ასეთი გუნდით დავიწყე თამაში, მაგრამ შემდეგ გამოცდილებამ ყველაფერი ქნა. გამიმართლა, რომ დღეს ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი ვარ, რაც გარკვეულწილად ჩემი ერთ-ერთი მინიოცნების ასრულებაცაა.
- ინტელექტკლუბის თითქმის ყველა წევრს აქვს დამახსოვრებული წარმატებული თუ წარუმატებელი ერთი შეკითხვა, ალბათ, თქვენც გაქვთ ასეთი...
- დიახ, ეს იყო ჩემი პირველი თამაში და შეკითხვა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, მარკ ტვენის ცხოვრებიდან დაისვა. ანგარიში გახლდათ ხუთით-ხუთი, ჩვენი პასუხი იმდენად ორაზროვანი იყო, რომ ნახევარმა დარბაზმა სწორ პასუხად ჩაგვითვალა, მეორე ნახევარმა - არა. საბოლოოდ, ბატონი წამყვანი მკაცრად მოგვექცა და პასუხი არ ჩაგვითვალა. საქმე ისაა, რომ ორივე ვერსია ტრიალებდა გუნდში და პირველივე თამაშში არასწორი ვერსია ავირჩიე. მართალია, პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ მოვიგეთ ოთხი და დღემდე არ წაგვიგია. ეს პირველი გადაცემა, ალბათ, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება.
- გუნდის კაპიტანი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა უპასუხოს შეკითხვას. რთული არ არის ასეთი პასუხისმგებლობა?
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თამაშის მერე რამდენიმე საათი მჭირდება, რომ გავერკვე, საერთოდ ვინ ვარ, რა მქვია და სად ვცხოვრობ (იღიმის). მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ერთმანეთს არაფერს ვაბრალებთ, მაინც დიდი ემოციური წნეხია. კაპიტანი იღებს პასუხისმგებლობას დიდი აუდიტორიის წინაშე, ბევრი მხოლოდ შენ გაბრალებს წაგებას. პირველი წაგების შემდეგ ამ წნეხის გადატანაც მომიხდა. იყო უარყოფითი კომენტარები, რომ გუნდის წარუმატებლობაში დამნაშავე ვიყავი, რა მინდოდა იქ, არაფერი ვიცოდი და ა.შ. ეს ყველაფერი გადავლახე და საბედნიეროდ, შემდეგში საპირისპირო კომენტარებიც დავიმსახურე.
- რაც შეეხება ბლოგებს, რამდენი ხანია წერთ? გარდა ამისა, ლექსების კრებულებიც გამოეცით...
- მე ადრეც ვწერდი ბლოგებს და საერთოდ, ზოგადად ვწერ ლიტერატურას. შარშან ერთ-ერთი საგანმანათლებლო საიტიდან დამიკავშირდნენ და რეგულარული თანამშრომლობა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი და შესაძლებლობა მომეცა, უფრო დიდი აუდიტორიისთვის მეწერა იმ თემებზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან პრობლემურია განათლების სფეროში. წერა პოეზიით დავიწყე, ვიყავი პოეტური ჯგუფ ''ვარდისფერი ავტობუსის'' წევრი, მაგრამ შემდეგ ბევრი რამის კეთება მომინდა.
მეორე პროფესიით დრამატურგი გახლავართ, ამ კუთხით მაგისტრატურა დავამთავრე. შესაბამისად, ბევრი პიესა მაქვს დაწერილი და ერთი-ორი სცენარიც. ასევე პროზა, ბოლო დროს განსაკუთრებით მოვუხშირე მოთხრობების წერას (იღიმის). აქედან ყველაზე შემდგარი კინოსცენარი ''გადაკარგულებია'', ფილმი გადაღებულია და მისი დახურული ჩვენება ორიოდე თვის წინ მოეწყო. რეჟისორი ბესო თურაზაშვილი ამერიკაში მოღვაწეობს, ფილმი ამერიკულია, რომელშიც ქართველი მსახიობები მონაწილეობენ.
- რა ჟანრია?
- მისტიკური დრამა, რომლის მოქმედება აბუ-დაბიში ხდება, სადაც სამუშაოდ ქართველი გოგონაა წასული. საქართველოდან გამგზავრებისას ის შეყვარებულს დაშორდა და საქმრო აბუ-დაბიში ჩააკითხავს, რათა ურთიერთობების აღდგენა შეძლონ. წყვილი ქალაქგარეთ დღის ერთად გასატარებლად გადის. იკარგებიან და შემდეგ ვითარდება ის მოვლენები, რომლებსაც საიდუმლოდ დავტოვებ (იღიმის).
- გადაცემა ''სარჩევზე'' ვისაუბროთ, ეს პროექტი ტელევიზიას თქვენ შესთავაზეთ? მკითხველისთვის განვმარტოთ, რომ ამ გადაცემაში თანამედროვე ლიტერატურას მიმოიხილავთ...
- არა. ეს თავად ''TV 11''-ის იდეა იყო და თავად დამიკავშირდნენ. გაგიკვირდებათ, თუ აქვე გეტყვით, რომ ამავე არხის სცენარისტიც ვარ (იღიმის). შეიძლება, ბევრი თანამედროვე მწერალი, რომელიმე ქვეყანაში იყოს პოპულარული, მაგრამ საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ რიგი მიზეზების გამო, არ იყოს ნათარგმნი, ან სხვა. დავძვრები ინტერნეტში, ხან უცხოელ მეგობრებს ვეკითხები აზრს, რომ აღმოვაჩინო საინტერესო ნიმუშები, რომლებიც ქართველ მკითხველს დააინტერესებს. თითოეულ გადაცემაში ძირითადად სამ წიგნს მიმოვიხილავ, მხატვრულ ნაწარმოებს, მეორეში სხვადასხვა ჟანრს და მესამე ნაწილი ეთმობა ახალ ქართულ ლიტერატურას, ან ისეთ წიგნებს, რომლებსაც არ იცნობს ბევრი მკითხველი.
- ალბათ შეუძლებელია, სამივე წიგნი გქონდეთ წაკითხული, გულწრფელად უნდა მიპასუხოთ...
- რა თქმა უნდა, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს შეუძლებელია. წიგნების ნაწილი ადრე მაქვს წაკითხული, ნაწილს ვკითხულობ და ზოგიერთს ვერ ვახერხებ. ასეთ დროს ვცდილობ, ნაწარმოების მიმოხილვა და კრიტიკოსთა აზრი წავიკითხო. ზოგჯერ მოკლე შინაარსსაც ვკითხულობ, რაც გარკვეულწილად მაზარალებს, რადგან მერე იმ წიგნის წაკითხვას ვეღარ ვახერხებ. ასე ვწირავ გადაცემას ჩემს ინტერესებს, მაგრამ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ სიტყვაზე, რასაც ვამბობ (იღიმის).
- რომელიმე ბესტსელერზე აზრი თუ შეგცვლიათ მისი წაკითხვის შემდეგ?
- ანუ არ მომეწონა, ჰო? დიახ, სხვათა შორის, პირველივე გადაცემაში იყო ასეთი შემთხვევა, როცა წარვადგინე პოპულარული ავტორის დენ ბრაუნის ახალი წიგნი ''ინფერნო''. არ მომეწონა, ჩემი აზრით, ეს არის ბულვარული მხატვრული ლიტერატურა, მასში უამრავი ტყუილია ჩაგდებული, რომ მკითხველი ხელზე დაიხვიოს. წიგნი იკითხება წყალივით, მაგრამ კითხვას რომ ამთავრებ, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ეს დრო ტყუილად დაკარგე, არაფერს გიტოვებს. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ წიგნმა რაღაც საფიქრალი ყოველთვის უნდა დაგიტოვოს.
- საშემოდგომოდ რამე შემოთავაზება ხომ არ გაქვთ თეატრიდან?
- ახალი არა, მაგრამ სოხუმის თეატრში იყო ასეთი სპექტაკლი ''ირმის უკანასკნელი ბღავილი'', რომელიც ლადო ასათიანის ცხოვრებაზეა აგებული. ბატონი დიმა ჯაიანი და მე ლადო ასათიანს ვთამაშობთ სხვადასხვა ასაკში. ამ სპექტაკლის აღდგენაზე მიდის საუბარი.
- ამ ეტაპზე წერთ რამეს?
- კინოსცენარს, რომელსაც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დავასრულებ. ექვსი ადამიანი ერთ ოთახში იკრიბება, რომ ერთმანეთს გაანდონ თავიანთი ყველაზე დიდი და შემაწუხებელი საიდუმლოებები. ამგვარად რაღაცნაირად გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მთელი ცხოვრება არ ასვენებთ. ერთგვარი ფსიქო-სარეაბილიტაციო წრე იკვრება, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს საიდუმლოებები უმძიმესია, სიტუაცია იძაბება და მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება. მომავალ წელს, პროდიუსერთან თანამშრომლობით, მინდა, ეს სცენარი კინოცენტრის კონკურსზე შევიტანო.
- დაბოლოს, აპირებთ დასვენებას?
- ვაპირებ, ერთი კვირა მაინც გავატარო სტამბოლში, რადგან სექტემბრიდან ''TV 11''-ზე ახალი სეზონი იგეგმება, ამიტომ ძალიან დატვირთული ზაფხული გვაქვს და ჯერ კიდევ არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა სტამბოლში ''გაძრომას''.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















