23 აგვისტო, 2014
''ზუსტად იმდენივე მეგობარი მყავს, რამდენი მკითხველიც - ჩემს ტექსტებს''
მას შემდეგ, რაც პირველად დავთვერი, ვოცნებობ, რომ არ მქონდეს ე.წ. ნაბახუსევი, მაგრამ ვეჭვობ, ეს ოცნება ოცნებადვე დარჩება ახალგაზრდა პოეტი ბექა ახალაია ბოლო ხანს იბეჭდება პერიოდულ პრესაში, თუმცა ალბათ უფრო მეტი მკითხველი ინტერნეტსივრცეში ჰყავს. ბოლო ხანს არაერთი ლექსი მიუძღვნა შვილს - ტიდას, სწორედ მისი ''შემოძახილი'' აღვიძებს ბექასა და მის მეუღლე ანას ყოველ დილას...

სახელი გვარი, დაბადების თარიღი და პროფესია

ბექა ახალაია. დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, 1986 წლის 9 იანვარს. ვარ პოლიტოლოგი, თუმცა პროფესიით არასდროს
მიმუშავია.

პირველი მოგონება, რაც ბავშვობიდან დღემდე მახსოვს...

ასეთს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბავშვობა მაგონდება, როგორც ერთი დიდი გაზაფხული, თითქოს წელიწადის სხვა დროები არც ყოფილიყოს.

ჩემი დილა იწყება...

ჩემი შვილის ''შემოძახილით'' თავისი ლოგინიდან, აქაოდა, მე გავიღვიძე, თქვენ რა გაძინებთო.

ჩემი ოჯახი...

მყავს დედ-მამა, უმცროსი და, ცოლი ანი მატისი, რომელიც ასევე წერს და წლის და ორი თვის უსაყვარლესი გოგონა - ტიდა.

წერა დავიწყე, როცა...

სურვილი გამიჩნდა, მიმებაძა ჩემი საყვარელი ავტორებისთვის.

პირველად ლექსი საჯაროდ წავიკითხე...

მოზრდილ ასაკში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საშინლად ვკითხულობ ლექსებს, დიდი ხანია, არ გამოვსულვარ საღამოებზე და მომავალშიც ვაპირებ, მოვუფრთხილდე აუდიტორიის ფაქიზ სმენას. ესეც არ იყოს, ჩემს ტექსტებს წაკითხვა უფრო უხდება, ვიდრე მოსმენა.

მე და ჩემი ლექსები...

ვგავართ ერთმანეთს: ზუსტად იმდენივე მეგობარი მყავს, რამდენი მკითხველიც – ჩემს ტექსტებს.

ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე დიდი ემოციური ზეგავლენა მოახდინა...

ერთს ვერ გამოვყოფ, ასეთი, საბედნიეროდ, უამრავია.

საკუთარ თავში ვებრძვი...

მორიდებულობას, დაბნეულობას...

მჯერა...

რომ წერის პროცესი იმაზე გაცილებით ამაღლებული აქტია, ვიდრე უბრალოდ, ქაღალდის ფლანგვა თუ კლავიატურის წვალება.

არ მჯერა...

დიდი აფეთქების თეორიის.

ყველაზე ხშირად მავიწყდება...

ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი.

არასოდეს მავიწყდება...

რომ მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვწერო, რადგან მგონია, ამით პატივს მივაგებ ჩემი ლიტერატურული წინაპრების ხსოვნას.

ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი...

ის, რომ ოთარ ჭილაძის პირადად გაცნობა ვერ მოვასწარი.

ჩემი დღემდე აუხდენელი ოცნება...

მას შემდეგ, რაც პირველად დავთვერი, ვოცნებობ, რომ არ მქონდეს ე.წ. ნაბახუსევი, მაგრამ ვეჭვობ, ეს ოცნება ოცნებადვე დარჩება.

ბოლოს ვიტირე...

სამი წლის წინ, როცა ბებიაჩემი გარდაიცვალა.
ვგეგმავ...
წიგნის გამოცემას.

მე – ათი წლის შემდეგ...

მყავს მეორე (ან მესამე) შვილი, მაქვს ნაკლები თმა, მეტი ჭაღარა და ცოტა უკეთესი ფინანსური მდგომარეობა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS