ამ ამბის შემდეგ ნიკა ქავთარაძემ გადაწყვიტა, ბოლომდე იბრძოლოს იმ კანონის შესაცვლელად, რომლის მიხედვითაც პოლიციელებს ადამიანების გონივრული ეჭვის საფუძველზე დაკავება შეუძლიათ.
- ნიკა, მართლა ფიქრობ, რომ რადგან''სოციალურ ცელში'' ირაკლი ღარიბაშვილზე ხშირად ხუმრობ, იმიტომ დაგაკავეს?
- ამ
- თქვენი დაკავების მომენტში საეჭვო არაფერი ყოფილა? პოლიციელები მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქმედებდნენ?
- ჩვენს ქმედებაში არაფერი საეჭვო არ ყოფილა. ოთხი მეგობარი ვიდექით ქუჩაში და მეგობრის ოფისში შევდიოდით. მოვიდა პატრული და გამოგვართვა საბუთები. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ფხიზლები არ ხართო და დაგვაკავეს. კანონის მიხედვით, მათ ამის უფლება აქვთ. შეიძლება, მეც მქონდეს გონივრული ეჭვი, რომ ვინმეს ხელისუფლებაში არ მოვწონვარ და იმიტომ დამაკავეს, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია. ეს არაა ჩემი ბრძოლის მიზანი ამ შემთხვევაში. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ რამდენიმე მთავრობის პირობებში და კანონი ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით მი-ღებულია კომუნისტების დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში. მას მერე არაფერი შეცვლილა და შესაბამისად, ეს კანონი არაა დემოკრატიული. ჩვენ მუდმივ რეჟიმში უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს არაადამიანური კანონია. მას ყოველთვის გამოიყენებს პოლიცია სტატისტიკის საწარმოებლად, ზოგჯერ პირადი ანგარიშსწორებისთვის და ა.შ.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, თავისთავად საეჭვოა, რომ ოთხი დაკავებულიდან ორი''რუსთავი 2''-ის თანამშრომელი ვართ, მაგრამ ეს ეჭვი ვერ იქნება არგუმენტი. ჩემი დაკავების გამო სახალხო დამცველის აპარატს შევხვდი და რამდენიმე იურისტი თავად დაინტერესდა. ზოგადად ვაპირებ, ვიყო ერთ-ერთი მაგალითი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტყუილად აკავებენ. თუნდაც რამე ჰქონდეს ადამიანს მიღებული, საეჭვოდ თუ არ გამოიყურება, არ უნდა დააკავო. შენ შეიძლება, ვიღაცის გონივრული ეჭვის საფუძველზე რვა საათი იჯდე.
- როგორ გექცეოდნენ დაკავებისას?
- ოთხ საათზე დაგვაკავეს და ბოლო ადამიანი ღამის ორ საათზე გამოვიდა პოლიციის შენობიდან. პოლიციელები კანონის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, მაგრამ გადაჭარბებული მგონია ის, რომ ტყუილ-უბრალოდ დაგვაკავეს და საათების განმავლობაში ბორკილები გვეკეთა. არც ის მესმის, რატომ არ აძლევდნენ ადამიანებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკ-მაყოფილების საშუალებას. ეს ჩვეულებრივი მორალური წნეხი და ადამიანების უფლებების შელახვაა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი თითქმის შოკში ჩავარდა იმის გამო, რომ ტუალეტში არ უშვებდნენ. უამრავი კანონია ისეთი, რომელიც არაა მორგებული დღევანდელობას და ეს ხელისუფლებას ყოველ წუთას უნდა ვუთხრათ, რომ კანონი ლიბერალური და თანამედროვე გახდეს.
- შეგიძლია, გულახდილად გვითხრა, ყოფილხარ თუ არა როდისმე ნარკოდამოკიდებული?
- ნარკოტიკების გამო პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეხება მქონია. თუმცა ახლა არანაირი შეხება არ მაქვს. როდესაც ტელევიზიით რაღაც საქმეს აკეთებ, არ შეიძლება, თავს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის უფლება მისცე. თუმცა აუცილებლად მინდა აღვნიშნო, არაადეკვატურად მიმაჩნია, რომ ადამიანები კრიმინალებად მარიხუანის მოწევის გამო ინათლებიან. მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს.
- ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოფილხარ. აღნიშნე, ნარკოტიკებთან ადრე შეხება მქონიაო, მაგრამ არ გახდი მასზე დამოკიდებული.
- მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწვევს. ადამიანები დამოკიდებული არიან ნარკოტიკზე, ყავაზე, დამოკიდებული არიან სიგარეტზე, კოლოფს აწერია, რომ კლავს, მაგრამ მაინც იყიდება და მაინც ყიდულობენ. მარიხუანაზე დამოკიდებულება არ დევს არც ერთ სამედიცინო დასკვნაში. საქართველოში ნარკოლოგები დაკავებული არიან სხვა რამით და არ იკვლევენ ამ ყველაფერს. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვინც მარიხუანას ეწევა, ნარკომანია. ამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა მარიხუანა ვერ გახდება. ამ ქვეყნის პრობლემაა პოლიტიკური მდგომარეობა, სამართლიანობა, უმუშევრობა და შრომის კოდექსი. რაღაცისგან მთავარი პრობლემის შექმნა, ნიშნავს სხვა პრობლემაზე ყურადღების გადატანას. ეს ჩვენს მთავრობას კარგად გამოსდის.
- ამ ამბების მერე გადაცემაში ხელისუფლებაზე ნაკლებად იხუმრებთ?
- გადაცემას ვაკეთებთ აქტუალურ თემაზე. სამწუხაროდ, პოლიტიკური სატირა ამ გადაცემის ნაწილია. არ მახსოვს არც ერთი ჩემი გადაცემა, როდესაც თემატიკა არ გამომდინარეობდა პო-ლიტიკიდან. ნეტავ საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც სოციალური თემები და კულტურა იქნება მთავარი, რომლებსაც ჩვენს იუმორისტულ გადაცემებში გავაშარჟებთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალური პოლიტიკაა.
- აქამდე როდისმე გქონია სამართალდამცველებთან შეხება?
- ადმინისტრაციული ჯარიმა გადამიხდია, ქუჩაში არასწორად გადასვლის გამო.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















