მარიამის მეუღლემ დააარსა ატელიე, რომელიც საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვეობაში გაგრძელებას ცდილობს. სწორედ ამის შემდეგ მიეცა ჩვენს რესპონდენტს საშუალება, შეექმნა კოლექცია ''ნაფტალინი'', რომლის კონცეფციაც ასეთია: ''ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია''.
- მარიამ, ახლა თუ
- კი, ვმუშაობ და ვფიქრობ, საშემოდგომოდ მოვასწრებ ახალი კოლექციის, ახალი ხაზის შექმნას, რომელიც აქტუალური იქნება როგორც ქალბატონებისათვის, ასევე ახალგაზრდა გოგონებისთვის. ვაპირებ, სხვადასხვა მოდელის შექმნას დაწყებული საღამოს კაბებიდან, ყოველდღიური სამოსით დამთავრებული. ერთ კონკრეტულ ფერზე არასოდეს ვჩერდები, ვიყენებ თითქმის ყველა ტონალობას. ზოგადად, მიყვარს კონტრასტული ფერების შერწყმა, ღია და მუქ ფერთა გამის კომბინაცია და ორიგინალური პრინტები, რაც წინა კოლექციაში მქონდა წარმოდგენილი.
- რაც შეეხება თანამედროვე ტენდენციებს...
- იგრძნობა 60-იანი წლების გავლენა თანამედროვე მოდის ტენდენციებზე, ქალმა უნდა შეარჩიოს სილუეტი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ქალურობას და სხეულის ლამაზ ფორმებს გამოკვეთს. მოდაშია პასტელურ ტონებში წარმოდგენილი პალიტრის ყველა ფერი, მეტი სიკაშკაშე, შავი და თეთრი კი თითქმის ყოველთვის აქტუალურია.
- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- აბრეშუმი, ატლასი, ბამბა, შიფონის და ხავერდის კომბინაციები, როგორც ხედავთ, არჩევანი საკმაოდ დიდია.
- კაბისა და ზედატანის შერჩევისას რა გავითვალისწინოთ?
- ასიმეტრიული კაბები ზაფხულში აქტუალურია, აგრეთვე ტანზე მომდგარი ქვედაბოლო. თამამად შეგიძლიათ მოირგოთ კაბა, რომელიც თქვენს გემოვნებასა და სხეულს კარგად წარმოაჩენს, იქნება ეს გრძელი, მსუბუქი, თავისუფალი თუ მინი. რაც შეეხება ზედატანს, გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი: ფორმა, ფაქტურა, ფერი, პრინტები თუ სხვა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ზედა თავისუფალი იქნება, სპორტული სტილის თუ კლასიკური, მთავარია, მოარგოთ თქვენს ინდივიდუალურობას და მასში თავი კარგად იგრძნოთ.
- მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში აქტუალობას არ კარგავს?
- არა, კვლავ აქტუალურია და ამის მოხერხება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია პიჯაკით, პერანგით, ჟილეტით, მაისურით, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად უნდა შევეცადოთ, მიმზიდველი და ნაზი ქალური სილუეტი შევინარჩუნოთ.
- პიჯაკისა და ჟილეტის საკითხში რა ტენდენციები იკვეთება?
- ადამიანის გემოვნებასა და სხეულის ფორმაზეა დამოკიდებული, როგორ პიჯაკს შეარჩევს, მოკლე სტილის წელზე დამთავრებულს, თუ ოდნავ უფრო გრძელს, მინიმალისტურს - საყელოს გარეშე თუ საყელოიანს, ტანზე მომდგარს, თავისუფალს თუ ასიმეტრიულს, მაგრამ საზაფხულოდ უფრო საყელოს გარეშე პიჯაკებს გირჩევთ, ჟილეტებს კი - შეძლებისდაგვარად საინტერესო ფორმისა და ზომის საყელოებით.
- ფეხსაცმლის მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არასდროს არ მიიჩნევა მოძველებულად. ქალი ქუსლებზე ლამაზი და მიმზიდველია, არ აქვს მნიშვნელობა, მას საღამოს კაბას შეუხამებს თუ ზაფხულის ჰაეროვან კაბას. თავისი ადგილი აქვს დაბალძირიანსაც. კლასიკური, სპორტული, მაღალქუსლიანი, დაბალძირიანი - თავისუფლად და თამამად შეანაცვლეთ.
- ჩანთებისა და აქსესუარების მხრივ რა რჩევას მოგვცემთ?
- ქლაჩები ინარჩუნებს პოზიციებს და წელსაც ძალიან აქტუალურია, მაგრამ არც დიდი ზომის ჩანთებზე უნდა ვთქვათ უარი. აქსესუარები კი მაქსიმალურად უნდა შეეხამოს სამოსს, გამრავალფე-როვნება კი შეიძლება წვრილი თუ სქელი ქამრებით, საათებით, სათვალეებით, ბეჭდებით, საყურეებით მასიური ბიჟუტერიით თუ ძვირფასი ქვების კომბინაციით.
- როგორი უნდა იყოს მოდური ქალის გარდერობი?
- ინდივიდუალური ხედვა და სტილი, რაშიც ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობს თავს, გამორჩეული და გემოვნებით შერჩეული სამოსი სხეულთან ჰარმონიაში. იმ შემთხვევაში იქნებით მოდური და ბედნიერი, თუ გექნებათ ინდივიდუალური სტილი.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















