გიორგი ბეჟანიშვილი თვითნასწავლი ფოტოგრაფია და საყვარელ საქმესთან ერთად, კახეთის საინფორმაციო ცენტრში კორესპონდენტად მუშაობს. დაბადების შემდეგ თელავში ცხოვრობს. იღებს იქაურ ყოფას და ქუჩის მოძრავ კადრებს ფოტოებზე აჩერებს. სოციალურ ქსელში და გარშემო ყველა უცხოგრაფად იცნობს. ამბობს, რომ ეს ბავშვობიდან მოჰყვება, როდესაც რეპერობაზე ოცნებობდა.
- გიორგი, პირველ რიგში, შენ შესახებ მოგვიყევი...
- თბილისში დავიბადე, თუმცა 28

- როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?
- ბოლო ორი წელია, დავინტერესდი. ბავშვობაში გვქონდა ფოტოაპარატი, რომლითაც მხოლოდ საოჯახო ალბომისათვის ვიღებდით სურათებს. პირველი კადრიც მაშინ გადავიღე, მაგრამ ამ ყველაფერს სპონტანური სახე ჰქონდა და არ მახსოვს. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას, ეს მოხდა თელავის უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვმუშაობდი. სწორედ იქ დავიწყე ციფრული ფოტოაპარატით გადაღება.

- რატომ უცხოგრაფი?..
- ბავშვობაში ჯგუფი მქონდა, რეპს ვმღეროდი მეგობრებთან ერთად და ჩვენს ჯგუფს სახელად ''უცხო'' ერქვა. შემდეგ ჯგუფი დაიშალა და ეს სახელი მე დამრჩა. თელავში ყველა ამ მეტსახელით მიცნობს. მეგობრების რჩევით გავაკეთე ''ფეისბუქში'' ჩემი ფოტოების გვერდი და სახელიც სიტყვების - ''უცხო'' და ''ფოტოგრაფი'' კომბინირებით შევადგინე.

- საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტოარქივი გაქვს...
- მიყვარს პორტრეტები, ძირითადად, სწორედ პორტრეტებს ვიღებ. ასევე ძალიან მიტაცებს ქუჩის ფოტოგრაფია. ხშირად დავდივარ ქუჩაში ტელე-ფოტოლინზით და ვცდილობ, შეუმჩნევლად
გადავიღო ქალაქის ყოველდღიურობა. ძალიან ხშირად დავეძებ გრაფიკულ კადრებს. სილუეტებსა და ჩრდილებზე მონადირე ვარ.

- ალბომში – მხატვრული ფოტო, განსხვავებული სურათები გაქვს შერჩეული, შეგიძლია გვითხრა, რა საერთო ხაზი აქვს ამ ფოტოებს?
- მხატვრული ფოტო არის ვიზუალური დესერტი. დღეს, როდესაც მედიაც და სოციალური ქსელებიც სავსეა ათასგვარი ნიუს თუ საოჯახო ალბომის ფოტოებით, დაღლილი თვალისათვის მხატვრული ფოტოები დასვენების საშუალებას იძლევა. ჩემი ალბომი მართლაც ჭრელია. ვდებ გრაფიკულ, ფერად და კონტრასტულ ფოტოებს, ისეთებს, რომლებიც სხვა ალბომებში თითქოს ბო-ლომდე ვერ თავსდება.

- ფოტოაპარატი მუდმივად თან დაგაქვს?
- კი, მუდმივად. საერთოდ, ორი კამერით ვმუშაობ. მაღაზიაში ან ბანკში რომ მივდივარ, მაშინაც კი თან მიმაქვს. ქუჩის კარგი კადრი რომ გამოვტოვო და ვერ გადავიღო, ძალიან ვინერვიულებ. დამთვალიერებლები ხედავენ იმ კადრებს, რაც გადავიღე, მათ წარმოდგენაც არ აქვთ იმ კადრებზე, რაც გამოვტოვე. მინდა, რომ ეს ასე აღარ იყოს, ამიტომ ორი თუ არა, ერთი კამერა მაინც სულ თან დამაქვს.

- შენი ფოტოებდან რომელს გამოარჩევდი?
- ბევრი ფოტო მიყვარს, გამორჩევა ძნელია. თუმცა არის ერთი პორტრეტი, რომელიც კახეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში გადავიღე. უნივერსიტეტიდან ვიყავი პიარაქციებზე წასული და მეთორ-მეტეკლასელებს ვხვდებოდით. ამ დროს ეს ბავშვი შემოვიდა კლასში. მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. რამდენიმეჯერ გადავუღე ფოტო. როდესაც შეხვედრა დასრულდა, თან გამოგვყვა. ძალიან ცნობისმოყვარედ უყურებდა ფოტოკამერას. თითქოს პირველად ნახა. მანქანაში რომ ჩავჯექი, დავინახე, სკოლის კუთხესთან ატუზულიყო და თვალს არ მაშორებდა. საოცარი კავშირი ვიგრძენი და სწორედ მაშინ გადავუღე ეს ფოტო.

- ყველაზე რთულად რომელი გადაღება გახსენდება?
- სამწუხაროდ, ექსტრემალურ პირობებში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. თუმცა მახსენდება მოტოკროსი, რომელიც თელავში გაიმართა. ეს იყო ყველაზე რთული, რაც გადამიღია. იმ დღეს ალბათ ცხოვრებაში ყველაზე მეტი ვირბინე და მრბოლელებს არ ჩამოვრჩი. საშინელი სიცხე იყო. მიწაში ვიწექი, როგორც სანგარში, ვიღებდი ფოტოებს. თავზე მეყრებოდა მთელი ქვიშა და ქვები, რასაც მოტოციკლეტები ისხლეტდნენ.

- რა არის შენთვის ფოტოგრაფია?
- ფოტოგრაფია ისე შემოიპარა ჩემს ცხოვრებაში, ვერც კი გავიაზრე. იმდენად მიყვარს, რომ მის გარეშე ჩემი მომავალი არ წარმომიდგენია. ძირითად გეგმებს სწორედ მას ვუკავშირებ. ახლახან მანსარდიანი სახლი სწორედ ამ მიზნით შევიძინე, სხვენში საკუთარი ლაბორატორიის მოწყობა მსურს.

- დასასრულ, საოცნებო პროექტზე მოგვიყევი.
- ბევრი იდეა მაქვს. ძალიან მინდა, საბერძნეთში ვიმოგზაურო ჩემს მუსიკოს მეგობარ პავლესთან ერთად და ქუჩის მუსიკოსებზე მოვამზადო ფოტო ამბავი. ორი წლის წინ მოვიარეთ მთელი საბერძნეთი და სამწუხაროდ, მაშინ კამერა არ მქონდა. კიდევ ერთი საოცნებო პროექტი ჩემს ''ნიკონთან'' ერთად საქართველოს ფეხით მოვლა და ფოტო-ვიდეოარქივის შეგროვებაა. შემდეგ ამ მასალას გავაერთიანებ და ერთსაათიან შოუ-პერფორმანსად ვაქცევ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















