- ანი, პირველად რა ასაკში მიუჯექი საჭეს?
- მანქანის
- რომელი იყო შენი პირველი მანქანა?
- ეს იყო მექანიკა, ''ფორდ-მონდეო'', რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. საკუთარ მანქანაზე 2003 წლიდან დავჯექი. მანამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობდი, ძალიან რომ მეჩქარებოდა, ისე ძალიან, რომ ტაქსიზე სწრაფად უნდა მივსულიყავი, მამას ვთხოვდი ხოლმე და მას მივყავდი ინტერვიუზე. რა ექნა, სხვა გზა არ ჰქონდა, ის იყო ჩემი მძღოლი. ზოგჯერ თავად ვჯდებოდი მამის მანქანაზე. მოგეხსენებათ, ჟურნალისტებს ტაქსის ფული ყოველთვის არ გვქონდა, ხშირ შემთხვევაში არ გვემსახურებოდა სამსახურის მანქანა და იყო ისეთი გადაღებები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიხვიდოდი.
- რა იყო მთავარი სირთულე, როცა საჭეს პირველად მიუჯექი?
- არ ვიბნევი და არც მაშინ ვიბნეოდი. ზოგადად, თუ ყოველდღიურად არ გიწევს მართვა, გადაჩვევა იცის. დიდი მნიშვნელობა აქვს, შენს მანქანას მართავ თუ სხვისას. შენსას უკეთ მართავ, შეჩვევა იცის, შენიანია თითქოს. მთავარი სირთულე? არ ვიცი, ალბათ ის, რომ სისწრაფე მიყვარს.
- ამის გამო პრობლემები ხომ არ გქონია?
- არა. ორჯერ მქონდა მსუბუქი შეჯახება, მაგრამ ორჯერვე ისეთი სასაცილო შემთხვევა იყო, ავარიადაც არ მიმაჩნია.
- გვიამბე სასაცილო შეჯახებებზე...
- ერთხელ სამარშრუტო ტაქსის გავუსვი. გვერდით მამაჩემი მეჯდა, მეუბნებოდა, მანქანას აფუჭებო და ვამშვიდებდი, არა უშავს-მეთქი. გავაჩერე, ბოდიში მოვუხადე მძღოლს, დამნაშავე ვარ, რა ვქნათ-მეთქი. 50 ლარი მომეცი და მე გავაკეთებო, მითხრა. მივეცი და გავაგრძელე გზა. მეორე შემთხვევა უფრო სასაცილოა. ჩემი ავტოფარეხიდან გამომყავდა მანქანა და ავტოფარეხის კარს გავუსვი. არადა, საკმაოდ დიდი, 56 კვადრატული მეტრია ფარეხი. ისე მრცხვენოდა ამის გამო, მთელი დღე ვფიქრობდი, რა მომეტყუებინა მამაჩემისთვის (იცინის).
- რა მოიფიქრე?
- ათასი ვერსია მქონდა, მაგრამ ვერ მოვიტყუე, ისევ სიმართლე ვარჩიე.
- ანი, შენი მეგობრები, ახლობლები როგორ გრძნობენ თავს მანქანაში, რომელსაც შენ მართავ?
- ჩემი და ძალიან კარგი მძღოლია, არასდროს არღვევს წესებს, არ ჩქარობს, კარგად იცის თეორია და მასთან ყოველთვის მშვიდად ვარ, ამიტომ ის ნამდვილად არაკომფორტულად გრძნობს თავს ჩემს მანქანაში, მაგრამ ვისაც სისწრაფე უყვარს, ჩემ გვერდით თავს მშვენივრად გრძნობს. როგორც მეუბნებიან, კარგი მძღოლი ვარ. 12 წელია, საჭეს ვუზივარ.
- კანონმორჩილი ხარ?
- კი. არ ვარღვევ საგზაო წესებს, არ დავდივარ ღვედის გარეშე, არ ვცდილობ, შუქნიშანზე სხვებს დავასწრო და პირველი გავიქცე ყვითელ შუქზე, არ ვკვეთ ღერძულა ხაზს. თუმცა ამ უკანასკნელის გამო ერთხელ გადავიხადე ჯარიმა, ძალიან მეჩქარებოდა, იმდენად, რომ ჯარიმაზეც თანახმა ვიყავი.
- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- არანაირი. ამ 12 წლის განმავლობაში პატრულს არასდროს გავუჩერებივარ. პირიქით, მე გავაჩერე პატრული.
- ეს როგორ?
- ეს ამბავი ცოტა ხნის წინ მოხდა. ქუთაისიდან მოვდივარ, ქარელის მონაკვეთზე, ვიდრე ავტობანზე შეხვალ, ვხედავ, პატრული მოსეირნობს ოცით. დიდი კოლონა იყო. ნახევარი საათის განმავლობაში მეც პატიოსნად მოვყვებოდი ამავე სიჩქარით უკან. მერე ამომივიდა ყელში, წინ ჩავუჭერი და გავუშალე ხელები, გააჩერე-მეთქი. გადაირია მძღოლი. როგორ დადიხარ-მეთქი, ვეჩხუბები, ამაზე მთლად გადაირია (იცინის). ქარელამდეა ეს კოლონა, რა ვქნათ, შენთან ერთად ვისეირნოთ, ვინც სეირნობის ხასიათზე არ ვართ, თუ როგორ მოვიქცეთ-მეთქი, არ ვჩერდები. ის-ის იყო, უნდა დავეჯარიმებინე, რომ სახეზე მიცნო და მოლბა, ქალბატონო ანი, აქ გადატვირთულია მოძრაობა, სიჩქარე არ გამოვაო.
- ფაქტობრივად, პატრული სამსახურის დაკარგვას გადარჩა?
- (იცინის) ჰო, გადარჩა. კიდევ მქონდა მსგავსი შემთხვევა, ისევ იმავე გზაზე, ოღონდ მაშინ მძღოლი მეჯდა საჭესთან. დანგრეული ''06'' მიდიოდა 20-ით, ისეთი დანგრეული იყო, გზადაგზა ნაწილებს კარგავდა, მოხუცი კაცი იჯდა საჭესთან, არსად არ ეჩქარებოდა, არაფრით არ გადავიდა გვერდზე. ფარებს ვუნთებთ, ვუსიგნალებთ, არ ესმის! ძალიან მეჩქარებოდა და გადავუსწარით. გამაჩერა პატრულმა და 200-ლარიან ჯარიმას მიწერს. ვუხსნი, რომ კანონმორჩილი ვარ, რომ ძალიან მეჩქარებოდა და სხვა გზა არ მქონდა. ხომ უყურებდი მთელ ამ ამბავს საკუთარი თვალით, როგორ მაჯარიმებ-მეთქი, ვცხარობ. პატრულის თანამშრომელი სვანი აღმოჩნდა. ვკითხე, იმ მანქანას უკან რომ გავყოლოდი, რამდენ ხანში ჩავიდოდი ქუთაისში-მეთქი. შვიდ საათში, მაგრამ მშვიდადო, მპასუხობს. ბევრი ლაპარაკის მერე მივედით კონსენსუსამდე, დაჯარიმებას გადავრჩი.
- მძღოლი კომფორტია შენთვის?
- არა, პირიქით, ძალიან მიყვარს თავად მართვა. მძღოლი უბრალოდ საჭიროებაა ამხელა გზაზე.
- რა არის შენთვის მთავარი კომფორტი მანქანაში?
- არ მიყვარს კონდიციონერი, იმიტომ, რომ მაციებს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვრთავ. ამიტომ ზაფხულში ხშირად მნახავთ შარფით მანქანაში. კომფორტია მუსიკა, ჭიქისა და ტელეფონის ჩასადები. ყველაზე კომფორტულია ჩემი მანქანა იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი გამავლობისაა. ჩარგალში, ვაჟაობაზეც ამ მანქანით ვიყავი. ერთხელ ჩარგალში ოქტომბერში ჩავედი. მდინარე, რომელშიც ზაფხულობით კენჭები მოჩანს ხოლმე, ადიდებული დამხვდა. მე და ლელა რაზიკაშვილი გახლდით. გავრისკე და თავისუფლად გადავედი. ამაყი ვიყავი.
- ნივთები, რომლებიც მანქანაში აუცილებლად უნდა გქონდეს...
- სველი ხელსახოცი, ფეხსაცმლის საწმენდი, ბლოკნოტი, კალამი...
- დიქტოფონს გადაეჩვიე?
- ჰო, მართლა გადავეჩვიე მგონი, აღარ მაქვს, ჩემს პატარა მეგობარს ვაჩუქე.
- ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენო, ხომ ამბობენ, არ გენატრება შენი პროფესია?
- მენატრებოდა, ახლა აღარ. გადაჩვევა იცის. როცა რაიმე კარგ სტატიას, ექსკლუზივს წავიკითხავ, საინტერესო სიუჟეტს ვნახავ, მშვენიერ განწყობაზე ვდგები, ამ ჟურნალისტის ფანი ვხდები. მთელი დღე ამაზე შემიძლია ვილაპარაკო, მოვუყვე ყველას, რა მაგარი სიუჟეტი ვნახე, ან რა მაგარი სტატია წავიკითხე. ეს არის ახლა ჩემი ჟურნალისტიკა.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















