17 აგვისტო, 2014
''ყოველთვის მინდოდა, რეზო ჩხეიძისთვის ''რეზო ბაბუა'' დამეძახებინა...''
აფხაზეთში, გალში დავიბადე, მაგრამ ფოთში გავიზარდე. ეს ადგილი ჩემი ცხოვრების ნაწილია ჯანო იზორია ფოთის თეატრში პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეჟერსკის სპექტაკლის ''ჩემს ბაღში ომია'' პრემიერისთვის ემზადება, რომელიც 15-16 აგვისტოს იგეგმება. მორიგი რეპეტიციის შემდეგ ზღვასთან ახლოს მოთავსდა, როცა სასაუბროდ დავუკავშირდით და ინტერვიუ ტალღების ხმის ფონზე ჩავწერეთ...

- ფოთში დაიბადე და გაიზარდე?
- არა, აფხაზეთში, გალში დავიბადე, მაგრამ ფოთში გავიზარდე. ეს ადგილი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბაღში, სკოლაში აქ დავდიოდი. მე და ჩემი ძმა ზაფხულში ვართ დაბადებული. ჩემი ძმა,
ნიკოლოზ იზორია, წარმატებული სპორტსმენი იყო, მაგრამ ავარიის შემდეგ სპორტული კარიერა შეწყვიტა. ყოფილი მოკრივეა, ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. მამა მეზღვაურია, დედა - დიასახლისი. ერთად ვცხოვრობთ მშობლები, ძმა, ჩემი რძალი და ძმისშვილი სესილია, რომელიც ჩემი დარქმეული სახელით დადის ამ ქვეყანაზე.
ერთ ამბავს მოგიყვები. მამიდაჩემის უბანში დიდი თუ პატარა ''აზიორცკის'' მეძახდა, რაც სულ მიკვირდა. ერთხელ ახლობლის ქორწილში მამაჩემის ძმაკაცს ვიკითხე, ვალერა, რატომ მეძახით ამ სახელს-მეთქი. ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, მაშინ თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, და გაგებით მოეკიდები ყველაფერს, ამიტომ მოგიყვებიო. ზღვაში ვიყავით, იმ დროს მამაშენს დედაშენი ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლად. მაშინ ერთ-ერთ ადამიანს კატარღით შეეძლო ნაპირზე გადასვლა, რომ ზღვაში დანარჩენებისთვის სურსათი და წყალი მიეტანა. თურმე ვალერა ხმელეთზე გამოდიოდა, რამდენჯერმე ასე ჩაუსვამს დედა კატერში და გემზე მამაჩემისთვის მიუყვანია. მერე, მერე რა ხდებოდა-მეთქი, რომ ვკითხე, ასე მიპასუხა: რა და, გემს წინ, ''ცხვირზე'' დიდი რუსული ასოებით ეწერა ''აზიორცკი'', ჰოდა, იმ გემზე ხარ შენ შექმნილიო (იღიმის). აი, ასეთი კავშირი მაქვს ზღვასთან, ძალიან მიყვარს.
- როგორც ჩანს, თავად არ გქონია მეზღვაურობის სურვილი...
- არა, არ მქონია, თუმცა ზღვა და მეზღვაურები მიყვარს. ამ პროფესიის ბევრი ახლობელი მყავს. მეზღვაურობა რომანტიზმთანაა დაკავშირებული.
- ბავშვობიდან გქონდა მსახიობობის სურვილი?
- ბავშვობაში კრივზე დავდიოდი, მქონდა წარმატებებიც. სხვათა შორის, თეატრალურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე კრივში უნივერსიადა მოვიგე. მანამდე თეატრალურ უნივერსიტეტს თავის ისტორიაში კრივში ჩემპიონი არავინ ჰყოლია.
სკოლაში მეხუთე კლასში ვსწავლობდი, როცა დამრიგებელმა ერთ სკეტჩში თამაში შემომთავაზა. მეუხერხულებოდა, თავი მოვიკალი, არ მინდა-მეთქი, მაგრამ მაინც მათამაშეს. ძვალგადაყლაპული კაცის როლი მქონდა, რომელიც ამ პრობლემის გამო ექიმებთან დადიოდა. სკეტჩს თავი გავართვი. შემდეგ სკოლებს შორის გამართულ კონკურსში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზიც მომანიჭეს. მაშინ მოვიწამლე სცენითა და იმ სივრცით, სადაც აღმოვჩნდი. შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ქალბატონმა ფოთოლა ქაჯაიამ წამიყვანა, ამას მოჰყვა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ''თეთრი თოლია'', სადაც ჩემი პედაგოგი გახლდათ დარეჯან გეფერიძე. ამის შემდეგ დავდიოდი ფოთის ხელოვნების სასწავლებლის თეატრალურ განყოფილებაში ოთარ ფერაძესა და შალვა ლიპარტელიანთან. ამ ადამიანებმა დამილოცეს გზა თბილისისკენ, სადაც თეატრალურ უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის ჯგუფში აღმოვჩნდი.
- შემდეგ ისევ ფოთში დაბრუნდი...
- დიახ, ჩემი დიპლომით აღმოვჩნდი ''გზაჯვარედინზე''. 2003 წელს არ იყო იმდენი სერიალი და სხვა პროექტები, რაც დღესაა. თბილისში გასაჩერებელი ადგილი არ მქონდა, არც სამსახური, მატერია-ლურად არ ვიყავი მზად, რომ ბინის ქირა მეხადა. დავბრუნდი ფოთში და მას შემდეგ ამ თეატრში ვმოღვაწეობ. ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშე. ჩემი აზრით, თეატრალურ უნივერსიტეტში გატარებული წლები არ გყოფნის, შემდეგ უკვე თეატრი და კინო ზრდის მსახიობს და სისტემატური მუშაობა აუცილებელია. სამი წელია, თბილისში მარჯანიშვილისა და ილიაუნის თეატრებში ვთამაშობ. ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს. თუ არის იმის საშუალება, რომ სხვადასხვა ადგილას ''ვკრიბო მარგალიტები'', ამას რა სჯობს?!
- კამერასთან მუშაობის გამოცდილებაც გაქვს...
- როგორც აღვნიშნე, რეზო ჩხეიძის კინომსახიობთა ჯგუფში ვსწავლობდი. გენიალური პედაგოგი მყავდა. ბატონი რეზო ჩემთვის ენით აუწერილი პიროვნებაა. მან უდიდესი ზრუნვა გამოიჩინა ჩემ მიმართ და ის ჩემთვის მხოლოდ რეჟისორი, პედაგოგი და ლექტორი არ ყოფილა. ყოველთვის მინ-დოდა, მისთვის ''რეზო ბაბუა'' დამეძახებინა. ''მაგდანას ლურჯა'', ''ჯარისკაცის მამა'', ''ღიმილის ბიჭები'' გენიალური ფილმებია, ხალხს მოსწონს, მაგრამ დღეს მის შემოქმედებას რომ ვუყურებ, ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიცი და მოსმენილი მაქვს ბატონი რეზოსგან, რა ხდებოდა ამ კადრების მიღმა.
რაც შეეხება კამერასთან მუშაობის გამოცდილებას, კინოსაც და თეატრსაც დიდი ნებისყოფა სჭირდება, მაგრამ, ჩემი აზრით, კინო უფრო რთული სფეროა. მე არ მიყვარს გამოყოფა და შეკითხვა, თეატრი უფრო მიყვარს თუ კინო. ეს კითხვა იმ სიტუაციას მაგონებს, როცა ჩემებს აფხაზეთში სოფელში მივყავდი, იკარუსში რომ ჩავჯდებოდი და იქ ვიღაცები პატარა ბავშვს მეკითხებოდნენ, დედა უფრო გიყვარს თუ მამა? სულ ვფიქრობდი, რა კითხვას სვამენ, რა იდიოტობაა-მეთქი. აი, ეგეთი ამბავია ჩემთვის შეკითხვაც, კინო უფრო მიყვარს თუ თეატრი, რადგან ორივე სიგიჟემდე მიყვარს!
- მე არ გისვამ ასეთ შეკითხვას. გკითხე კამერასთან მუშაობაზე, იყო სერიალი, ფილმებშიც გადაგიღეს...
- (იცინის) ჰო, მე გადავედი სხვა თემაზე. კამერასთან პირველმა შეხებამ მომიწია მესამე კურსზე, ჩემს ორ კურსელთან ერთად გადამიღეს ლევან ანჯაფარიძის ფილმში ''არის ასეთი ქვეყანა''. შემდეგ იყო გიორგი ოვაშვილის ფილმი ''გაღმა ნაპირი''. ამას მოჰყვა ბატონი რეზო ჩხეიძის ფილმი ''მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი''. ბატონი რეზო რომ გეტყვის - ''მატორ!'', ძალიან ღირსშესანიშნავი და საპასუხისმგებლო მომენტია.
არავის არ მინდა დავუკარგო ამაგი და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ჩემმა პედაგოგებმა მასწავლეს, რომ უმადურება არ შეიძლება. მადლიერება ოქროს ზოდებსა და ბრილიანტებში არ დევს, სიტყვით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ შეძლებისდაგვარად ჩამოვთვლი იმ რეჟისორებს, რომლებთანაც ვიმუშავე. არჩილ ქავთარაძის ''კომაში'' ერთ-ერთი მთავარი როლი შევასრულე. მალე გამოვა ლევან კოღუაშვილის ფილმი ''შემთხვევითი პაემნები'', სადაც საკმაოდ კარგი ეპოზოდი მაქვს, ლტოლვილს ვთამაშობ. ზაზა ურუშაძის ''მანდარინებშიც'' მქონდა პატარა როლი, ნანა ექვთიმიშვილის ''გრძელ ნათელ დღეებშიც''. საერთოდ, არც თეატრსა და არც კინოში არ მაქვს პრობლემა ეპიზოდური და მეორეხარისხოვანი როლის შესრულების კუთხით. კარგი ჯგუფის გაცნობა და მათთან მუშაობა უკვე ბევრს ნიშნავს.
რაც შეეხება სერიალს, ''ჩემი ცოლის დაქალების'' ოთხ სერიაში გადამიღეს. მირიან ბარათეონის ძმას - ფარნა მებონიას ვთამაშობდი. პანკი ტიპი იყო, ბარათეონის ცხოვრებაში უშნოდ გაკვეტებული კაცი (იცინის). გამიხარდა დათო დარჩიასთან და საერთოდ, ამ გადამღებ ჯგუფთან მუშაობა.
- ვიცი, რომ შენი პროფესიის გარდა, ასევე ძალიან გიყვარს მოგზაურობა და საქართველოს კუთხეების მოვლა...
- მოგზაურობა, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ საქართველოს ბევრი კუთხე-კუნჭული ჯერ კიდევ არ მინახავს. ღვთის წყალობით, საამისო ენერგია სულ მაქვს. 33 წლის ასაკში პირველად ვიფრინე თვითმფრინავით და საქართველოს საზღვრებს გავცდი (იცინის). არ მერიდება ამის თქმა, ეს 2013 წელს იყო. სხვათა შორის, გასული წელი საკმაოდ ''ნოყიერი'' იყო ჩემთვის. მაროკოში ბახვა წერედიანთან ერთად ვიყავი - თოჯინები ''ვათამაშეთ'' და ეს კიდევ ცალკე, საოცარი სამყაროა. კასაბლანკაში ერთი თვე გავატარე, მოსკოვში საერთაშორისო ფესტივალზე მომიხდა ყოფნა ფილმით ''კომა'', ფოთის თეატრიდან ბელორუსიაში ვიყავი. 2013 წელს ''დურუჯზე'' გახლდით ნომინირებული მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით ''მოცარტი და სალიერი''. საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ტიტულზე მამაკაცთა შორის, აჩი სოლოღაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და მე ვიყავით ნომინირებული. ''დურუჯი'' წილად ხვდა აჩის და კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ წარმატებას.
მართალია, ყველა ფილმმა, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია, ჩემს პროფესიაში თავისი აგური დადო, მაგრამ ''კომამ'' თეორიულად დიდი როლი ითამაშა ჩემს ყველა შემდგომ ნაბიჯში. რამდენიმე რე-ჟისორისგან ამის შემდეგ მივიღე შემოთავაზება.
მიხარია, რომ ბევრმა ნიჭიერმა ახალგაზრდა რეჟისორმა გადაიღო ფილმი, ვისურვებდი, რომ ქართული კინოინდუსტრია ფეხზე წამოდგეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს, ისეთივე გახდეს, როგორიც ადრე იყო. ბევრ ახალგაზრდას უკვირს, როცა რამე კარგი ქართული ფილმი გამოდის. თენგიზ აბულაძის, რეზო ჩხეიძის, გიგა ლორთქიფანიძის, ოთარ იოსელიანის და ასევე ქალი რეჟისორების ქვეყანაში კარგი ფილმი რომ იბადება, რატომ უნდა გიკვირდეს?! არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ''მაგდანას ლურჯას'' თავის დროზე ''ოქროს პალმის რტო'' აქვს მიღებული. მშვენიერი რეჟისორების თაობა წამოვიდა, საბედნიეროდ, ბევრი ჩამოითვლება და არანაირად არ არის გასაკვირი, თუ დღეს რომელიმე ქართველი ახალგაზრდის ფილმი კარგი გამოდის.
- აგვისტოს მეორე ნახევრის გატარებას როგორ აპირებ? რამდენიმე დღე გრჩება დასვენებისთვის...
- ფოთის თეატრში ''ჩვენს ბაღში ომიას'' პრემიერის შემდეგ თბილისში წავალ. მინდა, რამდენიმე თეატრში კიდევ ვიყო, განსაკუთრებით ვფიქრობ მარჯანიშვილის თეატრზე. რომელ მსახიობს მაჩვენებთ, რომ მას მარჯანიშვილის, რუსთაველის, თუმანიშვილის და კიდევ ბევრ სხვა თეატრში არ სურდეს მოხვედრა?! ჩემი მიზანიც ეს არის. მარჯანიშვილის თეატრში ყოფნასთან ერთად, რასაკვირველია, ჩემს საყვარელ ფოთის თეატრშიც ვიმუშავებ და არ მგონია, ეს პრობლემა იყოს.
- ანუ აგვისტოს ბოლოს თბილისში გაატარებ?
- დიახ. ''ჯიდიესიდან'' დამირეკეს, საბედნიეროდ, ისე დაემთხვა, რომ იმ დღეს თეატრში რეპეტიცია არ მქონდა პოლონელ რეჟისორთან. ჩავედი თბილისში, კასტინგი გავიარე, როლზე დამამტკიცეს და ისევ ფოთში დავბრუნდი.
- სერიალია თუ რამე გადაცემა?
- დეტექტიური სერიალი იქნება და როგორც ვიცი, სახელად ''ტიფლისი'' ერქმევა. პილოტი და ტრეილერი რომ ვნახე, საოცარი გაკეთებულია და ძალიან მომეწონა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მსახიობს, მთელ ჯგუფს და მათ შორის, ჩემს თავსაც.
- ვინ არის რეჟისორი?
- სერიალზე რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი იმუშავებს...

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS