- დუდა შენი ნამდვილი სახელია?
- ნათლობის სახელი გიორგია, მაგრამ ბავშვობიდან დუდას მეძახიან, ბაბუაჩემის პატივსაცემად შემარქვეს. საკმაოდ დიდი ისტორიაა. ბაბუას მამა იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და თავისი ძმაკაცის
- რატომ კალათბურთი?
- მამაჩემის გამო, რომელიც თავადაც კალათბურთელი გახლდათ. ჩემი პირველი სათამაშოც კალათბურთის ბურთი იყო. სულ ამ თამაშს ვუყურებდი. არც მქონია სხვა ფიქრები. სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია. კალათბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობასაც არ ვუყურებდი.
- მამისგან ალბათ ბევრი რჩევა მიგიღია?
- მამას დიდი როლი აქვს ჩემს პროფესიაში. დღემდე მაძლევს შენიშვნებს, შესწორებებს. ბავშვობიდან მავარჯიშებდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ვარჯიშისთვის არ არის კარგი პირობები. მამას რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდა. დარბაზის გასაღები ჰქონდა და თავისუფალ დროს იქ დავყავდი ხოლმე. ეზოში თუ ვთამაშობდი, მამა ჩამოვიდოდა და მეტყოდა, სავარჯიშოდ მივდივართო, უსიტყვოდ მივყვებოდი. საკმაოდ მკაცრი იყო.
- მისი სურვილიც იყო, როგორც ჩანს, რომ კალათბურთელი გამოსულიყავი.
- შემატყო, რომ მქონდა შესაძლებლობები, თორემ ალბათ, ასე არ მომკიდებდა ხელს. კალათბურთზე შვიდი წლის ასაკში შევედი, მამაჩემმა თავისი სკოლა გახსნა და იქ დავიწყე სიარული. სერიოზული ეტაპი კალათბურთელის ცხოვრებაში 16 წლის ასაკიდან იწყება, მანამდე ვარჯიშობ.
პირველ ჯერზე ერთი წელი გამიცდა, რადგან 16 წლისას ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაზე ფეხი გადამიბრუნდა და ორგან მოვიტეხე. სამაგიეროდ, კალათბურთში ძალიან მოწადინებული დავბრუნდი. ესპანეთში მოვხვდი ''სი-ბი-ეი აკადემიაში''. ჩემი თამაშებიდან საუკეთესო ეპიზოდები ამოვკრიფეთ და აკადემიაში გადავაგზავნეთ, რამდენიმე სპორტსმენმა მიიღო დაფინანსება, მათ შორის მეც. ერთი წელიწადი სწავლა მაშინ 20000 დოლარამდე ჯდებოდა. რასაკვირველია, ღირდა კიდევაც, იქ ბევრი რამ ვისწავლე. კანარის კუნძულებზე ვიყავი ექვსი თვე და ქალაქში გასვლა ვერ მოვახერხე, ერთი დღე მქონდა დასვენება და იმ დღესაც თამაში იყო. რომ ვამბობდი, კანარის კუნძულებზე ვიყავი, ლას პალმასზე-მეთქი, მეკითხებოდნენ, როგორ მომეწონა და არაფერი მოსაყოლი არ მქონდა (იცინის). წესით, იქ ერთი წელი უნდა გამეტარებინა, მაგრამ ვიზის გაგრძელება პრობლემებს უკავშირდებოდა და ვერ გავაგრძელე.
მეორე ნახევარი წელი საქართველოში ყოფნამ მომიწია. შემდეგ ლიტვაში გავემგზავრე, მაგრამ ცუდი, დიდხნიანი კონტრაქტი შემომთავაზეს - შვიდწლიანი, რომელიც ძალიან ცოტა თანხით იწყებოდა, მართალია, მეშვიდე წელს უკვე კარგი თანხა იყო მითითებული, მაგრამ მაინც არ მომეწონა. ლიტვიდან რომ წამოვედი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამერიკაში გა-ვმგზავრებულიყავი და ასეც მოვიქეცი. სან დიეგოს უნივერსიტეტში ვსწავლობ და იქვე ვთამაშობ. ახლა რომ ჩავალ, მესამე წელი დაიწყება. იქ უკვე ყველაფერს ვნახულობ. დატვირთული გრაფიკია, მაგრამ უნივერსიტეტს კარგი ადგილმდებარეობა აქვს და ყველაფერს ვასწრებ. ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. სწავლას იქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუკი ნორმალური ნიშნები არ გაქვს, არ გათამაშებენ.
- შენ როგორ ფიქრობ? სპორტსმენს განათლება ხომ სჭირდება?
- რა თქმა უნდა. თუკი სპორტსმენს განათლება არ აქვს, თამაშზე ეტყობა. მხოლოდ ნიჭით ვერ ითამაშებ, უნდა იფიქრო კიდევაც, ამიტომ სწავლას მეც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
- გუნდზე მოგვიყევი.
- ძალიან კარგად დამხვდნენ. ძირითადად, ამერიკელები არიან, ჰოლანდიელი, გერმანელი ბიჭებიც იყვნენ, მე რომ ჩავედი. მწვრთნელები დიდი დაკვირვებით არჩევენ მოთამაშეებს. სანამ იქ ჩახვალ, სამი დღით გიწვევენ, რომ გაგესაუბრონ. მე ამ გასაუბრებაზე ჩასვლა ვერ მოვახერხე, რომ ამიყვანეს, მერე ჩავედი. მეუბნებოდნენ, ძალიან ვნერვიულობდით, როგორი პიროვნება იქნებოდიო. კონფლიქტური ადამია
ნების აყვანას ერიდებიან, გუნდში ყველა მეგობრობს. იმ სიტუაციამ, რაც დამხვდა, ძალიან გამახარა.
ოთხი წლის წინ ამ გუნდს არ ჰქონდა კარგი შედეგი, მაგრამ უნივერსიტეტმა დაფინანსება გაზარდა და ბოლო სამი წელია, საკმაოდ მაღალ დონეზე ვთამაშობთ.
- რაც შეეხება საქართველოს და შენს კარიერას აქ?
- საქართველოში ზაფხულში მიწევს ჩამოსვლა, ნაკრების თამაშებზე. მეორე წელია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. რაც თავი მახსოვს, ორი ოცნება მქონდა - მეთამაშა საქართველოს ნაკრებში და ''ენბიეიში''. ბევრჯერ წარმომედგინა, როგორ გავიდოდი ნაკრების მაისურით დარბაზში. წელს პირველად მომიწია საქართველოში თამაშმა, ქართველი მაყურებლის წინაშე, წინა წელს სლოვენიაში გვქონდა თამაშები. ძალიან დიდი სიამოვნებაა ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა.
- თუ იცნობდი ნაკრების დანარჩენ წევრებს და როგორ მიგიღეს?
- კალათბურთის სამყარო დიდი არ არის, ბიჭებს გამარჯობით ვიცნობდი, მაგრამ ისე ახლოს არა, როგორც ახლა.
- რაიმე რიტუალი თუ აქვთ ახალბედებისთვის?
- შესაძლოა, უფროსმა მოთამაშემ გთხოვოს, ჩანთა წამომიღეო, მაგრამ ეს მე არ შემხებია. ახალბედას შესაძლოა, მცირე დავალების შესრულება მოუხდეს. მე უკვე აღარ ვარ ახალბედა (იღიმის).
- უკვე დამკვიდრებულ მოთამაშეებთან კონკურენცია და საკუთარი თავის გამოჩენა რთული არ იქნება?
- ეს ასეა. ნაკრებში ყველას თავისი როლი აქვს. რაც შენ გინდა, იმას ვერ გააკეთებ. როგორც კლუბში ვთამაშობ, შესაძლოა, ის ნაკრებში ვერ გამოაჩინო. რა როლსაც მწვრთნელი მოგაკუთვნებს, ის უნდა შეასრულო. მე მსროლელი ვარ იქაც და აქაც, მაგრამ კლუბისა და ნაკრების თამაშს შორის დიდი განსხვავებაა, კონკურენცია ნაკრებში საკმაოდ დიდია.
- განტვირთვას როგორ ახერხებ?
- როცა ვარჯიში არ გაქვს, უნდა ეცადო, კუნთები მოადუნო, აუზზე იარო, ჯაკუზით ისარგებლო. გვყავს ძალიან მაგარი სტაფი და მასაჟებით ისინი უზრუნველგვყოფენ.
- როგორია შენი ცხოვრების წესი?
- დალევა ძალიან არ მიყვარს და არც შეიძლება, სპორტსმენს დალევა უყვარდეს (იცინის). გამონაკლისი არსებობს, მაგალითად, დაბადების დღე, მაგრამ ამ დროსაც ერთ-ორ ჭიქას ვსვამ.
- კლუბური ცხოვრება გიყვარს?
- ესეც ერთგვარი განტვირთვაა. არ შეიძლება, სულ მხოლოდ კალათბურთზე ფიქრობდე. ვთქვათ, ბურთი არ ჩაგივარდა იმ დღეს, ცუდია, თუკი მერეც ამაზე იფიქრებ. მეგობრებთან ერთად უნდა წახვიდე და განიტვირთო.
- თავისუფალ დროს კიდევ რით ხარ დაკავებული?
- ხშირად დავდივარ კინოში და ვიდეოთამაშები მიყვარს (იღიმის). საკმაოდ აზარტული ვარ. ბოლოს კინოში მთელი ნაკრები ვიყავით, ''მაიმუნების პლანეტის'' მეორე ფილმზე.
- ახლა პირადზეც გკითხავ. ალბათ, უკვე გწერენ გოგონები სოციალურ ქსელებში.
- კი, არიან თაყვანისმცემლები და ძალიან სასიამოვნოა. სერიოზული არაფერი ხდება, რადგან ამისი დროც არ მაქვს. მწერენ თამაშთან დაკავშირებით კომპლიმენტებს, ზოგიც ცუდს მწერს, უარყოფით კომენტარს, ალბათ, თავის გამოჩენის მიზნით (იღიმის). ხომ იცით, გოგონებს თავიანთი თამაშები აქვთ, ყურადღების მისაქცევი (იცინის).
- როგორი გოგონა მოგეწონება?
- კალათბურთი უნდა უყვარდეს, თუმცა ჩემი ოცნების გოგონა არ წარმომიდგენია. ქართველი უნდა იყოს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს. ქართული ოჯახის შექმნა მინდა. უცხოელი გოგონასთვის სერიოზულად არც შემიხედავს.
- დუდა, შენი სიმაღლე რაიმე დისკომფორტს თუ გიქმნის?
- (იცინის) ეს ყველაფერი უკვე სახალისოა. მე სხვებთან შედარებით ძალიან მაღალიც არ ვარ, ორ მეტრამდე ვარ. თვითმფრინავში ერთი ამბავია, ''ემერჯენსიში'' ვინ დაჯდება. მე ვიჩაგრები ხოლმე, რადგან სიმაღლე არ მიწყობს ხელს (იცინის). სამოსს, ძირითადად, ვიწერ, ამერიკაში არ არის ამის პრობლემა. დიდი ხანია, სპორტული ტანსაცმელი არ მიყიდია, გვყავს სპონსორი და შეკვეთით გვიმზადებენ სპორტულ სამოსს.
- როგორ წარმოგიდგენია შენი თავი წლების შემდეგ?
- ''ენბიეიში'' ვიქნები (იღიმის). საკმაოდ თავდაჯერებული ვარ და ხანდახან მიკვირს ხოლმე ეს. მხოლოდ კალათბურთში არა. გამოცდების დროსაც საერთოდ არ ვნერვიულობ და ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რასაც არ ველოდებოდი, ის ნიშანი მიმიღია.
- ბოლოს მინდა გკითხო, ნაკრების წევრები ერთმანეთს სახალისო ამბებს ხომ არ უწყობთ?
- ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, თქვენთან რომლის მოყოლა შეიძლება (იცინის). ზოგი არის ისეთი, რომელსაც ხშირად ავიწყდება ფორმა. მათ ვეხუმრებით ხოლმე. ფორმას ვუმალავთ და მერე ვხალისობთ, როცა პანიკურად ეძებს, ვიდეოს ვუღებთ ხოლმე (იცინის).
ერთხელ მეც დამიმალეს მაისური, ბევრი ვინერვიულე, თანაც ნაკრებში პირველი წელი იყო, როცა შეცდომის უფლება არ გაქვს. ჩანთაში ძალიან დიდხანს ვეძებე, მწვრთნელი რომ შემოვიდა, მაშინ დამიბრუნეს და ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















