15 აგვისტო, 2014
რაზე აღარ ხარჯავს დროს ნინო დარბაისელი
ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე პოეტი და ლიტერატურათმცოდნე ნინო დარბაისელი 1961 წლის 6 მარტს დაიბადა. წერდა ფსევდონიმებით დიოტიმა და დებორა. ამჟამად აშშ-ში, ტენესის დედაქალაქ ნეშვილში იმყოფება, ამიტომ მისთვის სპეციალურად შევადგინეთ მწერლის ანკეტა, რომელზეც მან წერილობით უპასუხა...

თვითდახასიათება...

თავიდანვე რა ძნელი კითხვით იწყება... აკაკის დავესესხები: ''ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა".

მე - ''თევზები''...

რაც კი წაგიკითხავთ პოპულარულ ჰოროსკოპებში თევზის ზოდიაქოსთან დაკავშირებით, ყველაფერი მართალია. გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შეუთავსებლობათა შეთავსება ჩემი
არსებობის წესია.

ჩემი ოჯახი...

როგორც იქნა, გავერთიანდით. თითქმის ორი ათეული წელი თვითმფრინავის ფრთაზე ვიყავი ჩამოკიდებული. მე საქართველო არ მეთმობოდა, ჩემებს - ამერიკა. მყავს ერთი ქალიშვილი, ერთი სიძე, ერთი შვიდი წლის შვილიშვილი - ქალბატონი ადრიანა ჩეფმენი, საშობაოდ მეორეს ველით. ქმარი ყოფილი სამხედროა.

ჩემი დილა იწყება...

ტოროლა ვარ. მთელი ცხოვრება ყველაზე ადრე ვიღვიძებ, მუდამ კარგ ხასიათზე. ხელის გაწვდენაზე მიდევს აიპედი. თითქმის თვალდახუჭული შევდივარ ''ფეისბუქში", თან წუხანდელ ნაფიქრალს ვიხსენებ, ასე იქმნება ოპუსები რუბრიკისათვის ''ჩემი დილაუზმოს ფიქრები".

საერთო კედლის თვალიერებისას ზოგი ინფორმაციიდან რაღაც უჩვეულო სიტყვა ან აზრი მიიპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე მეხსიერება ისე მაქვს მოწყობილი, რომ ყველა სიტყვა ჩემდაუნებურად მერითმინება. ძირითადად ზუსტი რითმები გამომდის. თუ ამ რითმებში რაიმე მახვილგონივრულიც მომეჩვენა, პატარა სატირულ-იუმორისტული ლექსის აწყობას რაღა უნდა!

მეორე ''ფეისბუქური" რუბრიკა ''ჩემი მხიარული რითმებიდან" ამ ლექსებს აერთიანებს. ვირტუალურად თუ რეალურად ცნობადი სახეებიდან ვინ არ გამხდარა ამ ლექსების ადრესატი! რა დაგიშავა ამა თუ იმ ადამიანმაო, უკითხავთ ზოგჯერ ღიად ან პირად მიმოწერაში და მართალნიც არიან. ჩემი მწარე კალმის მსხვერპლთაგან პირადად თითქმის არავის ვიცნობ. ზოგჯერ სულხან-საბას ''ქურდი მკერვალივით" გადავწყვეტ ხოლმე, რომ მეტს აღარ ვიზამ, კედელს გავისუფთავებ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ წამიცდება ხელი კარგ რითმაზე და ასე...

წერა დავიწყე, როცა...

შვიდი წლისამ პირველი ლექსი ჩემს ''დვარნიაშკა" ძაღლ ''ლასიზე" დავწერე, როცა შეჯიბრებაში გაიმარჯვა და ნამდვილი მედალი მიიღო. თხზვისას ისეთი აღფრთოვანება და ნეტარება აღარასოდეს განმიცდია. იმის მერე წერისას სულ ვწვალობ და ვწვალობ (ამჯერად სერიოზულ პოეზიას ვგულისხმობ).

დებიუტი...

ბეჭდვა 13 ან 14 წლის ასაკში დავიწყე, პიონერთა სასახლის გაზეთ ''გაზაფხულში". თექვსმეტი წლისა რომ ვიყავი, ტარიელ ჭანტურიას კეთილი სიტყვის წყალობით, ლიტერატურული სამყაროს კარი შევაღე. სულ ხუთი პოეტური კრებული მაქვს გამოცემული. მეტს არც ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში თავი ამოვწურე, ბოლო ლექსი ''ჰეროსტრატე" 2012 წლით თარიღდება. მას შემდეგ ლექსი როგორ არ დამიწერია, მაგრამ უფრო ვერთობი. როგორც მეცნიერი-ლექსმცოდნე მუშაობას განვაგრძობ, ძირითადად, გალაკტიონოლოგიური საკითხებით ვარ დაკავებული.

მე და ლიტერატურა...

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა თუ არა, სულ ლიტერატურით ვარ დაკავებული. ბოლო დროს მხოლოდ საუკეთესო წიგნებს ვკითხულობ. ორმოცდაათს გადავაბიჯე და შემთხვევით ტექსტებზე დროის ხარჯვა უკვე დიდი ფუფუნებაა. ადრე, წლების განმავლობაში ლიტერატურულ საიტებთან აქტიურად ვთანამშრომლობდი, დღეში საშუალოდ 50 ლექსს ვკითხულობდი, წერილობით აზრს გამოვთქვამდი. ვცდილობდი, დამწყებ ნიჭიერ პოეტებს დავხმარებოდი. მერე არ ვიცი, დავიღალე თუ მომწყინდა, ალბათ ორივე ერთად.

როცა არ ვწერ, მაშინ...

ვარსებობ. ძალიან მიყვარს ფიზიკური შრომა. უამრავი ხელობა ვიცი, კარგ სახელოსნო ინსტრუმენტებზე ვგიჟდები. საშინლად არ მიყვარს, როცა ვინმე მეთხოვება.

მაღიზიანებს...

ჩემი გაღიზიანება ცოტა ძნელია. ერთი იმათგანი ვარ, რომ იტყვიან - ''ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა ცხარეაო". გაცხარებული ნინო - მტერს და ავს! ცხოვრებაში სულ ორ-სამჯერ ვყოფილვარ ასეთი.

მამშვიდებს...

ჩემი შვილიშვილის, ადრიანას ხსენება. ყოფითი სიამოვნებებიდან - ცურვა და მასაჟი. ამ ბოლო დროს გოლფის თამაში დავიწყე მთელი გატაცებით, ეს მშვიდების თამაშია, სრულ კონცენტრაციას საჭიროებს და ამიტომ მღელვარე ადამიანების ადგილი კლუბში არ არის. ჯერჯერობით, ''გრინი'' ვარ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ''ჩაინიკებში" გავდივარ.

დღეს...

ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე. დავამთავრე გაორებული არსებობა და ახლა ახალ იდენტობას ვეგუები.

ხვალ...

წინ - სიბერეა, დრო, როცა ადამიანმა საკუთარი გარჯის ნაყოფით უნდა იხაროს. როგორც ქალების უმეტესობას, თავის მოვლა მეც მიყვარს, მაგრამ რატომღაც არასოდეს მიცდია, იმაზე ახალგაზრდა იერი მქონოდა, ვიდრე ვიყავი (საიდუმლოდ გირჩევთ, ნუ შეიყვარებთ ასაკით ბევრად უფროს მამაკაცს, თანაც - სამუდამოდ, თორემ ასე დაგემართებათ). შეგუებული ვარ აზრს, რომ ვეღარც ისეთი ლამაზი ვიქნები, როგორადაც ჩემზე შეყვარებული ადამიანები მხედავდნენ ან მე მეჩვენებოდა, ვეღარც ისეთი ჯანმრთელი და ენერგიული. სამაგიეროდ, რაკი ცხოვრების გზაზე ისე ვიარე, რომ ფეხი არც ერთი ორმოსთვის არ ამიცილებია და რაც კი შემომხვდა, ყველა ხილი თითოჯერ მაინც გავკბიჩე, მოსაგონარი საგზლად სიკვდილამდე მეყოფა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
123
დარწმუნებულები ხართ რომ 1981 წელს დაიბადა?:))))))))
12:15 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანს. სამწუხაროდ არ ვიცნობ მის შემოქმედებას, მაგრამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ამის სურვილი... დაბადების წელი აშკარად არასწორადაა მითითებული, იქნებ გაასწოროთ.
09:14 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS