- ბავშვობიდან რადიოს მიმართ მქონდა განსაკუთრებული ინტერესი, არასდროს მიოცნებია ტელევიზიაში მუშაობაზე. იმ პერიოდში რადიო ტელევიზიაზე ბევრად პოპულარული იყო და მეც უშუქობის დროს ხშირად ვუსმენდი
მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდის ერთ-ერთ რადიოში მუსიკალური წამყვანების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. გადავწყვიტე, ოცნება რეალობად მექცია. გასაუბრებაზე მისულს რადიოს დირექტორმა მითხრა, ბავშვური ხმა გაქვს, იქნებ, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე მოხვიდეო, მაგრამ შევძელი დამერწმუნებინა, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებოდი და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი რადიოს თანამშრომელი გავხდი.

- პარალელურად სკოლაში სწავლობდი?
- დიახ, გაკვეთილების შემდეგ რადიოში მივდიოდი და ჩემს საყვარელ სიმღერებს ვუსმენდი, შოუბიზნესის ამბებს ვაცნობდი მსმენელს. სწორედ რადიო ''ევრაზიაში'' მუშაობის დროს გადავწყვიტე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. ჩემი მთავარი ოცნება მაშინ რადიო ''ფორტუნა'' იყო. ამ მიზანს სტუდენტობის პირველივე წელს მივაღწიე, როცა რეპორტიორის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა. განცხადებები ჯგუფელებმა ერთად შევიტანეთ, რამდენიმე დღეში კი მე და ნოდარ მელაძეს დაგვირეკეს და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. ასე აღმოვჩნდი რადიო ''ფორტუნას'' საინფორმაციო სამსახურში, სადაც მოგვიანებით ახალი ამბების წამყვანის ფუნქციაც შევითავსე და დღემდე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი.
- პირველი რესპონდენტი, რეპორტაჟი...
- პირველი რესპონდენტი, თუ არ ვცდები, აჩიკო მეფარიძე იყო. მაშინ მისი სიმღერა ''მითხარი'' რადიოში დღეში, სულ მცირე, 20-ჯერ მაინც გადიოდა. ზუგდიდში მისი კონცერტი ტარდებოდა და რადიოში სტუმრად გვეწვია ვერიკო ტურაშვილთან ერთად.
რაც შეეხება პირველ რადიორეპორტაჟს, კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ. პირველი სრულყოფილი სატელევიზიო რეპორტაჟი კი ''პალიტრა თV''-სთვის მოვამზადე. ''დროზე ადრე დაწერილი ისტორია'', - ასეთი სახელწოდება ჰქონდა ჩემს პირველ ნამუშევარს, რომელიც მზია სურგულაძის წიგნს ეხებოდა. ისტორიის წიგნი ბავშვებისთვის დაიწერა და მასში ''ნაციონალური მოძრაობის'' მმართველობის პერიოდი მხოლოდ დადებით კონტექსტში იყო მოხსენიებული, თითქოს პოლიტიკური რეკლამიდან ამოკრიფეს ფრაზებიო, ფაქტების უმეტესობა კი რეალობას აცდენილი და გაზვიადებული იყო.

- საზოგადოებამ ''მეცხრე არხიდან'' გაგიცნო, როგორ მოხვდი ამ ტელევიზიაში?
- 2009 წლამდე რადიო ''იმედში'', ახალი ამბების წამყვანად და რეპორტიორად ვმუშაობდი. ამ პერიოდში ორჯერ მქონდა ტელევიზიიდან შემოთავაზება, მაგრამ არც ერთხელ არ დავთანხმდი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ მედიაზე კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა და ჟურნალისტებს საბრძოლო იარაღად იყენებდა, რაც არ მომწონდა და ამას ყველასთან დაუფარავად ვაპროტესტებდი. იმ პერიოდში მეგობარმა ევროკავშირის პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა და ერთი წლით პოლონეთში სამუშაოდ წავედი. ვამზადებდი რადიოგადაცემების ციკლს ''ახალი ევროპა'', რომელიც რადიო ''ათინათის'' ეთერით გადაიცემოდა. ასევე ვმუშაობდი კრაკოვის თეატრში, სადაც ემიგრანტების პრობლემებზე სპექტაკლი დავდგით, დავეუფლე პოლონურ ენას და დაბრუნებას არც ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ისევ ჩემს მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში აღმოვჩნდი.
''მეცხრე არხიდან'' შემოთავაზებას ერთი რამის გამო დავთანხმდი, ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიქნებოდი თავისუფალი და ყველა თემის შეუზღუდავად გაშუქებას შევძლებდი. ამის გარანტია თამარ რუხაძემ, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მომცა, ის კი საკუთარ სიტყვას ყოველთვის ასრულებს.

- მაშინ ერთგვარი გმირობა იყო ''მეცხრე არხზე'' მუშაობა, ძალიან მძიმე დღეში აყენებდნენ ჟურნალისტებს, გამონაკლისი არც სამეგრელოს რეგიონი ყოფილა.
- მგონი, ყველაზე რთული რეგიონი სამეგრელო იყო. ხელოვნურ პრობლემებს მიქმნიდნენ არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს. ჩემი ძმა და რძალი ზუგდიდის თეატრში მუშაობენ. მათი სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდნენ. გამუდმებით გვითვალთვალებდნენ, ჩვენს გადაადგილებას, ყოველ ნაბიჯს ვიდეოკამერით იღებდნენ. მიუხედავად სირთულეებისა, რამდენიმე სანდო მეგობარი მყავდა, რომლებიც მაშინ ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ, მაგრამ ფარულად ჩვენს დახმარებასაც ახერხებდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, რომ არსებობდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ დასაჭერი ადამიანების სია, რომელშიც მეც ვეწერე. არ ვიცი, დაკავების მოტივი რა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სია არსებობდა და ის მოგვიანებით ''მეცხრე არხის'' ჟურნალისტს ანონიმურმა პირმა პირადად გადასცა. მაშინ გავაანალიზე რეალურად, რამხელა საფრთხეში ჩავაგდე არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი ჩემი ოჯახი.
- მახსოვს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩაგწერე, მაშინ საკმაოდ მძიმედ ჰყვებოდი სამეგრელოში განვითარებული მოვლენების შესახებ...
- ეს ჩემი პროფესიული საქმიანობის ყველაზე მძიმე თვეები იყო. ბევრი ადამიანი გადავიმტერე იმის გამო, რომ დათმობაზე არ მივდიოდი და რეპორტაჟის მომზადების დროს არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის საკრებულოს მაშინდელი თა-ვმჯდომარე ლევან კონჯარია ჩემი ძმის მეგობარია, მას ხშირად ვაკრიტიკებდი, ეს ბევრმა ვერ გაიგო. მიხარია, რომ ჩემმა ძმამ თავიდანვე გამიგო და ლევან კონჯარიაც მიხვდა, რატომ მოვიქეცი ასე, დღეს ჩვენ შორის წყენა არ არსებობს.
ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა როლანდ ახალაიასთან, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მისი დაცვის წევრები მის თვალწინ ფიზიკურად გამისწორდნენ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ჩართული კამერების არ მოერიდა და ღიად დამემუქრა, არჩევნების შემდეგ როლები შეიცვლება და ჩემს კაბინეტში შენ მოგიწევს კითხვებზე პასუხის გაცემაო. კაბინეტში - არა, მაგრამ ზუგდიდში ''ნაციონალური მოძრაობის'' შეკრებაზე ახალაიას ახლახან შევხვდი და გაოცებული დავრჩი. ყველას თანდასწრებით მითხრა, ძალიან გაფასებ, ნიჭიერი ჟურნალისტი ხარ, უკრაინიდან კარგი რეპორტაჟები გქონდაო. ''იმედის'' გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ შენ ყოველთვის გიყურებო. გამეცინა...
- დღეს როგორ გაიხსენებ უკრაინაში აქციების პერიოდს, ალბათ, უამრავი დასამახსოვრებელი ამბავი გადაგხდა და მოისმინე.
- უკრაინის მოვლენები არის ის, რამაც ჩემი ცხოვრების წესი შეცვალა. უკრაინიდან სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი. ამ მოვლენებმა ბევრ რამეზე სხვანაირად დამაფიქრა. საერთო ჯამში, იქ თითქმის სამი თვე გავატარე, კიევში, დონეცკსა და ყირიმში ვიმუშავე. ჩემ თვალწინ ადამიანები იღუპებოდნენ და ეს მძაფრი სურათი იმდენად ახლო ხედით ვნახე, ზოგჯერ სტრესს ვერ ვუძლებდი, იყო დღეები, როცა მე და ჩემი ოპერატორი უსიტყვოდ, ჟესტების ენაზე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ჩუმად ვიყავით, არაფრის თქმა არ გვინდოდა. ხშირად მახსენდება კადრები, როგორ დაასვენეს ათეულობით გარდაცვლილი ქუჩებში, დასისხლიანებული ცხედრები ასფალტზე ჩაამწკრივეს... არასდროს დამავიწყდება, როგორ გლოვობდნენ შვილები მამებს და პირიქით, მშობლები შვილებს... იმ მომენტში, როცა დაპირისპირებას ვიღებდით, მასშტაბებს ვერ ვაცნობიერებდით, არც იმაზე გვიფიქრია, რომ შესაძლოა, მომდევნო მსხვერპლი ჩვენ შორის ყოფილიყო, მუშაობის დროს შიშის გრძნობა ქრება, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ კადრი გადაიღო, საინტერესო კომენტარი ჩაწერო, მაგრამ როცა ეს საგიჟეთი მთავრდება და ხედავ კონკრეტულ შედეგს, გაუბედურებულ ადამიანებს, ცეცხლმოკიდებულ შენობებს, მხოლოდ მაშინ აანალიზებ, რა გამოიარე.

- ჟურნალისტიკა და რისკი შენს შემთხვევაში თითქმის იდენტური ცნებებია...
- მუშაობის პროცესში შიშის გრძნობა არ გაქვს, ამისთვის არ გცალია, ომის დროს იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ საფრთხეს ვერ აანალიზებ. ერთადერთი იმაზე ფიქრობ, რომ ოპერატორს არაფერი დაუშავდეს, რომ ბოლომდე შეძლოს კადრის გადაღება, იმ მომენტში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სამხედრო რეპორტაჟის მომზადებისას მთავარი გმირი ოპერატორია და არა ჟურნალისტი. ოპერატორები ეკრანზე არასდროს ჩანან, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კადრები, რომლებსაც თქვენ უყურებთ, მათი თავდაუზოგავი შრომითა და უდიდესი რისკის ფასადაა მოპოვებული.
აუცილებლად უნდა ვთქვა, საფრთხე ხშირად სწორედ იქაა, სადაც საერთოდ არ ელი. მაგალითად, ახლახან ისრაელის ყველაზე ცხელი წერტილიდან ნაკაწრის გარეშე დავბრუნდი, ჯანსაღი და საღსალამათი, მაგრამ ცოტა ხნის წინ გუდაურში ველომარათონში ვმონაწილეობდი, სადაც მთიდან დავგორდი და უკვე რამდენიმე დღეა, სახლიდან ვერ გავდივარ, მთელი სხეული მტკივა, მრავლობითი დაჟეჟილობა მივიღე.

- რა არის შენთვის ტელევიზია...
- ჩემი მეგობრები მუდამ ხუმრობენ ამაზე, შენ 100 წლის ასაკშიც რეპორტიორი იქნებიო. ისინი ხუმრობენ, მე კი მართლა ასე ვფიქრობ. ეს საქმე არასდროს მომბეზრდება. ჟურნალისტიკას ვერ გავცვლი რუტინულ საქმეზე. დილას იღვიძებ და მიდიხარ სამსახურში, მაგრამ არ იცი, რა გელის, სად წახვალ, რა თემაზე იმუშავებ, მიყვარს ეს ყველაფერი. არასდროს იცი, რას უნდა ელოდო, ყოველი დღე სიურპრიზებით არის სავსე. მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურებდი, მაგრამ ბლოგებს მაინც დავწერდი და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდით.
- დასასრულ, ერთ ჭორზეც გკითხავ, ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ჟურნალისტ სალომე კასრაძესთან რომანი გაქვს...
- პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















