- სიღნაღში დავიბადე, ბავშვობას ხან აქ, ხან თბილისში და ხანაც სამეგრელოში ვატარებდი, ასეთი გეოგრაფიული მონაცვლეობა ძალიან საინტერესო და უფრო მრავალფეროვანი

- როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია?
- უფრო შემოიპარა ჩემს ცხოვრებაში, თან ეტაპობრივად, ღრმა ბავშვობაში ეს იყო დედაჩემის მოწოდებული ჟურნალების სახით, ასევე ყველა იმ წიგნით, რომელსაც ჯერ ვერ ვკითხულობდი, მაგრამ ფოტოების დათვალიერება შემეძლო, ძველი საოჯახო ალბომები, რომლებსაც, ვინ იცის, ყოველ არდადაგებზე უკვე მერამდენედ ვათვალიერებდი.
თუმცა უმნიშვნელოვანესი იყო დღე, როდესაც დედაჩემის ბიძამ მაჩუქა წიგნი ფოტოგრაფიის შესახებ და ყველაზე მთავარი - ჩემი პირველი კამერა - პოლაროიდი. პირველ კადრებშიც სწორედ ჩემი ოჯახის წევრები მოხვდნენ, სოფელში. მახსოვს ზუგდიდში, თხილნარში პოლაროიდის მთელი ერთი კასეტა დავცალეთ მე და ჩემმა დეიდაშვილებმა, ისეთი ბედნიერი ვიყავი.
წიგნმა ფოტოგრაფიის შესახებ უფრო მეტი საინტერესო რამ გადამიშალა თვალწინ, რაზეც მანამდე არ მიფიქრია...
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილას, ადამიანები ქუჩაში, შენობები, სიტუაციები, რომლებიც რაღაც დროის შემდეგ ალბათ გაქრებოდნენ და მხოლოდ ფოტოები დარჩებოდა სამახსოვროდ... ამ ყველაფრის აღსანიშნავად. ეს გახდა ჩემი მიზანიც და ოცნებაც, რასაც მხოლოდ პოლაროიდით ვერ მოვახერხებდი. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი.

- შენი ფოტოარქივი საკმაოდ მრავალფეროვანია, განსხვავებული ადგილები, სიტუაციები, რომელი მიმართულებით უფრო კარგად გრძნობ თავს?
- მნიშვნელოვანია ინტერესი, განწყობა და დამოკიდებულება იმის მიმართ, რის გადასაღებადაც მივდივარ. ყველაზე კარგად თავს ვგრძნობ მიტინგებზე, საპროტესტო აქციებზე, სხვადასხვა პრობლემების გაშუქებისას. ვცდილობ, ყოველთვის აღმოვჩნდე ასეთი მოვლენების ეპიცენტრში. მიხვედრილობა იმისა თუ რა გადაიღო, ფოტოგრაფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, სამწუხაროდ, უამრავმა მოვლენამ ისე ჩაიარა, რომ არა რამდენიმე ადგილობრივი და საქართველოში მოღვაწე უცხოელი ფოტოგრაფი, ძალიან მნიშვნელოვანი უახლესი ისტორიული მოვლენების ფოტოარქივი არც გვექნებოდა, რაც, თავის მხრივ, ძალიან მწირია. მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე ბევრი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა და აღჭურვილობაც ჰქონდათ, აქციაზე გასვლა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოიფიქრა. მე ძველი მობილური ტელეფონით ვიღებდი, თუმცა, სამწუხაროდ, მაშინდელი კადრები ვერ შემოვინახე.

- ერთხელ შენმა კოლეგამ მითხრა, შავ-თეთრ ფოტოებს იმიტომ იღებს, რომ წინა პლანზე ადამიანის თვალები გადმოიტანოს, შენ რატომ იღებ შავ-თეთრ კადრებს?
- შავ-თეთრ ფოტოებზე ყველას თავისი შეხედულება აქვს, იმდენად მიყვარს ფერები, რომ ძალიან იშვიათად მივმართავ ამ ხერხს. თუკი ამას ვაკეთებ, იქ შავ-თეთრი პოზიცია გადამწყვეტ როლს ასრულებს, რათა ფოტომ ბოლომდე გადმოგცეს ის ემოცია და განწყობა, რაც მასში, როგორც ავტორმა, გადაღების დროს ჩავდე.

- ბზობის დღესასწაულზე გადაღებული საკმაოდ ლამაზი კადრები ვნახე, ხშირად ეხები რელიგიურ თემებს?
- რელიგიური დღესასწაული გადასაღებად ერთფეროვანია, არ არის სანახაობრივი ფოტოგადაღების თვალსაზრისით. გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ ლომისობა, ბზობა, ხატობა და სხვა ასეთი მოვლენები. ყველაზე დადებითად ხატობა მახსენდება გუდამაყარში.
- გაიხსენე შენი არქივიდან საყვარელი კადრი, რომლის გადაღებაც ხშირად გახსენდება?
- საყვარელი კადრები ძალიან ხშირად იცვლებიან, თუმცა ახლა მენავის კადრს გამოვარჩევდი, მარტვილის კანიონებიდან და პარკურის ბიჭებს. ახლა ეგ მიყვარს.

- ფოტოპროექტებიდან რომელს გამოარჩევდი?
- ფოტოპროექტი, ბევრი არ მაქვს, რადგან ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს, თუმცა მათ შორის კაზრეთისა და საყდრისის მუშათა გაფიცვის თემაზე გაკეთებული პროექტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან განვიცადე ამ ადამიანების ბედი, ისე დაიწყო, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევდა ასობით მუშის გაფიცვას და მათ უკან მდგომ ოჯახებს. მე და ჩემი მეგობარი ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებიც ჩავედით და ამ მოვლენის გაშუქება დავიწყეთ. თუმცა ყველაზე რთული 2013 წლის 17 მაისი იყო, დღე, როდესაც ფოტოები პრაქტიკულად ვერ გადავიღე, იმდენად დაძაბული, მძიმე და შოკური სიტუაცია იყო.

- რა არის შენთვის ფოტოგრაფია - საყვარელი ჰობი თუ საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გააკეთებ?
- ჩემთვის ეს არის ძალიან ძვირფასი და მრავალწახნაგოვანი ჰობი, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით ვუერთგულებდი.
- დასასრულ, საოცნებო პროექტზე გვესაუბრე, რას ან ვის გადაიღებდი და რომელ ქვეყანაში?
- ვოცნებობ ომის გადაღებაზე, თუ სად, ეს ჯერ ვერ გადავწყვიტე.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















