- უფლის მადლობელი ვარ, რომ ქალად დავიბადე. ვგიჟდები ფეხმძიმე ქალებზე, გაფოფრილები რომ დადიან, მუცლით რომ ახალ სიცოცხლეს ატარებ, ამაზე დასაფასებელი არაფერია. ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, საქართველოსნაირი ქვეყანა არ არსებობს, არაააა. მგონი, ერთადერთი მომღერალი ვარ, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხეზე და თბილისის ყველა უბანზე მაქვს სიმღერა შესრულებული, აფხაზეთი აკლდა ამ სრულ სიას და სულ ცოტა ხნის წინ ჩავწერე ნანული ბრეგვაძის მუსიკაზე შექმნილი სიმღერა, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექსტი ახლავს თან, ავტორი ტანვარჯიშში მრავალგზის ჩემპიონი ნელი სალაძეა. კომპოზიტორი ნანული ბრეგვაძე ნელის კონცერტმაისტერია იმ სტუდიაში, სადაც ბავშვებს ამზადებს. ამ მშვენიერმა ქალბატონებმა მუსიკა და ტექსტი რომ გაამზადეს, დამირეკეს, მომასმენინეს, უნდოდათ, მე შემესრულებინა ეს სიმღერა და ისე მომეწონა, რომ გადავირიე, ნუუუუუ... კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ, სიმღერა ოპტიმისტურად ამ სიტყვებით სრულდება - ჩემო აფხაზეთო, დამიბრუნდი, გეეეელიიიიი (მღერის). ჩაწერის დროს სულ ჟრუანტელი მივლიდა და ცრემელები მომდიოდა, რააააა..
ბავშვობა...
- იცი, როგორი ბავშვი ვიყავი? დედაჩემი სადაც დამსვამდა, იქ ვიჯექი, სანამ მეტყოდა, რომ ავმდგარიყავი. საბედნიეროდ, მერე ცოტა გამოვსწორდი (იცინის). ორბორბლიანი
ველოსიპედი მიყიდეს და ამან გამომაცოცხლა. მოგეხსენებათ, ფალიაშვილის 102 ნომერში ვცხოვრობდი, ჰოდა, ამ ჩემი ველოსიპედით ვუვლიდი წინ და უკან მთელ ქუჩას. ჩემი სახლის ნომრის გამო მინდა 102 წელი ვიცოცხლო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ხომ არ მოვაკლო-მეთქი (იცინის)? არადა, ჩვენ ხომ შეთანხმებულები ვართ, 102 წლის რომ ვიქნები, შენ კი 80-ის, ისევ ჩემთან უნდა მოხვიდე და ინტერვიუ უნდა ჩავწეროთ, არაააააა (იცინის). ნეტა ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი? ძალიან მაინტერესებს, რააა... მარტო მაგიტომ მინდა ამ ქვეყანაზე გაჩერება, რომ ეგ გავიგო (იცინის).
...ბავშვობას მივუბრუნდეთ ისევ, მამა ძალიან ბუნჩულა კაცი იყო და ვგიჟდებოდი მასზე, დედა სიმკაცრით გამოირჩეოდა, სულ შენიშვნებს მაძლევდა, ეს ასე არ გააკეთო, სწრაფად წადი, გაგვიანდება და ა.შ. ვაიმეეეე, ამაზე ერთი კარგი ამბავი გამახსენდა. მახსოვს, მე და ჩემი მეგობარი ნანა უნივერსიტეტში მივდიოდით, არ გვაგვიანდებოდა და ნელ-ნელა მივსეირნობდით, დედა აივნიდან გვიყურებდა და უცებ ყვირილი დაიწყო, ეთერ, დაგაგვიანდა, იფიქრე, იფიქრეო. თურმე, გვეუბნებოდა, გათხოვებაზე იფიქრეთო და ჩვენ კიდევ გვეგონა, ლექციებზე დაგვიანებაზე გველაპარაკებოდა, ჰოდა, ჩემმა მეგობარმა ნანამ ასძახა, არა, არა ჯერ ადრეა, ლექციაზე არ გვაგვიანდებაო (იცინის).
ორი ღამე მეზობელთან...
- ალბათ, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მეგობრებთან ერთად კუს ტბაზე გავიპარე, არადა, ისე მეშინოდა დედის, როგორც თოფის, მაგრამ მაინც წავედი. თურმე მთელი ქუჩა გვეძებდა, როგორც იქნა, მივედით სახლთან და დაიწყო გადაძახილები, მოვიდნენ, მოვიდნენ, კარგად არიანო. დედამ მეზობლის ქალი ელჩად გამოუშვა ჩემთან და დააბარა, სახლში არ მოვიდესო, რაღას ვიზამდი, შემიფარა მეზობელმა და ორი ღამე მასთან მეძინა. მერე, ეტყობა, დედას გული მოუბრუნდა და შინ დამაბრუნეს, ბოდიშიც კი მოვიხადე ჩადენილი დანაშაულისთვის..
ოთხი სხვადასხვა სკოლა და მედლის გარეშე დარჩენილი მომღერალი
- ოთხი სკოლა გამოვიცვალე. პირველად დედამ რუსულ სკოლაში შემიყვანა, ვერ შევეგუე და ახლანდელ 57-ე სკოლაში გადავინაცლე, შემდეგ 55-ე სკოლაში განვაგრძე სწავლა, ბოლოს კი ვერაზე მდებარე სკოლაში გადამიყვანეს, სადაც დირექტორი ბიძაჩემი - სანდრო კაკულია იყო, მიზანი კი ის გახლდათ, რომ სკოლა მედალზე დამემთავრებინა და უნივერსიტეტში უპრობლემოდ ჩავრიცხულიყავი. ისე ვიზარმაცე, ოქროს და ვერცხლის კი არა, რკინის მედალიც არ მომცეს (იცინის). სანამ 55-ე სკოლაში გადავიდოდი, საშუალო სასწავლებლებში გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე ვსწავლობდით, 55-ე ბიჭების სკოლა იყო, მერე შეაერთეს და ორივე სქესმა ერთად დავიწყეთ განათლების მიღება. ნახე, რამდენის მომსწრე ვააარ? მე და ლენინი მგონი მიტინგებზე ერთად დავდიოდით, რამდენი რამე ვიცი, ნუუუუუუუუუუუ (იცინის)? ჭკუა მეკეტებოდა შატალოზე, ბიძაჩემის სკოლაში რომ დავდიოდი, განსაკუთრებით მაშინ მომწონდა სკოლიდან გაპარვა, პირდაპირ კინოში მივდიოდით და სულ აღარ გვაინტერესებდა, რა ხდებოდა გარეთ. მერე დამიბარებდა ბიძაჩემი და მთხოვდა, ნუ აკეთებ ასეთ რაღაცებსო, მაგრამ... მეორე დღეს იმავეს ვიმეორებდი.
აკრძალული ჟურნალები და ჰიუგო
- მიუხედავად იმისა, რომ მესამე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და ყველა მეუბნებოდა, კონსერვატორიაში ჩააბარეო, მე არჩევანი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გავაკეთე, ბევრი არ მიფიქრია, მოდაში იყო უცხო ენებზე სწავლა და მეც ამ გზას გავყევი. ჩემმა ძმამ ჩეხური იცის, ამიტომ უფლება ჰქონდა, ჩეხოსლოვაკიიდან გამოეწერა ჟურნალები, სადაც ბევრი რამ ეწერა, ბოლოში კი საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონების ფოტოები იყო დაბეჭდილი. ეს იმ დროს, იცი, რას ნიშნავდა? პორნოგრაფიას (იცინის). პირველ კურსზე ვართ, მოვხვიე ამ ჟურნალებს ხელი და წავიღე ლექციებზე, დეკანი კითხულობს ჰიუგოს, ამ დროს კი მე ეს ჟურნალები დავარიგე და სტუდენტებმაც დაიწყეს დათვალიერება, ატყდა ფუსფუსი, რაც დეკანს უყურადღებოდ არ დარჩენია, მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და რას ხედავს, `კუპალნიკში~ გამოწყობილ გოგონებს დავცქერით, მაშინვე იკითხა, ვისი იყო ჟურნალები, მორცხვად ავდექი, სასწრაფოდ წამოკრიფა ჩემი ნივთები, მითხრა, ხვალ მშობელს მოიყვანო და ლექციიდან გამომიშვა. ამ ამბავს დედაჩემს ვერაფრით გავუმხელდი, მამასთან კიდევ შეიძლებოდა გამებედა, მაგრამ სხვა გამოსავალი ვიპოვეთ. სანამ საუბარს გავაგრძელებდე, უნდა გითხრათ, რომ ჩემი უნივერსიტეტში მოწყობის შემდეგ მშობლებმა ვახშამი მოაწყვეს და ახლობელ-ნათესავები დაპატიჟეს. მოგეხსენებათ, მამა ''გეპეის'' პროფესორი იყო, იცნობდა ჩემს დეკანსაც და ისიც გახლდათ ჩემს საზეიმო საღამოზე, აქედან გამომდინარე, ის ადამიანი დედასაც კარგად იცნობდა და მამასაც. ზემოხსენებული ამბის მეორე დღეს 20 გოგო უნივერსიტეტის ბაღში გამოსავლის საძიებლად ჩავედით. იქვე ქალი ასეირნებდა ბავშვს, ალბათ ბებია იქნებოდა, უცებ ერთ-ერთ ჩვენგანს მოუვიდა იდეა, რომ ეს ქალბატონი დეკან დათიკოსთვის დედაჩემად წარედგინა. მანდილოსანი, რომელსაც დედაჩემის როლი უნდა ეთამაშა, ისეთი შავგვრემანი იყო, რომ სამხრეთ აფრიკელს ჰგავდა, თან საშინლად გამხდარი გახლდათ, ამ დროს დედა 103 კილო თეთრი, ფითქინა, ფუმფულა ქალი იყო, რომელსაც ჩემი დეკანი იცნობდა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ქალი საქმის კურსში ჩავაყენეთ, ბავშვი ცოტა ხნით ვიღაცას დაუტოვა და დეკანთან წამოგვყვა. დავაკაკუნე დეკანატის კარზე და ვუთხარი, დედა მოვიდა-მეთქი, დათიკო ელის თეთრ, ფუმფულა ქალს და ამ დროს შემოდის ძალიან შავი და გამხდარი ადამიანი, გაოცდა კაცი, რა დაგემართათ, ქალბატონო, ავად ხართო, მაშინვე ჰკითხა ჩემს დედად წარდგენილ ქალს. შემდეგ საქმეზე გადავიდა და უთხრა, მე ჰიუგოზე ვკითხულობდი ლექციას და აი, თქვენმა ქალიშვილმა რა გააკეთა, რას ათვალიერებინებს სტუდენტებსო, თან ჟურნალებზე მიუთითა. ამ ქალბატონმა შეიცხადა, აიღო ჟურნალები და ისე მთხლიშა სახეში, რომ ჩემ უკან მდგომმა ადამიანმა ძლივს დამიჭირა, თან გააგრძელა ჩხუბი, დედა, ფული მომეცი, დედა ფული მომეცი, აი, თურმე რისთვის ითხოვს ყოველდღე ფულსო, ეს თქვა, კარი გაიჯახუნა და გავარდა, ამ დროს წამოვხტი და ვეუბნები, ქალბატონო დედა, ძალიან გთხოვთ დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ-მეთქი, მივდევ ამ ქალს და უკან ჩემი თანაკურსელი 20 გოგო მომყვება, თან ყველა ერთად ქალბატონო დედას დავძახით ამ ქალს, სახელიც არ ვიცოდი და როგორ უნდა მიმემართა, ვერ მივხვდი. ამ ქალბატონო დედაზე დათიკო სულ გაგიჟდა და გადაირია (იცინის). შეიყარა მთელი უნივერსიტეტი, ქალბატონო დედა რას ნიშნავდა ვერავინ გაიგო, დათიკო კიდევ შეშლილი დავტოვეთ, სამაგიეროდ, ჩვენ გადავრჩით.
პედაგოგიური გამოცდილება
- უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მამას ძალიან უნდოდა, რომ ლექციები წამეკითხა და მეც უარი არ ვუთხარი, `გეპეიში~ გერმანულის ლექტორად დამნიშნეს, ოღონდ ლექციებზე ამ უცხო ენას კი არ ვასწავლიდი, სტუდენტებს ვუყვებოდი, როგორ დავდიოდი გასტროლებზე ლონდონში, რიგაში და ა.შ. აბა, რაში აინტერესებდათ ინჟინრებს ჩემი გერმანული?! რექტორ ბუაჩიძეს ძალიან ვუყვარდი, იმ პერიოდში უკვე სცენაზე ვიდექი და პასუხს არავინ მთხოვდა. სამაგიეროდ, ჩემს ლექციებზე ბრდღვნა იყო, სტუდენტები აუდიტორიაში შემოსვლას ერთმანეთს ასწრებდნენ. სხვა პედაგოგ-მასწავლებლები დაფიქრდნენ, ნეტავ, რას ასწავლის ამისთანას, ბავშვები მუდმივად მის ლექციებზე რომ მიიჩქარიანო და დეკანატმა გადაწყვიტა, ლექციაზე დამსწრებოდა. რა ვქნა არ ვიცი, ერთი სიტყვა არ იცის არც ერთმა ჩემმა სტუდენტმა გერმანულად. შემოვიდა რვა პროფესორ-მასწავლებელი და მეც დავიწყე რაღაცების წერა, როდემდე უნდა მეწერა, ნუუუუუუუ... მოვბრუნდი და სტუდენტებს ვეკითხები, აბა, როგორ არის გერმანულად ჩვენ, ეს ნაცვალსახელი ამ ენაზე არის ვირ, რატომღაც ვიფიქრე, ეს მაინც ეცოდინებათ-მეთქი და ამიტომ დავსვი ვითომდა მარტივი შეკითხვა. რასაკვირველია, ყველა დუმს, ახლა სხვანაირად მივანიშნე, ბავშვებო, კახეთში ყველაზე მეტად რომელი ცხოველი უყვართ-მეთქი, ვირიო, ჰოდა ეგა ვართ ჩვენ-მეთქი (იცინის). არ გაგიკვირდებათ ალბათ თუ გეტყვით, რომ ის ჩემი ბოლო ლექცია იყო.
ოჯახი და შვილი
- 35 წლის გავთხოვდი, ავჩქარდით და გავიპარეთ, მშობლები კი ამას ბოლომდე ვერ შეეგუვნენ. ჩემი მეუღლე რეზო ვაჩიბერიძე პროფესიით კვების ტექნოლოგი გახლდათ, სულ კარგ თანამდებობებზე მუშაობდა, 5-6 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ის ჩემს რეჟიმს, გასტროლებს ვერ ეგუებოდა, მე კი ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, მერე და მერე თითქოს აღარც მიყვარდა და დავშორდით. სხვათა შორის, დიდად არ განუცდიათ ეს ამბავი ჩემს მშობლებს. ქმართან გაცილების შემდეგ გასტროლებზე ციმბირში წავედი (იცინის). მას შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ მიფიქრია.
...37 წლის ასაკში გავაჩინე შვილი, ფანატიკურად შეყვარებული დედა ვიყავი, მასაც ძალიან უჭირდა უჩემობა და მეც. ერთხელ, პატარამ ჩემ მიმართ თავისი გრძნობების შესახებ დაწერა, როგორ სწყინდა, რომ მივდიოდი და როგორ ვენატრებოდი, წერილში წერდა, ვიცი, მატყუებ და დიდი ხნით მიდიხარო... ახლაც შენახული მაქვს მისი ნაწერები. მიუხედავად ამისა, როცა საშუალება მეძლეოდა, ყველგან დამყავდა. ერთხელ გასტროლებზე ლენინგრადში წავიყვანე, იქ ჩასულს სასტუმროში მითხრეს, მხოლოდ ალა პუგაჩოვას ნომერი გვაქვს თავისუფალი და ძალიან ძვირიაო, უკან არ დავიხიე, მომეცით-მეთქი და შევედი, ათი დღე მე და ჩემი შვილი პუგაჩოვას ნომერში ვცხოვრობდით (იცინის).
სინანული
- იცი, რას ვნანობ, გოგო რომ არ გავაჩინე, ყველა ქალს უნდა ჰყავდეს გოგო, ეს აუცილებელია, მაგრამ რატომღაც არ გავაჩინე. ამას ვნანობ და კიდევ იმას, რომ არც ერთ ფილმში არ ვითამაშე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, შემოთავაზება მქონდა, სინჯებიც გავიარე. დავით რონდელი იღებდა `ზოია რუხაძეს~, მაგრამ იმდენად ვერ მოვირგე ეს გმირი, რომ უარი ვთქვი.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''