ორივე თამაშს ინციდენტი მოჰყვა. თურქეთთან თამაშისას გატანილი ბურთის შემდეგ თურქ მაყურებელს თორნიკე მუმლაძის უხამსი ჟესტი არ მოეწონა. აზერბაიჯანელებთან
სოციალურ ქსელში უკვე გამოითქვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი პროვოკაციაა და ამ ყველაფრის უკან ისეთი ადამიანი დგას, რომელსაც ქართველებს, თურქებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობის დაძაბვა სურს.
ჩვენ აზერბაიჯანულ კლუბთან შეხვედრის წინ ჩავწერეთ ''ჩიხურას'' მეკარე მაქსიმე ქვილითაია და პირველ რიგში, თორნიკე მუმლაძის საქციელის შეფასება ვთხოვეთ.
- თორნიკე მუმლაძე რამდენიმე თვის წინ გავიცანი. კარგი ბიჭია, ალბათ, გამოუცდელობის ბრალია, რაც გააკეთა გოლის გატანის შემდეგ. ცუდი რამ მოხდა, მაგრამ გამოსწორებადია. ჩვენ-თანაც რომ გააკეთოს მსგავსი რამ სხვა ქვეყნის მოთამაშემ, ცუდი რეაქცია გვექნება.
- ამბობენ, თორნიკე მუმლაძის რეაქცია თურქი მაყურებლის ცუდ საქციელს მოჰყვა.
- სადაც უნდა ითამაშო, მაყურებელი თავის გუნდს გულშემატკივრობს და მოწინააღმდეგეს ცუდ ჟესტებს უჩვენებს. თურქეთშიც ასე მოხდა. ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ გუნდებს ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს არ შეხვედრია. დაგვრჩა კიდევ ორი თამაში და მერე გვექნება პლეიოფი, ეს ეტაპი წარმატებით თუ გადავლახეთ, ქართული ფეხბურთის დიდი მიღწევა იქნება. თურქეთთან ძალიან საპასუხისმგებლო თამაში გვქონდა. ყველას ეგონა, რომ წავაგებდით. ფრეც რომ გვეთამაშა, ჩვენთვის დიდი შედეგი იქნებოდა და გასვლაზე მოგება ხომ ვერავის წარმოედგინა. ბიჭებმა თურქეთშიც და საქართველოშიც მოინდომეს, ბოლომდე დავიხარჯეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ.
- გვიამბე შენ შესახებ.
- რუსეთში დავიბადე, იქ ოთხი წელი ვცხოვრობდი. მამა ჯარში მსახურობდა, ვოლოგდაში, სადაც დედა გაიცნო. შეუყვარდათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ. ოთხი წლის რომ ვიყავი, მამაჩემს მამა გარდაეცვალა. ჩამოვედით და შემოვრჩი საქართველოს. საფეხბურთო კარიერა დავიწყე ტყიბულის კლუბ ''მეშახტეში''.
- რუსეთთან მას მერე შეხება აღარ გქონიათ?
- რომ ჩამოვედით, მას მერე რუსეთში ჩასვლა ვეღარ მოვახერხეთ. დედას რვა დედმამიშვილი ჰყავდა და ძალიან ბევრი დეიდაშვილი და ბიძაშვილი მყავს. მათი ნახვა ძალიან მინდა. დედასაც ძალიან ენატრება თავისი მშობლიური ქალაქი - ვოლოგდა.
- მაინცდამაინც ფეხბურთელობა რატომ გადაწყვიტე?
- მამაჩემი, თემურ ქვილითაია, მეკარე იყო. საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში თამაშობდა და ტყავის ბურთი აქვს მოგებული. ბავშვობიდან მიყვარდა ბურთი. ათი წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანეს. თავიდან თავდამსხმელი ვიყავი. ერთ-ერთი თამაში ფრედ დამთავრდა. თერთმეტმეტრიანები დაინიშნა. მაღალი ვიყავი და კარში დამაყენეს. 4 ბურთი ავიღე. მას მერე მწვრთნელი კარში მაყენებდა. მეუბნებოდა, მამაშენის გენები გაქვსო, თუმცა მე მეკარეობა მაინცდამაინც არ მინდოდა. კარში დგომა არ მომწონდა, თავდამსხმელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მერე მეკარეობა შემიყვარდა. ტყიბულიდან ქუთაისის ''ტორპედოში'' გადმომიყვანეს. შემდეგ ვთამაშობდი თბილისის ''ოლიმპში''. ვიყავი ''ლოკომოტივის'' გუნდის წევრი. ცხინვალის ''სპარტაკშიც'' ვთამაშობდი. მოკლედ, ბევრი ვიმოგზაურე და ბოლოს საჩხერის ''ჩიხურასთან'' გავაფორმე ერთწლიანი კონტრაქტი. ''ჩიხურას'' ჰყავს გიორგი სომხიშვილი, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ ტრავმის გამო თურქეთთან ვერ ითამაშა. შანსი მომეცა, რომელიც, მად-ლობა ღმერთს, გამოვიყენე.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი მეკარე იყო?
- ფეხბურთი ისეთი სპორტია, მისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. როგორც მოექცევი ფეხბურთს, ისე მოგექცევა. თავდადება და მოგების წყურვილი უნდა გქონდეს. თამაშის წინ პოზიტიური განწყობა აუცილებელია. გუნდურობა და ერთმანეთის გვერდში დგომა წარმატების გარანტიაა. ეს მთავარია, რაც ფეხბურთს სჭირდება და რაც გვაკლია. ქართველ ფეხბურთელებს იმაზე მეტი შეუძლიათ, რაც ახლა საქართველოს ჩემპიონატში ხდება. ჩამოჰყავთ უცხოელი ფეხბურთელები და დიდ თანხას უხდიან. ჯობს, ის თანხები ქართველ ფეხბურთელებზე გადაანაწილონ და მისცენ მოტივაცია, რომ ფეხბურთელმა სათამაშოდ სხვა გუნდში წასვლაზე არ იფიქროს. საქართველოს ჩემპიონატში ძალიან მაგარი ფეხბურთელი არ ჩამოვა. ქართველ ფეხბურთელებს მინიმალური პირობები მაინც უნდა შეუქმნან, რომ მათ საქართველოდან წასვლის სურვილი არ გაუჩნდეთ.
- კარგმა სპორტსმენმა დღეში რამდენი საათი უნდა დაუთმოს ვარჯიშს?
- მთავარია, სწორად ივარჯიშო. ჩემს ბავშვობაში კარგი სავარჯიშო პირობები არ გვქონდა. ერთი ბურთით რამდენიმე თვე ვვარჯიშობდით. ახლა გვაქვს, მადლობა ღმერთს, უკეთესი პირობები, რაც მთავარია, სპორტსმენმა მიზანი უნდა დაისახოს და თქვას, მე ამას გავაკეთებ. ფეხბურთელი დღეში ოთხ-ხუთ საათს თუ ივარჯიშებს, წარმატებისთვის ძალიან კარგი იქნება. მეც მქონია წინააღმდეგობები და გულისტკენა, მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მიაქციო.
- გულისტკენაში რას გულისხმობ?
- ბევრჯერ მქონია ჩავარდნა. ისეთი სიტუაცია, როდესაც უნდა მეთამაშა და არ მათამაშებდნენ, მაგრამ ფეხბურთელისა და სპორტსმენის ბედი ასეთია. უნდა მოითმინო. ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმენაშიც ზომიერება უნდა დაიცვა. ღმერთმა დამიფასა ჩემი მოთმინება თურქეთთან თამაშისას.
- რამდენი წლის ხარ?
- 28 წლის ვარ. მეკარეები თავიანთ კარიერას გვიან იწყებენ. ფეხბურთელის საფეხბურთო კარიერა უფრო ადრე, 23-24 წლიდან იწყება. კარგ მეკარეს კი გამოცდილება სჭირდება, იმისთვის, რომ პროფესიონალი გახდეს. პირადად მე ბევრი დრო გამიცდა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დავყარე. ვოცნებობდი, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეთამაშა. მინდა, საქართველოს ნაკრებშიც ვითამაშო. პირველი სურვილი ამისრულდა, ვნახოთ, იქნებ, მეორე სურვილიც ასრულდეს.
- სპორტსმენობის გამო რამეზე უარის თქმა გიწევს?
- შენი წონა ყოველთვის უნდა აკონტროლო. მძიმე წონა თუ გაქვს, წარმატებას ვერ მიაღწევ. სპორტსმენს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაბადების დღეებსა და ქორწილებში იაროს. მაგალითად, ვარჯიშის გამო ბებიაჩემის დაკრძალვაზე ტყიბულში ვერ ჩავედი. ბიძაჩემის დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. ვერც ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში წავედი.
- გყავს მეუღლე?
- მყავს მეუღლე თიკო არსენიძე და ერთი შვილი. მალე მეორე შვილი გვეყოლება. მეუღლე ჩემი პირველი გულშემატკივარია. ისიც ტყიბულელია. ტყიბულის ეკლესიაში გალობდა. 24 წლის რომ ვიყავი, დაოჯახებაზე დავფიქრდი. იმ პერიოდში თბილისში ვთამაშობდი. ბევრი გოგონა გავიცანი, მაგრამ ვერავისთან ვერ ავაწყვე ურთიერთობა. ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, მივხვდი, რომ მასთან შეიძლებოდა, ჩემი მომავალი დამეკავშირებინა. პირველ შვილს თემური დავარქვით, მეორეც ბიჭი გვეყოლება. ექოზე რომ ვიყავით, ხელები ისე ეჭირა, თითქოს ბურთი უნდა დაიჭიროსო. ექიმი გვეუბნებოდა, მგონი, ესეც მეკარე იქნებაო.
- სპორტული კარიერის პარალელურად, მოახერხე, სხვა პროფესიას დაუფლებოდი?
- სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. სულ სპორტზე ვიყავი გადართული. სკოლა რომ დავამთავრე, არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ან სწავლა უნდა ამერჩია, ან სპორტს გავყოლოდი და არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ გავაკეთე. ხანდახან წიგნებს ვკითხულობ. კითხვაE ფეხბურთელისთვის აუცილებელია. მოედანზე რომ გადიხარ, მარტო იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რაც შენ გითხრეს. მოედანს უნდა ხედავდე და უნდა მიხვდე, პასი როგორ და ვის გადასცე. ამ ყველაფერში წიგნის კითხვა გეხმარება. კარგი იქნებოდა ფეხბურთთან ერთად სწავლა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე.
- რომელ გუნდში გინდა თამაში?
- მინდა, ჩემი საფეხბურთო კარიერა ევროპის რომელიმე კლუბში გავაგრძელო. ''რეალში'', ''ბარსელონასა'' და ''მანჩესტერში'' თამაშზე არ ვოცნებობ. უბრალოდ, მინდა, ვითამაშო რომელიმე კარგ ევროპულ გუნდში, რომელიც სწორ ფეხბურთს თამაშობს და სადაც, როგორც ფეხბურთელი, ერთ დონეზე არ დავრჩები. რუსეთის უმაღლეს ლიგაშიც კი დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ჩემი საყვარელი მეკარე კასილასია. მართალია, წელს მსოფლიო ჩეპიონატზე ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემეპარება, რადგან ყველა ჯილდო მოიგო, რისი მოგებაც მეკარეს შეეძლო.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















