05 აგვისტო, 2014
რატომ დასრულდა ნინო შავგულიძის ''ძალიან მაგარი სიყვარული''
მახსოვს ჩემთან ახლოს ცხოვრობდა. თვალებით სულ მას ვეძებდი. ჩემი ასეთი მდგომარეობა რადენიმე წელს გაგრძელდა მსახიობი ნინო შავგულიძე ფართო მაყურებელმა ''ჩვენი ამბავიდან'' გაიცნო. სერიალი დამთავრდა, მაგრამ ნინოს და ''ღამის შოუს'' თანამშრომლობა გრძელდება. ნინო ''ტვ 11''-ში მუშაობს, დაკავებულია სპექტაკლებში, მუშაობს რადიოში. ისეა დაკავებული, რომ მეგობრების მოსანახულებლად დრო არ რჩება. ვერც სიყვარულზე ფიქრობს. სურვილიც არ აქვს, ვინმე უყვარდეს. თუმცა ერთხელ უკვე უყვარდა ძალიან...

''ვისაც რა გვინდოდა, გვაქვს''

- ვიცი, რომ დედასა და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და გაიპარნენ.
ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. ზაფხული იყო, მამამ დედას მიაკითხა, მეგობრებთან რომ ასულიყვნენ სტუმრად. დედამ საზამთრო წაიღო. მერე გაპარვა გადაწყვიტეს. მამას მშობლები დედას ოჯახში მივიდნენ იმის სათქმელად, რომ დედა და მამა დაოჯახდნენ და ყველაფერი კარგად იყო. ბებიამ გადაწყვიტა ცივი საზამთროთი გამასპინძლება, მაგრამ საზამთრო ვეღარ ნახა.
28-26 წლისები იყვნენ, მამა და დედა რომ დაქორწინდნენ. მალე საქართველოში ომი დაიწყო და ჩვენ საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით. ოჯახური ფოტო იმ პერიოდში გვაქვს გადაღებული. სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, მერე წამოვედით, რადგან ბებია და ბაბუა საქართველოში იყვნენ. ვცხოვრობდით 90-იანების ჩაბნელებულ საქართველოში.

Rating

- მშობლები რას საქმიანობენ?
- მამა ინჟინერია და დედა რაც გათხოვდა, მას შემდეგ დიასახლისია. პროფესიით ბიბლიოთეკარია. დე-დასთან ერთად გადაღებული ფოტო ჩემი ერთ-ერთი პირველი სურათია და ძალიან მიყვარს. დედასა და მამას დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ წლებია, დაშორებულები არიან. მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, ერთ-ერთი მოსკოვში უნდა დარჩენილიყო. მამა დარჩა და მას მერე ამ ქალაქში მრავალი წელი იცხოვრა. შემდეგ დედა წავიდა საზღვარგარეთ და ასე დაიშალნენ.

Rating

- მეორედ ოჯახი შექმნეს?
- მამას ჰყავს ფანტასტიკური მეუღლე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგადაა. ვისაც რა გვინდოდა, გვაქვს.
- ერთი დედმამიშვილი გყავს?
- ერთი და მყავს, სოფო, რომელიც ჩემზე დიდია. ფოტო სოფოსთან ერთად მაქვს გადაღებული. მე და ჩემს დას ეს კაბები დღემდე გვაქვს. მახსოვს, ძალიან მიხაროდა, ეს კაბა რომ მეცვა.

Rating


''დღემდე იმ გემოს ვეძებ...''

- მოსკოვში გატარებული პერიოდი როგორ გახსენდება?
- ჩემი ცნობიერება მოსკოვიდან იწყება და ყველაფერი კარგად მახსოვს. მომწონდა განათებული სახლები. ფანჯრებიდან სიხარულის ხმები გამოდიოდა. ყველა იცინოდა. მახსოვს, რომ ძალიან მიხაროდა დიდი თოვლი. ყველაზე კარგად მახსოვს პლომბირის ნაყინი, დილაობით ვსვამდით უგემრიელეს კეფირს. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო და დღემდე, ნაყინს რომ ვჭამ, იმ გემოს ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ.
- მომდევნო ფოტო სკოლაში გაქვს გადაღებული. კარგად სწავლობდი?
- მომწონდა სწავლა, ის, რომ ჩემი თავის რეალიზებას ვახდენდი. ჩემი და ჩემზე ერთი წლით უფროსია და მასთან ერთად ვსწავლობდი. მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში ვეხმარებოდი. სანამ დედა საქართველოში ცხოვრობდა და მაკონტროლებდა, ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ოთხიანს საერთოდ არ ვიღებდი. ჩემი და ძალიან ''გაფუჭებული'' ბავშვი იყო. ოღონდ სკოლა გაეცდინა და შატალოზე წასულიყო, სხვა არაფერი აინტერესებდა. დედა რომ წავიდა, ჩემმა დამ ამიყოლია და ცოტა გავფუჭდი, მაგრამ ბოლოს დავეწიე იმ პროგრამას, რაც აბიტურიენტისთვის იყო გათვალისწინებული.

Rating


''თავი ქალღმერთი მეგონა...''

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტე? გვარის გავლენით?
- სანამ ჟორა შავგულიძის არსებობას გავიგებდი, მანამდეც მინდოდა მსახიობობა. ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნება. მეგონა, რომ ხელოვნების სფეროში სხვანაირი ადამიანები მოღვაწეობდნენ და მათთან ურთიერთობა ყოველთვის მინდოდა. მყავდა მეგობარი, რომელიც თეატრალურში სწავლობდა და ეს სფერო იმდენად მიზიდავდა, რომ სულ მასთან მივდიოდი. თავიდან სარეჟისოროზე ჩაბარება მქონდა გადაწყვეტილი. ჩემმა მეტყველების პედაგოგმა მითხრა, სამსახიობოზე უნდა ჩააბაროო. ჩემს შესაძლებლობებში ამ მხრივ ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ბედის ცდა და მალევე მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც ყოველთვის მინდოდა. აბიტურიენტობის ბოლო წლებში მათემატიკა შემიყვარდა და საბანკო-საფინანსო ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაზე კარგი ამოცანის ამოხსნა იმ როლის მორგებაა, რასაც გაძლევენ.
მომდევნო ფოტო გადაღებულია ''თბილისი, აი ლავ იუს'' გადაღებებზე. სამწუხაროდ, ფილმის პრემიერაზე წასვლა ვერ მოვახერხე და ვერც მერე ვნახე, რადგან სპექტაკლზე ვმუშაობდი და დრო ვერ გამოვნახე. ყველა ამბობს, კარგიაო. იმედია, ოდესმე ვნახავ.

Rating

- შენი კარიერა დაიწყე სერიალით ''ჩვენი ამბავი'', რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ნამუშევრით?
- კარიერა დავიწყე თეატრით. ჩვიდმეტი წლის ვიყავი, როდესაც რუსთაველის სარდაფში გოგი ქავთარაძემ დადგა ''თეთრი ბაირაღები'', სადაც ნუნუ ექიმის როლს ვთამაშობდი. ეს ჩემი პირველი როლი იყო სცენაზე და ძალიან ვნერვიულობდი მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბევრი არაფერი მქონდა. მხოლოდ ლუმინალს ვამბობდი და ბოლოს გიორგი ნაკაშიძესთან მქონდა პატარა ტექსტი, მაგრამ თავი ქალღმერთი მეგონა. შვიდი წელია, თეატრში ვარ და წელს გამოჩნდა სერიალი, რომელმაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი გამხადა, რაც ძალიან მახარებს.
- ყოველთვის გრძელი თმა გქონდა?
- ბავშვობიდან ძალიან გრძელი თმა მქონდა. სანამ ამ სერიალში მივიღებდი მონაწილეობას, მანამდე ''რუსთავი 2''-ზე გადიოდა ''ჟამი ყვავილობისა'', სადაც ასევე მქონდა როლი. ერთ დღეს მითხრეს, სერიალი დაიხურა და აღარ გაგრძელდებაო. სალონში წავედი და თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი. კარგად მახსოვს, 28 დეკემბერი იყო. დედა მოთქვამდა, ეს რა გააკეთე, გრძელი თმა ძალიან გიხდებოდაო. დედის ხათრით, მას მერე სულ გრძელი თმა მაქვს. მომდევნო ფოტოზეც გრძელი თმა მაქვს. ასეთი სიგრძის თმის მოვლა საერთოდ არ მიჭირს.


Rating

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
- ახლა თავისუფალი ვარ. პირველად საბავშვო ბაღში გიორგი მაისურაძე მიყვარდა. ყველამ იცოდა ჩემი სიყვარულის ამბავი. საბავშვო ბაღში ყველაზე ურჩი ვიყავი. არაფრით არ ვიძინებდი და მასწავლებლები მაყოლებდნენ, როგორ ვიყავი გიორგი მაისურაძეზე შეყვარებული. ყველა ჩემს ამბავზე ერთობოდა და მეც, ოღონდ არ დამეძინა და, მათ ვართობდი.
მახსოვს ჩემთან ახლოს ცხოვრობდა. თვალებით სულ მას ვეძებდი. ჩემი ასეთი მდგომარეობა რადენიმე წელს გაგრძელდა და მერე ყველაფერი შეიცვალა. მეორედ ბავშვური სიყვარული 13-14 წლის ასაკში მეწვია. ეს ბოდიალობა სიყვარული იყო და მერე თინეიჯერული სიყვარული მეწვია, ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში მინახავს და რომელზეც ამბობენ, არასდროს განმეორდებაო. ის ბიჭი მართლა ძალიან მიყვარდა. რომ ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ვხვდები, რომ შეიძლება, მსგავსი რამ აღარასდროს დაბრუნდეს და ძალიან მწყინს.

Rating

- ძალიან მაგარი სიყვარული რატომ დამთავრდა?
- ეს ძალიან მაგარი სიყვარული ორ წელს გაგრძელდა და მერე ჩემში გრძნობა განელდა. ერთი წელი რომ გავიდა, მეგონა, ისევ ძალიან მიყვარდა. კვლავ ერთად დავიწყეთ სიარული, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ის პერიოდი, რაც დაშორებულები ვიყავით, სხვადასხვა გზაზე დავდიოდით. მერე ხვდები, რომ ძველი გრძნობა აღარ გამეორდება. გრძნობა დამთავრდა, მაგრამ იმ ბიჭთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბევრი არ მყვარებია, მაგრამ ვინც მიყვარდა, დღემდე ყველასთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.
- თავი კარგად რომ იგრძნო, როგორი მამაკაცი უნდა იყოს შენ გვერდით?
- ახლა იმდენად კარგად ვარ, ისე კარგად ვგრძნობ თავს, ალბათ ჩემი პასიურობის ბრალია, რომ ვინმე არ მყავს. ხომ არის პერიოდი, როცა გინდა, რომ ვინმე გიყვარდეს და მე ისეთი პერიოდი მაქვს, როცა არ მინდა, რომ შეყვარებული მყავდეს. ჩემი საქმითა და სამსახურით თავს კარგად ვგრძნობ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS