03 აგვისტო, 2014
''ახლო მომავალში აქტუალური გახდება წვრილი ქამრები''
წლევანდელ მოდის ტენდენციებზე 40-50-იანი წლების გავლენა მკვეთრად იგრძნობა სალომე თოთლაძე სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინს ტყავის განხრით სწავლობს, მეოთხე კურსზეა, თუმცა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც, პრიზად კი ლონდონის მოდის კოლეჯში სწავლა მიიღო.
ჩვენი რესპონდენტი მალე ახალი კოლექციის გაკეთებას გეგმავს, რომელშიც ტყავს, ორგანზას, წითელს, შავს და თბილ, პასტელურ ფერებს გამოიყენებს.

- წლევანდელ მოდის ტენდენციებზე 40-50-იანი წლების გავლენა მკვეთრად იგრძნობა. სამოსის სილუეტს ყურადღებით უნდა შერჩევა, საკმაოდ ტენდენციურია მაღალწელიანი ქვედაბოლოები მუხლსქვემოთ სიგრძით.
- რომელი ფერებია აქტუალური?
-
ამ სეზონზე აქტუალურია პასტელური ლურჯი, ასევე ლიმონისფერი და თეთრი. უნდა აღინიშნოს გრადაციები ფერებს შორის.
რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის ფერებს, აქტუალურია მუქი აგურისფერი, ატმისფერი, მეწამულისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი და თბილი პასტელური ტონები.
- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- მოდურია უხეში და მსუბუქი ფაქტურების შერწყმა, პრინტიანი ფაქტურებიც. - რაც შეეხება კა-ბის ფორმას, სიგრძეს... ისევ მაღალწელიანი კაბები რჩება მოდაში, აქტუალურია როგორც მოკლე, ასევე გრძელი კაბები, 50-იანი წლების გავლენით.
- ზედატანების შერჩევისას რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ?
- აქტუალურია თავისუფალი, მსუბუქი ფაქტურისგან შეკერილი ზედატანები, ტოპები და პრინტიანი მაისურები, ასევე შესაძლებელია წელის დაფიქსირება ქამრით, ახლო მომავალში წვრილი ქამრები გახდება აქტუალური. გარდა ამისა, მოდაშია 40-50-იანი წლების ჯარისკაცის სტილის სილუეტი, კამუფლაჟი, მუქი ჭაობისფერი ზედები და ქვედაბოლოები, რომელსაც სილუეტში მამაკაცურობა და სიუხეშე შემოაქვს.
- საინტერესოა პიჯაკისა და ჟილეტის საკითხი, როგორს მივანიჭოთ უპირატესობა?
- მომავალი 2015 წლისთვის მოდაში იქნება 90-იანი წლების სტილის პიჯაკები და ჟილეტები, ოღონდ ნაკლებად უხეში და განიერი სილუეტით.
- ფეხსაცმელების მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- დაბალძირიანი ფეხსაცმლის შემთხვევაში სანდლებია აქტუალური, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში კი - მსხვილი, უხეში ქუსლი.
- ჩანთა ქალის გარდერობში ძალინ მნიშვნელოვანია...
- ამ მხრივ ქლაჩები ინარჩუნებს აქტუალობას, შეგიძლიათ დაიჭიროთ დიდი ჩანთები პრინტებით.
- რა მასალისგან შექმნილი, როგორი ფორმის, ზომის სამკაულებით შეიძლება სამოსის გამრავალფეროვნება?
- წელს ძალიან აქტუალურია სამაჯურები, ასევე ტყავის აქსესუარები.
- მოდური ქალბატონის გარდერობის მთავარი დეტალები გვითხარით.
- აუცილებელია სქელქუსლიანი ფეხსაცმელი და სამოსი ვინტაჟის სტილის პრინტით.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS