31 ივლისი, 2014
კატო ჯავახიშვილი: ''მაქვს არეული ჩანთა და გაჩეჩილი თმა...''
ამ რუბრიკაში ყველა ადამიანი თავისებურად საინტერესო იყო, ისინიც კი, რომლებიც საკუთარ თავს მალავდნენ ''ოჰ, როგორ არ მიყვარს ეს მშრალი, ბიოგრაფიული ცნობები, თავის თავში ცხოვრებას რომ ვერაფრით იტევს... - ამ სიტყვებით იწყებს კატო ჯავახიშვილი ''მწერლის ანკეტის''შევსებას და იქვე აგრძელებს, - მაგრამ, ვცადოთ: კატო, ანუ ეკატერინე ჯავახიშვილი დაიბადა 1979 წლის 3 მაისს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიაროში. პროფესიის მხრივ სრული აბსურდია, სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი; იურიდიული, ხელოვნებათმცოდნეობა და საზოგადოებრივი მართვა და მენეჯმენტი. აი, ასეთი სრულიად განსხვავებული და ფერადოვანი
პალიტრა მაქვს, ვითომ შავ-თეთრს სჯობს? რას გაიგებ... დღემდე არ მაქვს ამაზე პასუხი.

სამი პროფესია...

ჩემი მრავალფეროვანი პალიტრის და მრავალგვერდიანი ცხოვრების არ იყოს, ამ მხრივაც ყველაფერი ჭრელია. მიმუშავია ექიმ-სტომატოლოგად, ბანკის თანამშრომლად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლად, რედაქტორად, ჟურნალისტად და ა.შ. მოკლედ, ნამდვილი აჯაფსანდალია და ეს ალბათ იმიტომ, რომ მუდმივად ვეძებ, ვეძებ სიახლეებს, ადამიანებს, საკუთარ თავსაც.

ოჯახი

დიდ ოჯახს თუ არ ჩავთვლით, ჩემი ოჯახი შედგება ჩემი 15 წლის შვილისგან, გიორგისგან, რომელთან ერთადაც ისე გავიზარდე, ზუსტად არ ვიცი, რომელმა - რომელი გავზარდეთ. არც ის ვიცი, ვინ უფროსია ჩვენ შორის. ესეც ხომ ისეთივე პირობითი რამაა, როგორიც "კეთილი" და "ბოროტი" ადამიანები სამყაროში, რომელშიც ყოველდღიურად ვტრანსფორმირდებით და ვიზრდებით. ასე დავრჩი "პატარა" დიდად და ეს ყველაფერი რაღაცნაირად მომწონს კიდეც.

წერა დავიწყე, როცა...

ვერაფრით დავარქმევ ლექსს იმას, რაც ხუთი წლის ასაკში მისალოც ბარათზე დავწერე და დედას მივუძღვენი. არც ის იყო ლექსი, დილის რედაქციაში რომ მივარბენინებდი და თვალებგაფართოებული, გულისფანცქალით ველოდებოდი ჟურნალის გამოსვლას, ვერც იმას, თავისუფალ თემაში რომ ჩავურთავდი ხოლმე და მერე ყველა მეკითხებოდა, ვისი ლექსიაო... წერა დავიწყე, როცა ცხოვრება ვისწავლე და თავად გავხდი საკუთარ თავში დაკარგული სიტყვა.
ჩემი პირველი ლექსი იყო სარვამარტო მისალოც ბარათზე დაწერილი "ლექსი-მცდელობა" დედაზე, რომელიც არ მახსოვს.

პირველი მკითხველი...

პირველი - საკუთარ "მე''-ს ვაკითხებ ხოლმე ლექსს. ის ყველაზე მკაცრი მსაჯულია და ყველაზე დიდი ომიც მასთან მაქვს და სათქმელიც. შემდეგ უკვე ადამიანებს, რომლებსაც ამ "მე"-ში ვითავსებ.

როცა არ ვწერ, მაშინ...

ვმუშაობ, ვდარდობ, ვწუწუნებ, მტკივა, მიხარია, თქვენ წარმოიდგინეთ, ტუალეტშიც დავდივარ და ელიავაზეც. ჰოო... და კიდევ, გაქცევა მინდა. სულ.
სად არის თავმოყრილი ლექსები...
მაქვს ბევრი ფურცელი, ბევრი ბლოკნოტი და უამრავი ნაგლეჯი. მაქვს არეული ჩანთა და გაჩეჩილი თმა. უამრავი ადამიანისთვის ღია სახლის კარი და ჩემი წილი სიცოცხლე. სრული წესრიგი მაშინებს. ზედმეტად დავარცხნილ ადამიანებზე, ცოტა არ იყოს, მეცინება. აბა, რა თავმოყრაზეა ლაპარაკი?

რუბრიკა ''ორი ფინჯანი''- ჟურნალ ''ლიტერატურულ პალიტრაში''

მინდოდა, მკითხველამდე ავტორი ნაწარმოების გარეშე, თავისი ადამიანური სისუსტეებით, ტკივილებითა და შიშებით მიმეყვანა. ჩვენ ხომ იშვიათად გვეკითხებიან, როგორ ვართ, რა გვიჭირს, რით ვცხოვრობთ ამ ტექსტების მიღმა. მალე წიგნად გამოვა ეს საუბრები და თუ ძალა მეყო, ალბათ, კიდევ გავაგრძელებ. ამ რუბრიკაში ყველა ადამიანი თავისებურად საინტერესო იყო, ისინიც კი, რომლებიც საკუთარ თავს მალავდნენ. ცხოვრება გარკვეულწილად მალვაცაა, მე ასე მგონია.

მენატრება...

ადამიანები მენატრებიან. სულ.

რომ შემეძლოს...

ვიქნებოდი საკუთარი თავი.

მწყინს...

მწყინს, როცა ბუნება სულ არ მისმენს, როცა ვესაუბრები.

არ მწყინს...

მარტოობა. ყველაზე უწყინარი სიამოვნებაა ჩემთვის.

მეშინია...

შიშის.

არ მეშინია...

თავის დაკარგვის, რადგან ზუსტად ვიცი, აუცილებლად ისევ დავიბრუნებ მას.

წელიწადის ''ჩემი''დრო...

გეტყოდი რაღაცას, მაგრამ ამბიციად ჩამითვლიან. არასეზონური ადამიანი ვარ.

დღეს...

აქ უკვე ვიყავი.

ხვალ...

მოვედი.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS