ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა, ხალხისთვის ცნობილი საქმიდან გამომდინარე გამხდარიყო, ეს საქმე კი ჟურნალისტიკაა. გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება კი არასდროს უყვარდა და ამიტომაც არ გაჰყვა მოდელის პროფესიას.
პოპულარობის დადებით და უარყოფით ეფექტებზე საინტერესოდ გვესაუბრა.
- არა. შეიძლება, არავინ დაიჯეროს, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. ''მის საქართველოზე''დედის სურვილით მივედი. 17 წლის ვიყავი, ძალიან პატარა გოგო და არც არაფერზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი, რა მინდოდა. ამ კონკურსამდე, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ვმონაწილეობდი ინგა გრიგოლიას გადაცემაში, სადაც სილამაზის კონკურსებზე დისკუსია გაიმართა. მახსოვს, თეონა თავართქილაძემ გამომარჩია სხვებს შორის და თქვა, რომ ასეთი გოგონები უნდა მიდიოდნენ სილამაზის კონკურსებზე. ეტყობა, დედის სურვილთან ერთად, ესეც აღმოჩნდა ერთგვარი სტიმული, რომ ''მის საქართველოზე''მივსულიყავი. თეონასთან ერთად, სხვა, ჩემთვის უცნობმა ადამიანებმაც მირჩიეს ამ კონკურსზე გასვლა.
გააზრებული ნამდვილად არ მქონია, რომ ამ კონკურსით პოპულარული გავხდებოდი. თანაც, ცოტა პროტესტის გრძნობაც მქონდა. მინდოდა, წარმატებისთვის ჩემი პროფესიით მიმეღწია, ''ნატალიში''კი ვირიცხებოდი მოდელად, მაგრამ ამ მხრივ ჩემი კარიერა არ განმივითარებია. ბევრჯერ შევჯახებივარ ცხოვრებაში დამოკიდებულებას - კონკურსიდან მოსული გოგო რას გააკეთებსო. კონკურსის შემდეგ, როგორც ''მის ინტელექტი'', ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში მიმიწვიეს სტაჟირებაზე. იქ ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ რაღაცები დამემტკიცებინა და დავამტკიცე, რადგან სტაჟირება გამიხანგრძლივეს. ამან თავდაჯერება შემმატა.
პატარა რომ ვიყავი, თავს ლამაზად არ მივიჩნევდი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში გამორჩეული გახლდით. რომ წამოვიზარდე და თაყვანისმცემლები გამიჩნდნენ, თანდათან მერე გავაცნობიერე, რომ რაღაცაში იყო საქმე.
გარეგნობა არასდროს არაფერში გამომიყენებია. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ გავხდებოდი ცნობილი. ბევრი ცნობილი სახე პოპულარული ხალხის ლანძღვით გახდა, მაგრამ ეს დროებითია. მინდოდა სტაბილური პოპულარობა და სუფთა რეპუტაცია. გულწრფელად რომ გითხრა, ჩემს მთავარ მიღწევად მივიჩნევ იმას, რომ პოპულარობას არ შევუცვლივარ. არ შემიცვლია სამეგობრო წრე, არც ზოგადად ჩემი ცხოვრება. ესაა მთავარი და არა ის, რამდენი დღე ვჩანვარ ტელევიზიით.
- რა ისწავლე პოპულარობის შედეგად?
- ადრე გამოცდილების შესაძენად ბევრ რამეზე ვთანხმდებოდი, ვისწავლე საკუთარი თავის ფასი. შესაძლოა, ვიღაცამ ამის გამო იფიქროს, რომ თავში აგივარდა, მაგრამ საქართველოში ასეა - საკუთარი თავი შენ უნდა დააფასო, პირველ რიგში. საქველმოქმედო პროექტებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ზოგადად, ვცდილობ, ჩემი ნიშა მქონდეს.
- ფულს შოულობ შენი პოპულარობით?
- ვერ დავიწუწუნებ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შრომა განსხვავდება ბანკის თანამშრომლის საქმიანობისგან ინტელექტუალური თუ სხვა რესურსით. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ტელესახეს უფრო მეტი ეკუთვნის, მაგრამ ვისთან დავიწუწუნო? იმ ადამიანთან, რომელიც გადაცემის შემდეგ, მე რომ ვდგები, მაგიდას წმენდს? საქართველოში ამაზე ლაპარაკი ძალიან უხერხულია. ლოს-ანჯელესში რომ ვცხოვრობდე, შესაძლოა, ძალიან მეწუწუნა.
არ მიყვარს, როცა მეკითხებიან, რამდენი მაქვს ხელფასი, რადგან ვიღაცისთვის შეიძლება, ბევრია, ვიღაცისთვის - ძალიან ცოტა. რასაკვირველია, ოჯახი ჩემს ხარჯზე რომ არსებობდეს, არ მეყოფოდა, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასე არ არის. ისიც ვიცი, რომ სხვა ჩემს კოლეგას, ''რუსთავი 2''-ზე არ ვამბობ, მის გარეთ, ჩემზე მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ როცა საქმე გიყვარს, ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს. თუმცა კიდევ ვამბობ, საწუწუნო არაფერი მაქვს. სხვას ვერაფერს გავაკეთებ, შესაძლოა, ბევრად მეტი შემომთავაზონ სხვა საქმიანობაში, მაგრამ არა მგონია, დავთანხმდე.
- პოპულარობას თუ იყენებ?
- ამას წინათ კლუბთან ვიდექი, სადაც ძალიან დიდი რიგი იყო. მასპინძელი გამოვიდა და უნდოდა, გვერდიდან შევეყვანე, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი და ვთხოვე, რიგში ვიდგები-მეთქი. იმის გამო, რომ ცნობილი სახე ხარ ან ვიღაცის მეგობარი, რიგში რატომ არ უნდა ჩადგე? არ გამომიყენებია, მაგრამ ზოგჯერ გამომდგომია ჩემი სახელი. ცდილობენ, უფრო მეტად გაგიღიმონ, გაგიკეთონ ფასდაკლება. ხშირად გავბრაზებულვარ, რომ ვერ მიმიღია კარგი მომსახურება, როცა ჩვეულებრივად დამირეკავს სადმე, მერე კი, რომ მივსულვარ, უიმე, თქვენ დარეკეთო? მიგრძნია, რომ უფრო კარგად მიპასუხებდა, ჩემი სახელი და გვარი რომ მეთქვა.
- თუ არის რაიმე გამაღიზიანებელი სხვა ცნობილი ადამიანების ქმედებებში?
- ძალიან მაღიზიანებს, როდესაც თამამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ამბობენ, იმიტომ არ გავაკეთე, რომ პოპულარული გავმხდარიყავიო. მაღიზიანებს, რომ ადამიანი ვერაფერს აღწევს საკუთარი ნიჭისა თუ გონებრივი მონაცემების ხარჯზე და სხვა გზებს მიმართავს. პოპულარობის მოპოვება ძალიან მარტივია, მაგრამ შენარჩუნება - საკმაოდ რთული. თანაც, ამ თამამი ნაბიჯის შემდეგ მზად უნდა იყო გალანძღვისთვის. ამიტომაც არ მიყვარს ''ფეისბუქზე''სტატუსებით აზრის გამოთქმა. მაინც საჯარო სივრცეა, რაც უნდა ჩაკეტილი გქონდეს უცხოთაგან. ინტერნეტსაიტებზე აუცილებლად აღმოჩნდება, ამიტომაც ვერ ვდებ საღადაოდ რაღაცას, მეგობრებისთვის, რადგან შესაძლოა, ვიღაცამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.
- სხვა კიდევ რაზე ამბობ უარს, როგორც ცნობილი სახე? მაგალითად, ხომ შეიძლება, სადმე დათვრე და მაგიდაზე ცეკვა მოგინდეს?
- სწორედ ამიტომ აღვნიშნე, არ შევცვლილვარ-მეთქი, რადგან რადიკალური ნაბიჯები არასდროს მახასიათებდა, მაგალითად, თმის წითლად, ყვითლად შეღებვა, გადაპარსვა. ცოტა მშიშარა ვარ ამ კუთხით, ბევრ რამეს პრაგმატულად ვუდგები, ამიტომაც მივიჩნევ, რომ თავს არაფერში ვიზღუდავ. როგორც ადრე ვსვამდი, ისე ვსვამ ახლაც და ადრინდელივით ვერთობი. მაგიდაზეც ავსულვარ ადრე საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ იმიტომ, რომ არც ასაკი მაქვს შესაბამისი და მეუღლე მყავს, რომელსაც შეურაცხყოფას არ მივაყენებ.
ერთადერთი, პოპულარობის გამო დისკომფორტი მაქვს მაშინ, თუკი ფორმაში არ ვარ და გარეთ მიწევს გასვლა. ამ დროს სათვალე მიკეთია და ვცდილობ, შეუმჩნეველი ვიყო. არ მინდა, იმედი გავუცრუო ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ტელევიზიით მაკიაჟით მხედავენ. ყოველთვის მიკვირს მათი, ვინც ფორმაში რომ არ ვარ, მეუბნება, ცხოვრებაში უფრო ლამაზი ყოფილხარო. მგონია, რომ მეპირფერებიან (იცინის).
- მინდა გკითხო სკანდალებზე. ყოფილა შენს სახელთან დაკავშირებული ჭორი, რომლის გავრცელებაც არ გესიამოვნა?
- ახლა ვერ ვიხსენებ. ადრინდელი ამბებიდან გავიხსენებ, ''დუბლიორში''მონაწილეობისას ნახევარფინალში გავედი და მახსოვს, თქვეს, მამამისმა ''ნივა''გაყიდა და ზარებსა და ესემესებში დახარჯაო (იცინის). ძირითადად, ასეთი არაფრის მთქმელი ჭორები ყოფილა. ორჯერ გავიგე, რომ მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. ჩემს მეგობარს უმტკიცებდნენ სალონში, ზუსტად ვიცი, რომ დაშორდნენო. თუკი ასეთ ჭორს ვიგებ, ''ფეისბუქზე''მეუღლესთან ერთად ფოტოს ვდებ, რომ ამით გამოვავლინო ჩვენი სიყვარული. ზოგადად, მტკივნეული ჭორი არასდროს გავრცელებულა.
არა მგონია, ჭორი უსაფუძვლოდ ჩნდებოდეს, მაგალითად, გქონდეს რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი და ვიღაც ამბობდეს შენზე, ქურდიაო. იოტისოდენა საფუძველი აუცილებლად ექნება. ბევრი ადამიანი მიდის სკანდალზე და ხმაურზე, იმიტომ, რომ თავად უნდა ასე. მე კი ტელევიზიით ზედმეტი გამოჩენა და სტატია არ მჭირდება, რადგან ისედაც არ მაკლია ეს ყველაფერი. ხალხისგან ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ, ამით ბედნიერი ვარ, ამას აქვს ''მუღამი''. აბა, ნეგატივზე აგებული პოპულარობის აზრს ვერ ვხვდები. მთელი დღე რომ ჭორაობენ შენზე და გლანძღავენ, კმაყოფილმა როგორ უნდა დაიძინო?!. ჩემს ფოტოზეც მინახავს მინაწერი, ფუ, რას ჰგავსო, მაგრამ ეს იშვიათად ყოფილა.
შესაძლოა, ასეთი პოპულარობა არ გახდეს საინტერესო დროთა განმავლობაში, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზებას მაინც შევძლებ. შესაძლოა, ათი წლის შემდეგ დაიღალო ერთი და იმავე საქმით და მოგინდეს, რომ სხვა პროფესიაში გადაინაცვლო. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ, თუ ოდესმე წავალ, კარგად წავალ. თუ დაბრუნება მომინდა, იმდენს ვიმუშავებ, რომ ასევე დავბრუნდები.
- პოპულარობა შენს პირად ცხოვრებაზე თუ აისახა? მახსოვს, შენი მეუღლის მიმართ იყო ინტერესი.
- ერთხელ უნდოდათ ვახოს გახვევა ''ლა ტრუფეს''სკანდალში. ერთ-ერთმა გამოცემამ დაბეჭდა ჩემთვის ძალიან მიუღებელი ჟურნალისტური ხერხებით შეთითხნილი ინფორმაცია, თითქოს ჩემი მეუღლე ამ ჩხუბში მონაწილეობდა. სხვათა შორის, იმ დროს ბათუმში იყო და სპეციალურად წამოიღო ქვითარი სასტუმროდან. რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა, გვანცას მეუღლეაო. რეალურად კი ამ ამბავში იმიტომ გარიეს, რომ ამ ჩხუბის მონაწილეებთან მეგობრობა აკავშირებდა, ანუ არსებობდა რაღაც კავშირი და იფიქრეს, მოდი, ბარემ, მივაწეროთ, რომ გვანცას ქმარიც იქ იყოო.
კიდევ ერთი, რაც მახსენდება, ის არის, რომ ბაბუამ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ჩემი და ვახოს ურთიერთობის შესახებ გაზეთიდან გაიგო. გამოცემამ დამასწრო თქმა და ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამთ (იღიმის)...
რაც შეეხება ვახოს დამოკიდებულებას, თავიდან გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ ყველა მიყურებდა. მეკითხებოდა, იცნობ ამ ადამიანსო? მე ვპასუხობდი, მე არა, მაგრამ თვითონ მცნობს-მეთქი (იღიმის).
ზოგადად, პოპულარობას, მცირე შემთხვევების გარდა, ცუდი არაფერი მოუტანია. არ მჯერა იმის, რომ ვიღაცას პოპულარობის გამო ქუჩაში მოძრაობისას დისკომფორტი აქვს. თუკი შენ პოზიტივს გასცემ, იგივე გიბრუნდება. რასაკვირველია, არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომელთაც, მაგალითად, შორენა ბეგაშვილს დაუწერეს, თავს მოგაჭრიო, მაგრამ ეს მცირე გამონაკლისია. ზოგადად, არ მინახავს ადამიანი, რომელიც მასზე ცუდს იტყვის. ინტრიგანებს რა დალევს, მაგრამ მთლიანობაში პოპულარობას ბევრი კარგი მოუტანია.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''