- სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. ბავშვობიდან მაინტერესებდა სხვადასხვა რელიგია, ძიების პროცესი საკუთარ თავთან. შემდეგ სწავლა მაგის-ტრატურაში გავაგრძელე. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფია შემოვიდა. მეგობარმა იმ დროისთვის ძალიან კარგი ფოტოაპარატი იყიდა. რამდენიმეჯერ

- რისი ან ვისი გადაღება შეგიყვარდა?
- ნაკლებად მიყვარს ბუნების გადაღება, ლამაზი პეიზაჟები. მომწონს, როდესაც ადამიანებს ვიღებ, რადგან ფოტოებზე მათი შინაგანი სამყარო, ის გარემო ჩანს, რა სიტუაციაშიც ცხოვრობენ. ამ ეტაპზე ფოტოგრაფიას ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია, მიუხედავად იმისა, რომ რადიოში ვმუშაობ. სულ კადრებზე ვფიქრობ, რისი გადაღებაც შემიძლია. საბოლოოდ მაინც ფოტოდოკუმენტალისტიკაზე ჩამოვყალიბდი. არ შეიძლება მომბეზრდეს, რასაც ახლა ვაკეთებ.

- გადაღებულ ფოტოებზე ვისაუბროთ, მაგალითად, ლომისობის დღესასწაულზე...
- პირველად ლომისობაზე რომ ვიყავი, შოკში ჩავვარდი. ერთია, რომ წარმართული რიტუალია და ზოგიერთს სჯერა და შეიძლება, არასწორად სჯეროდეს, მაგრამ მეორეა, როდესაც ცხოველების დაკვლის პროცესს პატარა ბავშვებს აყურებინებ. როდესაც ერთ-ერთ ყასაბს გავესაუბრე, იქაურ ჯეკ მფატრავს, მითხრა, რომ მთელი დღის განმავლობაში სამი ათასამდე ცხვარი, ათას ხუთასი ძროხა და ორასამდე ფრინველი ჰყავდა დაკლული. მაშინ ისეთ ეიფორიაში ვიყავი, რომ ძირითადად სისხლიან სცენებს ვიღებდი. წელს სპეციალურად ვიყავი ჩასული, რომ დღეობისთვის სამზადისი მეჩვენებინა. თან ამ ბოლო დროს, თუ გადაღება კომერციული არ არის, ყოველთვის ფირზე ვმუშაობ.

- დედა სიდონიას სერიაზე მოგვიყევი.
- 2009 წელს მე და დედა სიდონია გერგეტის სამების სანახავად წავედით. საერთოდ საბერძნეთში მოღვაწეობს, ვმეგობრობთ. მთელი სერია გადავიღეთ, მაგრამ ამ ერთმა ფოტომ რამდენიმე სერიოზული კონკურსი მომაგებინა და წიგნის გარეკანზეც დაიბეჭდა. საერთოდ ვცდილობ, სასულიერო პირები ფოტოების გადაღებით არ შევაწუხო, თხოვნის შედეგად მყავს გადაღებული კახეთში მამაო. მერი-დებოდა, მაგრამ მაინც ვთხოვე.

- ვაკელი აქლემი სად იპოვე?
- ეს აქლემი ერთი კვირის წინ გახდა პოპულარული, როდესაც ვაკეში ადამიანი დაკბინა. რეალურად კი რამდენიმე წლის წინ ყაზბეგში აღმოვაჩინე, პატრონთან ერთად იყო. სრულიად შემთხვევით გავიარე გზაზე და დავინახე. მანქანით ვიყავი მეგობართან ერთად. ძალიან მომწონს ასევე მზიას წითელი ოთახის სერია. ეს ფოტოები სურამთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში გადავიღე. საინტერესო ოჯახია. ბევრი სირთულე გადაიტანეს. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. წითელ ფერებში გემოვნების გამო არ აქვთ ოთახი გადაწყვეტილი, უბრალოდ, ნივთები სხვებმა აჩუქეს.

- გალაკტიონის ლექსებზეც გაქვს გაკეთებული ფოტოსესია.
- ამ პროექტზე ქალბატონ ელდინო საღარაძესთან ერთად ვიმუშავე და ძალიან საინტერესო გამოვიდა.


- ახლა რა პროექტზე მუშაობ?
- ''ჩემი მარცხენა ფეხი'' - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს ეხებათ. მათთან სახლებში მივდივარ და სურათებს ვუღებ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ამ დაავადების შესახებ გავიგე. შემდეგ ვნახე ფილმი ''ჩემი მარცხენა ფეხი'', რომელიც ამ დაავადებას ეხება. დაავადებულებს თვეში სამოცდაათი ლარი აქვთ პენსია, რაც ძალიან ცოტაა. საქართველოში საზოგადოებას ასეთი ბავშვები სტიგმატიზებული ჰყავს, რის გამოც ხშირად მშობელიც კომპლექსდება. ძალიან რთული მდგომარეობაა სოფლებშიც, ხშირად ბავშვები სახლში ჰყავთ ჩაკეტილი. მინდა, ამ პროექტით საზოგადოებას დავანახვო, რომ გარემოში, სადაც ადამიანები კარგად გრძნობენ თავს, არსებობენ სხვებიც, რომლებიც ასევე ბედნიერები არიან, მაგრამ სჭირდებათ დამატებითი რაღაცები, რათა უკეთ იგრძნონ თავი. რა თქმა უნდა, ადაპტირებულ გარემოს ვგულისხმობ.
ჟურნალი ''რეიტინგი''
ნინო გიგიშვილი




















