17 ივლისი, 2014
''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას
ქორწილისთვის წინა დღეს აივანზე გვქონდა ერთი რეპეტიცია 24 წლის მურმან გაგოშიძე, იგივე მურიკო, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში ამავე პროექტის წინა სეზონის გამარჯვებულთან, ქეთი ხატიაშვილთან ერთად გამოჩნდა. მათ შეასრულეს ცეკვა მოდერნი, რომლის დადგმაც მთლიანად მუროს ეკუთვნის. ამ ნომრით კმაყოფილი გოჩა ჩერტკოევი ბიჭის ვინაობას კითხულობდა. სუხიშვილების სოლისტიაო, მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის წამყვანებმა. მურო სუხიშვილების ახალ პროგრამა ''რამიშვილებშიც'' ცეკვავს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ნიჭიერი მოცეკვავე.

- ქუთაისიდან ვარ. მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნებას ემსახურებოდა. მამაჩემი, ბადრი გაგოშიძე, მოცეკვავეა, ქუთაისის
სახელმწიფო ანსამბლსა და შეიარაღებული ძალების ანსამბლში ცეკვავდა. ერთხელ ბატონი თენგიზი და ნინო რამიშვილი ყოფილან მისული ე.წ ''ზაკვოში'', საიდანაც აარჩიეს ბიჭები ანსამბლისთვის. მათ შორის მოხვდა მამაც, მაგრამ შემდეგ მამას ჯარში უთანხმოება მოუვიდა და ანსამბლში ვეღარ მივიდა. მამაჩემის აუხდენელი ოცნება მე ავახდინე. დედაჩემი, დოდო გიორგაძე, მომღერალია, მუსიკოსი. ბებიაჩემი - პოეტი. 5 წლისაც არ ვიყავი, მშობლებმა ცეკვაზე რომ მიმიყვანეს. წელიწად-ნახევარი ვიცეკვე ქუთაისში. მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ''პიონერთა სასახლეში'' მიმიყვანეს თამაზ ჟორჟოლიანთან. ბატონი თამაზი სუხიშვილების მოცეკვავე გახლდათ. ხუთი წელი ვიცეკვე მის ანსამბლ ''იბერიაში'', რომელიც მერე დაიშალა.
მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ვცეკვავდი სახლში, მეგობრებში, სოფელში, სკოლაში, ყველგან, სადაც ამის საშუალება მქონდა. ჩემი ოცნება იყო, ''სუხიშვილებში'' მეცეკვა. როცა ამ ანსამბლმა პირველი ''ასა ფართი'' გამოიტანა სცენაზე, ჩემმა ბიძაშვილმა კონცერტზე წამიყვანა, ''პირველი არხის'' ოპერატორი იყო. კონცერტზე სიცხიანი წავედი. მაშინ ბატონი თენგიზ სუხიშვილი ცოცხალი იყო. კონცერტის შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა ბატონ თენგიზთან და უთხრა, ამ ბიჭს ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიაო. მეორე დღეს სტუდიაში დამიბარა. იმ ღამეს სიხარულისგან ვერ დავიძინე. 2 წელი ვიცეკვე სტუდიაში. 16 წლის უკვე ანსამბლში გადმომიყვანეს.
- როგორ?
- ერთ დღეს დამირეკა ჩემმა ქორეოგრაფმა, დათო უგრეხელიძემ, და მითხრა, რატომ აგვიანებ რეპეტიციაზე, ხვალ ანსამბლში გასინჯვა გაქვსო. სიცხიანი ვიყავი ისევ და არ ვაპირებდი მისვლას. სიცხე კარგად მაქვს დაცდილი (იცინის). სახლში რაღა გამაჩერებდა, ავადმყოფობაც კი დამავიწყდა. მეორე დილისთვის დამიბარეს გასინჯვაზე. ოჯახში არ ვთქვი, სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ანსამბლში მოვხვდებოდი, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაინც მქონდა.
დარბაზში რომ შევედი, არავინ იყო, მარტო ილიკო, ბატონი თენგიზი და ქალბატონი ნინო ისხდნენ. შევბრუნდი, სამუხლეები გავიკეთე, ბენდენა წავიკარი თავზე, შემოვბრუნდი და რას ვხედავ, ას ოცი კაცი ზის დარბაზში. თან ისეთი მოცეკვავეები, რომლებთან ვარჯიშზეც მხოლოდ ვიოცნებებდი. ავნერვიულდი, ენერგია წამერთვა, ფერი დავკარგე, კანკალმა ამიტანა. დათო უგრეხელიძე მოვიდა და მითხრა, მურო, არ შემარცხვინოო. გამსინჯეს. ბატონმა თენგიზმა დამიძახა, თავზე ხელი გადამისვა და ანსამბლში მიღებული ხარო, მითხრა. იმ სიხარულის ემოციას ვერ გადმოგცემთ. დავურეკე მამაჩემს და ახალი ამბავი ვახარე. სახლში დედაც და მამაც ტირილით დამხვდნენ. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მე ეს სიხარული განმეცადა. ბევრი რამ მოიკლეს, ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარეს. რომ დავუფასე, ყველაზე მეტად ის მიხაროდა.
- გაჭირვება ახსენე, ფინანსურ მხარეს გულისხმობ, ალბათ...
- ჰო, ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. დედაჩემი ახლაც საბერძნეთშია. ჩემი დეიდებიც იქ არიან და ეს მამშვიდებს. არ ვიცი, ამაზე ლაპარაკი რამდენად მინდა... ძალიან მიჭირს, დედა რომ იქ არის. ყველაფერი კი ასე დაიწყო. მამაჩემი ''კომპასის'' მაღაზიების ქსელის მთავარი დისტრიბუტორი იყო. მთავრობა რომ შეიცვალა, მამა გაათავისუფლეს. დედაჩემიც არ მუშაობდა, დიასახლისი იყო, შვილებს გვივლიდა. აქედან დაიწყო ფინანსური პრობლემები. გავყიდეთ ბინა, ვცხოვრობდით ქირით. ეს რომ ჩემმა ქორეოგრაფმა გაიგო, დიდი შეღავათი გაგვიწია, ცეკვის გადასახადი მომიხსნა. ეს ალბათ ჩემი ცეკვისადმი დამოკიდებულების შედეგიც იყო.
- რამდენი ხანია, დედა არ გინახავს?
- ოთხი წელია, დედა საბერძნეთშია და ორჯერ ვნახე. ესეც ''სუხიშვილების'' დამსახურებაა. პირველად რომ ჩავდიოდით, არ ვუთხარი, სიურპრიზი გავუკეთე. გავიგე მისამართი, მივედი მის სადარბაზოსთან და დავურეკე, აქ ვარ და ჩამოდი-მეთქი. ამ ემოციაზე ლაპარაკი ზედმეტია ახლა. წავიყვანე კონცერტზე და იქაც ვატირე. ათენში გამართული კონცერტი მონატრების გლოვა იყო, ასე დავარქვი მე, იქ იმდენი ემიგრანტი ქართველი ცხოვრობს... ჩვენს მედოლესაც იქ ჰყავს დედა. ერთი სიტყვით, მთელი დარბაზი ტიროდა, მათ შორის ჩვენც, მოცეკვავეები. სანამ დედაჩემი საქართველოდან წავიდოდა, მასთან ერთად სიგარეტი არ მომიწევია. მამაჩემთან ახლაც არ ვეწევი. იქ, ათენში რომ შევხვდით ერთმანეთს, ეტყობა, ვეღარ მოვითმინე და ინსტინქტურად მოვუკიდე. საქართველოში რომ დავბრუნდი, მითხრა, ის სიგარეტის ნამწვი შენახული მაქვს, შენ მაგივრად ვეფერებიო. სულ მეტირება, ამაზე რომ ვფიქრობ.
- ამბობენ, მძიმე სენია ცეკვის სიყვარულიო...
- ვისთვის როგორ. ჩემთვის ცეკვა ყველაფერია. რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ვერ ავხსნი, როგორ მიყვარს ჩემი ცეკვა, ჩემი ხელოვნება. ეს რომ ავხსნა, ხალხს გიჟი ვეგონები. ცეკვა იმდენ რამეში მეხ-მარება, ხასიათს მიკეთებს, დეპრესიიდან გამოვყავარ.
- მურო, დაოჯახებული ხარ?
- კი. მყავს მეუღლე და ორი შვილი - 2 წლის ელენე და 2 თვის ნიკოლოზი. ელენე უკვე ცეკვავს, თავისი სურვილით.
- მეუღლეც მოცეკვავე ხომ არ არის?
- არა, იურისტია. მუსიკალური ათწლედიც აქვს დამთავრებული. სახლში სულ ვმღერით.
- ცეკვა არ გამოსდის?
- ისე რა (იღიმება).
- არ ასწავლი?
- ქორწილისთვის წინა დღეს აივანზე გვქონდა ერთი რეპეტიცია. ეს იყო სულ. მაგრად ვერა, მაგრამ სამოყვარულო დონეზე იცეკვა. მეუღლე, ოჯახი ძალიან მიწყობენ ხელს, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. სულ რეპეტიციაზე ვარ, სახლში ძირითადად არ ვარ. ამ ყველაფრის გაგება რთულია იმისთვის, ვინც ამ სფეროში ჩახედული არ არის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომ ამ ყველაფერს შეეგუა.
- იმასაც შეეგუა, ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა რომ გყავს?
- (იცინის) ბევრი თაყვანისმცემელი გოგო რამდენად მყავს, არ ვიცი, მაგრამ ეგუება.
- უამრავ გასტროლზე ყოფილხარ სხვადასხვა ქვეყანაში. ენის ბარიერი და ამასთან დაკავშირებული კურიოზები თუ გქონდა საწყის ეტაპზე მაინც?
- როგორ არა. რუსული უკრაინაში ვისწავლე, უკვე რვაჯერ ვიყავი ამ ქვეყანაში. ინგლისურსაც ვსწავლობ. ჩემი სიდედრი ინგლისური ენის სპეციალისტია, ჩემმა მეუღლემაც კარგად იცის ეს ენა და ცოლისდამაც. ასე რომ, გაქცეულს მოვაბრუნებ. კურიოზებს რაც შეეხება, იყო ერთი-ორი, მაგრამ ვერ მოვყვები, უხერხულია.
- რომელი ქვეყნის მაყურებელს გამოარჩევ ემოციურობის მხრივ?
- ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული ემოცია აქვს. უკრაინაში ცეკვა ძალიან მიყვარს. მთელი ის ომიანობის პერიოდი უკრაინელ ხალხთან ერთად გავატარეთ. რომ ვხედავდი, რა ემოციას გადმოგვცემდა მაყურებელი თავისი აღფრთოვანებით, ძმას გეფიცები, რამდენჯერმე ვიტირე კიდეც.
- ტრავმები გქონია?
- უფ, უამრავი, თუმცა, ღმერთის წყალობით, ისეთი, რომ ექიმებს ცეკვა აეკრძალათ, არა.
- სცენაზე ან სცენაზე გასვლის წინ თუ მიგიღია ისეთი ტრავმა, რომ ვეღარ გაგიგრძელებია ცეკვა?
- კი, ფილარმონიაში, ხევსურულის ცეკვის დროს მეტკინა ძალიან წელი. ის ცეკვა ჩავამთავრე, მაგრამ მეორეზე ვეღარ გავედი.
- ქეთი ხატიაშვილთან ერთად ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალზე ძალიან კარგი ნომრით წარდექი...
- ქეთის მეწყვილე საზღვარგარეთ არის წასული. ქეთი პარტნიორს ეძებდა. ჩვენმა მოცეკვავე გოგონებმა ურჩიეს ჩემთან ცეკვა. სიამოვნებით დავთანხმდი. მოდერნი ძალიან მიყვარს, ეს ჩემი სტილია. ეს არ არის მხოლოდ ცეკვა, ეს არის მოძრაობა, რომლითაც ემოციის გამოხატვა შეგიძლია. 4 დღეში დავდგი ეს ნომერი, მაგრამ ქეთისნაირი პარტნიორი რომ არ მყოლოდა, ასეთი ნომერი არ გამოვიდოდა. ის, პირველ რიგში, კარგი ადამიანია, ძალიან ლამაზია და თავისი საქმის პროფესიონალი. ისეთი მოქნილია, საითაც გინდა, იქით გადაკეცავ (იცინის). თუმცა დროის უქონლობის გამო იმდენი მაინც ვერ გავაკეთეთ, რამდენის გაკეთებაც შეგვეძლო.
- თუმცა მაყურებლების უმეტესობა ერთხმად აღიარებდა, რომ ეს იყო ფინალის საუკეთესო ნომერი.
- ეს მხოლოდ მახარებს. მაყურებელია ჩემი მთავარი სტიმული.
ბოლოს, ილიკოსა და ქალბატონ ნინოზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიდგანან გვერდში. მადლობელი ვარ ამ ოჯახის იმისთვის, რომ აქ გავიზარდე და აქ ვცხოვრობ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ჯანო
თავის ადამიანობას მურო სცენიდან გვაწვდის წარმატებება ცხოვრების ბოლომდე სულ გქონოდეს
03:13 / 13-01-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
მურო შენ ძალიან მაგარი მოცეკვავე ხარ, მე და ჩემს ძმაკაცსაც გვინდა რომ შენნაირი მოცეკვავეები გამოვიდეთ და ამისთვის ვვარჯიშობთ მაგარი ხარ მურო ეგრე მიაწექი შენ კიდევ ბევრს მიაღწევ
17:03 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ძლივს, როგორც იქნა მოვისმინე ნამდვილი, ადამიანური, სიკეთით გაჯერებული ინტერვიუ. მურმანს მინდა ვუსურვო წარმატებები თავის საყვარელ საქმიანობაში. ღვთისაგან დალოცვილი ყოფილიყოს მისი ლამაზი ოჯახი. გაიხარეეეეეეეეე კეთილო ადამიანო.
16:47 / 18-07-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
მეც მიხაროდა შენსავით ჩემო ძმაო ანსამბლში ყოფნა მაგრამ რა დამრჩა? მიხერული ხელფასი,დანგრეული მუხლები არც პენსია და არაფერი
22:27 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ქუთაისელი
არ გიცნობ ბიძიკო, მაგრამ ამ ინტერვიუთი ჩანს რომ კაცთმოყუვარე და კეთილი ახალგაზრდა ხარ. არ გაყოყოჩდე იცოდე!წარმატებას მოსდევს ეს. სულ წარმატებებს და დედის მალე დაბრუნებას გისურვებ/
15:28 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
გაიხარე სულ წინ გევლოს გამრავდლიი და იმდენი $$$$$$$$ რომ დედაშენი მალე ჩამოგეყვანოს
11:56 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ილია
ღმერთმა გაძლიეროთ
11:50 / 17-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS