15 ივლისი, 2014
როგორ მოხვდა მერაბ მეტრეველი პავაროტის დაკრძალვაზე
40 გრადუს სიცხეში ჯავშანჟილეტები და ქუდები მოგვარგეს, რომლებიც არ უნდა გაგვეხადა მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტის პროფესიიდან გამომდინარე, უცხოეთში უამრავ გადაღებაზეა ნამყოფი და როგორც მისი მონათხრობიდან თქვენც გაიგებთ, ძირითადად, ექსტრემალურ პირობებში უწევდა აქეთ-იქით სიარული, თუმცა ყველაზე რთულ ვოიჟებსაც კი ახლა ღიმილით იხსენებს.
''პალიტრა თV''-ის ერთ-ერთმა წამყვანმა სახემ ენაწყლიანად გაიხსენა ყველაზე საინტერესო თავგადასავლები საქართველოს საზღვრებს გარეთ.

- პირველად საზღვრებს გარეთ შენი გასვლა ჟურნალისტიკას უკავშირდებოდა?
- 2006 წელს ვსტუმრობდი ჯერ ბერლინს, შემდეგ - ლონდონს. მანამდე ქვეყანა არასდროს დამიტოვებია. საქართველოში
ბევრი რამ მქონდა შემოვლილი ისევ ჟურნალისტის პროფესიიდან გამომდინარე. ტელევიზიას აქვს ეს ხიბლი, რომ გაქვს საშუალება, იმოგზაურო სხვის ხარჯზე, მივლინებებით (იღიმის).

გერმანიასა და ინგლისს ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის ფარგლებში ვეწვიეთ, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. ბერლინი დანგრეული და მერე აშენებული ქალაქის პირობაზე, ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ლონდონი, მაგრამ ბერლინს სხვა მუღამი აქვს. მივლინებებს ის მინუსი აქვს, რომ ბევრი დრო არ გრჩება ქალაქების დასათვალიერებლად, მაგრამ მაინც ვახერხებდით. ბერლინი ისტორიული ქალაქია და ამ მხრივ საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა ამ ქვეყანაში სხვა ქალაქები მიიჩნევა უფრო ლამაზად, ლონდონი კი ქალაქი-მუზეუმია, ყველგან სანახაობაა, ასეთი ლამაზი ქალაქი იშვიათად შემხვედრია. ლონდონს პირველ სიყვარულს ვეძახი (იღიმის).
ყველაზე მეტად არ მომეწონა ამინდი. ბათუმელ კაცს წვიმა რომ გაგაკვირვებს. მაისში გახლდით ექვსი დღე და სულ წვიმდა. მაინც ფეხით დავბოდიალებდით გადაღებების შუალედში. რასაკვირველია, მთლიანად ვერ მოვიარეთ, მაგრამ რაც მოვასწარით, ყველაფერი ვნახეთ.
მაშინ საქართველოში ბრენდული მაღაზიები არ იყო და მოგზაურობის პლუსი შოპინგის საშუალებაც არის. ლონდონში პირველად ვნახე 70%-იანი სეილები და ბრენდული მაღაზიები. 4 ფუნტად შევიძინე პერანგი და გაკვირვებული დავდიოდი (იცინის). მაქვს სურვილი, კიდევ ერთხელ მოვხვდე ლონდონში...
- ძვირი ქალაქია.
- ასეა, ჟურნალისტებს გვაძლევდნენ ყოველდღიურად სამყოფ ფულს და იმით უნდა გაგვეტანა თავი. ძირითადად, ფასტ-ფუდებით ვიკვებებოდით, რაც იქ ყველაზე იაფია, საქართველოსგან განსხვავებით.
- ვიცი, რომ ამერიკაშიც ხარ ნამყოფი.
- ორჯერ გახლდით, იქაც ნოღაიდელთან ერთად (იცინის).
- თვითმფრინავით მგზავრობის არ გეშინია?
- არა. ცოტა დაძაბული ვარ ხოლმე აფრენისას, მაგრამ ამერიკაში პირველი გაფრენისას ეს შიში სრულად დავძლიე, რადგან დრო არ მქონდა, რომ ამაზე მეფიქრა. გვქონდა უცნაური რეისი თბილისი-ანკარა-ლონდონი-სიეტლი, ანუ მთელი ამერიკის კონტინენტი გადავიფრინეთ. სიეტლიდან იწყებოდა ნოღაიდელის შეხვედრები ბიზნესსაკითხებზე და გრძელდებოდა საკრამენტოში, შემდეგ სან-ფრანცისკოში, ბოსტონში და ბოლოს ვაშინგტონში. ყველგან თითო დღე ვჩერდებოდით, მხოლოდ ვაშინგტონში იყო ხუთდღიანი ვოიაჟი.
ჩემმა ოპერატორმა გადაწყვიტა, რომ კამერა ბარგში ჩაებარებინა და ''ბრიტიშმა'' ბარგი დაგვიკარგა. სიმართლე გითხრათ, ნოღაიდელის გადაღება დიდად არ მადარდებდა, მაშინ ''იმედი'' უკვე კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რადგან წავყევით, უნდა გადაგვეღო. უფრო ის მადარდებდა, რომ წასვლამდე ძალიან რთულად დავგეგმე ზაზა ფაჩულიასთან შეხვედრა, რომელიც ''ატლანტა ჰოუკსში'' თამაშობდა და სიეტლში სწორედ ჩვენი ჩასვლის დღეს ჰქონდათ თამაში. ორი კვირით ადრე ველაპარაკე კლუბის პრესცენტრს, რომელმაც სულ 15 წუთი მოგვცა ვარჯიშის გადასაღებად. ჩვენ კი ჩავდივართ და კამერა არ გვაქვს. საელჩოს წარმომადგენლებს ვუთხარით, კამერა დაგვიკარგეს და ნოღაიდელის შეხვედრას ვერ ვიღებთო (იცინის). დატრიალდნენ და ავიაკომპანიას აშოვნინეს სიეტლის ტელევიზიაში დიდი კამერა, ხელს რომ მოკიდებდი, თავისით ირთვებოდა. საინ-ტერესო ის გამოდგა, რომ ამ კამერას ჩვენგან განსხვავებული სისტემა ჰქონდა. ''იმედში'' რომ დავრეკეთ, გვითხრეს, შევძლებთ გადმოწერასო.
მოკლედ, გავვარდით ვარჯიშზე, ვდიეთ ფაჩულიას, ხან აქედან გადავიღეთ, ხან - იქიდან, ნოღაიდელის შეხვედრასაც მივასწარით... ამ ამბავს ის გაგრძელება ჰქონდა, რომ ფაჩულიას სიუჟეტი ეთერში ვერ მოხვდა, რადგან საქართველოში ის სისტემა ვერ წაიკითხა. მცირე ხნის შემდეგ ''იმედმა'' კიდევ ერთხელ ჩაწერა ფაჩულია და ჟურნალისტს ეკითხებოდა, ის კაცი ვინ იყო, აღმა-დაღმა რომ მატარა და სიუჟეტი არ გავიდაო (იცინის).
- ვაშინგტონის დათვალიერების საშუალება თუ გქონდა?
- შაბათს ჩავედით და ორშაბათამდე შეხვედრები არ იყო. ჩემი ოპერატორი გახლდათ რუსთაველი და თურმე მთელი რუსთავი ფილადელფიაში ცხოვრობს. ოპერატორმა მთხოვა, ფილადელფიაში წავიდეთო და ავტობუსით გავემგზავრეთ. დაგვხვდა მისი მეგობარი, მასთან გავათიეთ ღამე და მეორე დილიდან რომ დავიწყეთ ჩამოვლა, ერთ-ერთ გარეუბანში ყოველ მესამე სახლში რუსთაველი ცხო-ვრობდა (იცინის).
- ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობა გქონია.
- ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როცა 2007 წელს დავით კეზერაშვილთან ერთად გავემგზავრეთ ერაყში. ჯერ ქუვეითში ჩავფრინდით და იქიდან უზარმაზარი სამხედრო თვითმფრინავით გავემგზავრეთ ბაღდათში. 40 გრადუს სიცხეში ჯავშანჟილეტები და ქუდები მოგვარგეს, რომლებიც არ უნდა გაგვეხადა. სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სახლში იყო განთავსებული სასტუმრო, სადაც დაგვა-ბინავეს. ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი სახლი იყო, ბაღდათში ყველა სახლი რაღაცნაირი ყვითელი ფერისაა.
ქალაქში ესკორტით დავდიოდით, რამდენიმე დღე სრულ ექსტრიმში გავატარეთ. როცა დავფრინავდით, ეს დიდ საშიშროებას უკავშირდებოდა. ერთხელ ჩვენს ვერტმფრენს ფრინველი შეეჯახა და ისე შეგვაზანზარა, ვიფიქრეთ, რომ რაღაც გვესროლეს და მერე ბუმბულები დავინახეთ (იცინის). ბოლოს ვხუმრობდით, ბომბს გადავურჩით და კინაღამ მტრედმა შეგვიწირაო.
- ვიცი, რომ უცნაურად აღმოჩნდი ლუჩანო პავაროტის დასაფლავებაზე.
- თუ გახსოვთ, შალვა ნათელაშვილმა ''ვარდების რევოლუციის'' შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 2007 წელს გაემგზავრა. ''იმედმა'' კი ჩათვალა, რომ ეს საინტერესო იყო და ჩვენც გაგვაყოლა. პარიზის ნახვა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამიტომაც დავაჯავშნინე პარიზის ბილეთი, ვიფიქრე, სტრასბურგში პარიზიდან მატარებლით ჩავალ და პარიზის დათვალიერების საშუალებაც მექნება-მეთქი. სტრასბურგიდან უკან დაბრუნებულს ორი დღე მექნებოდა პარიზის დასათვალიერებლად. ჩავფრინდი პარიზში, იქიდან - მატარებლით სტრასბურგში ორსაათ-ნახევარში ვიყავით და მეორე დილას დავერჭვეთ სასამართლოს წინ. შალვა ნათელაშვილი ცოლსა და თავის მხარდამჭერებთან ერთად მოვიდა. გადავიღეთ, საღამოს ჩავერთე კიდეც. სამუშაო შევასრულე და მგონია, რომ ორი დღე თავისუფალი მაქვს. საღამოს მირეკავს რედაქტორი და მეუბნება, ახლა წადი ვაგზალზე, ვენამდე მატარებლის ბილეთი აიღე და ხვალ ათ საათზე ეუთოს შტაბბინის წინ დაერჭვეო. მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გაკეთებულიყო საქართველოსთან დაკავშირებით. ვიფიქრე, არა უშავს, ვენას მაინც დავათვალიერებ-მეთქი (იცინის). სასტუმროც არ მქონდა დაჯავშნილი და რაც მთავარია, უკან რით უნდა გამოვფრენილიყავი, არ ვიცოდი.

ჩავედით ვენაში, თავსხმა წვიმაში, სველები შევცვივდით ეუთოს შტაბბინაში. გადავიღეთ ყველაფერი, გადმოვაგორეთ მასალა, ''რუსთავი-2''-ის ჟურნალისტების ნომერში დავტოვეთ კამერა, ბარგი და წავედით ნეკნების საჭმელად ქართველების საყვარელ რეტორანში. გვგონია, რომ ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ... კვლავ მირეკავს ჩემი რედაქტორი (იცინის). ისევ წადი ვაგზალზე, აიღე ბილეთი იტალიის ქალაქ მოლდენის მიმართულებით, ლუჩანო პავაროტი გარდაიცვალა და მის გასვენებაში უნდა წახვიდე, ბარემ ევროპაში ხარ და შეიარეო (იცინის). აღარ დავიწყებ იმის მოყოლას, რა ხერხებით ჩავაღწიე იმ პატარა ქალაქ მოლდენამდე, როგორ დაავიწყდა ჩემს ოპერატორს კამერის დამტენი და აკუმულატორი, როგორ ვითხოვეთ პატარა ქალაქის ტელევიზიიდან გაურკვეველი კამერა, რომლითაც პავაროტის გასვენება გადავიღეთ (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gula
რომ მცოდნოდა მეც სიამოვნებით გიმასპინძლებდი ფილადელფიაში. კარგი შვილი და კარგი ჟურნალისტი ხარ.
21:15 / 16-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS