14 ივლისი, 2014
მოირგეთ სუპერმინი ან მაქსიმალურად გრძელი კაბები!..
ქალმა უბრალოდ უნდა იცოდეს, ვინ არის და რისი თქმა სურს თავისი ჩაცმულობით დიზაინერმა ნინო სეფიაშვილმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი ''კავკასიური ჩარჩო'' იტალიურმა ''ვოგმა'' წლის საუკეთესო პროექტებს შორის დაასახელა, გარდა ამისა, ეს კოლექცია წარდგენილი იყო ''არტ ჯორჯია პარიზზე'' და ლონდონის მოდის კვირეულზე გამართულ შოუქეისზე.
მაისში ნინოს მეორე ნამუშევარი - ''რეინკარნაცია'', იტალიური პროექტების ფარგლებში, ქალაქ ვიჩენზაში გამოიფინა, სადაც 15000 დიზაინერიდან 100 საუკეთესო შეარჩიეს.

- ძირითადად შავ ფერში ვმუშაობ. ამ ეტაპზე ეს ფერი საუკეთესოდ ასახავს ჩემს
შემოქმედებას და მიდგომას ხელოვნებისადმი. ვიყენებ სრულიად განსხვავებულ ფაქტურებს, ერთი პიჯაკი შეიძლება, ოთხი-ხუთი ქსოვილით შევკერო, ეს ერთგვარი თამაშია ფორმებითა და ფაქტურებით. რაც შეეხება ახალ კოლექციას, აქტიურად ვმუშაობ ახალ ფეშენინსტალაციაზე, ასევე გავაკეთე საიმიჯო ხაზი, სადაც ჯერ მხოლოდ მაისურებია.
- მოდის თანამედროვე ტენდენციებზე რას გვეტყვი?
- მე ვმუშაობ როგორც არტისტი, ამიტომ ნაკლებად ვიყენებ ტენდენციებს და საერთოდ, ნაკლებად ინფორმირებული ვარ ამ საკითხში, რადგან მე არც მის წარმოებაზე ვარ ორიენტირებული და არც კომერციულ მოდას ვქმნი. ჩემთვის ტენდენციურია ის ფორმა და ფერი, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის სწორად წარმოჩენაში ეხმარება.
- რომელი ფერებია აქტუალური ამ სეზონზე?
- ამ სეზონზე ფერების ფართო გამაა აქტუალური. დომინანტია ცისფერი სხვადასხვა ტონირებით, თუმცა შავ-თეთრის დახვეწილი გრაფიკული გამა აქტუალობას არ კარგავს. ყველაზე მოდური მაინც სიჭრელეა. ამ სეზონზე დიზაინერების მუზა თანამედროვე ხელოვნებაა, პოპარტის თემაც დომინირებს, ამიტომ მოდურია პრინტი და აპლიკაცია.
- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- მოდაშია გამჭვირვალე ქსოვილები, ჯინსი, წლის ჰიტია აპლიკაცია ქსოვილზე, რომელიც სამოსს სამგანზომილებიან იერს აძლევს.
- რაც შეეხება ზედატანების ტენდენციებს, კაბის ფორმას, სიგრძეს?..
- ე.წ. ''მასთ ჰევი", ანუ, ის, რაც გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ, არის პერანგის ტიპის ჩაღილული კაბები, თუმცა ასევე აქტუალურია ე.წ. ქვიშის საათის ფორმა და ''კლოში" ქვედაბოლო. სუპერმინი და მაქსიმალურად გრძელ კაბებთან ერთად, აქტუალურია მუხლს ქვედა სიგრძის სამოსიც. შეგიძლიათ კვადრატული, მკაცრი გეომეტრიული ფორმის ტოპები მოირგოთ, ხშირ შემთხვევაში - გამჭვირვალე. არამარტო ზედების, კაბების შემთხვევაშიც, წელი რამდენიმე დიზაინერმა დააფიქსირა. ელი სააბის მოდის სახლმა აქსესუარად წვრილი თეთრი ქამარი გამოიყენა, რაც აუცილებლად ტრენდი გახდება.
- რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამ მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- ამ სეზონის ჰიტი სანდლებია, რომელიც აუცილებელია ქალის გარდერობისთვის.
- ჩანთების თვალსაზრისით როგორი ტენდენციაა წელს?
- ქლაჩები აქტუალობას არ კარგავს, თუმცა ასევე მოდურია დიდი ზომის, საქაღალდეს მიმსგა-ვსებული სწორკუთხოვანი ჩანთა, ზაფხულის ჰიტია ჭილოფის ჩანთები.
- რა შეიძლება ითქვას აქსესუარებზე?..
- წლის ტრენდია სამაჯურები, ვინაიდან წელს ბევრ დიზაინერს ეთნოკოლექციები ჰქონდა გაკეთებული, მათ შემოქმედებაში ხის ეგზოტიკური აქსესუარები შეინიშნებოდა.
- როგორ და რა უნდა მოიხდინოს კიდევ ქალმა?
- ქალმა უბრალოდ უნდა იცოდეს, ვინ არის და რისი თქმა სურს თავისი ჩაცმულობით. უამრავი ცნო-ბილი ქალბატონია, რომლის გარდერობშიც არ მოინახება, ვთქვათ, ''შანელისეული'' პატარა შავი კაბა, თუმცა ისინი ყველაზე მოდურები, ტრენდულები, მომხიბლავნი არიან, მთავარია შინაარსი და არა ფორმა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS