12 ივლისი, 2014
რატომ თქვა უარი მსახიობობაზე ვანო ხუციშვილმა
გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია, რომ ხელმოცარული მსახიობი ვიყავი ვანო ხუციშვილმა თავისი კარიერა როგორც მსახიობმა, ისე დაიწყო, შემდეგ რეჟისურაში გადაინაცვლა. დღეს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მუშაობს, თავისუფალი თეატრის დამდგმელი რეჟისორია და იმავდროულად თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლის...

ბოლო წლებში საკმაოდ წარმატებული გამოდგა მისი სპექტაკლები: ''თოჯინების სახლი'', ''საძაღლე'', ''ფსიქოტროპი'', ''ჩემი საუკეთესო მეგობარი'', ''მაკბეტი''. ამ უკანასკნელი ნამუშევრით ვანო წელს ''დურუჯის'' ნომინანტებს შორის მოხვდა. ''მაკბეტი'' სამ ნომინაციაზე წარადგინეს, როგორც წლის საუკეთესო დადგმა, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი და ჟიურიმ მოიწონა სცენოგრაფიაც.
პირველ ორ ნომინაციაში გამარჯვებული სხვა გახდა, თუმცა აქედან სპექტაკლ ''მაკბეტის'' მხატვარი თეო კუხიანიძე საუკეთესო სცენოგრაფად დასახელდა და შესაბამისად, თეატრალური პრემიის მფლობელიც გახდა. რეჟისორმა და მხატვარმა ოთხ სპექტაკლზე იმუშავეს ერთად და ალბათ, ეს ტანდემი სამომავლოდაც არ დაირღვევა.
ვანო ხუციშვილი ერთი პერიოდი აქტიურად ხატავდა, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებას გეგმავდა, მაგრამ IX კლასში გადაწყვეტილება შეცვალა, როცა ბავშვთა ფოლკლორის სასახლის ერთ-ერთ სტუდიაში სცენაზე ლექსის წაკითხვა სთხოვეს...

- ბავშვთა ფოლკლორის სასახლეში ბატონ გიორგი სიხარულიძესა და კოტე ლეკიშვილს, რომელიც დღეს მამა კონსტანტინე ლეკიშვილია, მაშინ კი თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ, სტუდია ჰქონდათ ჩამოყალიბებული. პედაგოგმა მთხოვა, რაღაც კონკურსზე ლექსი წამეკითხა. თხოვნა შევუსრულე, მაგრამ არ მახსოვს ჩემი მდგომარეობა იმწამს, რას ვამბობდი და როგორ, არ ვიცი. ბავშვობაში არ მიყვარდა გაკვეთილების მოყოლა, პედაგოგთან მარტო ვრჩებოდი და ისე ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, საჯარო გამოსვლის კომპლექსი მქონდა, მაგრამ სტუდიაში წაკითხული ლექსის შემდეგ კონკურსზე პირველი ადგილი მომცეს. მაშინ მითხრა ბატონმა გიორგიმ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ამ ადამიანების გამო შემიყვარდა ეს სფერო.
პირველ წელს ჩავიჭერი, იმავე წელს კულტურის ინსტიტუტში სამსახიობოზე მიღება იყო და ბედი ვცადე. გამიმართლა და მოვხვდი. ჯგუფის ხელმძღვანელები სანდრო მრევლიშვილი და ზინა კვერენ-ჩხილაძე იყვნენ. 4 წელი ვისწავლე, შემდეგ ბატონ სანდროსთან ერთად მეტეხის თეატრში ვიყავი, მოგვიანებით - თეატრ ''გლობუსში''.
- საჯაროდ გამოსვლის კომპლექსი როდის დაძლიეთ?
- ვერ ვიტყვი, რომ დავძლიე, ალბათ ბოლომდე რომ დამეძლია, რეჟისურაში არ წავიდოდი (იღიმის). ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია, რომ ხელმოცარული მსახიობი ვიყავი, თეატრში არ გახლდით დაკავებული, ან რამე მსგავსი, პირიქით, ბოლოს თუმანიშვილის თეატრში ვთამაშობდი ქალბატონ ქეთი დოლიძის სპექტაკლში ''სერობა'' და ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ამ და სხვა როლებზეც უარი ვთქვი. ერთადერთი, რომელშიც დავრჩი, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგ-მული სპექტაკლი ''ბამბაზიის სამოთხეა''. მას წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად ვთამაშობთ. სანამ ის იარსებებს, ამ ერთ სპექტაკლში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას.
- და მას ყოველ წელს სოხუმის დაცემის დღეს თამაშობთ, როგორც ვიცი...
- დიახ, 27 სექტემბერს. მესხიშვილის თეატრში ბატონი გიორგი სიხარულიძეა სამხატვრო ხელმძღვანელად და უკვე მერვე წელია, თეატრში ყოველი ახალი სეზონი ამ სპექტაკლით იხსნება. ვფიქრობ, ეს არ არის მსახიობობა და მხატვრული სახის შექმნა, ეს ჩემი მხრიდან უფრო პოზიციის დაფიქსირებაა... ასე რომ, რეჟისურაში ძალიან უმტკივნეულოდ გადავინაცვლე, თუმცაღა რამ განაპირობა, გეტყვით: ოჯახის შექმნამ და ჩემს ცხოვრებაში სხვა ფასეულობების გაჩენამ, ჩემს საქმიანობას სხვაგვარად შემახედა. რეჟისორობის სურვილი თითქოს სულ მქონდა, უფრო სწორად, დროდადრო გამკრავდა ეს ფიქრი, მაგრამ იქვე ისიც მახსენდებოდა, რომ საამისოდ ცხოვრების გარკვეული პერიოდი უნდა გამევლო.
- ანუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გულისხმობთ, რაც რეჟისორს სჭირდება...…
- დიახ. როგორც კი ეს სურვილი გამიჩნდა, პირდაპირ პროფესიულ თეატრში კი არ წავედი, სკოლის მოსწავლეებთან ვიმუშავე, თბილისის 175-ე სკოლაში. შედეგის სანახავად მივიწვიე კომპეტენტური ადამიანები, ვისი აზრიც მაინტერესებდა. მინდოდა, მათგან გამეგო, შემეძლო და მქონდა თუ არა ის უნარი, რაც რეჟისორს სჭირდება. ერთ-ერთი მრჩეველი გახლდათ გიორგი სიხარულიძე, რომელმაც, ასე ვთქვათ, კატეგორიულად მითხრა, რომ მსახიობობისთვის თავი არ დამენებებინა, მაგრამ აუცილებლად ჩამებარებინა სარეჟისოროზე. მაშინ ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან მაგისტრატურაში ჩავაბარე და როგორც კი დავამთავრე, მან მაშინვე ამიყვანა შტატში. უკვე მესამე წელია, თავისუფალ თეატრში დამდგმელი რეჟისორი ვარ. როცა რამეს ვდგამ, ყოველთვის იმ ადამიანებთან ვმუშაობ, ვისთანაც მინდა. მაქსიმალურად ვცდილობ, კომპრომისზე არ წავიდე. რა თქმა უნდა, ყველა თეატრს უნდა, მისი მსახიობი დაკავდეს სპექტაკლში, მაგრამ მთავარ ბირთვს მაინც მე ვარჩევ. ამ თვალსაზრისით თავისუფალ თეატრში იმიტომ ვგრძნობ თავს კარგად, რომ ბატონი ავთო ამით არ მზღუდავს. მაგალითად, ''თოჯინების სახლს'' რომ ვდგამდი, მხოლოდ თამუნა ნიკოლაძე იყო თავისუფალი თეატრის მსახიობი, დანარჩენი ყველა მოწვეული მყავდა.
...დღეს უკვე არც სცენაზე დგომის მოთხოვნილება მაქვს და ვერც იმას მოგატყუებთ, რომ თამაშისას სიამოვნებას ვიღებ. თუმცა გავლილი სამსახიობო პერიოდი ძალიან მეხმარება მსახიობებთან მუშაობაში. თეატრალურ უნივერსიტეტში მსახიობების ჯგუფთან ვმუშაობ და ამ მხრივაც წარსული გამოცდილება მიწყობს ხელს.
- როგორ ფიქრობთ, რა სურს დღეს მაყურებელს?
- ერთი რამ ვიცი, მაყურებელს უნდა კარგი სპექტაკლი, თავისი სათქმელით, და არა აქვს მნიშვნელობა ჟანრს. შეიძლება, მაყურებელს სურს ცოტა განტვირთვა, მსუბუქად მოწოდებული თემები, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რახან ხელოვნებასთან გვაქვს საქმე და თეატრის ფიცარნაგიდან ერთი საფეხურით ზევიდან საუბრობ ყველასთან, უკვე მოცემული გარემო გთავაზობს იმას, რომ არასოდეს ჩახვიდე ქვევით. პირიქით, იმ საფეხურზე უნდა ამოიყვანო მაყურებელი, სადაც თავად ხარ.
მაყურებლის დაინტერესების იდეალური რეცეპტი არ არსებობს, შეუძლებელია, დარბაზში 1000 კაცი იჯდეს და ნანახს ყველა ერთნაირად აღიქვამდეს, მაგრამ მაყურებელმა სიუჟეტი უნდა გაიგოს და ემოციური მეხსიერება უნდა გაჰყვეს იმ წუთებიდან, რაც დარბაზში გაატარა.
- თქვით, რომ ოჯახის შექმნამ დიდი გავლენა იქონია თქვენს გადაწყვეტილებაზე. მეუღლე რა პროფესიისაა?
- ლიტერატორია, პედაგოგი და ახლა დოქტორანტურაში სწავლობს. მე და ნანა თედორაია კულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდით. ის ვახუშტი კოტეტიშვილის ლიტერატურის დაოსტატების სპეციალობის ჯგუფის ბოლო გამოშვება იყო. ჩვენი ურთიერთობა სტუდენტობისას დაიწყო და 9 წლის თავზე ოჯახი შევქმენით. ორი შვილი გვყავს - თეოდორე და თეკლა. თეკლა მეორე კლასში გადავიდა, თეოდორე წელს შევა სკოლაში. ამ მდგომარეობამ სხვა პასუხისმგებლობა წამოჭრა. ბავშვი რომ გაჩნდა, იმ პერიოდში რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, როგორც მსახიობს და მაშინვე დავფიქრდი, როგორ შეაფასებდა ჩემს ნამუშევრებს შვილი. დღესაც, რამე ნაბიჯს რომ ვდგამ, ყოველთვის ვფიქრობ, წლები რომ გავა, როგორ შეაფასებენ მამის ქმედებას ჩემი შვილები. რა თქმა უნდა, სპექტაკლზე მუშაობისას მაინტერესებს, პროფესიონალები რას იტყვიან, მაგრამ შინაგანად შვილების შეფასებაა ყველაზე ძვირფასი.
- რას შესთავაზებთ თავისუფალი თეატრის მაყურებელს შემოდგომაზე?
- პირველად უნდა მოვსინჯო საკუთარი შესაძლებლობები კომედიურ ჟანრში და დავდგა ამერიკელი დრამატურგის ალბერტ რამსდელის პიესა ''სილვია''. ვფიქრობ, ოქტომბრისთვის გამოვუშვებთ ამ სპექტაკლს და იანვრიდან ისევ კლასიკაზე ვიმუშავებ.
- ისევ შექსპირი?
- არა. დრო უნდა გავიდეს, რომ შექსპირს მივუბრუნდე და აუცილებლად ასეც მოვიქცევი. ახლა ვაპირებ, დოსტოევსკის ''იდიოტი'' დავდგა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS