- ზოგადად, ვცდილობ, ინფორმაცია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი და ძალიან თვალში საცემი არ იყოს, რადგან
რაც შეეხება ჩემი და ლაშიკოს შეხვედრას, 2-3 წლის წინ ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით, დავმეგობრდით და ნელ-ნელა ეს ურთიერთობა უფრო კარგ მეგობრობასა და სიყვარულში გადაიზარდა, დაახლოებით წელიწად-ნახევარში კი დაგვირგვინდა იმით, რომ ლაშიკო დღეს ჩემი მეუღლეა. ამ დროის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, პირადი არ გამესაჯაროებინა.როცა ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, ვეუბნებოდი, თუ რამე მნიშვნელოვანი მოხდება, აუცილებლად გაიგებთ-მეთქი და ასეც მოხდა.
- ქორწილის დეტალების შესახებ მოგვიყევი, ვისი ორგანიზებული იყო?
- როგორც ყველას, ჩვენც ძალიან გვინდოდა, ქორწილი განსაკუთრებული, ლამაზი და კარგი ყოფილიყო და მგონი, საბოლოო ჯამში ასეთიც გამოვიდა. ადამიანი არ მოიძებნა ჩემი და ლაშიკოს სამეგობრო წრიდან, რომელიც უკმაყოფილო წავიდა და კარგი დრო ვერ გაატარა. ყველა იყო კარგ ხასიათზე, გახარებული და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ქორწილი, სადაც სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა მომღერალი ენაცვლებოდა. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ქორწილი ღია ცის ქვეშ გადაგვეხადა, მაგრამ ძალიან ბევრი ძებნის შემდეგ ჩვენთვის მოსაწონი, მისაღები და, რაც მთავარია, თავისუფალი ადგილი ვერ ვნახეთ. ამის შემდეგ გადავინაცვლეთ დახურულ სივრცეში და შევარჩიეთ მყუდრო, ახალგაზრდული, ლაუნჯის ტიპის რესტორანი. ქორწილის ორგანიზებაში არა მარტო ჩვენ, ჩვენი მეგობრებიც ჩართული იყვნენ, განაწილებული ჰქონდათ საქმე და ყველა თავის ''დავალებას'' ასრულებდა.
ჩემი და ლაშიკოს ქორწილის წინა ერთი თვე ძალიან დატვირთული გვქონდა, ბევრს ვმუშაობდით, რომ შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში წავსულიყავით, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილები დავრჩით.
- სალომე, შენი მეჯვარე ვინ იყო და კაბის დიზაინზე ვინ იზრუნა?
- კაბა აკა ნანიტაშვილთან შევიკერე. რაც შეეხება მეჯვარეებს, თიკა მახალდიანი, ნინოლა კიკაბიძე და ტატა ხვედელიანი იყვნენ ჩემი მეჯვარეები, ლაშიკოს კი ორი მეჯვარე ჰყავდა. ჯვარი პატარა სამებაში დავიწერეთ ფურცელაძის ქუჩაზე.
- საქორწინო მოგზაურობაში სად გაემგზავრეთ?
- ვინაიდან ლაშიკო იტალიაში სწავლობდა და შეყვარებულია იქაურობაზე, სწორედ ამ ქვეყანაში გამგზავრებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ძალიან ცხელოდა და გადავწყვიტეთ, ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც ზღვა და მზე იქნებოდა და ჩვენი თაფლობის თვე მხოლოდ ისტორიული ნაგებობების დათვალიერებით არ შემოიფარგლებოდა. ამიტომ არჩევანი ესპანეთის კუნძულ პალმა დე მალიორკაზე შევაჩერეთ. ეს კუნძული მაინცდამაინც დიდი არ არის, ამიტომ აეროპორტიც ზღვასთან ახლოსაა, თვითმფრინავი რომ ჯდებოდა, ისეთი შეგრძნება გვქონდა, ზღვაზე ვეშვებოდით.
შავი ზღვის გარდა, სხვადასხვა ქვეყნის პლაჟები მაქვს ნანახი, მაგრამ მართლა არ ველოდი ასეთ ლამაზ და ამგვარად მოვლილ სანაპირო ზოლს. ჩვეულებრივ სწორი პლაჟი კი არ აქვს, შეჭრილია სხვადასხვა ადგილას, ერთ ნაპირზე შეიძლება ნახო ლურჯი, მწვანე, ცისფერი ზღვა, მოკლედ, მართლა შესანიშნავია.
მალიორკიდან გემით გადავინაცვლეთ იბიცაზე, ბავშვობის შემდეგ ამ საზღვაო ტრანსპორტით არ მიმგზავრია და არ ვიცოდი, რა რეაქცია მექნებოდა, მაგრამ პრობლემა არ შემქმნია.
დაახლოებით 3-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით იბიცაზე, დავათვალიერეთ ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა, ღამით წავედით კლუბში, სადაც კარგად გავერთეთ, დილით ერთად შევხვდით მზის ამოსვლას და შუადღეს ისევ მალიორკაზე დავბრუნდით. ერთი სიტყვით, ესპანეთის კუნძულები დავიპყარით.
შემდეგ ვარშავისკენ გავაგრძელეთ გზა, სადაც მეგობარმა კატო ლოლაძემ გვიმასპინძლა. სხვათა შორის, სწორედ კატომ გვაჩუქა ამ საქორწინო მოგზაურობის ავიაბილეთები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. პოლონეთში მალიორკასთან შედარებით სიცივე დაგვხვდა და ჩვენი ნამზეურის ''გამარიაჟება'' ვერ შევძელით, მაგრამ აეროპორტში ჩვენმა მეგობარმა დაგვინახა თუ არა, პირველი რეაქცია კივილი იყო, ვაიმე, ესენი რა შავები არიანო (იღიმის).
ვარშავაში სხვა ტემპით გავაგრძელეთ დასვენება, დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ადგილები და მართლა კმაყოფილები დავბრუნდით. მოგზაურობის დროს მე აუტანელი ვარ, მეგობრები მეხვეწებიან, ერთი საათი დაგვაძინეო, ღამითაც რომ ვიძინებ, მგონია, რომ ბევრ დროს ვკარგავ. ამ თვალსაზრისით ჩემი მეუღლე ჩემზე უარესი აღმოჩნდა, წამოვხტებოდით დილაუთენია და დავდიოდით მთელი დღე, შესაბამისად, ბევრი რამის ნახვა მოვასწარით.
- მგონი, ემოციებით დატვირთულები და დაღლილები დაბრუნდით...
- კი. ჩამოსვლის შემდეგ ჩემს მეგობრებს რომ მოვუყევი ამბები, მითხრეს, იმდენი გივლია, ჯობს, ახლა ბორჯომში ან ცემში სანატორიუმში წახვიდე დასასვენებლად ერთი კვირითო.
- მას შემდეგ, რაც ერთად ცხოვრობთ, შეითავსე დიასახლისის ფუნქციები, როგორ გრძნობ თავს ცოლის ამპლუაში?
- სიმართლე გითხრა, ჯერ ეს ვერ შევიგრძენი, ახალი ჩამოსული ვარ საქორწინო მოგზაურობიდან და ჯერ კიდევ არ ''დავლაგებულვარ''. ახლა რომ ამ თემაზე დავიწყო ლაპარაკი, ყალბი იქნება ყველაფერი.
- მარტო ცხოვრობთ?
- კი.
- სალომე, ლაშა რას ფიქრობს შენს საქმიანობაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს?
- ძალიან უყვარს ჩემი საქმე და სულ მეკითხება, რაში გჭირდება ჩემი ხელშეწყობა, რას გააკეთებ ახალსო. მიიჩნევს, რომ ამ საქმეში წინ და წინ უნდა ვიარო. მეც შესაბამისად მხარში ვუდგავარ და დავუდგები ლაშიკოს, რასაც უნდა აკეთებდეს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















