10 ივლისი, 2014
ნინო ჭინჭარაული პოეტებს თვალებით ცნობს
გაჭირვების შემთხვევაში - მაგალითად, ქუჩაში ყოფნის დროს, მობილურშიც დამიწერია სახელი, გვარი: ნინო ჭინჭარაული

დაბადების თარიღი: 1988 წლის 13 აპრილი.

პროფესია: მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

დავიბადე... თბილისში და სკოლაც აქვე დავამთავრე, თუმცა ჩემმა ბავშვობამ უმეტესად თიანეთში გაიარა და ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონებებიც სოფელს უკავშირდება. უფრო - ბებიაჩემს, რომელიც წელიწადიც არაა, გარდაიცვალა და ძალიან მაკლია. არასოდეს შევხვედრივარ მასზე უცნაურ, პოეტურ და წიგნის მოყვარულ ადამიანს. კითხვა მან შემაყვარა. წლების განმავლობაში თიანეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ზაფხულში, როცა მთელი სამი
თვით მტოვებდნენ სოფელში, სამსახურში თან დავყავდი. ფაქტობრივად, ბავშვობა იმ ბიბლიოთეკის კედლებში გავატარე. მიყვარდა იქაური გარემო, ძველი წიგნების სუნი... ხშირად მესიზმრება...

ვიყავი...

სულით ბოშა.

ვარ...

ისევ სულით ბოშა. დამოუკიდებლობა და თავისუფლება მიყვარს. სულ ვიცვლი გარემოს, ინტერესთა სფეროს, შინაგანადაც მუდმივად ვიცვლები. სად აღარ ''ვიბოდიალე''... სამი ინსტიტუტი, სამი სხვადასხვა ფაკულტეტი გამოვიცვალე (არც ერთი არ დამიმთავრებია), 18 წლიდან 26 წლამდე რა სფეროში აღარ მიმუშავია, თუმცა საკუთარ თავს იმდენად ვერსად ვპოულობ, რომ დროა გავჩერდე და ძებნა შევწყვიტო.

მომწონს...

კარვებით მოგზაურობა, ჩემოდნებზე ცხოვრება და ადამიანები, რომლებსაც არ რცხვენიათ იყვნენ ისეთები, როგორებიც რეალურად არიან.

არ მომწონს...

არაფერი ხელოვნური და მანერული.

ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ...

ალბათ, არ ვიტყვი იმას, რასაც არ ვგრძნობ.

სამი ყველაზე საყვარელი მწერალი... 

კონკრეტულად ამორჩეული არ მყავს. ერთადერთი მწერალი, რომლის ყველა ნაწარმოების წაკითხვის სურვილიც გამიჩნდა და წავიკითხე კიდეც - ფოლკნერია. ქართველებიდან ასეთია გოდერძი ჩოხელი, სხვები კი თითო-ოროლა წიგნით მიყვარს; ასორინი, ბორხესი, მერიმე, მარი მეტრაიეს არ ვიცი, მწერალი უნდა ვუწოდო თუ არა, მაგრამ ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს სულთან. ზოგადად, ყველა ჟანრის მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, დეტექტივების გარდა.

მე და ხევსურეთი...

19 წლის ასაკში გავეცანი. წინა თაობების ბარში გადასახლებამ დაგვაშორა ერთმანეთს, თუმცა ჩემით მოვძებნე იქაური ნათესავები და ხშირად ავდივარ.

ხატწერა...

სასულიერო აკადემიის ხატწერის სახელოსნოში ვისწავლე, ქალბატონ მაკა ჩხაიძესთან. ჩემი პირველი ხატი წმინდა ნინო იყო, სულ კი დაახლოებით 20-მდე მექნება დაწერილი (მათ შორის რამდენიმე საგვარეულო ხატიცაა). თუმცა კარგა ხანია, ხელში ფუნჯი აღარ ამიღია. ხატწერას ეკლესიური ცხოვრება და ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა სჭირდება, მე კი ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც ამისთვის საჭიროა.

წერა დავიწყე, როცა...

წერას სანამ ვისწავლიდი, ლექსების თხზვა მანამდე დავიწყე. დედაჩემს აქვს შენახული ჩემი 3 წლის ასაკში ჩაწერილი თითოსტროფიანი ურითმო ლექსები. სკოლის პერიოდში ძალიან ბევრს ვწერდი, მათ შორის მოთხრობებსაც. დამრიგებელი ხშირად მთხოვდა სკოლის გაზეთისთვის ჩემი ლექსების მიტანას, მაგრამ ყოველთვის სასტიკ უარზე ვიყავი. ჩემ გარშემო სხვა არავინ წერდა და მეგონა დამცინებდნენ. დღესდღეობით გამოცემულია ჩემი მინირომანი ''ყვითელი, ოქროსფერი, მზისფერი'', ლექსების კრებულზე კი ჯერ არ ვფიქრობ.

ლექსს კლავიატურაზე ვერ წერთ. ხომ ასეა?

ფურცლისა და კალმის გარეშე ლექსის დაწერა ვერ წარმომიდგენია, თუმცა გაჭირვების შემთხვევაში - მაგალითად, ქუჩაში ყოფნის დროს, მობილურშიც დამიწერია. ლექსი ცოცხალია, არ იცი, როდის მოვა და შეგაწუხებს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ძალითაც დაწერო, მაგრამ შეგრძნება დაგტანჯავს, რომ საკუთარი თავი მოატყუე. ავადმყოფობაა, აბა რა. მაგალითად, როცა ერთი ხელით ბავშვს აძინებ და მეორით კედელს სტრიქონებს აჯღაბნი, ნორმალურია? ან რაღაც ფრაზა ღამით რომ გაგაღვიძებს და გამთენიამდე მობილურის შუქზე საბანში გახვეული რომ წერ, ესაა ნორმალური? ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ქვეცნობიერ დონეზეა, სიტყვით ვერ ავხსნი. ასეთ ადამიანებს თვალებით ვცნობ.

ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობთ თავს...

არ არსებობს, ჯერჯერობით. ალბათ, ასეთი იქნებოდა, ჩემი სახლი რომ მქონოდა ხევსურეთში.

ოჯახი...

ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე... ორივე ერთად არის ჩემი ერთადერთი ახდენილი ოცნება. ჩემი მეუღლე გაცნობიდანვე ჩემი მეგობარი იყო და დღესაც ასეა, ჩემი შვილი ლუკა კი ზოგჯერ მგონია, რომ თვითონ მზრდის. მისგან ვისწავლე მოთმინება და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება. სამივე განვსხვავდებით ხასიათით ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი საერთო მაინც გვაქვს - არანორმალურად გვიყვარს აღმა-დაღმა ხეტიალი.

თქვენი სურვილისამებრ ანკეტაში დაამატეთ ერთი პუნქტი...

ჩემი მეორე სიყვარული არის ესპანეთი და ესპანური კულტურა. სულ მინდოდა ესპანური ენის სწავლა და თარგმანების გაკეთება. საბედნიეროდ, როგორღაც ავისრულე ეს სურვილიც და წელს გამოიცა ჩემი ნათარგმნი ესპანელი პოეტის, ანტონიო მაჩადოს კრებული ''აქ იყო ესპანეთი, სახელად კასტილია''. ზოგჯერ მგონია, რომ იქ ჩემი მეორე სამშობლოა და ამ სიტყვების გამო ბევრს გავუკიცხივარ კიდეც, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. რასაც ვგრძნობ, ეს არის...

ჟურნალი ''რეიტინგი''
ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თამარ პატაშური
ნინო, ჩემო ნიჭიერო მეგობარო, მეამაყება შენით, გკოცნი ბევრს და გისურვებ დიდ წარმატებას
00:51 / 06-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნინი გისურვებ წარმატებებს......ვიცი უნიჭიერესი ხარ და შენ ყველაფერს შეძლებ
19:51 / 15-07-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
მეც ვწერ და ვიცი რა ბედნიერებაცაა ეს. წარმატებებს ვუსურვებ ამ გოგოს. ყოველთვის ჰქონოდეს მიზეზი, რისთვისაც დაწერს და შექმნის.
21:09 / 10-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS