- 25 წლის ვარ, მაგრამ წლების წინ პროფესიად ფოტოგრაფია არ ამირჩევია. ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე და ამის შემდეგ ფოტოგრაფიაში მასტერკლასები გავიარე. დედას ძალიან უყვარდა სურათების გადაღება,


- ქუჩის ფოტოგრაფია თუ იყო შენს ცხოვრებაში?
- ნაკლებად, არ მიყვარს, როდესაც ქუჩაში დადიან და ბავშვებს ან იმ ადამიანებს იღებენ, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ. ფოტოგრაფად მუშაობა ორი წლის წინ ''ინტერპრესნიუსში'' დავიწყე. თავიდან ცოტა გამიჭირდა. კარგად მახსოვს პირველი გადაღება, რედაქციაში სტუმრად კახი კალაძე მოვიდა. მეორე გადაღებაზეც გამიჭირდა, მაშინ ვიფიქრე, რომ მუშაობას ვერ შევძლებდი. როდესაც ფოტორეპორტიორი ხარ, კარგი კადრის გამო ყველაფერზე უნდა წახვიდე, შეიძლება, ვიღაცაზე გადახტომამ ან ხეზე ასვლამ მოგიწიოს. მეგონა გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან მალე შევეჩვიე. საერთოდ, პრესკონფერენციებზე ფოტოგრაფები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ.


- როგორ იქცევიან პოლიტიკოსები ფოტოობიექტივის წინ?
- ორი კატეგორია არსებობს, პირველი – რომლებიც სიამოვნებით პოზირებენ, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი და ჯონდი ბაღათურია. თუ დაინახეს, რომ კამერა უღებთ, მაშინვე პოზირებას იწყებენ, მაგრამ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ერიდება ფოტოების გადაღებას. დაგინახავს თუ არა, ზურგს გაქცევს. ძირითადად, პოლიტიკურ აქციებზე ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები იმალებიან, გეჩხუბებიან, რომ სახე არ გამოუჩინო.

- ყველაზე მძიმედ რომელი გადაღება გახსენდება?
- შარშანდელი 17 მაისის აქცია. თითქოს ისე ჩანდა, რომ ძალიან ბევრი იყო გადასაღები და ბოლოს რომ ვნახე, კარგი კადრები არ მქონდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სულ ვიღაცას მივდევდი, რომ გადამეღო. როდესაც მივიდოდი იმ ადგილას, სადაც ეს ადამიანი გარბოდა, აღმოჩნდებოდა, რომ გადასაღებიც არაფერი იყო.


- პოლიტიკოსების მეორე ნახევრებს თუ იღებ?
- პოლიტიკოსები მეორე ნახევრებთან ერთად იშვიათად ჩნდებიან, მაგრამ როცა ასეთი შესაძლებლობა მომეცემა, სიამოვნებით. ყოველთვის დიდი მოწონება აქვს ანუკა არეშიძის სურათებს. პოლიტიკოსი ქალბატონებიდან ერთხელ თინა ხიდაშელს პორტრეტული სურათი გადავუღე და მოეწონა, სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოდ გამოიტანა, თინა კარგი გადასაღებია.

- სამხედრო თემატიკას დიდი ადგილი უკავია შენს არქივში?
- ეს არის თემა, რომელიც არასოდეს მღლის, არ მეზარება პოლიგონებზე წასვლა, არასოდეს ვწუწუნებ. პოლიტიკოსებიდან ყველაზე ხშირად ირაკლი ალასანიას ვუღებ, ძალიან ფოტოგენურია და თან ბევრ ადამიანს უყვარს. სოციალურ ქსელში მის ფოტოებს რომ ვაქვეყნებ, ყველას მოსწონს.

- სამსახურის გარეთ თუ იღებ ფოტოებს?
- ნაკლებად, რადგან კვირაში ერთი დღე ვისვენებ და გადასაღებად დრო აღარ მრჩება. ჩემი საოცნებო პროექტი მაინც სამხედრო თემატიკას უკავშირდება. სიამოვნებით გადავიღებდი ჯარისკაცებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ფოტოგრაფია მთელი ცხოვრება დარჩება ჩემს პროფესიად, მაგრამ ამ ბოლო დროს ''პალიტრა TV''-სთვის ვიდეოს გადაღება დავიწყე.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















