- როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, გადავწყვიტე, ჩემი წვლილი მეც შემეტანა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ფავორიტი გამოიკვეთება: პირველი მმართველი კოალიციიდან და მეორე - ''ნაციონალური მოძრაობიდან~, რომელსაც, თუნდაც ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე, ძალიან სერიოზული შანსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში სხვა პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, 96%-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაჰბარდეს. ასე არჩეულ ლიდერებს ან სამხედრო შეიარაღებული ჯგუფით ვიშორებთ, ან რევოლუცია ხდება, ან მისი რეიტინგი 12%-მდე ვარდება, მერე კი ქუჩაში დავდევთ. ამასთან, მე დიდი მოთმინებით ველოდებოდი და ვაკვირდებოდი, როგორ გაგრძელდებოდა პოლიტიკური პროცესები ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მართალი გითხრათ, ძალიან გავოცდი, როდესაც დღეს უკვე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა. მე მის, როგორც კოლეგის, მეცნიერის ან, გნებავთ, დამწყები პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა დაესახელებინათ ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინმეს წარმოუდგენია მისი პერსონა პოლიტიკური ბექგრაუნდის გარეშე?!.
- მიგაჩნიათ, რომ მას მცირე შანსები აქვს?
- დიახ, ოღონდ მე ვამბობ ''ქართული ოცნების~, კონკრეტულად, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ძალიან მაწუხებს ეს პოლიტიკური რეალობა, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვსო. რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის, რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.. ასეთი ფსიქოტიპის პრეზიდენტი საქართველოს საკმაოდ ძვირად დაუჯდება. არ მიწყინოს, რომ ასე ვარ მის მიმართ განწყობილი. ალბათ კიდევაც ულოცავენ უკვე პრეზიდენტობას, მაგრამ ეს არ არის გიორგის მიერ განვლილი გზის დამსახურება და თავად ყველაზე კარგად ეცოდინება. მე, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც ახალი კონსტიტუციით, სულაც არ არის ისეთი უუფლებო, როგორადაც მას დღეს მავანი ექსპერტი ან სულაც კოალიცია წარმოაჩენს. დღესაც და ხვალაც, საქართველოში პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტად რჩება. ამიტომაც ამ პოსტზე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მოსალოდნელი კრიზისების განმუხტვა შეუძლია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი შანსები როგორია?
- ასეთ პირობებში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი მაქვს, თუმცა ჩემი შანსი პროცენტებსა და ციფრებში არ გამოიხატება, ისევე, როგორც ემოციური რეიტინგებით არ განისაზღვრება. პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატისთვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, ისიც შიგადაშიგ... ყველასგან განსხვავებით, ჩვენ უკვე შევქმენით პრეცედენტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. არადა, რეალობა გვაქვს ასეთი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ასეთ შემთხვევაში, მე მაქვს საშუალება, საქართველოს მთავრობასა და ჩვენს აფხაზსა და ოს ძმებს საუკეთესო გამოსავალი შევთავაზოთ...
პრეზიდენტის გამოცდილებაზე, კომუნიკაციაზე, მის კავშირებსა და უნარებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, ამიტომაც, როდესაც გავიგე, რომ ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილი წარადგინეს, გადავწყვიტე, პრეზიდენტობისთვის მეც მებრძოლა. თუმცა ვაცნობიერებ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართველი ერის ემოციურ დამოკიდებულებას და შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის პოტენციალს, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შესაძლოა, ჩემმა ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს. არადა, ახლა ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდები.
- შესაძლო დამარცხებას გულისხმობთ?
- ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ქართველი საზოგადოებისთვის ნესტან კირთაძეს გამორჩეული სათქმელი აქვს. ჩემი გამორჩეულობა ჩემი საქმიანობით არის გამყარებული, კერძოდ, ჩემი ღვაწლით ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტად მუშაობისას. ასე რომ, ჩემი შანსები ძალიან რეალურია, მაგრამ მე ამ არჩევნებში პროცენტებს არ ვითვლი, მთავარია, მომეცეს ის პლატფორმა, რაც ჩემი საქმიანობის მიმართულებით მჭირდება. კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატით გასამართ შეხვედრებს ვგულისხმობ. მე მაქვს ახლო კავშირები პარიზში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და დიპლომატიურ წრეებთან, ასევე ბრიუსელსა და ბერლინში. მქონდა ორი ოფიციალური შეხვედრა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ლიდერებთან და ამას წინათ გავგზავნე ოფიციალური წერილი აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან, ჩემს სამშვიდობო ინიციატივაზე.
- რა გიპასუხათ ალექსანდრე ანქვაბმა?
- დიპლომატიური პასუხი გამცა, რომ მიიღო ჩემი წერილი და შემპირდა, რომ გაეცნობოდა... ასე რომ, მე მაქვს შანსი, მთელი საპრეზიდენტო კამპანიის, პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით ასეთივე დიალოგი წარვმართო მათთან, აფხაზებსა და ოსებს ვგულისხმობ.
- ამ რეგიონების სტატუსი როგორ გაქვთ წარმოდგენილი?
- ამ საკითხს, მანამდე კი ამ რეგიონების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გზას, საარჩევნო კამპანიის ნაწილად განვიხილავ. სხვათა შორის, შეცდომად მიმაჩნია ის დაპირებები, რომლებიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ''კოალიციის''პიარკამპანიის ნაწილი იყო. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და მას მაღალ დონეზე წარმოებული დიპლომატია სჭირდება. თუ ვინმე აპირებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სტატუსის განსაზღვრით დაიწყოს, ეს შეცდომა იქნება. ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევით ვიღაცები პატრიოტული თავშესაფრის პოვნას ცდილობენ. ეს საკითხი იქამდე უნდა გადავდოთ, ვიდრე ამისთვის მხარეები მზად არ იქნებიან. მთავარია, კონსტიტუციაში ჩაწერილი იყოს, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ამას წინათ ოფიციალურად მივმართე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ჩაემატებინათ საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ, მის პრეამბულაში ახალი აბზაცი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხში პრიორიტეტი იქნება მშვიდობიანი გზა. ჩვენ მზად ვართ, მუშაობა დავიწყოთ, ოღონდ ამას ენის მოჩლექის სახე არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყალბი ემოცია საქმეს ვერ არგებს. მე ვპირდები აფხაზებსა და ოსებს, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, რომ ბოლომდე დავიცავ მშვიდობის ინიციატივას.
- ქალბატონო ნესტან, შალვა ნათელაშვილიც მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში. მან განაცხადა, რომ მის პარტიაში ისე დაფრთიანდნენ პოლიტიკოსები, რომ ახლა პრეზიდენტობის სურვილი აქვთ. ''კენჭი იყარონ. მთავარია, ქვა არ ააგდონ და თავი არ შეუშვირონ~, - განაცხადა მან და ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, მის სასარგებლოდ მოეხსნათ კანდიდატურები... რას აპირებთ?
- რა უნდა დავაპირო?.. არ მინდა, სხვების შანსების განსაზღვრაზე ვისაუბრო, მაგრამ შალვა მუდმივ რეპერტუარშია. დანარჩენზე თავს შევიკავებ. ჩვენ ახლა უფრო სერიოზულ საკითხებზე ვლაპარაკობთ.
- ''ნაციონალური მოძრაობის''კანდიდატურის შანსებზე რას იტყვით?
- საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ საკმაოდ მკვეთრი და უარყოფითია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი შანსები უსუსურად არ გამოიყურება. დღემდე აქვთ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. ასევე ჰყავთ საკმაოდ ბევრი აქტივისტი. ეს ჩვენ უნდა გვესმოდეს და არ უნდა შევქმნათ ყალბი ილუზია, რომ ''ნაციონალები~, როგორც პოლიტიკური ძალა, აღარ არსებობს. ისინი ტრანსფორმაციისა და განახლების გზას დაადგნენ და მათი შანსები ჯერ კიდევ სერიოზულია. საინტერესო კანდიდატის წარმოდგენის შემთხვევაში მათი შანსები მოიმატებს. საკმაოდ დადებითია დავით ბაქრაძის პერსონა. ის არის გამოცდილი, ძალზე გაწონასწორებული და რაც მთავარია, დიპლომატი ადამიანი.
მათ შორის, ვინც ''ნაციონალური მოძრაობიდან''სახელდება, დათო ყველაზე სიმპათიური პოლიტიკოსია. ასე რომ, თუ არჩევანს ამ ადამიანზე გააკეთებენ, სწორი იქნება, რადგან ყველაზე ნაკლებად იმსახურებს აგრესიას.
- რომელ პოლიტიკურ ძალასთან აპირებთ თანამშრომლობას?
- მთელი ხიბლი იმაშია, რომ ნესტან კირთაძე დამოუკიდებელი კანდიდატია და მარტო იბრძვის პრეზიდენტობისთვის... ეს იქნება საინიციატივო ჯგუფის მიერ 30 ათასი ხელმოწერით წარმოდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი და მონაწილეობას მივიღებ ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის სახელით.
- რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ქალბატონო ნესტან...
- პაირკამპანიის წარმოება ფინანსური მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მე იმას გავაკეთებ, რისი შესაძლებლობაც მექნება, შემოწირულობის იმედი მაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქამდე გავყვები ამ საქმეს, სანამ ძალა მეყოფა, ძლიერი და ღონიერი ნაბიჯებით ვიარო, რადგან სამშობლო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსები. ფინანსები ალბათ მხოლოდ გადაადგილებისთვის დამჭირდება.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჩემი ქალიშვილი, რომელიც ქართული მედიასივრცისთვის კარგად არის ცნობილი. ანის დამსახურებაა ის, რომ დღეს მე საპრეზიდენტო კანდიდატი ვარ. მე და ანი მხოლოდ დედა-შვილი კი არა, მეგობრებიც ვართ. მთლიანად ვიზიარებ მისი, როგორც ჭკვიანი, მაღალი პროფესიონალიზმისა და განათლების მქონე ადამიანის აზრს. ანიმ სულ ახლახან რეგისტრაციაში გაატარა ქართულ-ევროპული საერთაშორისო ორგანიზაცია და დედის მსგავსად, გამოუსწორებელი ევროპეისტია... მან მითხრა, ნესტან, შენ შეგიძლია ამის გაკეთება, შეგიძლია, ბევრი რამ შეცვალო უკეთესობისკენ და შენი გამოცდილება ქვეყანას მოახმარო და რატომ არ უნდა სცადო?!. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, ის მოვიდა, მხარზე მეამბორა და თქვა, შენი ქალიშვილისგან გაქვს ლოცვა-კურთხევა, რომ იარო ყოველთვის წინ და სიკეთე აკეთო შენი ხალხისა და ქვეყნისათვის, რადგან შენი გამორჩეული სათქმელი გაქვს მათთვის. სხვებს ეს პასუხისმგებლობა ისე ღრმად არ აქვთ გააზრებული, როგორც შენო... ჩემი შვილის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილის ლოცვა-კურთხევა მივიღე, ქართული მედიის წინაშეც გამოვცხადდი. ქალი პრეზიდენტი და ლიდერი საქართველოში თამარ მეფის შემდეგ არ ყოფილა, ამიტომაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ემოციურად ცოტა დაღლილი ვარ. ეს ჩემი პოლიტიკური დებიუტია და ამიტომაც ერთდროულად დარბაისლური ნაბიჯიც არის, მომხიბვლელი და მიმზიდველიც. მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში უზარმაზარი ინიციატივებით შემოვდივარ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















