04 ივლისი, 2014
გიორგი მეგრელიშვილი ექვსი თვის განმავლობაში ექვსჯერ მოყვა ავარიაში
ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო, ბედობას მეგობრის ოჯახთან მივდიოდი სტუმრად...  მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი ბოლო დროს უცნაურ ამბებში გაეხვა. უკვე ექვსი თვეა, რაც თვეში ერთხელ ავარიაში ყვება, მაგრამ დამნაშავე თავად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა. პარანორმალური მოვლენების ასახსნელად ექსტრასენსსაც მიმართა. ''განაჩენი'' რთულია, გიორგის ორგანიზმი რკინას იზიდავს. გამოსავალს ჯერჯერობით ვერ პოულობს. არ ფიქრობს, რომ დაბნეულია და ავარიების მიზეზი თავადაა.
ბოლო დროს ახალი ფილმის გადაღებითაა დაკავებული და შექსპირის ''ჰამლეტს'' კინოში აცოცხლებს. პარალელურად ''პალიტრა TV''-სა და რადიო
''პალიტრაზე'' გადაცემა ''გვეთამაშე ჩვენ'' მიჰყავს.
ჯვარი მწერია და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება, სხვის მანქანაშიც იგივე დამემართოს
- ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო, ბედობას მეგობრის ოჯახთან მივდიოდი სტუმრად და მოულოდნელად მანქანამ დამარტყა. მეორედ ერთი თვის შემდეგ ისევ ქალბატონმა დამარტყა, შესახვევიდან გახსნილი საბარგულით გამოვიდა. საოცრება ის არის, რომ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე ხელოსანთან მიმყავდა და კაცი უკვე დაეჭვდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. მესამე თვეს, ასევე ქალბატონმა, წინიდან დამარტყა მანქანა. არ ვხუმრობ, ყველა მათგანის სახელი და გვარი ზეპირად მახსოვს.
- არ იფიქრეთ, რომ რაღაც უცნაურობა ხდებოდა თქვენს თავს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვყოფილვარ. მეგობრები მეხუმრებოდნენ, გოგონები დაგდევენ, ამ გზით უნდათ შენი გაცნობაო.
- მეოთხედაც ქალბატონის მსხვერპლი გახდით?
- არა, მაგრამ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. დიდი მანქანა დამეჯახა, მიწით იყო დატვირთული. ამ შემთხვევაში მძღოლი მამაკაცი გახლდათ. მითხრა, რომ ჩემი ბრალი იყო და პატრული გამოიძახა, მაგრამ მე რეალურად არაფერ შუაში ვიყავი და შემდეგ ერთი თვე აკეთებდა ჩემს მანქანას. მეხუთე შემთხვევაშიც მამაკაცი იყო მძღოლი, დამარტყა და ფარი დამიმტვრია. ეს დაუსრულებლად გაგრ-ძელდა...
- მეექვსე შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ იყო?
- დიახ, ბავშვთან ერთად ვიდექი ჭავჭავაძის გამზირზე და უცებ საშინელი დარტყმის ხმა გავიგე - დავინახე, რომ მანქანიდან აკანკალებული გოგონა გადმოვიდა. ამჯერად გასაკეთებელი ისევ ჩემი მანქანა გახდა.
- რა ფერის მანქანა გყავთ?
- ''ნისანის'' ფირმისაა, სედანი, მომწვანო-მოლურჯო. AKO12 მაქვს სერია. სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ იქნებ, მოერიდონ ჩემს მანქანას.
- რაღაც მისტიკურ ამბავს ჰგავს თქვენი ისტორია.
- დიახ, სოციალური ქსელის საშუალებით მივწერე ერთ-ერთ ექსტრასენსს, რომელმაც მითხრა, რკინას იზიდავო. შემეშინდა, გამოდის, რომ იარაღსაც ვიზიდავ. ჩემი ემოციური ველი ვერ მიცავს რკინისგან. მანამდეც მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც გადასასვლელზე გადავდიოდი და მანქანამ დამარტყა. ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა. ხომ შეიძლებოდა, რკინის მაგივრად ოქროს ნივთები მომეზიდა, ეს პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა (იცინის).
- ალბათ ამ რკინის მოზიდვამ კომპლექსიც გაგიჩინათ.
- რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად დავდივარ, მით უმეტეს ამ ქალაქში როგორ უნდა იარო სწრაფად, როცა ასეთი მოძრაობაა, თან ხალხი სეირნობს.
- მანქანის გამოცვლაზე არ გიფიქრიათ?
- როდესაც ამას ვამბობ, ყოველთვის ჩემ თავს რაღაც ხდება, უკვე ეჭვი მაქვს, რომ მანქანას სწყინს (იღიმის). ან ვინ იყიდის ექვსჯერ ნაავარიებ მანქანას. ხელოსანი მეკითხება, მგონი, შენ უკვე ფულს ჩალიჩობო.
- დარწმუნებული ვარ, ახლობლები უკვე ერიდებიან თქვენთან ერთად მგზავრობას.
- დიახ, სიდედრი აღარ ჯდება ჩემს მანქანაში, შეიძლება, მეშვიდედ კიდევ რამე მოხდეს, მერე შენს შვილებს სადილს ვინ გაუკეთებსო (იცინის).
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- არ ვიცი, ვერ ვიტყვი, რომ დაბნეული ვარ, ახლა მხოლოდ ტელევიზიასა და ფილმის გადაღებაზე ვფიქრობ. ერთადერთი ის აზრი მიჩნდება, რომ მართლა მე ვიწვევ ამ მოვლენებს და გამოსავალი ისევ მანქანის შეცვლაშია. პირველად გოგონამ რომ დამარტყა, მეოთხე ავარიის დროს მისი მეუღლე შემხვდა შემთხვევით და რომ გაიგო, რა მოხდა, მითხრა, ბედი არ გქონიაო. ამ სიტყვებმა ცოტა შემაშინა. არ მინდა ვიწუწუნო. ყველა მაინც იმას მეუბნება, რომ ფრთხილად უნდა ვიარო და ბოლოს გამოდის, რომ საერთოდ აღარ უნდა ვიარო. ჯვარი მწერია და წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება, სხვის მანქანაშიც იგივე დამემართოს. ჩემი ცხოვრება ჰიჩკოკის სცენარს დაემსგავსა.
- ვიცი, რომ ახალ ფილმზე მუშაობთ, ამ ამბებიდან გამომდინარე ხომ არ გადაიღებდით საკუთარ თავზე ფილმს?
- ახლა, როგორც იცით, შექსპირზე მუშაობას ვაპირებ და შემდეგ აუცილებლად გადავიღებ ფილმს ავარიებზე, რომლებიც ექვს თვეს გაგრძელდა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS