03 ივლისი, 2014
ნათია დუმბაძეს ქმარმა ოთხი მანქანა აჩუქა
მე და ირინამ მანქანა არ დავტოვეთ და ერთი ღამე ქობულეთის სასტუმროში გავატარეთ მომღერალმა ნათია დუმბაძემ ''ჯიდიეს''-ის მუსიკალურ პროექტში ''ერთი ერთში'' ახალთახალი ავტომობილი მოიგო. ქალაქში ამბობდნენ, ნათია იმდენად შეძლებულია, რომ ახალი მანქანის წამოსაყვანად უფრო მაგარი მანქანით მივიდაო. ჩვენი რესპონდენტი თავის ძველ მანქანასთან გადავიღეთ.

- მანქანის მართვა მამაჩემმა მასწავლა, 17 წლის ვიყავი. რომ გავთხოვდი, მეუღლემ ცოდნა გამიმყარა. ამ მხრივ ნიჭიერი აღმოვჩნდი. ამბობენ, რომ კარგი მძღოლი ვარ. დიდხანს მქონდა მართვის მოწმობის აღების პრობლემა. პირველ მანქანას, რომელიც მაჩუქეს, ორი
წელი მართვის მოწმობის გარეშე ვმართავდი. მერე, როგორც იქნა, მოვიცალე და ვიმეცადინე. პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი. შემდეგ წელს ჩემს დაბადების დღეზე მივედი გამოცდაზე. დაბადების მოწმობა ამოვიღე და ვუთხარი, ახლა არ გამაგიჟოთ, დაბადების დღეზე არ ჩამჭრათ-მეთქი. ბედნიერი გამომიშვეს, ოღონდ დამსახურებულად, კარგად ვიყავი მომზადებული.
- ქალ მძღოლებს ხშირად აკრიტიკებენ, თავად თუ გაწუხებს სუსტი სქესი მანქანით მოძრაობის დროს?
- მაწუხებს, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ასეთ ნაკლებად მოხერხებულ მძღოლებს ქუჩაში ლანძღავენ, საყვირით ტვინს უჭამენ. შუქნიშანზე უკნიდან რომ ატეხენ ხოლმე სიგნალებს, ეს მაგიჟებს. არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ, რაც უნდა ცუდი მძღოლი შემხვდეს წინ.
- ამბობენ, საჭესთან ჯდომა ბილწსიტყვაობას თავისთავად წარმოშობსო, მართალია?
- არა, მე არ ვარ უზრდელი. საერთოდ, ემოციური ადამიანი გახლავართ, მაგრამ საჭესთან, რატომღაც, ყოველთვის მშვიდი ვარ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ბრაზდებიან ცუდი მძღო-ლების ქმედებებზე, მაგალითად, ჩემი მეუღლე საშინლად იქცევა საჭესთან, შეუძლია, ისეთი სიტყვებით გალანძღოს წინ მიმავალი მძღოლი... მე არ შემიძლია, არც ვბრაზდები, თუნდაც მეჩქარებოდეს.
- პირველი მანქანა მაჩუქესო, ვინ დაგასაჩუქრა?
- მეუღლემ. ეს იყო ''ფოლკსვაგენი''.
- დაბადების დღეზე გისახსოვრა?
- არა, ისე. მერე გააუმჯობესა და მაჩუქა ''მერსედესი'', ცე კლასი. ამის მერე მიყიდა თეთრი ჯიპი ''ტუქსონი'' და ახლა მყავს ''ბე-ემ-ვე 500''. დიზელზეა და ძალიან მაგარია.
- ამბობენ, ''ბე-ემ-ვე'' თუ გყავს, ჩაფხუტი უნდა გეფაროს თავზეო.
- ჰო, ამ მანქანაში სისწრაფეს ვერ გრძნობ. მეც მიყვარს სისწრაფე, ოღონდ შესაბამის ადგილებში, ქალაქში სწრაფად ვერ ივლი. სიმართლე გითხრათ, ამ მანქანის სისწრაფის მაქსიმუმი არც ვიცი.
- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
- 7 წელია, საჭეს ვუზივარ და ერთადერთი შემთხვევა მახსენდება. მაშინ ''მერსედესი'' მყავდა. ახალ წელს, 31 დეკემბერს, სალონიდან გამოვედი, ძალიან მეჩქარებოდა, კონცერტზე უნდა მემღერა და ტაქსის უკნიდან შევასკდი. ძველ წელს დავუტოვე ეს ავარია. ტაქსის მძღოლმა გამიშვა, კეთილი აღმოჩნდა, არადა, მისი მანქანა უფრო მაგრად გაფუჭდა, სულ ხოხიალით წავიდა. ახალი წელი როგორ ჩაგამწარო, ჩემი გამწარება მეყოფაო, მითხრა და წავიდა.
- ამის მერე მალევე მიუჯექი საჭეს?
- ორი კვირა ვეღარ ვჯდებოდი საჭესთან, ძალიან მეშინოდა. მერე გადამიარა.
- ზოგადად კანონმორჩილი ხარ ამ მხრივ, იცავ მოძრაობის წესებს?
- კი, ვიცავ, რატომღაც პატრულს ძალიან ვუყვარვარ. სამჯერ გამაჩერეს და სამჯერვე ჯარიმის გარეშე გამიშვეს. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ფეხით მოსიარულე დამაჯარიმეს. ვაკეში გადავდიოდი გზაზე, მანქანისკენ მივდიოდი. გოგონი, - მეძახდა პატრული. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მანქანა გაჩერებული მყავდა, გასაღები ხელში მეკავა. მერე მივხვდი და გავიქეცი. ბოლოს დამეწია და მაინც დამაჯარიმა. მანქანაზეც მაქვს გადახდილი რამდენიმე ჯარიმა. ძირითადად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის მაჯარიმებენ.
- როცა მეუღლე გვერდით გიზის, შენიშვნებს არ გაძლევს?
- რა თქმა უნდა, მამაკაცებს ხომ ჰგონიათ, რომ ჩვენ მანქანის მართვა არ ვიცით. ამ შენიშვნებზე ვბრაზდები, ამიტომ, როცა სადმე ერთად მივდივართ, ის ჯდება საჭესთან და მე - გვერდით.
- ''ერთი ერთში'' ''ჰონდა'' მოიგე. ასე თქვეს, დუმბო მოგებული მანქანის წამოსაყვანად უფრო მაგარი მანქანით მივიდაო.
- (იცინის) ჰო, ჭორები გავრცელდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ის უფრო მაგარი მანქანაა, 33 ათასი დოლარი ღირს, ჩემი - რვა ათასი. უბრალოდ, კარგი მოვლილია.
- ახალი მანქანით რატომ არ დადიხარ?
- ვუფრთხილდები (იცინის), ახალია, მეშინია არაფერი მოუვიდეს, მაგრამ აუცილებლად დავჯდები. ამას გავყიდი.
- რა არის შენთვის მთავარი კომფორტი მანქანაში?
- სივრცე სალონში. მაგალითად, ეს არ არის ჩემთვის კომფორტული მანქანა, შიგნითაც სპორტულია და სივიწროვეს ვგრძნობ თითქოს. ფართო და რბილი სალონები მომწონს.
- მანქანასთან დაკავშირებული რაიმე სახალისო შემთხვევა ხომ არ გახსენდება?
- ახლა სახალისოდ ვყვები, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვერ ვიხალისეთ. შარშან ზაფხულში მე, ირინა ონაშვილი და კიდევ ბევრი მეგობარი ჩემი მანქანით წავედით ბათუმში სამი დღით. ირინა ნევროზიანია და ჩემს საკუთარ მანქანაზე არ დამსვა. გადაწყვიტა, მძღოლი თვითონ ყოფილიყო. მე ნელა დავდივარ, ირინა ჩვეულებრივი შუმახერია, გიჟივით დადის. შუა ურეკში გაჩერდა მანქანა. სულ გოგონები ვართ, გადმოვედით შუა ავტობანზე და ვიქნევთ ხელებს, ვინმე რომ დაგვეხმაროს. ყველაფერი მაშინ მოხდა: წვიმა, ჭექა-ქუხილი, სეტყვა. ჩვენ საცურაო კოს-ტიუმებში ვართ, შლოპანცებსა და სარაფნებში. სამ საათს მოგვიწია გზატკეცილზე დგომამ. ისეთი ნაწილი გაუფუჭდა, მანქანა ბათუმიდან უნდა ჩამოსულიყო და მისაბმელით წაეყვანა ხელოსნამდე. გოგონებს გამოუჩნდათ ტრანსპორტი. მე და ირინამ მანქანა არ დავტოვეთ და ერთი ღამე ქობულეთის სასტუმროში გავატარეთ. მეორე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაღება გამიცდა ამის გამო.
- მეუღლეები სად იყვნენ ამ დროს?
- თბილისში, სამსახურებში.
- თავად თუ შეგიკეთებია მანქანა შუა გზატკეცილზე, მაგალითად, საბურავი თუ გამოგიცვლია?
- არა, მაგრამ ერთხელ დიდუბის ხიდზე საწვავი გამითავდა. ზამთარია, მაცვია ქურქი, ვდგავარ 15-სანტიმეტრიან ქუსლზე და დავრბივარ ბენზინით სავსე პლასტმასის ბოთლით. საოცარი სანახავი ვიყავი.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS