- ''ნავიგატორი''საკმაოდ შთამბეჭდავი პიესაა. ერთი მხრივ სენტიმენტალური და იმავდროულად მხიარულიც. ეს რადიოპიესაა და მის სცენურ ვერსიას რეჟისორული აზარტით შევეჭიდე. სხვათა შორის, ამ პიესის შექმნის თანამონაწილე ვიყავი. ერთხელ მე და ლაშა პრაღიდან მიუნხენის
- ბატონო დავით, 9 წელი ოპერის დირექტორი იყავით. დღემდე ბევრისთვის ოპერასთან ასოცირდებით. მუსიკა გიყვართ, რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავთ...
- დიახ, ასეა. საოპერო ხელოვნების, რეჟისურის, ოპერის წყობის შესასწავლად წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში ვიყავი სტაჟირებაზე. ბავშვობიდან მელომანი ვარ, განსაკუთრებით მიყვარდა ოპერა, რომელიც საშინელი ვირუსია. თუ ერთხელ მოგეწონა, დარწმუნებული ვარ, ოპერის ფანი გახდები. მახსოვს, ბებიებსა და ბებიის დებს ორი წლიდან დავყავდით სპექტაკლებზე. ვფიქრობ, რეჟისორი იმიტომ გავხდი, რომ საოპერო ხელოვნებასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი. ოპერა ჩემთვის ჟანგბადია. არაერთი რეჟისორისა და სპექტაკლისათვის მაქვს მუსიკა დაწერილი. ამ თვალსაზრისით 30-მდე სპექტაკლი მაქვს გაფორმებული. თეატრალურ წრეებში მიცნობენ, როგორც კომპოზიტორსაც.
- ვიცი, თეატრის გახსნას აპირებდით...
- დიახ, მე და ზალიკო ჩიქობავა ''მიხაილოვის''საავადმყოფოს პირდაპირ არსებული შენობის მესამე სართულს, სადაც 500-კაციანი დარბაზია, არენდით ვიღებთ. ზალიკო იქნება ხელმძღვანელი, პროდიუსერი, მე შემოქმედებით ნაწილს მივხედავ.
არაჩვეულებრივი აკუსტიკაა. რემონტისთვის ვემზადებით, გაკეთდება საორკესტრო ორმო და შემოდგომის ბოლოს გავხსნით. მინდა, იმ სცენაზე წარმოვადგინოთ საოპერო დადგმები, დრამატული სპექტაკლები, მიუზიკლები, კონცერტები. მინდა, იქვე ჩვენც გადავიდეთ - სოხუმის თეატრი. 2010 წელს ჩამოვაყალიბე ფონდი, რომლის ეგიდით სხვადასხვა კონკურსი ტარდება. ახლახან 35 წლამდე თანამედროვე კომპოზიტორთა კონკურსი ჩავატარე. მონაწილეებს თანამედროვე ლიტერატურაზე დაყრდნობით უნდა შეექმნათ ერთსაათიანი საოპერო ნაწარმოები. 26 ივნისს გვექნება დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებული ქართველი კომპოზიტორი 10 ათას ლარს მიიღებს და შევეცდები, შემდეგ ეს ნაწარმოებები დავდგა. ამ გზით, გვინდა, ხელი შევუწყოთ ქართული ოპერის შექმნასა და განვითარებას.
- ალბათ ამ სფეროს სიყვარულმა დაგადგმევინათ მოცარტის ოპერა ''მითრიდატე, პონტოს მეფე'', რომელშიც საოპერო და რუსთაველის თეატრის მსახიობები გააერთიანეთ...
- კი, ასე იყო. მოცარტი 14 წლის გახლდათ, როცა ეს ოპერა დაწერა, რთული ნაწარმოებია, ამიტომ პროფესიონალ მსმენელს ძალიან აინტერესებს. ეს დადგმა ოქტომბერში უნგრეთშია მიწვეული. კულტურის სამინისტრომ მთხოვა აღდგენა და ახლა ვფიქრობ, ამაზე ვიმუშაო.
- რას აპირებთ სოხუმის თეატრის ახალი სეზონისთვის?
- ორი პროექტი მაქვს. ერთი იქნება გალის რაიონის 13-დან 20 წლამდე ბავშვების წერილების გაცოცხლება სცენაზე, რომელსაც მსახიობები წაიკითხავენ. და მეორე - კონსტანტინე გამსახურდიამ წიგნად გამოსცა ზვიად გამსახურდიას დაკითხვის ოქმები, სადაც ჩვენებებია აკინძული და მინდა დავდგა. ეს არავისთვის მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით.
- პირველი პრეზიდენტის თაყვანისმცემლები დღემდე არიან შემორჩენილი და ყველაფერს აპროტესტებენ, ამის არ გეშინიათ?
- პირიქით, გააპროტესტონ. სპექტაკლის დადგმის არ მეშინია, თუ ასე მოხდა, კარგი იქნება, უფრო მეტი ხალხი მოვა. ზვიად გამსახურდიას დაკითხვის ოქმები ბევრს არ აქვს წაკითხული. სულ ლაპარაკობენ, მოკლეს თუ თავი მოიკლა, რა მოხდა მაშინ. თან, ამ სპექტაკლში მე ის კი არ მინდა განვიხილო, დადებითი პიროვნება იყო თუ უარყოფითი.
დღევანდელი გადმოსახედიდან, მის შემდეგ წლებში ისეთი უბედურებები დაგვატყდა თავს, რომ არა მგონია, პირველ პრეზიდენტს რამე ისეთი ჰქონდეს ჩადენილი, რა საშინელი ბედიც ერგო ამ კაცს. ეს დოკუმენტური სპექტაკლი არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, უბრალოდ, არსებული ფაქტების გაცნობით, საშინელი განცდა დაგეუფლება და დაინახავ შენი ქვეყნის უბედურებას. საერთოდ, მივიჩნევ, რომ ამგვარ თემებზე თეატრებმა უნდა ილაპარაკონ.
- ჰო, მაგრამ ინტერესი უფრო მეტად გასართობი ტიპის სპექტაკლებზეა... კითხულობენ, ''ვიცინებ?'', ''გავერთობი''?
- მთელ მსოფლიოში ასეა, აბა, იმას ხომ არ იკითხავენ, ვიტირებ?.. ტრაგიზმი ნელ-ნელა უნდა შეაპარო. თეატრი ვალდებულია, აქტუალურ თემებზე ილაპარაკოს. სოხუმის თეატრის დევნილობაში მყოფ დასს მორალურად უფლება აქვს, ილაპარაკოს თავის ტკივილზე, შერიგებაზე, რადგან მათ გადახდათ თავს ეს უბედურება. სოხუმის თეატრში დადგმული თემურ ჩხეიძის სპექტაკლი ''ზღვა, რომელიც შორია''არის მაგალითი, როგორ უნდა თქვა ის, რაც გაღელვებს. ჩვენ ამ თემებზე ვილაპარაკებთ, სხვა თეატრებმა კი გაგართონ.
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ მსახიობებთან, დაგვიანების გამო საყვედური, სპექტაკლიდან მოხსნა გახასიათებთ?
- მე პირდაპირ ვხვრეტ (იღიმის)! არა, არ ვარ დესპოტი. დღეს, ეკონომიკური პრობლემების გამო, მსახიობები ათას ადგილას მუშაობენ და ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. როცა ძალიან დიდი თანხები გვექნება და მსახიობს კარგად გადავუხდით, მაშინ გვექნება უფლება, მეტი მოვთხოვოთ.
- რუსთაველის თეატრის რეპერტუარში დღეს თქვენი ორი სპექტაკლია - ''სულიერი არსებები''და ''მალე წვიმად მოვალ''. ეს უკანასკნელი ნიკო გომელაურის ლექსების მიხედვით დადგით. რატომ არ იმუშავეთ იმავე თემით თავისუფალი თეატრის მსახიობებთან? ბევრს ისიც არ მოსწონს, როცა ნიკოს ლექსებს სხვა კითხულობს...
- როცა ნიკო კითხულობდა ლექსებს, ეს სხვა იყო, მაგრამ როცა ფურცლიდან ჩვენ ვკითხულობთ, ყველა თავისას პოულობს მის პოეზიაში. რასაკვირველია, ვიცოდი, რომ მაყურებლისთვის რთული იქნებოდა ამის აღქმა, მაგრამ ვფიქრობ, ამ სპექტაკლში ნიკო არ ''დაიკარგა''და თან დიდი სიყვარული გამოვხატეთ მის მიმართ.
რაც შეეხება თავისუფალ თეატრს, ავთო ვარსიმაშვილს მადლობა უნდა ვუთხრა იმის გამო, რომ ნიკო გომელაურს ძალიან ამოუდგა მხარში. ნიკო და თავისუფალი თეატრი განუყოფელია, მაგრამ არ მინდოდა, მისი ტექსტები მხოლოდ თავისუფალი თეატრის ყოფილიყო. ჩემი კუთხით დანახული ნიკო სხვაა, ავთოსი - სხვა და სხვა ადამიანის კიდევ განსხვავებული იქნება. მე ავთოს ნიკოს სიყვარულში კი არ ვეჯიბრები, უბრალოდ ვფიქრობ, ის საყოველთაოა და ასე ვთქვათ, მის ლექსს ნუ დამაყვედრიან. ის ჩემიცაა, შენიც, სხვებისაც და მის ლექსებში დაყენებული პრობლემები არ უნდა უკავშირდებოდეს რომელიმე თეატრის გეოგრაფიულ მდებარეობას.
- იცით ალბათ, რომ ბატონი ავთო ვერ ესწრება ამ სპექტაკლს, არ მინდა, ნიკოს ლექსების მოსმენა სხვებისგან, მე ჩემი ნიკო გომელაური მყავსო. ალბათ მისიც გესმით...
- მესმის მისი, მაგრამ მაშინ არავინ უნდა წაიკითხოს ნიკოს ლექსები. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ თავისუფალ თეატრს ამ ბრენდს ვართმევ, ეს აბსოლუტურად სხვა რამაა. ნიკო ხალხს უყვარს, განსაკუთრებული მარკეტინგული ხიბლი აქვს ყველაფერს, რაც მას უკავშირდება. მაგრამ მერწმუნეთ, მე ეს გათვლა არ მქონია...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















