- რომან, პირველ რიგში, თქვენზე მოგვიყევით, ასაკი, პროფესია, როგორ მიხვედით ფოტოგრაფიამდე?
- ასაკით ''ბებერი'' ვარ, თითქმის 38 წლის (იღიმის).

- როდის გამოგივიდათ პირველი კადრის გადაღება?
- ისევ მთაში, ოღონდ იმ საოცარი შთაბეჭდილებიდან მესამე წელს. მახსოვს, ძალიან მეშინოდა, ფირი კიდევ არ გაფუჭებულიყო. როდესაც გამჟღავნებისას მითხრეს, რომ ბევრი კარგი კადრი გამოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პატარა საქმე ხომ არ იყო მთელი 16 კადრი...

- სად ცხოვრობდით, რა დროს ატარებდით ბუნებაში?
- განგებამ საოცარ ადგილას მარგუნა ცხოვრება. სამეგრელოში - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც ბუნების მოყვარული ადამიანისთვის სწორედ რომ ოაზისია. ულამაზესი და წყალუხვი მდინარე ხობისწყალი, ხუთი ალპური ტბა, 60-ზე მეტი უფსკრული, მღვიმე და შახტი, კურორტი მუხური, მდინარე ღუნჯი და კირზალა - ულამაზესი ჩანჩქერების კასკადით... ყველაზე დიდი მღვიმე კავკასიაში (ნაზოდელავოს მღვიმე), კოლხური ყოჩივარდა, იმერული არყი, მიგარიის მაჩიტა, მიგარიის ცირცელი, ძაკუს მაჩიტა, კოლხური სურო და კოლხური ბზის სურნელით გაჯერებული ათობით ჰექტარი ტყე... მითებით, ლეგენდებითა და თქმულებებით გალამაზებული იდუმალი საღამოები.

- თქვენს ფოტოებზე ძირითადად ბუნებაა აღბეჭდილი და ნაკლებად ადამიანები, რატომ?
- ჩემს არქივში უამრავი პორტრეტი ინახება. იშვიათად ვაქვეყნებ ხოლმე... საერთოდ, უფრო ხელუხლებელი, ადამიანისაგან დაცული ველური ბუნება მაინტერესებს, ისეთივე პირველყოფილი, როგორიც უფალმა შექმნა.

- როდესაც გადასაღებად ასეთ რთულ ადგილებში მიდიხართ, ხომ რისკავთ. შეიძლება, სადმე გარეული ცხოველი იყოს, ასევე რთულია გზა...
- გააჩნია, რას იღებ. როდესაც მიწისქვეშ ვმუშაობ, უფსკრულ ვიღებ, აუცილებელია, უსაფრთხოების ყველა წესი დავიცვა. მიგარიის მასივზე ულამაზესი უფსკრულია - ხავერდოვანა ჰქვია. თითქმის 100-მეტრიანი ჭით იწყება და მისი გავლილი მონაკვეთი 2.5 კმ-ია. გვქონია შემთხვევა, როცა შუა გზაზე მყოფს წვიმა მოგვსწრებია და აპარატურიანად სველები და კარგად შეშინებულები დავბრუნებულვართ უკან.


- სპეციალურად მოგზაურობთ გადასაღებად?
- დიახ, ჩემთვის ფოტოგრაფია მოგზაურობის გარეშე წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად მიყვარს ეგრისის ქედის მარგალიტის, ულამაზესი ლაკუმურაშ ტობას ტბის ფოტო. ჯერჯერობით ეს ამ ტბის ერთადერთი კადრია საქართველოში. იმედია, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, სხვებიც წავლენ და ულამაზეს სანახაობას შემოგვთავაზებენ.

- ბუნებასთან ერთად ახალი სიცოცხლის დაბადების ფოტო აღმოვაჩინეთ თქვენს არქივში...
- ეს ჩემი შვილის დაბადებაა... ჩემი მეუღლის საკეისრო კვეთა გადავიღე. ძალიან მაინტერესებდა, როგორია პირველი ამოსუნთქვა. საოცარი მომენტი, როდესაც შენი შვილის პირველ სუნთქვას გრძნობ! ეს იყო 2011 წლის 26 სექტემბერს, ქეთევანობას, და, რა თქმა უნდა, ქეთი დავარქვით. ძალიან ვნერვიულობდი, რომ კადრი არ გაფუჭებულიყო, იქ სპეციფიკური განათებაა, თან ქირურგი უსწრაფესად მუშაობდა, თურმე არ შეიძლება ანესთეზია დიდხანს. დამტანჯეს ექიმებმა (იცინის).

- თქვენი საოცნებო პროექტი რომელია?
- საავტორო კატალოგი გამოვეცი სამეგრელოზე და ჩემი ოცნებაა, მსგავსი პროექტი საქართველოს ყველა კუთხეზე განვახორციელო. ასევე სიამოვნებით გადავიღებდი იტალიაში ტოსკანას და ასევე ნეპალს. რატომ ნეპალი? - შესანიშნავი გარემოა, ბუმბერაზი მთები და ამ გარემოში ჩამოყალიბებული საოცარი პერსონაჟები განსხვავებული ცხოვრების წესით...
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი რეიტინგი




















