29 ივნისი, 2014
ფოტოგრაფი სამეგრელოდან, რომელმაც საკუთარი შვილის დაბადება გადაიღო
მახსოვს, ძალიან მეშინოდა, ფირი კიდევ არ გაფუჭებულიყო სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს ფოტოხელოვან რომან თოლორდავას მიერ გადაღებულ სურათებს. მისი ხელწერა განსხვავებულია, რადგან ულამაზესი ფერების გარდა, მის არქივში ბუნების მიუწვდომელი და წარმოუდგენლად ლამაზი ხედებია. როდესაც მის ფოტოებს თვალს გადაავლებთ, შეიძლება, ეჭვი შეგეპაროთ, რომ ეს საქართველოში ხდება... რომანმა არაერთი რთული გზა გაიარა, რომ ყველასთვის ეჩვენებინა ქართული ბუნების სილამაზე.

- რომან, პირველ რიგში, თქვენზე მოგვიყევით, ასაკი, პროფესია, როგორ მიხვედით ფოტოგრაფიამდე?
- ასაკით ''ბებერი'' ვარ, თითქმის 38 წლის (იღიმის).
ფოტოებს ბავშვობიდან ვიღებ... 10 წლის ვიყავი, როცა ბაბუამ, რომელიც მეჯოგე იყო, ტობავარჩხილზე წამიყვანა, მაშინ იქ საქონელს აძოვებდნენ. მას შემდეგ სულ მინდოდა, ეს სილამაზე სხვებსაც ენახათ და მომდევნო წელს ფირიანი ფოტოაპარატი წავიღე, მაგრამ ვერ გადავიღე. ტექნიკა არ ვიცოდი. ბევრი რამის სწავლამ მომიწია შემდგომ წლებში, თუმცა ფოტოგრაფად ჩემი ჩამოყალიბება შესანიშნავი ადამიანისა და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფოტომემატიანის - ბადრი ვადაჭკორიას დამსახურებაა.

Rating

- როდის გამოგივიდათ პირველი კადრის გადაღება?
- ისევ მთაში, ოღონდ იმ საოცარი შთაბეჭდილებიდან მესამე წელს. მახსოვს, ძალიან მეშინოდა, ფირი კიდევ არ გაფუჭებულიყო. როდესაც გამჟღავნებისას მითხრეს, რომ ბევრი კარგი კადრი გამოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პატარა საქმე ხომ არ იყო მთელი 16 კადრი...

Rating

- სად ცხოვრობდით, რა დროს ატარებდით ბუნებაში?
- განგებამ საოცარ ადგილას მარგუნა ცხოვრება. სამეგრელოში - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც ბუნების მოყვარული ადამიანისთვის სწორედ რომ ოაზისია. ულამაზესი და წყალუხვი მდინარე ხობისწყალი, ხუთი ალპური ტბა, 60-ზე მეტი უფსკრული, მღვიმე და შახტი, კურორტი მუხური, მდინარე ღუნჯი და კირზალა - ულამაზესი ჩანჩქერების კასკადით... ყველაზე დიდი მღვიმე კავკასიაში (ნაზოდელავოს მღვიმე), კოლხური ყოჩივარდა, იმერული არყი, მიგარიის მაჩიტა, მიგარიის ცირცელი, ძაკუს მაჩიტა, კოლხური სურო და კოლხური ბზის სურნელით გაჯერებული ათობით ჰექტარი ტყე... მითებით, ლეგენდებითა და თქმულებებით გალამაზებული იდუმალი საღამოები.

Rating

- თქვენს ფოტოებზე ძირითადად ბუნებაა აღბეჭდილი და ნაკლებად ადამიანები, რატომ?
- ჩემს არქივში უამრავი პორტრეტი ინახება. იშვიათად ვაქვეყნებ ხოლმე... საერთოდ, უფრო ხელუხლებელი, ადამიანისაგან დაცული ველური ბუნება მაინტერესებს, ისეთივე პირველყოფილი, როგორიც უფალმა შექმნა.

Rating

- როდესაც გადასაღებად ასეთ რთულ ადგილებში მიდიხართ, ხომ რისკავთ. შეიძლება, სადმე გარეული ცხოველი იყოს, ასევე რთულია გზა...
- გააჩნია, რას იღებ. როდესაც მიწისქვეშ ვმუშაობ, უფსკრულ ვიღებ, აუცილებელია, უსაფრთხოების ყველა წესი დავიცვა. მიგარიის მასივზე ულამაზესი უფსკრულია - ხავერდოვანა ჰქვია. თითქმის 100-მეტრიანი ჭით იწყება და მისი გავლილი მონაკვეთი 2.5 კმ-ია. გვქონია შემთხვევა, როცა შუა გზაზე მყოფს წვიმა მოგვსწრებია და აპარატურიანად სველები და კარგად შეშინებულები დავბრუნებულვართ უკან.

Rating
Rating

- სპეციალურად მოგზაურობთ გადასაღებად?
- დიახ, ჩემთვის ფოტოგრაფია მოგზაურობის გარეშე წარმოუდგენელია. ყველაზე მეტად მიყვარს ეგრისის ქედის მარგალიტის, ულამაზესი ლაკუმურაშ ტობას ტბის ფოტო. ჯერჯერობით ეს ამ ტბის ერთადერთი კადრია საქართველოში. იმედია, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, სხვებიც წავლენ და ულამაზეს სანახაობას შემოგვთავაზებენ.

Rating

- ბუნებასთან ერთად ახალი სიცოცხლის დაბადების ფოტო აღმოვაჩინეთ თქვენს არქივში...
- ეს ჩემი შვილის დაბადებაა... ჩემი მეუღლის საკეისრო კვეთა გადავიღე. ძალიან მაინტერესებდა, როგორია პირველი ამოსუნთქვა. საოცარი მომენტი, როდესაც შენი შვილის პირველ სუნთქვას გრძნობ! ეს იყო 2011 წლის 26 სექტემბერს, ქეთევანობას, და, რა თქმა უნდა, ქეთი დავარქვით. ძალიან ვნერვიულობდი, რომ კადრი არ გაფუჭებულიყო, იქ სპეციფიკური განათებაა, თან ქირურგი უსწრაფესად მუშაობდა, თურმე არ შეიძლება ანესთეზია დიდხანს. დამტანჯეს ექიმებმა (იცინის).

Rating

- თქვენი საოცნებო პროექტი რომელია?
- საავტორო კატალოგი გამოვეცი სამეგრელოზე და ჩემი ოცნებაა, მსგავსი პროექტი საქართველოს ყველა კუთხეზე განვახორციელო. ასევე სიამოვნებით გადავიღებდი იტალიაში ტოსკანას და ასევე ნეპალს. რატომ ნეპალი? - შესანიშნავი გარემოა, ბუმბერაზი მთები და ამ გარემოში ჩამოყალიბებული საოცარი პერსონაჟები განსხვავებული ცხოვრების წესით...

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი რეიტინგი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ჟანა ვეკუა
აღფრთოვანებული ვააარ
19:39 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თემიდა
ვეთანხმები სოფოს..ფოტოებს აშკარად გადაჰკრავს არაბუნებრივობის ელფერი..ხელოვანი ადამიანის შინაგანი ბუნების ანარეკლია მისი ქმნილებაც, შესაბამისად ფარისეველი ადამიანები ვერ ქმნიან შედევრებს, მათი სწრაფვა ხელოვნების მწვერვალებისკენ ისეთივე ფუჭი და უნაყოფოა, როგორც სიზიფეს ჭიდილი ლოდთან..
19:30 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
არაბუნებრივი ფოტოებია
17:28 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლანა
ვამაყობ, რომ გიცნობ და ვმეგობრობთ... წარმატებები კიდევ და კიდევ...
15:26 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
13:42 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
mamuka
უნიჰიერესი ადამიანი ხარ რომანი წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
13:42 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
დიახ, რომანი უნიჭიერესი ადამიანია, ის ნამდვილი აღმოჩენაა, მასთან პირველმა შეხვედრამ სწორედ იგივე შთაბეჭდილება დამიტოვა,წარმატებები რომან შენს საუკეთესო ოჯახთან ერთად.
12:18 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ულამაზესი ფოტოებია...
11:14 / 30-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS