27 ივნისი, 2014
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს

როგორ შეიძლება, ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის რომელიმე წევრს წერა არ დაეწყო?
რუსა ამირეჯიბს 12 ივნისს ნოველების კრებულის პრეზენტაცია ჰქონდა. წიგნში, სახელწოდებით ''ხმა'', 30 ნოველაა შესული, რომელიც ხუთი წლის განმავლობაშია დაწერილი. როცა ''მწერლის ანკეტის'' სტუმრად მოვიწვიეთ, რუსამ გვთხოვა, ანკეტა წერილობით მიგვეწოდებინა. თავად შევავსებ, რადგან წერა საუბარზე უკეთ მეხერხებაო...

სახელი გვარი: რუსა ამირეჯიბი.
პროფესია: მწერალი

ვიყავი...

გულუბრყვილო, თავნება და ქარაფშუტა

ვარ
...

თავნება, არაგულუბრყვილო, არაქარაფშუტა
დაუვიწყარი მოგონება, რომელიც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ...
ასეთი უამრავი მაქვს, თითქმის ყველა ჩემს ბავშვობას, ბავშვობის
მეგობრებსა და ბავშვურ სიტუაციებს უკავშირდება.

ოჯახი
...

არ ვიცი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ თემაზე რა გითხრათ, მაქვს ოჯახი ისე - როგორც ყველას. უბრალოდ, არ მყავს ქმარი.

მიმი
(შვილი)...

მიყვარს ინსტინქტურად, ბიოლოგიურად, გონებითა და მთელი გულით. რა არჩევანიც უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, გვერდში დავუდგები, მთავარია, ის აკეთოს, რაც კარგად ეხერხება და თან უყვარს. არ მივცემ უფლებას, ლოიალურობა დაკარგოს. ჩვენ - მეგობრები ვართ.

წერა დავიწყე, როცა...

14 წლის ვიყავი. თუმცა ამას სერიოზულად 33 წლისამ შევხედე. პირველი ჩემი მოთხრობა ''ცხელი შოკოლადის'' ლიტერატურაში დაბეჭდა მახო ხარბედიამ. მეორედ ''ლიტერატურულ პალიტრაში" ''ფეხსაცმელი'' დაიბეჭდა. 2010 წელს ''ფეხსაცმელი'' 39 რჩეულ მოთხრობას შორის მოხვდა და ამის მერე სხვადასხვა გამოცემაში ვიბეჭდები.

დღეს ვწერ...

მცირე ზომის ერთ წიგნს, რომელსაც ჰქვია ''ნისლი'', შედგება მოკლე თავებისაგან, არის ფსიქოლოგიურ-ფანტასტიკური ტრილერი. მთავარი აზრი: ადამიანები "დღის შუქზე" ვმალავთ საკუთარ თავს, ხოლო "არახილვად" გარემოში - ვამჟღავნებთ. ისევ ვამბობ სიმართლეს, უპირატესობას… ვანიჭებ ემოციებს, ერთ-ერთ ხაზად ჩვენი რელიგია მიჰყვება. ნაწყვეტი გამოქვეყნდება ''ლიტერატურულ გაზეთში'', ხოლო მეორე ნაწყვეტი – ''ლიტერატურულ პალიტრაში''. საერთოდ, ვწერ სიმართლეს და ვარ სუბიექტური იმ საკითხებში, რაც არ მომწონს, რადგან ამ ხერხით არაჩვეულებრივად იკითხება ის, რაც მომწონს.

არ შეგეშინდათ, ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა წერა რომ დაიწყეთ? ვიცი, ბაბუას აჩვენეთ თქვენი ნაწერები. საინტერესოა, რა თქვა და როგორ შეაფასა...

- შემეშინდა? რას ამბობთ, აუცილებელიც კი იყო. როგორ შეიძლება, ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის რომელიმე წევრს წერა არ დაეწყო? მისი გენეტიკა უკვალოდ უნდა გამქრალიყო? ჭაბუას მხარდაჭერა, მასტერკლასები და ყურადღება არ მომკლებია, უფრო სწორად, განებივრებული ვიყავი: მისი შეფასება - უჩვეულო, კარგი სტილი გაქვს, ნიჭიერი ხარო. ყოველთვის ჩემი წერის მანერას აღნიშნავდა და უცნაურს უწოდებდა. ეს დიდი შექება იყო მისგან, რადგან თავისიანის ქება ჭაბუას არ სჩვეოდა. ისეთი კრიტიკოსის სიტყვები, როგორიც ლევან ბრეგაძეა, ''რუსა ამირეჯიბი სიტყვის ოსტატია'' – ჩემთვის უდიდესი სტიმულია, ზუსტად ისეთივე, როგორიც ჭაბუას სიტყვები იყო და არის. საშინლად მენატრება ჭაბუა პაპა, ჯერჯერობით ვერც კი მივდივარ მასთან სახლში, დეიდა თამრიკოსა და სხვათა სანახავად, მის ბუხართან სიცარიელის დანახვა ჯერჯერობით არ შემიძლია...

ვნანობ...

რომ ფიზიკა არ ვისწავლე, აზროვნებისას ბევრჯერ გამჩენია ფიზიკის მოშველიების სურვილი და როცა მეხსიერებისთვის მიმიმართავს – სიცარიელე დამხვედრია (იღიმის). ასევე, ვნანობ ჩემ მიერ გაშვებულ უამრავ შანსსა და დაკარგულ დროს: ყოველი დღე უნდა გამომეყენებინა, როგორც ვთქვი, თავქარიანი გახლდით (იცინის)…

მწყინს...

მწყინს ქუჩაში მსხდომი, მიუსაფარი, ცხოვრებისგან დაღლილი, საკუთარი ქვეყნისგან გულგრილად მიტოვებული მოხუცები. საკუთარი ხალხის ის თვისებები, ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რომ გამომჟღავნდა, კერძოდ – სიხარბე, შური და სხვათა განსჯა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი უმნიშვნელობა გადაფარონ, მიუხედავად იმისა, რომ ამით სხვას გულს სტკენენ. ეს არის სისატიკე და სირაქლემას აგრესიული პოზიცია.

არ მწყინს...

მაგალითად, ჩემი გამოყენების მცდელობა ან დაუმსახურებელი მოპყრობა კი არ მწყინს – იმედს მიცრუებს და ''მიტყდება'', რომ კონკრეტული ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა. თუ სხვა იქცევა ცუდად და არა მე – რატომ უნდა მწყინდეს? სადღაც შიგნით, ჯოხივით ტკაცანით გადამიტყდება ხოლმე იმ მომენტში, კონკრეტული პიროვნებისადმი არსებული პატივისცემა. ამიტომ, ჯობს მეწყინოს ხოლმე, რადგან წყენა, საერთოდ, პატიებას იწვევს: ვაპატიებთ მათ, ვისაც შეეშალა და ვინც გვიყვარს. ხოლო მე, როცა მიტყდება, იმედგაცრუების გრძნობას გამოცდილების საკუჭნაოში ვისვრი ხოლმე და ვივიწყებ...

დღეს...

თითქოს ვერ ვეტევი ვერსად, ვერაფერში და ვერავისში. ამბოხის გრძნობა მაწუხებს! …

ხვალ...


იმედი მაქვს, რომ - ხვალ თუ არა, ზეგ მაინც - საქართველოში დაფასდება შრომა, ნიჭი და კრეატივი, რომ დამთავრდება ჩაწყობები და მიკერძოებული მიდგომა, რომ ინვესტიცია ჩაიდება ადამიანში და არა ნივთებში, რომელთაც ისევ ადამიანები ქმნიან.…

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS