06 ივნისი, 2013
''აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა''
ალბათ თეატრისთვის უკეთესი იქნებოდა, ძველი მთავრობა დარჩენილიყო. იქ პაატას ყველაფერი ''გაიასნებული'' ჰქონდა. თუ პაატა ყველაფერს ძველებურად გააგრძელებს, მე სულითა და გულით გვერდში დავუდგები. მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე ვანო იანტბელიძე თელავში 1975 წლიდან ცხოვრობს. წარმოშობით იმერელი მსახიობი ახლა ბევრ თელაველზე უფრო კახელია. მობილურის ზუმერად კახური მრავალჟამიერი აქვს. კახეთში გადაღებულ ერთ-ერთი კომპანიის რეკლამებში ყოველთვის იწვევენ. ბოლო დროს კი სერიალებში მკაცრი მამის როლებს სთავაზობენ. ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' დათოსგან გულგატეხილი ნათიას მამას თამაშობს და ყველა მეგობარი და ახლობელი შეხვედრისთანავე ეკითხება,
როგორ განვითარდება სერიალში მოვლენები.
- ყველა მეკითხება, რა მოხდება დათოს ოჯახში. ყველას აინტერესებს, მართლა დაინგრევა თუ არა ოჯახი. აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა. მაგრამ წინასწარ მეც არ ვიცი, რა მოხდება. სერიალის მთელი მუღამიც ალბათ ესაა.
- თქვენ როგორ გირჩევნიათ მოვლენების განვითარება. ვის მხარეს ხართ?
- სერიალში ჩემი გმირის აზრს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. ვეუბნები დათოს, თუ კაცი ხარ, კაცურად მოიქეცი და გადაწყვიტე, როგორ გინდა, შენი ცხოვრება გაგრძელდეს-მეთქი. ვერ გეტყვით, რომ ფილმში ჩემს შვილს ვამტყუნებ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყველას შეიძლება, შეუყვარდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში კაცი კაცურად უნდა მოიქცეს.
- სერიალიდან გამომდინარე, ალბათ ყველას მკაცრი ჰგონიხართ.
- სერიალ ''შუა ქალაქშიც'' ძალიან მკაცრი ვარ. ჩემი ყველას ეშინია. ''შუა ქალაქში'' შვილმა პირსინგი რომ გაიკეთა, კინაღამ ხანჯლით დავჭერი. ამავე დროს საპატრიარქოს არხზე ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავ. ვანო პაპას ზღაპრები ბევრ ბავშვს მოსწონს და ახლა ამ სერიალებში რომ მნახეს, ამბობენ, ეს როგორი გაბრაზება სცოდნია ვანო პაპასო. ძალიან იშვიათად მიწევს ხისტი ტიპების თამაში. საერთოდ, არ ვარ მკაცრი და გინდა თუ არა, ასე უნდა იყოს, ასეთი მოთხოვნები არ მაქვს. ქრისტიანი ადამიანი ვარ. სულ ვამბობ, იქნებ, არ ვარ მართალი და სხვა ჩემზე მართალი იყოს-მეთქი. ოჯახშიც ასეთი ვარ და მეგობრებთანაც. შვილები ისე გავზარდე, რომ შემიძლია დავიფიცო, მათთვის არ დამიყვირია და არ გამილანძღავს.
- რამდენი შვილი გყავთ?
- სამი. პირველი ქორწინებიდან მყავს ქალიშვილი. პირველ მეუღლეს გავშორდი, მერე მეორე ცოლი მოვიყვანე. მისგანაც გოგონა შემეძინა. მეუღლე, სამწუხაროდ, გარდამეცვალა და მოვიყვანე მესამე ცოლი, რომელთანაც შემეძინა ვაჟი. პირველი ოჯახის დანგრევა ჩემი ტკივილია და ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ყველაფერი პირველი, როგორც ყოველთვის, ძვირფასი და მნიშვნელოვანია. არასდროს გავიწყდება და შენი გონებიდან და სამყაროდან არასოდეს არ გადის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. როცა მე აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე, ერთი ლამაზი და ბედნიერი წამი მრჩება, ჩემს შვილებს ერთმანეთი ეყვარებათ. სამი შვილიშვილი მყავს. უფროსი ქალიშვილისგან მყავს ქალ-ვაჟი. მეორე ქალიშვილისგან კი - რვა თვის იოვანე. არაჩვეულებრივი მეუღლეა ფიქრია ყუშიტაშვილი. ჩვიდმეტი წლის ბიჭი გვყავს, კარგი სპორტსმენი. კალათბურთს ძალიან კარგად თამაშობს.
- ოჯახის წევრები რა აზრის არიან თქვენი სერიალის გმირზე?
- მეუღლე რეჟისორი, თეატრმცოდნე და მწერალია. წერს ლექსებს. ''პენმარათონის'' გამარჯვებულია. შემოქმედი ადამიანია, ამიტომ ჩემთვის იოლია სხვადასხვა გმირად გარდასახვა და თამაში. სერიალს ვუყურებთ პროფესიული კუთხით და იმის გასარკვევად, როგორ ვითამაშე. ოჯახში სულ ვამბობ, მე არ ვიჩხუბებ არასოდეს. ერთხელ ვიტყვი და დავამთავრებ ყველაფერს-მეთქი. სულ ვცდილობ, კარგი გავაკეთო. ცუდის გაკეთებაზე არც ვფიქრობ. ერთხელ ჩემმა ახლობელმა მითხრა, შენზე ნაწყენი ვიყავი, მაგრამ არაფერი მითქვამსო. თელავის თეატრის დირექტორი ვიყავი სამი წელი და ეს შემთხვევა მაშინ მოხდა. სამი წლის განმავლობაში თეატრმა 28 სხვადასხვა პრემია აიღო. სააკაშვილის მთავრობა რომ მოვიდა, ჩემზე თქვეს, ეს ძველი მთავრობის კაციაო და ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს - მოკლედ, მეგობარმა რომ მისაყვედურა, გადავირიე. ვკითხე, შენ რატომღა იყავი ნაწყენი, შენთვის ხომ კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია-მეთქი. მითხრა, არაფერი დაგიშავებია, მაგრამ სხვას უფრო მეტ კარგს უკეთებდი, ვიდრე მეო. არც ვიცი, ასეთ საქციელს რა ჰქვია.
- მას შემდეგ, რაც თელავის თეატრის დირექტორი პაატა გულიაშვილი გახდა, თეატრში ცვლილებებით კმაყოფილი ხართ?
- დუტა სხირტლაძე რომ დაინიშა დირექტორად, ძალიან გაგვიხარდა. მაგრამ მერე ბევრი პრობლემა გაჩნდა, პაატას დანიშვნა ჩვენი, მსახიობების მოთხოვნა იყო. თუ ვინმეს აქვს უფლება, რომ პაატაზე რაიმე დადებითი თქვას, მე და თელავის თეატრის დასი პირველები ვართ. პაატას, როგორც საკუთარ შვილს, ისე ვზრდიდი. მის ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი შემოქმედებითი წუთი, მონაწილეობა რომ არ მიმეღო. როგორც კი პაატა თელავის თეატრში მოვიდა, ბევრი რამ შეიცვალა. სანამ მთავრობა შეიცვლებოდა, მანამდე კიდევ უფრო კარგად იყო ყველაფერი. ალბათ თეატრისთვის უკეთესი იქნებოდა, ძველი მთავრობა დარჩენილიყო. იქ პაატას ყველაფერი ''გაიასნებული'' ჰქონდა. თუ პაატა ყველაფერს ძველებურად გააგრძელებს, მე სულითა და გულით გვერდში დავუდგები.
- ინტერვიუს განმავლობაში კრიალოსანი არ მოგიშორებიათ, სულ ხელში გიკავიათ.
- ძალიან ბევრი წელია, მეფე ერეკლეს ვთამაშობ. მეფე ერეკლე 1720 წლის 7 ნოემბერსაა დაბადებული. მეფე ერეკლეს ერთ-ერთი იუბილეს დროს პატრიარქი იყო თელავში ჩამოსული. სპექტაკლი რომ ნახა, ეს კრიალოსანი ხელიდან მოიხსნა და გამიკეთა. მას მერე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. ეს კრიალოსანი ჩემთვის საჩუქარზე მეტია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ტასო
აი ნაღდი კაცური კაცი ორლებშიც და დარწმუნებული ვარ ცხოვებაშიც, აბა სურამელაშვილი რა სახსენებელია
15:21 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან მიყვარს ეს მსახიობი, ასეთ ქმარსაც ვინატრებდი და მეგობარსაც, გაიხარე
15:19 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS