20 ივნისი, 2014
ფოტოგრაფიით დაწყებული ქართულ-ეგვიპტური სიყვარულის ამბავი და პატიმრობის სამი დღე
ზოჰნი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მომავალ მეუღლეს სწორედ პროფესიამ დააკავშირა ხალიდ ზოჰნისა და თაკო ხურციძის სიყვარულის ამბავი ალბათ ნებისმიერ ჰოლივუდურ მელოდრამას დაამშვენებდა. სასწავლებლად წასული გოგონა უცხო ქვეყანაში მომავალ მეუღლეს შეხვდა და დღეს კაიროში აგრძელებს ცხოვრებას.
ზოჰნი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მომავალ მეუღლეს სწორედ პროფესიამ დააკავშირა. დღეს, გარდა ოჯახისა, ამ წყვილს სწორედ კადრებზე გაჩერებული წამები აკავშირებთ, რადგან გადაღებებზე ყველგან ერთად დადიან.

Rating

მეგობრობა და სიყვარული

ხალიდ ზოჰნიმ და თაკო ხურციძემ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ ეგვიპტეში გაიცნეს. ხალიდი კაიროში დაიბადა 1978 წელს,
პროფესიით ფოტოგრაფია. თაკო კაიროს უნივერსიტეტში სწავლობდა და თან მოდელად მუშაობდა. ერთ დღეს ხალიდმა გოგონას სოციალურ ქსელში მისწერა, რომ ძალიან უნდოდა მისი გადაღება, თაკო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც მომავალი მეუღლის ნამუშევრები ნახა. პირველი გადაღების შემდეგ დამეგობრდნენ, გრძნობა მალე გაჩნდა. ხალიდი თაკოსთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ მისი შემოქმედება შეუყვარდა.

Rating
Rating
Rating

კაირო-თბილისი, თბილისი-კაირო...

გოგონა სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათი სიყვარული გაგრძელდა და ერთ წელიწადში ეგვიპტელი მიჯნური საქართველოს ესტუმრა. აქ იქორწინეს, მაგრამ საცხოვრებლად კაიროში გადავიდნენ.
ახლა გოგონა მხოლოდ მეუღლესთან მუშაობს გადაღებებზე, გარდა ამისა, ეხმარება კიდეც და ერთად გეგმავენ სხვადასხვა პროექტს. ცნობილი ეგვიპტელი მწერლის აჰმედ მურადის წიგნის გარე ყდაზე იმუშავეს. ხშირად მოგზაურობენ, ბოლოს კაბადოკიას ესტუმრნენ, მომავალ წელს ინდოეთში ჩასვლას და გადაღებას გეგმავენ. ეს ორივეს ოცნებაა.

Rating
Rating
Rating

თავზეხელაღებული ფოტოგრაფია...

თაკოს ზოჰნის გადაღებული ფოტოებიდან განსაკუთრებულად პირამიდები უყვარს. სხვათა შორის, თავად ფოტოხელოვანსაც, რადგან ამ სურათმა წარმატება მოუტანა. პირამიდები და კიდევ ერთი ფოტო ''ნეშენელ ჯეოგრაფიკმა'' დაბეჭდა.
ეგვიპტეში ამ სფეროში წარმატების მოპოვება რთულია, რადგან კონკურენცია დიდია და ფოტოგრაფების დიდი ნაწილი ფოტოშოპით მუშაობს. ზოჰნი კი ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან მის ფოტოებში წინა პლანზე ყოველთვის ბუნებრიობაა. ალბათ, ეს გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეგვიპტეში ცნობილი არეულობის დროს მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენილიყო. მეუღლესა და მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც დაურეკეს, რომ შეტაკება დაიწყო. თაკოს თხოვნის მიუხედავად, მალე ქალაქის მოედანზე აღმოჩნდა. ცოტა ხანში
მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი გაზის კვამლში იყო გახვეული და ამ დროს ტელეფონი გაითიშა. ზოჰნი სამი დღით დააკავეს და შინ ნაცემი, მაგრამ კარგი კადრებით დაბრუნდა...
წყვილი აგვისტოში კიდევ ერთხელ ჩამოვა საქართველოში და იმედი აქვს, რომ აქედანაც ''ხელდამშვენებული'' წავა...

Rating
Rating
Rating

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS