- ნიკა, 2005 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ. შემდეგ იყო ''იმედზე'' ''შუა ქალაქში'' შესრულებული ამირანის როლი.
- ამ სტუდიასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ''შუა ქალაქშის''მერე იყო სერიალი ''ჩვენი ამბავი'', რომლის 6 სერიაში ვითამაშე, ტაქსისტ ზაზა ურუშაძის როლი მქონდა. კაი ტიპი იყო, მომწონდა. პარალელურად იყო ანეკდოტები, რომელმაც ''იმედიდან''''მაესტროზე''გადაინაცვლა.
- ანეკდოტებს როგორ არჩევენ?
- ანეკდოტები უნდა ჩაჯდეს ზრდილობის ფარგლებში და დაცულია ცენზურა. ხუმრობები ოჯახურ თემებზეა, ხან სათევზაო სიტუაციაზე, ხან იდიოტი ქმრის როლი მაქვს, ხანაც სუფთა გრუზინი ვარ - რესტორანა კაცი. ზოგჯერ გლეხი ვარ, ზოგჯერ - მუშა, ხან ''ტაკოი სვეტსკი''ტიპი, ხან კაცოია და ხანაც ქალოია. სხვადახვა პერსონაჟის განსახიერება მიწევს და ეს მომწონს.
- ყველაზე მეტად რომელი როლი მოგწონს?
- აი, გეის თამაში მაგრად მევასება (იღიმის).
- ამას სათაურად გამოგიტან. რითია ეს როლი შენთვის, როგორც მსახიობისთვის, საინტერესო?
- ჰო, ნუ, ეს უნდა ითამაშო. აი, როგორები არიან, ტო... და ვერ ვხვდები, როგორ უნდა იყო ასეთი.
- ანუ მამაკაცს რატომ უნდა გაინტერესებდეს კაცი და არა ქალი?
- ჰო, ჰო, აი, ეგ. ნაზები არიან, მანერები აქვთ რაღაცნაირი, ვითომ თბილები, ქაჩაჩუნები. გადაღებას რომ ვამთავრებთ და ისმის ''სტოპ'', უცებ ვფიქრობ ხოლმე, ვაჰ, რატომ ხარ ასეთი?! ესეც საინტერესოა და ვთამაშობ. სცენარისტები თავისას წერენ, მაგრამ სიუჟეტი შენ უნდა გააცოცხლო. სულ ვამბობ, რომ რაც უნდა კარგი სცენარი დაწერო, მაინც მთავარია, მსახიობმა კარგად ითამაშოს. არ ვიცი, რამდენად გამომდის ეს ყველაფერი, მაგრამ ამბობენ, რომ კარგად გამომდის, თორემ ამდენ ხანს არ დამტოვებდნენ ამ პროექტში. ვერ ვიტყვი, რომ ეს რამე დიდი შემოქმედებითი პროცესია, მაგრამ იქ მუშაობა ჩემთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ფინანსური დაინტერესებაა.
- ამ წლების განმავლობაში პროფესიული თვალსაზრისით რა ცვლილებებს ატყობ თავს?
- პასუხისმგებლობა გაიზარდა და უფრო მეტის კეთების სურვილი მაქვს. საკუთარი თავის მიმართ რწმენა გამიჩნდა. საშუალო ნამდვილად არ მინდა ვიყო. ჩემი, როგორც მსახიობის მიზანია, რომ ყველაზე მაგარი გავხდე. თან, ვერ ვძლებ თეატრის გარეშე. დღეს დილას რომ ავდექი და სახლიდან გამოსასვლელად მოვემზადე, დედაჩემმა მკითხა, სად მიდიხარო. თეატრში-მეთქი. რა გინდა, დღეს რეპეტიცია ხომ არ გაქვსო. იცი, არ მაქვს, მაგრამ მაინც თეატრში მინდა-მეთქი. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს. მიყვარს ჩემთვის მარტო, საგრიმიოროში ყოფნა. უფრო მეტი ფიქრი დავიწყე. სისულელეა, როცა ამბობენ, რომ მსახიობი თამაშობს ''ტაკ პროსტა'', ასე არ არის, სულ ფიქრი გჭირდება. რაც მეტს ფიქრობ, როლი მით უფრო კარგი გამოდის. ბევრი შრომაა საჭირო, ყველაფერი შრომაა.
- ფიქრთან ერთად, მსახიობს კითხვაც სჭირდება, რას კითხულობ?
- საგრიმიოროში რამდენიმე წიგნი მაქვს, ორიც სახლში დავტოვე. აქ მაქვს ბესიკ ხარანაულის ''მთავარი გამთამაშებელი'', პერიოდულად ვკითხულობ აკაკი გელოვანის ''სიბრძნის სიმფონიას'', რომელშიც შედის ყველა მაგარი ადამიანის რჩეული აზრები და აფორიზმები. ბოლო პერიოდში დავინტერესდი ეზოთერიკული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით.
- ასაკმა მოიტანა?
- ჰო, ასაკი ითხოვს, გინდა. გიჩნდება სურვილი, სამყარო და ადამიანები უფრო კარგად შეიცნო. მინდა, ბუნების ყველა ჯადოქრობას ჩავუღრმავდე.
- სამყაროსა და ადამიანების ბუნებაში ჩაღრმავებას იმედგაცრუებისკენ ხომ არ მიჰყავხარ?
- არა. მერე რა, თუ ვიღაცამ ''გამიმაზა''და ცუდი ადამიანი აღმოჩნდა, წავალ, გავივლი და კარგი შემხვდება. მე ამის არ მეშინია. საერთოდ, არაფრის მეშინია - შეიძლება ითქვას, მარტო სიკვდილის, მაგრამ ვიცი - ადრე თუ გვიან მოვკვდები და ამაზე ფიქრი სისულელეა. იმედგაცრუება ყველას ცხოვრებაშია, ცუდი ადამიანის მეტი რა არის, მაგრამ არ არსებობს, ასეთებში რამე კარგი არ იყოს. ამის დანახვას ნიჭი უნდა. ბევრი ცუდი ადამიანი მინახავს, მაგრამ უცებ ისეთი საქციელი ჩაუდენია, რომ გაბრწყინებულა.
- ადრე გითქვამს, რომ სპექტაკლის შემდეგ გიყვარს სადმე ბარში განმარტოება, დალევა, თუ წვიმს და იქიდან გამოსულს გახურებულ შუბლზე ცივი წვეთი დაგეცემა, ხომ საერთოდ... ეს დღემდე გრძელდება?
- ჰო, მიყვარს, ხოშიანია, ძალიან მაგარი. ჩემი საქმე უფრო მეტად შემიყვარდა. ნელ-ნელა მეც შევდივარ იმ სამყაროში, რასაც მსახიობობის ოსტატობა, პროფესიაზე ფიქრი და გამოცდილება ჰქვია. გამიჩნდა სურვილი, რამე ძალიან რთულს შევეჭიდო. ძალიან რაც მინდოდა, სპექტაკლში ვარ დაკავებული. დანარჩენი სამი-ოთხი სხვადასხვა მიზეზის გამო რეპერტუარში აღარ არის. ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ უსერიოზულეს როლზე. უბრალოდ, ვერ გეტყვი, ვინ დგამს და სად.
- ამ ყველაფრის გარდა, აქტიური ხარ სოციალურ ქსელში. დიდ დროს ატარებ ''ფეისბუქში''?
- ჰო, ვერთობი (იღიმის). ჩემს აზრს პოსტების სახით ძირითადად ნასვამი ვწერ. მომწონს, რომ მერე ამას, ზუსტად ვიცი, 2500 კაცი კითხულობს. ზოგი ალაიქებს, ზოგი - არა. უკვე ვიცი, რა კატეგორიის ხალხი მილაიქებს სტატუსებს. ვიცი, ვინ რა მუსიკას უსმენს, ვის რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, შემოქმედებითი მასტია თუ არა... ძალიან მაგარი პონტია ''ფეისბუქი'', ყველაფერს გაიგებ. ხოშიანია ადამიანებთან უხილავი ურთიერთობები. მომწონს, რომ სხვადასხვა გემოვნების ადამიანს ვესაუბრები ჩემი განწყობის მიხედვით. თუ ვინმე პოლიტიკოსზე ვარ გაბრაზებული, აუცილებლად ვწერ, იმიტომ, რომ არავის და არაფერს ვერიდები. თუ რამე მომწონს, ამასაც პირდაპირ ვამბობ. თუ კარგ ხასიათზე ვარ, იუმორის მომენტები ჭარბობს და ასე. იმ დღეს წავიკითხე, რომ ვასო ფხაკაძემ ცოლი მოიყვანა. ეს ამბავი ყველამ დადო თავის გვერდზე. ჰო, გავიგეთ, რომ ვასო ფხაკაძემ ცოლი მოიყვანა, რა მერე?! რატომ შე..ცით, სხვას არ მოუყვანია (იცინის)?!
- პოლიტიკოსებზე რატომ ბრაზდები?
- ძალიან ვბრაზდები. ''ადნაზნაჩნად''ასე დაწერე, რომ პოლიტიკოსები ნაძირალა ხალხია. ვინც იყო, არის და იქნება. არავინ მომწონს, არ მყავს კერპი და ჩემი გადასახედიდან, ესენი არიან აბსოლუტური თაღლითები.
- არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალა ან კონკრეტული ადამიანი არ იმსახურებდა შენს სიმპათიას?
- ამ ხნის განმავლობაში, რაც დავიბადე და რაც მიტინგები იმართება?! ალბათ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია. ისინი მართლა იყვნენ აღტკინებული საქართველოს ბედ-იღბლითა და ჩვენი ეროვნული პრობლემებით. მას შემდეგ ყველაფერი ტყუილებში გადავიდა. ლიდერებმა რწმენა დაუკარგეს ადამიანებს. ახლაც არაფრით ვარ აღფრთოვანებული. მარაზმებს სჩადიან. არც მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ დილით დედაჩემს ტელევიზორი სულ ჩართული აქვს და მინდა თუ არა ვისმენ, სულ ნეგატიური ინფორმაცია მოდის. ეს ხალხს წამლავს. გამოვიქცევი თეატრში, აბა, რა იქნება?!!
- მინდა შენს სიმპათიებზეც გკითხო, ქალბატონებს ვგულისხმობ: შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი, სკარლეტ იოჰანსონი...
- ჰო, ასე ბევრი მიყვარს. მოდელები არა, ძირითადად ''აქტრისები'', რომლებიც ძალიან მაგრად ასრულებენ როლებს. მათ გარდა ''ფეისბუქზე''დიკაპრიოს ფოტოც მიდევს.
- მახსოვს, ძალიან განიცადე, მას ''ოსკარი''რომ არ გადასცეს...
- ჰო, მაგარი ბიჭია და ჩემი აზრით, მსოფლიოს ეგეთი მსახიობი თანამედროვე დროში არ ჰყავს. ''ფეისბუქის''გარდა, ლამაზ ფოტოებს ვაგროვებ და ვაკრავ საგრიმიოროს მაგიდასთან. ბუნება, ლამაზი ქალები, მე აქ ასეთი სამყარო მჭირდება. ''ოსკარის''ფოტოც მაქვს. როგორ შეიძლება, მსახიობს მისი მოპოვება არ უნდოდეს. მგონია, თუ იშრომებ, ძალიან ადვილია ''ოსკარის'' მოპოვება. ძალიან ბევრი მსახიობის ბიოგრაფია მაქვს წაკითხული. თითქმის არავის უთქვამს, რომ ნიჭიერია, ყველა ამბობს, რომ წარმატებას შრომით მიაღწია. მე ეს ნიჭი ჩემში გამოვიმუშავე. ფეხი-ფეხზე გადადებით არაფერი მიდის, ამას ''პოლნი''შრომა სჭირდება. გავსუქდი სმითა და უსაქმურობით, მაგრამ ახლა ვვარჯიშობ და აი, ნახავ, 6 თვეში ''ვაფშე''სხვა ვიქნები.
- ნიკა, ამ ეტაპზე შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?
- პროფესიაზე ვფიქრობ. არაფერი მაკლია, მეგობრები, წადი-წამოდი, ქეიფი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჩემთვის პროფესიული წინსვლაა. დავფიქრებულვარ იმაზეც, რომ ენა ვისწავლო კარგად და შეიძლება, აქედანაც წავიდე, მაგრამ აქ თუ სხვაგან, მინდა, რაღაც დიდი გავაკეთო. რამდენად შემეწყობა ხელი და რა იქნება ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფრის დიდი რწმენა მაქვს.
- მომავალი სეზონიდან სიახლეებს ველით...
- იცი ალბათ, რომ რობერტ სტურუა პოლიკარპე კაკაბაძის ''სამ ასულს''დგამს და მერე დაიწყებს ''ვეფხისტყაოსანზე''მუშაობას.
- ''ვეფხისტყაოსნის''დადგმას დიდი ხანია გვპირდება...
- ჰო, მაგრამ ეს ეგრე ადვილი არ არის. ''ვეფხისტყაოსნის''განხორციელებას ძალიან დიდი ხანი სჭირდება. სცენური ვერსია როგორი უნდა იყოს, ვერც კი წარმომიდგენია. როგორ გააკეთებს, არ ვიცი, ეს იცის მხოლოდ სტურუამ...
ჟურნალი ''რეიტინგი''
ანა კალანდაძე




















