- მარიამ, როგორ აღმოჩნდი კანის 67-ე ფესტივალზე?
- სანამ ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომელიმე
ბევრს ეშლება და მინდა განვმარტო, ''დინოლა'' ჩემი 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, პროექტის ნაწილი. ''დედე'' სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება და ვინაიდან მე გამოუცდელი, დამწყები რეჟისორი ვარ, რახან ''დედეს'' ვერ ვიღებდი, გადავწყვიტე, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამეკეთებინა და მერე საბოლოო ვერსია. დღემდე ''დინოლა'' არაერთ ფესტივალზე წარმოადგინეს, მათ შორის ჰონკონგში, შვეიცარიაში, ასევე კლერმონ-ფერანის ''ა'' კლასის ფესტივალზეც.
კანში ყოფნის დროს მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა ვალტერ სალესმა მსოფლიოს ათი ქვეყნის წარმომადგენლებს მასტერკლასები ჩაგვიტარა. ასევე შევხვდით რამდენიმე ქვეყნის წარმატებულ პროდიუსერებს. სანამ კანში ჩავიდოდით, მათ უკვე წაკითხული ჰქონდათ ჩვენი პროექტები, ანუ იქ უკვე იცოდნენ ''დედეს'' შესახებ და ამის განხილვა მიმდინარეობდა.
- მოდი, ჯერ ''დინოლაზე'' ვისაუბროთ...
- ''დინოლა'' მიწვეულია არაერთ ფესტივალზე, მათ შორის ნორვეგიაში, იტალიაში, პარიზში, მაროკოში. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი შარშან მარტში გადავიღეთ. მოგიყვებით ფილმის თემას: უწინ სვანეთში, ქალი როცა დაქვრივდებოდა, ხელმეორედ ათხოვებდნენ. შვილს ტოვებდა გარდაცვლილი ქმრის ოჯახში, ანუ მისი თან წაყვანის უფლება არ ჰქონდა. ბებიაჩემი ხუთი წლის იყო, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დილით რომ გაიღვიძა და დედა საწოლში არ დახვდა, ფეხშიშველი გავარდა გარეთ მის საძებნელად. ბებიამ ეს ამბავი რომ მიამბო, ჩემთვის შოკი იყო. სვანეთში რომ გავიკითხე, ასე იძულებით ბევრ დედას დაუტოვებია თავისი შვილი. მოგვიანებით გადავწყვიტე, ამ თემაზე ფილმი გამეკეთებინა. ჯერ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდოდა, დავწერე სცენარი ''დედე'', რომელიც საქართველოში წლის საუკეთესო სცენარად დასახელდა და 2012 წელს ლიტერატურული პრემია ''გალაც'' მოიპოვა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ''დინოლა'', ანუ ''დედეს'' ნაწილი. ''დედეში'' უფრო მეტად იქნება გაშლილი ეს თემა, სადაც სვანეთში ქალის ცხოვრების ისტორიები აისახება.
- ანუ შენს ფილმს ბებიას ოჯახური ამბავი დაედო საფუძვლად. მაინტერესებს, დედის გათხოვების შემდეგ ბებია ვინ გაზარდა?
- ბებია თავის ნახევარძმასთან გაიზარდა, მამის მხრიდან. დედას იშვიათად, თითქმის ვეღარ ნახულობდა. ერთხელ, როცა მას შვილი თავისი მეორე ქმრის ოჯახში წაუყვანია, მოერიდა სახლში შეყვანა, თუ რა იყო, არ ვიცი, პატარა გარეთ დაუტოვებია - ჭიშკართან. ბებიაჩემს ეტყობა საკმაოდ დიდხანს მოუხდა გარეთ ყოფნა. ციოდა, თან ღამე ყოფილა და ბებია მიყვებოდა, ძალიან მეშინოდა, მგლები არ მოსულიყვნენო. საერთოდ, ასეთი ბავშვები იშვიათად ნახულობდნენ დედებს, თუ შეხვდებოდნენ, განშორება უჭირდათ და ასეთ შეხვედრას ალბათ დედებიც გაურბოდნენ. იყო შემთხვევებიც, როცა უკვე წამოზრდილი ბავშვი მშობელს ვერც კი ცნობდა. ეს სასტიკი წესი იყო უწინ სვანეთში. ფილმის კეთების დროს მე არ განვიხილავ ამ ტრადიციებს, ანუ არ ვცდილობ გადმოვცე კუთხის ცუდი და კარგი მხარე. არც მინიშნებებს ვაკეთებ, უბრალოდ მინდა, რომ ეს ყველაფერი ფირზე აღიბეჭდოს და აისახოს სვანეთის წარსული, წესები, ტრადიციები და არსებული რეალობა.

- ბებიამ ნახა ეს ფილმი?
- ვაიმე, კი (იღიმის). დაახლოებით ორი თვის წინ ვაჩვენე. თავიდან მკითხა, ეს ბავშვი მე ვარო? და მერე ძალიან ბევრი იტირა. ერთადერთი პრეტენზია ის ჰქონდა, რომ ჩემს ფილმში იმ სცენაში, სადაც დედას გაეტირება და მისდევს, ბავშვს წინდები აცვია. ბავშვი ვერ გავიმეტე, თოვლში წინდის გარეშე ყოფილიყო. ბებიამ კი მითხრა, წინდები რატომ აცვია, მე დედას ფეხშიშველი მივდევდიო.
- შენი ოჯახი როგორ ხვდება შენს წარმატებას?
- ჩვეულებრივად. ჯერჯერობით დიდი წარმატება არ მაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედაჩემისა და მამაჩემის დამსახურებაა, დღეს თუკი რამეს ვაკეთებ. ყოველთვის იმედიანად ვარ განწყობილი. ვიღაცისთვის შეიძლება წარმოუდგენე ლია, მაგრამ მე ''ოქროს პალმის რტოს'' აღების იმედიც მაქვს (იცინის).
- ''დედეს'' გადაღება როდის იგეგმება?
- სრულმეტრაჟიანი ფილმი საათ-ნახევარი ან ცოტა მეტი იქნება, სვანურ ენაზე. ის მოიცავს წელიწადის ოთხ სეზონს. მინდა, ფილმში ისე ვაჩვენო სვანეთის ცხოვრება, როგორც რეალობაშია. ამის გამო ფილმს დოკუმენტური სახეც ექნება. მინდა, ადამიანებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, როგორ ცხოვრობენ სვანეთში. მე უშგულში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ეს კუთხე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ იქ ურთულესი ცხოვრებაა, სვანეთი ჩემთვის სამოთხეა. ის სულ სხვა სამყაროა. ზამთარი 8 თვეს გრძელდება, გზა იკეტება, ყველაფერი ერთფეროვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხს იქიდან წამოსვლა მაინც არ უნდა. ფილმშიც ასე იქნება. ვფიქრობ, პროფესიონალ მსახიობებს ცოტას მოვიწვევ და რეალურ გმირებს ვათამაშებ. ფილმი მაღალბიუჯეტიანია, დაახლოებით რვაასი ათასი ევროა საჭირო. ჩვენმა კინოცენტრმა წელს გამოგვიყო თანხის ნაწილი, დანარჩენ გრანტს საზღვარგარეთ მოვიპოვებთ. ნაწილს პოლონეთშიც გამოგვიყოფენ, დანარჩენი შემოთავაზებებიდან კი არჩევანს უკვე ჩვენი ფილმის პროდიუსერი გააკეთებს. გადაღებები მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება. წელს ზაფხულში შერჩევა გვექნება.
- მარიამ, წელს კანის ფესტივალზე, ისევე როგორც ყოველ წელს, მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები იყვნენ ჩასული...
- დიახ. ფესტივალზე ყოველ კინოჩვენებას ესწრებიან ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. მათთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების საშუალება გაქვს. როცა ჩვენი ჯგუფი მოხვდა წითელ ხალიჩაზე, ძალიან მალე მოვიდა კეიტ ბლანშეტი.
ეს ფესტივალი სხვებისგან განსხვავებულია მასშტაბით, ტრადიციებით და სტანდარტებითაც. მომწონს ის ოფიციალური მხარეც, რომ აუცილებელია დრეს-კოდის დაცვა. მამაკაცები - კოსტიუმებში, ხოლო ქალები - საღამოს კაბებში არიან გამოწყობილი. ერთხელ, ფეხზე დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და არ შემიშვეს (იცინის). თბილი ტანსაცმელი წაღებული არ მქონდა და საღამოს გაყინული ვბრუნდებოდი სასტუმროში. საერთოდ, უმეტესობა ასეა, სასტუმროებში ყველა გაყინული ბრუნდება და მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებით გადაღლილები ფეხზეც კი იხდიან (იღიმის).
- სოფი ლორენმა გახსნა ''კანის კლასიკის'' სექცია, სადაც ელდარ შენგელაიას ''ცისფერი მთები'' საუკეთესო ოცეულში დასახელდა. ნახე ეს მსახიობი?
- დიახ, სოფი ლორენი ვნახე, მაგრამ კანის კლასიკის ჩვენებას არ დავსწრებივარ. მე ძირითადად იმ ფილმების ჩვენებებს ვესწრებოდი, რომლებიც მთავარ კონკურსზე მოხვდა. სხვას ვერც მოვასწრებდით, რადგან დილის 9 საათიდან საღამომდე შეხვედრები გვქონდა და ეს შეუძლებელი იყო.
- რომელიმე ცნობილ მსახიობსა და რეჟისორთან ხომ არ გადაგიღია ფოტოები?
- ბევრი ფოტო მაქვს რეჟისორ ვალტერ სალესთან ერთად გადაღებული, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე არავისთვის გადამიღია ფოტო და არც ის ტიპი ვარ, ვინმესთან მივიჭრა და მასთან ერთად ფოტოს გადაღების ნებართვა ვითხოვო. მეუბნებოდნენ, ბლანშეტს ფოტო გადაუღეო, მაგრამ ასე არ შემიძლია, არ მაქვს ამის მუღამი (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















