01 ივნისი, 2013
„თუ გინდა , დიდი ფეხბურთი ითამაშო , ახალგაზრდობა უნდა შესწირო“
აქვე გეტყვით, რომ ხუთი წელია, ბატონი ბიძინა ვეტერან „დინამოელებს“ პენსიას გვიხდის. ის რომ არა, ამ ქვეყანაზე არ ვიქნებოდით. არ ვიცნობდით, შეხვედრა გვინდოდა მადლობის სათქმელად, მაგრამ არ ისურვა, მიყვარს ეს ბიჭები და პატივს ვცემო.
ვახტანგ ქორიძეს სასაუბროდ „დინამოს“ სტადიონზე შევხვდით. ოთახში მასთან ერთად მისი მეგობარი რომან რამიშვილი იმყოფე¬ბოდა. ჩვენს საუბარს შემოსწრებულმა გაგვიმხილა, რომ ვეტერანი „დინამოელი“, მეტსახელად „ტუხა“, ფილიმონ ქორიძის, იმავე წმინდა ფილიმონ მგალობლის შთამომავალია. ქართველი საო¬პერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფოლკლორისტი და ლოტბარი ფილიმონ ქორიძე იტალიაში „ლა
სკალაში“ მღეროდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. ეს ამბავი თავად რატომ არ მითხარით-მეთქი, ვუსაყვედურე ფეხბურთელს. მაგას არ ვიტყვი, მერე მეტყვიან, შენ რატომ არ მღერიო, _ გაეცინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ვახტანგ ქორიძე თავადაც მღერის და იტალიური სიმღერის დიდი თაყვანისმცემელია...
„თუ გინდა , დიდი ფეხბურთი ითამაშო , ახალგაზრდობა

- წარმოშობით გურული ვარ. მამაჩემი სოფელ გამოჩენილიდან იყო, ხოლო დედა - ნაკადულიდან. დავიბადე ბათუმში 1949 წლის 16 დეკემბერს, თუმცა პასპორტში დაბადების დღედ 24 რიცხვი მიწერია. ამის მიზეზი ის არის, რომ დიდი თოვლის გამო ჩემი დაბადების დარეგისტრირება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მოხერხდა. ბათუმში ერთ-ერთ უბანს ბონი ჰქვია. იქ ხელბურთელების სტადიონზე, მაპატიეთ და, ბავშვობაში სულ „ტრუსიკით“ დავრბოდი. მზეზე ისე ვშავდებოდი, რომ ზანგსა და მე ერთმანეთისგან ვერ გაგვარჩევდი. კანის ფერის გამო „შავტუხას“ მეძახდნენ. ბოლოს „შავ“ მოაცილეს და „ტუხა“ შემრჩა. დღეს ბათუმში რომ ჩახვიდე და ვახტანგ ქორიძე იკითხო, შეიძლება ვერ მიხვდნენ, რომ ჩემზეა ლაპარაკი. ყველა ტუხა ქორიძით მიცნობს.
- დედმამიშვილი თუ გყავთ?..
- ერთი ძმა მყავდა, 1978 წელს დაიღუპა. მშობლებიც წასული არიან ამ ქვეყნიდან. 1966 წელს დავამთავრე ბათუმის #14 საშუალო სკოლა. ფეხბურთელი ვიყავი და წამიყვანეს ბათუმის „დინამოში“. 1966-1974 წლებში ბათუმის „დინამოში“ ვთამაშობდი, ხოლო 1975 წლის 1-ელ იანვარს თბილისის „დინამოში“ გადმომიყვანეს, სადაც მე და ვიტალი დარასელია ერთად მივედით.
- ალბათ მამას ინიციატივა იყო, რომ ფეხბურთზე გევლოთ...
- დიახ, მამას უყვარდა ფეხბურთი, ბავშვობაში თავადაც თამაშობდა. ისევე, როგორც ჩემი ძმა. მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამოში“ გადმოვედი, თბილისში ბინა მომცეს და ერთი წლის შემდეგ ოჯახიც გადმოვიყვანე. ჯერ დიღომში ვცხოვრობდი, როცა გავმრავლდით და ორი შვილი შემეძინა, საბურთალოზე მომცეს ბინა. მაშინ ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას აქცევდა მთავრობა და ხალხი. ჩემი ცოლი მესამე ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, მაგრამ თურმე კაცი ყველაფერს იტანს...
- სპორტსმენს განსაკუთრებული დღის გრაფიკი აქვს. რთული არ იყო სულ რეჟიმში ცხოვრება?
- რა თქმა უნდა. სპორტს, განსაკუთრებით ფეხბურთს, მკაცრი რეჟიმი აქვს, თუ ფორმაში არ ხარ, ვერ ითამაშებ. თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე ვიყავით „ჩაკეტილი“ და ასე ხდებოდა წელიწადში 300 დღე. თავისუფალი დღეები ცოტა გვქონდა, თამაშის შემდეგ სახლში მივდიოდით და მეორე დღეს 12 საათზე ისევ „სბორები“ იწყებოდა. თუ გინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშო, სპორტს ახალგაზრდობა უნდა შესწირო. ფეხბურთელს მოედანზე გასვლა უნდა გსიამოვნებდეს, ესაა ნამდვილი ფეხბურთელობა.
- სულ რამდენი წელი გაატარეთ მოედანზე?
- რვა წელი - ბათუმის „დინამოში“ და შვიდი - თბილისში.
- წარმატებული თამაში ბევრი იყო, გაიხსენეთ შეხვედრა, რომელზეც გული გწყდებათ...
- 1979 წელს ლივერპულს მოვუგეთ და იმავე წელს, ერთი თვის შემდეგ, ჰამბურგთან თამაშისას წავაგეთ. ამაზე გული ძალიან დაგვწყდა, მაგრამ რას ვიზამთ?! უდიდესი სიხარული იყო, როცა 1976 წელს საბჭოთა კავშირის თასი ავიღეთ, 1977 წელს - მეორე ადგილი, 1978 წელს ჩემ-პიონები გავხდით, 1979 წელს კიდევ ერთი თასი მოვიპოვეთ. შემდეგ ამას მოჰყვა თასების მფლობელთა თასი. ის წლები „დინამოს“ აღმავლობა და, შეიძლება ითქვას, „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო.
- გარდა ფეხბურთისა, რა გიტაცებდათ?
- სიმღერა და ცეკვა. იტალიური სიმღერების ფანი, გიჟი ვიყავი. ერთხელ იტალიაში სან-რემოს ფესტივალის მსვლელობისას მოგვიწია ყოფნამ. როცა იტალიაში ეს ფესტივალი იმართება, ქუჩაში ვერავის ნახავ, ყველა ზის და სიმღერებს უსმენს, თავად შევესწარით ამ ფაქტს. რაც შეეხება ცეკვას, ქართული ცეკვა ისტორიაა, ხელოვნება. როცა დრო მქონდა, ყოველთვის ვესწრებოდი სუხიშვილების კონცერტს. მეც სულ ვცეკვავდი.
- ბავშვობაში ცეკვაზე დადიოდით?
- არა, არ მივლია. ჩემს ბავშვობაში სად იყო ამის საშუალება. 1962 წელს, ხრუშჩოვის პერიოდში, საშინელი შიმშილობა იყო საქართველოში. ხალხი პურის რიგში კვდებოდა. თან იცით, როგორი შავი პური იყო?! ტალახივით, წებოსავით, ხელი რომ მოგეჭირა, მუჭისხელა ხდებოდა.
- მღერით?
- ხანდახან. გურულები ყველანი ვმღერით, გააჩნია, ვინ როგორ (იღიმის).
- „დინამოში“ კიდევ ვინ მღეროდა?
- მოყვარულის დონეზე ბევრი მღეროდა. სიმღერა ყველას გვიყვარდა და სულ ვუსმენდით. ვერსად დავდიოდით, ინსტიტუტში ლექციებს არ დავსწრებივართ, არ გვქონდა ამის დრო. ბაზაზე მიგვქონდა წიგნები და იქ ვმეცადინეობდით. ფიზკულტურის ინსტიტუტი და უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.
- „დინამოს“წევრებს ინსტიტუტში გექნებოდათ პრივილეგიები...
- რა თქმა უნდა, გვქონდა. შეიძლება, თამაშების გამო გამოცდაზე ვერ მივსულიყავით და გადაგვივადებდნენ ხოლმე. არ იყოს ამის პრო-ბლემა. - ალბათ გექნებოდათ სხვა ქვეყანაში დარჩენის შანსი...
- საქართველოს გარდა ნაღდად არსად ვიცხოვრებდი. არგენტინაში თუ სხვაგან, გვქონდა დარჩენის შანსები, მაგრამ მაშინ სხვანაირი წყობა იყო. არ შეიძლებოდა, შენ თუ არა, ოჯახის რომელიმე წევრს გააციმბირებდნენ. ვთამაშობდით ჩვენთვის წყნარად და კარგად. 1975-1981 წლებში თბილისის „დინამოს“ყველაზე კარგი შედეგები ჰქონდა.
- და „დინამოს“მაშინდელ წარმატებას უკვე წლებია მისტირისქართველი ხალხი. თქვენი აზრით, დაბრუნდება ის დრო?
- აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. არ შეიძლება, ტალანტები არ გაიზარდონ, მაგრამ დღეს საამისო პირობები არ არის. ხალხს უჭირს, ყველაფერი ფასიანია და ბევრ მშობელს შვილი ფეხბურთზე ვერ შეჰყავს. ქვეყანა რომ დალაგდება, ფეხბურთი აუცილებლად აღორძინდება. ჩვენ დაახლოებით 12 წელი დაგვჭირდა, რომ კარგი გუნდი გვქონოდა. ყველაფერი უცებ არ ხდება, დრო სჭირდება. ხალხი რომ დადგება ფეხზე, მერე სპორტსაც მიხედავენ. დღეს ხალხი მშიერია ქუჩაში, უამრავი ლტოლვილია და საქართველოს ბიუჯეტი ყველაფერს ვერ სწვდება. 5-10 წელი მაინც სჭირდება ამას. ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, სამ-ოთხ წელიწადში ერი აღარ ვიქნებოდით. აქვე გეტყვით, რომ ხუთი წელია, ბატონი ბიძინა ვეტერან „დინამოელებს“ პენსიას გვიხდის. ის რომ არა, ამ ქვეყანაზე არ ვიქნებოდით. არ ვიცნობდით, შეხვედრა გვინდოდა მადლობის სათქმელად, მაგრამ არ ისურვა, მიყვარს ეს ბიჭები და პატივს ვცემო. ახლა ოქტომბერში სააკაშვილი წავა და ერი აღმავლობის გზაზე დადგება.
- ბატონო ვახტანგ, თუ გიფიქრიათ, რომ არა ფეხბურთი, რა პროფესიას გაჰყვებოდით?
- ეს ძალიან რთული სათქმელია, შეიძლება გამოვსულიყავი ინჟინერი, მოქეიფე კაცი ან ქურდი. ყველა ადამიანის ბედს ღმერთი წყვეტს.
- შვილები? რომელიმე ხომ არ თამაშობდა ფეხბურთს?
- ოთხი შვილი მყავს... გელა თამაშობდა. სამი გოგონაა - თამარი, ნინო და მარიამი. მარიამი მესამე მეუღლესთან, მაია ბერიკაშვილთან შემეძინა და ის ახლა ექვსი წლისაა. ანგელოზის გაჩენა არ უნდა დააკლო ქვეყანას. მარტო ვერ ვიცხოვრები, ამდენ ხანს მკვდარი ვიქნებოდი. პირველი მეუღლე და ბავშვი რომ დაიღუპნენ, ოთხი წელი ჭიქისთვის ხელი არ გამიშვია, ყოველდღე ვსვამდი. რომ არ დამელია, მოვკვდებოდი. კაცი რომ თვრები, ტკივილი გავიწყდება. ცხოვრებაში ბედი უნდა გქონდეს. კი, ფეხბურთში ნაღდად გამიმართლა, თბილისის „დინამოში“მოხვედრა ძალიან რთული იყო, მაგრამ ცხოვრებაში დავიჩაგრე. ჯერ ძმა გარდამეცვალა, 1982 წელს ვიტალი დარასელია დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ის კორპუსში ჩემ მეზობლად ცხოვრობდა. 1983 წელს ცოლი და ბავშვი დამეღუპა. ამის გადატანა რთულია, ადამიანი ჯანმრთელი თუ არ ხარ, შეუძლებელია, ამას გაუძლო. ვსვამდი, მერე ბიჭებმა მთხოვეს, აღარ დამელია. სასმელს ნელ-ნელა გადავეჩვიე და ახლა საერთოდ არ ვსვამ, იშვიათად შეიძლება დავლიო, მხოლოდ ერთი ბოთლი. თავის შეკავება რთულია, ნებისყოფა უნდა გქონდეს.
- ალბათ მეგობრები გედგნენ მხარში, მაგრამ უპირველესად ეს მაინც თქვენი გადასაწყვეტი იყო, ადამიანი საკუთარ თავს ეუბნება „არას“...
- რა თქმა უნდა, მეგობრები სულ შენ გვერდით ვერ იქნებიან. როცა მარტო რჩები, წახვალ და დალევ. როცა მივხვდი, რომ უკვე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, დალევა შევწყვიტე. სხვათა შორის, ჩვენი, ფეხბურთელების ისტორიები „ანტიკვარულია“, რასაკვირველია, ყველაფერს ვერ მო-ვყვებით, მაგრამ თბილისის „დინამოს“წევრებზე ერთი დიდი წიგნის დაწერა შეიძლება. საზღვარგარეთ სიარული, სიხარული თუ სხვა ამბები „დინამოს“ყველა თაობას აქვს გასახსენებელი. ჯერ მარტო ის სიხარული რად ღირს, როცა 1981 წელს თასების მფლობელთა თასი ავიღეთ, ომის მოგების ტოლფასი მოვლენა იყო. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გორგოძემ აღნიშნა, რომ იმ საღამოს საქართველოში ერთი დანაშაულიც არ მომხდარა. არც ბინა გაუტეხიათ, არც ვინმე დაუყაჩაღებიათ, მხოლოდ რამდენიმე ავარია მოხდა. ხალხს სტადიონის შემოსასვლელები გაუხსნეს, ტევა არ იყო, შემოვიდნენ ღვინით და ქეიფობდნენ.
- თქვით, რომ თითოეულს „ანტიკვარული“ამბები გაქვთ. წლების განმავლობაში რამეს ხომ არ იწერდით?
- არა, არ ვწერდი, მაგრამ აქედან ვერ წაშლიო, ხომ გაგიგონიათ?! (ხელს თავზე იდებს, - ავტორი).

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS