„პალიტრა ტვ“-ს, „ინტერპრესნიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ ჟურნალისტი გოგა ბერიძე მრავალაქცია გამოვლილი ჟურნალისტების კატეგორიას ეკუთვნის, მაგრამ 17 მაისის აქციამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ლგბტ პირების წინააღმდეგ გამართული აქციის წევრები არა მხოლოდ თავად ლგბტ პირებსა და უფლებადამცველებს, არამედ ჟურნალ
- 18 წელია ჟურნალისტი ვარ, მათ შორის, 8 წელია ,„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ვარ, მერე დაგვემატა რადიო და „პალიტრა ტვ“. თუნდაც ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც კი აქცია ყოფილა, ხელისუფლების ცვლილების თუ სხვა მოთხოვნით, ყველა მათგანზე ვმუშაობდი, როგორც რეპორტიორი. როდესაც ჟურნალისტები ზოგიერთი მიტინგის დარბევის შემდეგ იარებს ითვლიდნენ, მე უვნებელი გამოვდიოდი, თუ ერთი-ორ მუჯლუგუნს არ ჩავთვლი. ეს მუჯლუგუნები არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ აქციის რიგით მონაწილეებსა და პოლიტიკოსებსაც მოხვედრიათ. მინდა აღვნიშნო, რომ აქციებზე პოლიცია ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას გვაქცევდა, ვინაიდან იცოდნენ, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, აქციებზე ვმუშაობდით და არ წარმოვადგენდით არც ერთ მხარეს. ვმუშაობდი ავადსახსენებელ 17 მაისსაც. თავდაპირველად ყოფილი პარლამენტის წინ მივედი, სადაც ჭინჭრიანი ქალბატონები, სასულიერო პირები და აქციის სხვა მონაწილეები დამხვდნენ. ყოფილი პარლამენტის კიბეები დაკავებული ჰქონდა ბასილ მკალავიშვილს და სხვა სასულიერო პირები უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამდნენ, რომ მამა ბასილმა მათ დაასწრო და კიბეები თავად დაიკავა. ჩავწერე ორი ქალბატონი, სხვა ჩემი კოლეგები სასულიერო პირებს წერდნენ, ამიტომაც მე აქციის მონაწილეებთან უნდა მემუშავა. დავუსვი ქალბატონებს კითხვა, რატომ იყვნენ ჭინჭრებით მოსულები. ისეთი რამ მიპასუხეს, თანაც სერიოზულად, რომ ყველანაირად ვეცადე, არ გამცინებოდა და თავად არ მომხვედროდა ის ჭინჭარი. მიპასუხეს, რომ ჭინჭარი არის სამკურნალო მცენარე, ბევრ დაავადებას შველის და აუცილებლად უშველის იმ ავადმყოფებსაც, რომლებიც აქციის გამართვას აპირებდნენ, ამიტომ ჭინჭარს დაუშენდნენ მათ ერთ ადგილას, იმ ადგილებსაც ეშველებოდა და მათ ფსიქიკასაც. ამის შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ყოფილი საკრებულოსა და მერიის წინ იგეგმებოდა დაპირებული ფლეშმობის გამართვა. თავისუფლების მოედანთან პოლიციის დიდი კორდონი დამხვდა. პოლიცია ატარებდა ჟურნალისტებს გარდა სამოქალაქო პირებისა და მეორე აქციის მონაწილეებისა. ერთი კორდონი გავიარე, შემდეგ მეორე და მესამე. ყველა იმ ქუჩაზე და პროსპექტზე, რომელიც თავისუფლების მოედნისკენ მიდიოდა, პოლიცია მობილიზებული იყო. მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლების მოედანზე და პუშკინის სკვერში იყვნენ, წარმოადგენდნენ ლგბტ პირებს, რადგან მათ გარდა იქ ვერავინ მოხვდებოდა. მათ შორის იყვნენ ლესბოსელებიც, გეებიც, უფლებადამცველებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათთან ახლოს რომ მივედი, ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორსაც ამ საკითხებში კარგად გარკვეული ადამიანები გააკეთებდნენ. მინდოდა მათი ჩაწერა, მაგრამ არქივში შემონახული მაქვს ორი კადრი, რომ ვიწყებ ინტერვიუს ჩაწერას და ამ დროს ისინი გარბიან. პოლიციელებმა იყვირეს, ყველანი წამოდით და ავტობუსში ჩასხედითო. უამრავი ადამიანი დაიძრა ავტობუსებისკენ და ვეღარ გაარჩევდით, სად იყო ლგბტ პირი და სად მისი უფლებების დამცველი. რომ გავიხედე რუსთაველისკენ, უკვე კორდონი გამორღვეული იყო და ხალხი ჩვენკენ გამორბოდა.
- არ შეგეშინდა?
- არასდროს არაფრის მეშინია, რადგან ყოველთვის შეიარაღებული ვარ ჟურნალისტის ატრიბუტებით, დიქტოფონით, კამერით და ა.შ. დარბევებისა და აქციების დაშლის დროს ხიფათი არ შემქმნია. თანაც, მე მეცვა მაისური წარწერით „რადიო პალიტრა“. ეს, რასაკვირველია, მიანიშნებდა იმას, რომელ მედიასაშუალებას წარმოვადგენდი. მხარე არ გახლდით და არც მაინტერესებდა ეს. რეალობას აღვწერდი და ვერთვებოდი რადიოში, გადმოვცემდი ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“. მაგრამ იქ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. სხვათა შორის, ჩემი კოლეგებისგან მოვისმინე, რომ სამი სასულიერო პირი ავტობუსში ლგბტ პირებთან ერთად აღმოჩნდა, რადგან ისინი გადაეფარნენ მათ და უთხრეს მეორე აქციის მონაწილეებს, ჯერ მე ჩამქოლეთ და მერე ესენიო. სულიერებისა და მორალის თვალსაზრისით მოიქცნენ ასე... მე თან მქონდა მიკროფონი -ეს არის შავი ღრუბელი, ზედ კი „პალიტრა ტვ“-ს ლოგოა გამოსახული, პალიტრის სხვადასხვა ფერით. ერთ-ერთმა იქ მყოფმა ჩათვალა, რომ ეს იყო ლგბტ ჯგუფის მიკროფონი. ამას დიდი რეაქცია მოჰყვა, რატომ აშუქებენ ამ აქციასო. მერე მიხვდნენ, რომ „პალიტრა“ იყო და ბოდიშიც მოიხადეს.
მეორე ინციდენტი და ძალიან მტკივნეული ჩემთვის იყო ის, რომელზეც ახლა მოგიყვებით. რომ არა პოლიცია, მე ძალიან სერიოზულად დავზარალდებოდი. თავისუფლების მოედანზე გახლდით, როდესაც მომაწოდეს ინფორმაცია, კოლმეურნეობის მოედანზე დიდი დარბევააო. ფეხით ჩავუყევი, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობდა. როცა ვაჩნაძის ქუჩას ჩავუყევი, დავინახე შემდეგი სურათი -პოლიცია ცდილობდა, ხალხი ტროტუარზე გადაეყვანა, მაგრამ ამ ქუჩაზე, როგორც მივხვდი, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამის გამო იქ არათუ ტრანსპორტით, ფეხით გავლაც კი გაძნელებული იყო. ვაჩნაძის 7 ნომერს, როგორც ხმა გავრცელდა, რამდენიმე ლგბტ პირმა შეაფარა თავი. პოლიციამ მოახერხა, მოპირდაპირე მხარეს მოხვედრილიყო. აქვე აღმოვჩნდით მე, პოლიციელები და „ფორტუნას“ ჟურნალისტი, ხატია კალანდაძე, რომელსაც თავი გაუტეხეს. პოლიციის კორდონი ძალიან შეკრული იყო, მე ამ კორდონთან ვიდექი, ჩემ უკან ხატია და მის უკან უამრავი ხალხი. ხატიას უკვე ხმაც აღარ ამოსდიოდა, ვიგუდები, ცუდად ვარო. პოლიციელს ვთხოვე, როგორმე გავარიდოთ ეს გოგო ამ ამბავს-მეთქი, მხარს ვერ ვუქცევდით ერთმანეთს, ისეთი ჭყლეტა იყო. ბოლოს პოლიციამ იმარჯვა და ორივე კორდონს იქით გადაგვიყვანა. ასე აღმოვჩნდით გასუფთავებულ საგზაო მონაკვეთზე, მაგრამ ვეღარც ქვემოთ მივდიოდით და ვეღარც ზემოთ.

ტერიტორიის დატოვების საშუალება არ გვქონდა. ქვევიდან პატრულის მანქანა მოგვადგა, რომ ვაჩნაძის 7 ნომერში შეფარებული ლგბტ პირები გაეყვანათ. ისეთი წინააღმდეგობა დახვდათ, რომ ალბათ ჰაერში აწევდნენ მათ, ამიტომაც რამდენიმე წუთში მიკროავტობუსი მოაყენეს, ამის გამოც დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, რადგან ხალხს ამ მიკროავტობუსთან მიახლოება და მისი დალეწვა უნდოდა. როგორც კი ლგბტ პირები გამოიყვანეს, დაიწყო ისეთი განუკითხაობა და კონტროლს გადასული სიტუაცია, რომ პირველად დავიფარე თავზე ხელი. სეტყვასავით მოდიოდა ასფალტის ნატეხები, წყლით სავსე ბოთლები... ხატია ჩემ წინ იდგა, მიკროავტობუსის მხარეს. ჩვენ რომ მეორე მხარეს არ გადმოვსულიყავით, ხატიას თავი არ გაუტყდებოდა, მაგრამ ხალხი გადაგვთელავდა. ხატიას სწორედ ასფალტის ნატეხი მოხვდა, მე მხოლოდ ხელზე დამეცა და ასე გადავრჩი. როგორც იქნა, გაიყვანეს მიკროავტობუსი და ხალხის ნაწილიც ამ მანქანას გაჰყვა.
იქვე შევნიშნე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსისთვის“ უნდა გადამეცა. იმავდროულად მითხრეს, რომ ხატია კალანდაძის გარდა პოლიციელიც დაზარალდა. ანუ მე ვფლობდი უკვე იმდენ ინფორმაციას, რომ რადიოს ეთერში ჩავრთულიყავი. ამ დროს მომიახლოვდა ორი ქალბატონი, დეზინფორმატორი ხარ და ცრუ ინფორმაციას გადასცემ, საზოგადოებას ატყუებო. ამ დროს უკვე ღია ეთერში ვიყავი და დიალოგს ვერანაირად ვერ გავმართავდი მათთან. ვცდილობდი, დამესრულებინა ჩართვა, რომ მათთვის მერე გამეცა პასუხი. ამ დროს კიდევ ორი ადამიანი მოვიდა და დაიწყეს ლგბტ პირების ლანძღვა-გინება. სავარაუდოდ, ეს გინება რადიო „პალიტრის“ მსმენელსაც ესმოდა. ვიფიქრე, გავაჩერებ-მეთქი და მივაძახე, მასე იყოს-მეთქი. ამის მოსმენის შემდეგ საერთოდ დაიბნენ და ვეღარ მიხვდნენ, მათი პოზიცია რატომ დავიცავი, არადა, მინდოდა, რომ გაჩერებულიყვნენ. ეს ყველაფერი წუთ-ნახევარში ხდებოდა. ეს ორი მამაკაცი ისევ წამოვიდა ჩემკენ და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება უნდოდათ, რომ რადიოში ინფორმაცია აღარ გადამეცა. პოლიციელებმა შეამჩნიეს ეს ყველაფერი, სასწრაფოდ ჩემკენ დაიძრნენ და კორდონი გააკეთეს. მერე ერთ-ერთმა გამომიყვანა და ტაქსიში ჩამსვა, აქაურობა სასწრაფოდ დატოვეო. ნახევარ გზაზე სამსახურის მანქანა შემხვდა და მოვახერხე უვნებლად გადარჩენა.
ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ ვნახე, ვინც რომელიმე მხარეს იცავდა. ყველა ჩვენგანი აფიქსირებდა იმ რეალობას, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა.
- რით ახსნი აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც?
- არ ვიცი. მათ ჰქონდათ იმედი, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ლგბტ პირებს. ვინაიდან ამისი საშუალება არ მიეცათ, დაგროვილი აგრესია სადღაც ხომ უნდა დაეხარჯათ? პოლიციასაც აგინებდნენ, რადგან პოლიციამ ლგბტ პირებთან არ მიუშვა.
- ამბობენ, არც ერთი გეი არ უცემიათ და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ურტყამდნენო.
- მე იქ ნაცემი გეი არ მინახავს. მეორე მხრივ, ვერ დავეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აკრიტიკებს პოლიციას. პოლიცია რომ არ ყოფილიყო, მე პირადად იმისთვის გავილახებოდი, რომ, უბრალოდ, ღია ეთერში გადავცემდი ინფორმაციას და ჩემი პროფესიის შესაბამისად ვმუშაობდი...
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“




















