20 მაისი, 2014
ქანდაკებად ქცეული ფოტო და ცაზე გამოსახული ორი ცისარტყელა
ახალგაზრდები ქუჩაში დგომის ნაცვლად აპარატს იღებენ ხელში და სურათებს იღებენ ვანო ფიცხელაური ბიზნესმენია, მაგრამ ბავშვობის გატაცება, ფოტოგრაფია, წლების შემდეგ მეორე პროფესიად აქცია. ოცნება აისრულა და დღეს პროფესიონალი ფოტოხელოვანია. იყო დრო, როდესაც ერთ-ერთ კონკურსში პირველი შვიდი საკონკურსო ადგილი მისმა ფოტოებმა მოიგეს, მაგრამ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და სასწავლებლად ამ საქმის კარგ მცოდნეს მიაკითხა.
პეიზაჟები, ბავშვები, პორტრეტები, ჭირისუფალი – ყველა ფოტო განსხვავებულია, მაგრამ ერთი საერთო ხელწერა აქვს, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ სურათებიდან ადამიანები სადაცაა დაგელაპარაკებიან.

- ჯერ კიდევ
სკოლის პერიოდიდან ვიყავი გატაცებული ფოტოგრაფიით. საკუთარი ფოტოაპარატი მქონდა და ჩემთვის ვერთობოდი, როგორც ყველა ბავშვი. ახლა რომ გადავხედე ჩემს ცხოვრებას, ყოველთვის მქონდა ფოტოაპარატი.
2008 წელს ერთ-ერთი მობილური კომპანიის კონკურსში მივიღე მონაწილეობა. პირველი შვიდი ადგილი ჩემმა ფოტოებმა მოიგო. შემდეგ მითხრეს, ვერ გავითვალისწინეთ, რომ შეიძლებოდა, ყველა ადგილი ერთ ავტორს მოეგოო, მთხოვეს და საბოლოოდ პირველ ადგილს დავჯერდი, მაჩუქეს ფოტოაპარატი. ამის შემდეგ ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, არ გეწყინოს, მაგრამ შენს გამარჯვებულ ფოტოს რაღაც აკლიაო და მიზნად დავისახე, რომ მასწავლებელთან მევლო და ჩემი ცოდნა გამეუმჯობესებინა. ელგუჯა შეყილაძესთან მივედი...

Rating

შემდეგ ოთხმა მეგობარმა ფოტოსაიტი დავაარსეთ. ჩემთვის ყველაზე სერიოზული პროექტი ეს არის. ათი ათასზე მეტი ფოტოგრაფია დარეგისტრირებული. ახალგაზრდები ქუჩაში დგომის ნაცვლად აპარატს იღებენ ხელში და სურათებს იღებენ.
- ხალხმა რომელი ფოტოთი გაგიცნო?
- დილას ხუთ საათზე გადაღებული მყინვარწვერით. ხშირად დავდიოდი და პეიზაჟებს ვიღებდი. სადაც მივდიოდი, დილას ადრე ვიღვიძებდი და სურათების გადასაღებად ადგილებს ვარჩევდი.

Rating

არ არსებობდა, მოგზაურობის დროს ცისარტყელა არ მენახა. ერთხელ კადრზე ორი ცისარტყელაც აღვბეჭდე.

Rating

ასეთი გადაღებები რთულია და დიდ თანხებს უკავშირდება. შეიძლება, ყაზბეგში ჩახვიდე და ერთი კვირის განმავლობაში მყინვარწვერი ვერ დაინახო, ნისლში იყოს გახვეული. ამ დროს მთავარია ბედიც. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, ორი წელია, პეიზაჟი არ გადამიღია და საგარეჯოში ძალიან ლამაზი კადრი გადავიღე. ცისარტყელა და ამ დროს სეტყვა, შავი ზოლის სახით.
- ნუდზე თუ გიმუშავია?
- დიახ, თუმცა გადასაღებად რთულია, რადგან საკუთარი ფოტოების მიმართ ძალიან პრეტენზიული ვარ. ნუდი გადაღებული მაქვს, მაგრამ როდესაც იცი, რომ სახე არ უნდა გამოუჩინო - რთულია. მაინც საქართველოა და თავს არიდებენ. თან ჩემი გადაღებული ფოტოები ერთი თვის შემდეგ უკვე აღარ მომწონს. ამაზე ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, ღმერთმა დაგიფაროს, შენი ფოტოები მოგეწონოს, ე.ი. არ იზრდებიო.
ძირითადად, მაინც პორტრეტების გადაღება მომწონს, ადამიანის ხასიათის დაჭერა. თუ საშუალება მაქვს, ჯერ გავესაუბრები, ახლოდან გავიცნობ მის ხასიათს და შემდეგ უკვე ვიღებ.

Rating

- მოხუცი ქალბატონის ძალიან საინტერესო ფოტო გაქვს გადაღებული...
- თეთრიწყაროში ნათლობაში ვიყავი და გარეთ მარია დავინახე, ყველაფერი მივატოვე, გამოვედი და გადავიღე. კარგ ტიპაჟს რომ ვხედავ, ვცდილობ, მისი თანხმობა მოვიპოვო და სურათი გადავუღო.

Rating

- სასაფლაოზე მამაკაცი ზის, ძალიან მძიმე და საინტერესო ფოტოა...
- ეს ბიძაჩემია, საკუთარი მშობლების საფლავს უყურებს. არ იცოდა, ისე გადავიღე. ამ დღიდან ერთი წლის შემდეგ ბიძა გარდაიცვალა. მოქანდაკეები ფოტოებს რომ არჩევდნენ, ამ სურათის ნახვისას გადაწყვიტეს, ამის მიხედვით გაეკეთებინათ ძეგლი და საფლავზე დავდგი. საოცარი კაცი იყო ვიქტორ ფიცხელაური. რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოზე იყო გაგიჟებული. 5000-მდე ქართველი მუშაობდა მასთან და ყველას ძალიან ეხმარებოდა. ნუ ეს სხვა თემაა...

Rating

- პატარა ბავშვების საოცარი ფოტოებია.
- კახეთში კერძო მეურნეობა მაქვს და ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ ჩემი მწყემსის შვილი გადავიღე. დანარჩენი ბავშვებიც აზერბაიჯანელები არიან. შავ-თეთრ ფოტოზე გოგოს სინაზე და ბიჭის სიმკაცრე აღვბეჭდე.

Rating
Rating
Rating

- უცხოეთში თუ გაქვთ ფოტოები გადაღებული?
- არა, რაც სერიოზულად გადაღება დავიწყე, აღარ მიმოგზაურია. ისე, სიამოვნებით გადავიღებდი ინდოეთს. რამდენიმე მიწვევა მქონდა, საფრანგეთიდან დამირეკეს სტუდიაში სამუშაოდ, 3000 ევროს მთავაზობდნენ. ასევე შემომეხმიანენ რუსეთიდან, მთხოვეს, შემერჩია ადგილები ფილმისთვის, რომელსაც გიორგი ამისულაშვილი იღებს.
- საოცნებო პროექტი თუ გაქვს?
- დიახ, ორი პროექტია. ერთი დაწყებული მაქვს, ამით მინდა, რომ საქართველო სხვა ხედვით წარმოვაჩინო. მოდელად თამთა ირემაშვილი შევარჩიე და შესანიშნავად მუშაობს. სხვადასხვა კუთხეში იმ კუთხის დამახასიათებელი ჩაცმულობით ვუღებ ფოტოებს, ძველი ქართული კაბებით.

Rating

რამდენიმე კადრი უკვე გადაღებული მაქვს, აბრამ ბაზელი დაგვეხმარა მე და თამთას და მოგვცა თავისი შეკერილი უნიკალური სამოსი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მინდა, გამოფენა ოქტომბერში გავმართო და საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან მეგობრობას მივუძღვნა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
დათო
ძაან მაგარი ადამიანი.
23:31 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS