15 მაისი, 2014
ნათია დუმბაძეს ბარში მუშაობა სურს
კონცერტის დღეს მთელი დღე გრიმი მეკეთა და ისე გავდიოდი რეპეტიციას ნათია დუმბაძეს ძალიან მოსწონს პროექტი ''ერთი-ერთში''. მადლობელია პროდიუსერ გვანცა კილასონიასი, რომელმაც გარდასახვის პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. ერთი წუთიც არ დაფიქრებულა, მაშინვე დათანხმდა და ამას არც ნანობს. წინა ოთხშაბათს ნათიას რთული მისია დაეკისრა და უილ სმიტის ფორმაში მოგვევლინა. ჩვენი საუბარი სწორედ მამაკაც რეპერად გარდასახვით დავიწყეთ.

- დავაკვირდი, რომელი მომღერალიც ძალიან მიყვარს და მომწონს, ის ყოველთვის გამომდის. ბევრი ვიშრომე. რეპი ზოგადად რთული შესასრულებელია, თან პირველად გავრეპე და ძალიან
ვნერვიულობდი. ერთი კვირა ''ჯიდიესში'' ვიყავი. დილის თერთმეტიდან ღამის თორმეტ საათამდე ტელევიზიაში ვატარებდი. ყველაზე რთული ნომერი ახლა უნდა შემესრულებინა. ცეკვაც უნდა გამომსვლოდა და ტექსტიც რთულად დასამახსოვრებელი იყო. პლასტიკაც მინდოდა, ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორც უილ სმიტს აქვს. ორი დღე ტექსტს ვსწავლობდი. შემდეგ გადავედი ცეკვის სწავლაზე და მერე მანერებს ვსწავლობდი. მაყურებელი შეიძლება, ვერ მიხვდეს, რომ ეს ნომრები ძალიან რთული შესასრულებელია. კონცერტის დღეს მთელი დღე გრიმი მეკეთა და ისე გავდიოდი რეპეტიციას. მინდა, გრიმიორებს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ძალიან დამამსგავსეს უილ სმიტს. მიხარია, რომ შევძელი მამაკაცის როლის მორგება.
- პირველად შეგხვდა მამაკაცის როლი...
- და ძალიან მომეწონა. ამ როლიდან სახლში მისულიც ვეღარ გამოვდიოდი. უილ სმიტის მანერებით ვლაპარაკობდი. მთელი ღამე სმიტი მესიზმრებოდა.
- სიზმარში რას გეუბნებოდა?
- (იცინის) მესიზმრებოდა, რომ უილ სმიტი ვიყავი. ამ როლში იმდენად შევედი, რომ გამოსვლა გამიჭირდა.
- ''ერთი ერთში'' შენი გარდასახვებიდან ადელს გამოარჩევენ. ფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ადელის როლი მოირგე?
- ვფიქრობ, რომ ადელიც და უილ სმიტიც ერთნაირად კარგად გამომივიდა. როგორც ვაკვირდები, რასაც გულით ვასრულებ, კარგად გამომდის. რა თქმა უნდა, სხვა ნომრებზეც ბევრი ვიშრომე, მაგრამ ეს ორი ყველაზე კარგად გამომივიდა.
''ერთი ერთში'', ჩემი აზრით, ყველაზე განსხვავებული და ყველაზე რთული პროექტია. ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. ''ნუცას სკოლაშიც'' ვიყავი და ''ჯეოსტარშიც''. ''ერთი ერთში'' არის პროექტი, სადაც შოუ უნდა დადგა და ჩემი აზრით, უილ სმიტის შესრულებით გავაკეთე შოუ. ცოტა გამიკვირდა ქულები, მაგრამ არა უშავს, ალბათ, ჟიური კომპეტენტურია და ასე ჩათვალა საჭიროდ. ყოველ შემთხვევაში, მე უფრო მეტ ქულას ველოდი. ყველამ, ვინც შოუს მერე დამიკავშირდა და ვინც კონცერტს ესწრებოდა, მითხრა, ასეთი მაგარი შესრულებისთვის ასეთი ქულები რატომ დაგიწერესო. თავად ჩემი შესრულებით ისეთი კმაყოფილი ვარ, რომ ქულები მართლა აღარ მაინტერესებს-მეთქი, ვამბობდი.
- კიდევ რამდენიმე ლაივი გველოდება და დარწმუნებული ვარ, კარგ შეფასებებს დაიმსახურებ, ისეთი მონდომებით ხარ ჩართული პროექტში.
- მართლა ძალიან მონდომებული ვარ, ასეთი მობილიზებული არასდროს ვყოფილვარ. მთლიანად ჩართული ვარ პროექტში. ჩემთვის მართლა აქვს მნიშვნელობა, შესრულების შემდეგ რას მეტყვიან. სიმღერის შემდეგ ჩემების ბედნიერ სახეს რომ დავინახავ, ვხვდები, რომ ყველაფერი მაგრადაა. სმიტის გარეპვის შემდეგ ყველანაირად კმაყოფილი ვიყავი, დარწმუნებული გახლდით, რომ ყველა დადებითად შემაფასებდა და მეგონა, უფრო მაღალ ქულებსაც მივიღებდი, მაგრამ...…
- რა თქმა უნდა, პროექტში ყველას უნდა პირველი ადგილი, მაგრამ ვის ხედავ გამარჯვების რეალურ კანდიდატად?
- წინასწარ ვერაფერს გაიგებ. ქულები და მაყურებლისგან შემოსული ზარები რომ ჯამდება, ყველაფერი იცვლება. ჯერ ვერ ვხვდები, ვინ გაიმარჯვებს. პირველ ადგილზე პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ, გამიხარდებოდა, ოთხეულში თუ მოვხვდებოდი. არ მაქვს არც პრეტენზია, არც ამბიცია და არც იმედი, რომ გავიმარჯვო. თუმცა მგონია, ოთხეულში მოხვედრას ვიმსახურებ.
- პროექტში რომ არ მონაწილეობდე და მხოლოდ მაყურებელი იყო, ვის დაუმესიჯებდი?
- ვერ ვიტყვი. ყველასთან ვმეგობრობ და ისეთი კარგი დამოკიდებულება გვაქვს, რომ ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. ყველასთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ არ მგონია, ვინმემ იგრძნოს, რომ კონკურენტი ვარ.
- მეუღლესა და შვილს მოსწონთ შენი გარდასახვები?
- შვილი პირველად მაშინ დაესწრო კონცერტს, უილ სმიტს რომ ვასრულებდი. ამ პროექტში რომ ვიღებ მონაწილეობას, ამით ჩემი შვილი ყველაზე ბედნიერია. სულ ჰგონია, რომ გავიმარჯვე, პირველ ადგილზე ვარ და ძალიან უხარია. ყოველთვის კმაყოფილია ჩემი გამოსვლით. რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან დედაჩემი და ჩემი მეუღლე. ყველაზე მაგრად მიდგას გვერდში ერთ-ერთი უნივერსიტეტი. ჩემმა მეგობრებმა უნივერსიტეტში ფანკლუბი გამიკეთეს, კონცერტზე სულ ესწრებიან და მათი შეძახილებით ინგრევა ხოლმე დარბაზი.
- ამ უნივერსიტეტში მარკეტინგის მენეჯერი ხარ. რომელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, მარკეტინგის მენეჯერობა თუ მომღერლობა?
- რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მომღერლობაა და უკვე ვფიქრობ, ეს პროექტი რომ დამთავრდება, ძალიან მოვიწყენ.
- იმისთვის, რომ არ მოიწყინო, არ გიფიქრია, რომ ქართულ შოუბიზნესში აქტიურად ჩაერთო?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ და ბოლო დროს ვამბობდი, ბარში ვიმღერებდი დიდი სიამოვნებით-მეთქი. ბევრი ჩემი მეგობარი მღერის და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. კვირაში თუნდაც ერთი დღე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. მინდა, სულ აქტიური ვიყო.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიკო
მერე ბარებს მიაქვს ტბილისი
01:01 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS