12 მაისი, 2014
ია შუღლიაშვილი მეუღლეს ჟულიეტ ბინოშში აერია
ჩემი აზრით, ინოლა ძალიან კარგი ბებია იქნებოდა, ისეთივე მოსიყვარულე შვილიშვილებთან, როგორიც ჩვენთან იყო 15 თებერვალს, მირქმას, ია შუღლიაშვილი ბებია გახდა. ირაკლი მისი პირველი შვილიშვილია. მისი მშობლები დათო თავაძე და ნინო ბოჭორიშვილი არიან. მსახიობს ამ და სხვა მიმდინარე სიახლეების შესახებ გავესაუბრეთ...

- უპირველესად გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას. ქალბატონო ია, თუ არ ვცდები, თქვენი უფროსი შვილი დათო მუსიკოსია...
- არა, დათო პროფესიით ეკონომისტია, უბრალოდ, მუსიკას ბავშვობიდან ემსახურება და მოგვიანებით რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. ამჟამად ორი ჯგუფის წევრია
ერთს ''ვინდოუ'', ანუ ''ფანჯარა'' ჰქვია და მეორეა ''თბილი-სი''. ორივე ჯგუფში ის ფლეიტაზე უკრავს.
- როგორი ბიჭია თქვენი შვილიშვილი ირაკლი?
- კარგი ზნის ბავშვია. მოგეხსენებათ, დღეს ჰიპერაქტიური და მოუსვენარი თაობა მოდის, მგონი, ირაკლი ასეთი არ იქნება. ძალიან ჰგავს დათოს, მამამისს. როგორც გარეგნულად, ისე ''შინაარსითაც'', ხასიათს ვგულისხმობ (იღიმის). ალბათ ყველა ბებიისთვის თავისი შვილიშვილია საყვარელი და მეც არ ვიქნები გამონაკლისი, თუ იმავეს ვიტყვი. ირაკლი ჩემი პირველი შვილიშვილია და პირველი განცდები მაკავშირებს. შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა მაქვს მის მიმართ, მაგრამ ძალიან მიყვარს.
- ერთად ცხოვრობთ?
- არა. დათო და ნინო ცალკე ცხოვრობენ. ნინო სტუდენტია და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მე ყოველდღე მივდივარ მათთან და ბავშვს ვნახულობ. როგორც კი დრო მაქვს, მათთან გავრბივარ. ამის გამო მეგობრების წრეს მოვწყდი და ისინი მოვიმდურე.
- დედათქვენი, ინოლა გურგულია რომ გარდაიცვალა, 10 წლის იყავით და შესაბამისად, თქვენი შვილები ბებიას ვერ მოესწრნენ...
- დიახ. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ინოლა ბებიობას საერთოდ ვერ მოესწრო. უფრო რომ დავაკონკრეტო, გეტყვით, როცა ჩემს უფროს ძმას, მამუკას, პირველი შვილი გაუჩნდა, დედა ორ კვირაში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ინოლა ძალიან კარგი ბებია იქნებოდა, ისეთივე მოსიყვარულე შვილიშვილებთან, როგორიც ჩვენთან იყო. მგონია, რომ მათ უფრო მეტად შეაყვარებდა სიმღერას. დღეს ჩვენი შვილები ნაკლებად არიან ჩართული სიმღერაში, ვიდრე ჩვენ. როგორც ჩანს, ამაში ინოლას დიდი წვლილი მიუძღოდა.
- თავად თუ უმღერით შვილიშვილს?
- დიახ, ვუმღერი და მიცინის ხოლმე. შევეცდები, ირაკლის მუსიკა შევაყვარო. დათოს უყვარდა და პატარაობიდან მღეროდა. 4 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა საახალწლო საღამოში. ჩემს უმცროს შვილ ანდრიას, რომელიც 9 წლისაა, სიმღერა არ უყვარს. მას სპორტი იტაცებს. განსაკუთრებით კარატე მოსწონს და ბიძა გეგმავს, რომ ირაკლი დიდ კარატისტად გაზარდოს (იღიმის).
- საქართველოში რძლისა და დედამთილის ურთიერთობა უმეტესწილად სულ დაძაბულ სიტუაციას გულისხმობს...
- არა, ჩვენთან ასე არ არის. ნინო მეუბნება ხოლმე, ასე მგონია, ჩემი კურსელი ხარო. ჩემთვის როგორც დათოა, ისეა ნინოც. ასე მგონია, ნინიკო ბავშვობიდან მყავდა. ვზრუნავ მათზე, ისინიც ჩემზე ზრუნავენ და დიდი სიყვარული გვაკავშირებს. ასეთი ურთიერთობა არ არის გასაკვირი. ნინო არაჩვეულებრივი ადამიანია, კარგი ბუნების და კარგი გაზრდილი. იცის, რა არის სიყვარული და იმავეთი ვპასუხობ. ეს არ არის გაფორმებული და აღმატებული სიტყვები, ეს მართლა ასეა.
- თქვენს გარეგნობაზეც მინდა გკითხოთ. დღესდღეობით კარეს ატარებთ, ხომ?
- არა. ჩემს ვარცხნილობას მხოლოდ ერთი სახელი, ანუ კარე არ ჰქვია. ბავშვობაში ვატარებდი კარეს, მეგობრები შემიჩნდნენ და ახლაც შევიჭერი, მაგრამ ასაკში აღარ მომიხდა. შევეცადე შემეცვალა. ახლა ''პაჟისა'' და ''იტალიანკას'' ნაერთს ვატარებ, რომელიც ვიზაჟისტმა შემომთავაზა.
- ეს იმიტომ გკითხეთ, რომ არაერთი ადამიანისგან მსმენია, რომ როცა კარეს ატარებთ, ჟულიეტ ბინოშს გამსგავსებენ. ისიც უმეტესწილად ამ ვარცხნილობით დადის...
- ამას წინათ სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე ახლობელმა გამომიქვეყნა ფოტო, რომელზედაც ეს მსახიობი მართლა ძალიან მგავს. იქ ბინოშს კარე აქვს და მას არა მარტო ვარცხნილობით, არამედ ნაკვთებითაც ვგავარ. ფოტო ჩემს მეუღლესაც ვაჩვენე. არ მითქვამს, რომ მასზე მე არ ვიყავი. როცა დახედა, მე ვეგონე, მაგრამ ფოტოზე არაბები ჩანან და დაიბნა, კი, მაგრამ სად ხარო?! როცა ვუთხარი, რომ მე კი არა, ჟულიეტ ბინოში იყო, ორივეს გაგვეცინა, ძალიან გგავსო.
- ისე, გიყვართ ეს მსახიობი?
- ძალიან. მომწონს როგორც არტისტი, ისე გარეგნულადაც. შეიძლება, მგავს კიდეც როგორც ტიპაჟი. საერთოდ, ფრანგი ქალები განსაკუთრებით მომწონს. მინდა, ფრანგ ქალებს ვგავდე, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის ქალს (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინი
სად ბინოში და სად ია ,კარგით რაა...
09:44 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS