11 მაისი, 2014
გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს
კანის ფესტივალზე ნამყოფი ვარ და ძალიან მინდა, რომ აღიარება ჰქონდეს და მაყურებელს მოეწონოს მსახიობ გიორგი მეგრელიშვილის კარიერაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ფილმის გადაღებას პრეზიდენტის ავლბრის რეზიდენციაში აპირებს. შექსპირის უკვდავი პიესა ''ჰამლეტი ამჯერად საქართველოში გაცოცხლდება. მართალია, გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ფილმზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი პროფესიით მსახიობია, მაგრამ ბოლო წლებში რეჟისურაშიც სცადა ბედი. პირველი ფილმი ''იბრძოლე'' გახლდათ.

ხულიგნურ ნამუშევარს ხალხის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. შემდეგ იყო ''ტრაქტორი, რომლის გაგზავნასაც კანის კინოფესტივალზე აპირებს. ''პალიტრა მედიის დიდ ოჯახს
ცოტა ხნის წინ შემოუერთდა. ''პალიტრა TV-ს ეთერში ინტელექტუალური თამაში ''გვეთამაშე ჩვენ მიჰყავს.

- გიორგი, გავიგეთ, რომ გეგმავთ, თქვენი ერთ-ერთი ფილმი კანის ფესტივალზე გააგზავნოთ.
- დიახ, ჩემს ფილმ ''ტრაქტორს ვგზავნი, რომელიც გიზო ნიშნიანიძის წიგნში - ''პაემანი ვერაზე, მოთხრობილი ამბის მიხედვით გადავიღე. ფილმის სიუჟეტი ასეთია – ანგრევენ სახლს, რომელშიც ჯერ სამშობიარო, შემდეგ კი ბიბლიოთეკა იყო. ნგრევის პროცესს დიდი დატვირთვა აქვს. ისმება კითხვები: ეს რის ხარჯზე ხდება, საერთოდ უნდა დაინგრეს თუ არა, ვინ უნდა დაანგრიოს, ნაჩვენებია, როგორ მიდის ტრაქტორი სახლის დასანგრევად, როგორ ეწინააღმდგება ხალხი. ბოლოს ამ ტრაქტორს ბავშვები ქოქავენ და შენობას ისინი ანგრევენ. თაობებს შორის მონაცვლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ბევრი სტერეოტიპი იმსხვრევა. კანის ფესტივალზე ნამყოფი ვარ და ძალიან მინდა, რომ აღიარება ჰქონდეს და მაყურებელს მოეწონოს.
- ისიც გავიგეთ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ფილმის გადაღებას აპირებთ.
- მინდა, რომ ჩემი ახალი ფილმიდან - შექსპირის ''ჰამლეტი, რამდენიმე ეპიზოდი გადავიღო. ყველაფერი აწყობილი მაქვს, მსახიობები თითქმის შერჩეული. ზოგთან მაქვს მოლაპარაკებები და ჯერჯერობით პასუხი არ ვიცი. ძალიან მინდა, გადავიღო მარინა კახიანი. მსახიობების უმეტესობასთან სიტყვიერი შეთანხმება მაქვს, ოღონდ არა ასპროცენტიანი. მაგალითად, ზურა ყიფშიძესთან, ავთო მახარაძესთან და მიშა გომიაშვილთან. ვნახოთ, რა გამოვა.
- დაფინანსება თუ მოიძიეთ?
- ჯერჯერობით არა, ყველგან დავდივარ, მაგრამ ამ ქვეყანაში რთულია თანხის მოძიება.
- რამდენი ეპიზოდის გადაღებას ფიქრობთ პრეზიდენტის სასახლეში და თანხმობა თუ მიიღეთ?
- წინასწარი მესიჯები გავგზავნე, მაგრამ რამდენად მივიდა იქამდე, არ ვიცი. ჯერ მინდა, რომ ყველაფერი მოვაგვარო, ტყუილად არ მივაკაკუნო კარზე. რამდენიმე ლოკაცია იქნება, მინდა, გადაღებები იყოს პრეზიდენტის კაბინეტში, ეზოში...
- რატომ მოითხოვს ''ჰამლეტის გადაღება პრეზიდენტის სასახლეს?
- შექსპირის ნაწარმოებში ჰამლეტი სამეფო ოჯახიდან არის და თუ თანამედროვეობაში გადმოვიტანთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს დავუკავშირე, ცოტა გავათანამედროვე. შექსპირი იმით არის გენიალური, რომ მისი ფაბულა არ იცვლება და აქვე გეტყვით, რომ ძალიან მინდა, მსახიობებმა ძველ ენაზე ისაუბრონ. წესით არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან ქართულად არაჩვეულებრივი თარგმანი გვაქვს.
- ჰამლეტის როლში ვის მოიაზრებთ?
- მე თავადაც მსახიობი ვარ და ცოტა ცუდად გამომივა, მაგრამ ბევრი მსახიობია, რომლებიც ამას შეძლებენ. ვნახავ, თუ ძალიან დიდი შრომა არ იქნება და რეჟისორობას და მსახიობობას თავად შევძლებ, დავფიქრდები.
- ამ ფილმის გატანას უცხოურ ბაზარზე აპირებთ?
- ვნახოთ, შექსპირის 450 წლისთავი ახლოვდება და დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ პერიოდისთვის მოვასწრო. როგორც გათვლილი მაქვს, თუ ყველაფერი ისე აეწყობა, აუცილებლად მოვასწრებ. დაფინანსება თუ ვიშოვე, გადაღებებს ზაფხულიდან დავიწყებ, თუ არადა - სექტემბრიდან. პიესაში მოქმედება დანიაში ხდება და პროფესიონალი მიხვდება, რომ გადაღებებს სუსხი უხდება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS