- იოანე არაა გავრცელებული სახელი. ასეთი იშვიათი სახელი რატომ დაგარქვეს?
- მამა ხშირად დადიოდა მონასტერში. დედა რომ ფეხმძიმედ იყო, შიომღვიმეში წავიდა. თქვა, გადავშლი ბიბლიას და პირველ სახელს, რაც შემხვდება, შვილს დავარქმევო. ორჯერ გადაშალა
- გაქვს მეტსახელი?
- მეგობრები მარტივად - იოს მეძახიან.
- მუსიკის გარდა სხვა პროფესიას ეუფლები?
- ოფიციალურად პოლიტექნიკურის სტუდენტი ვარ, მაგრამ აკადემიური მაქვს აღებული. გეოდეზიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ამ სპეციალობის ადამიანები მიწის ქანებს შეისწავლიან. მისაღებ გამოცდებზე პირველად რა ფაკულტეტიც მეწერა, ვერ მოვხვდი და ''გეპეიში'' შემთხვევით აღმოვჩნდი. მომავალში აუცილებლად მინდა გავაგრძელო სწავლა საზღვარგარეთ, მუსიკის განხრით.
- ''ახალ ხმაში'' სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის გუნდის წევრი იყავი. ეს პროექტი როგორ გახსენდება?
- ზოგადად, არაკომერციული მომღერალი ვარ, ეს ყველამ იცის, ვინც ჩემს სიმღერებს უსმენს. მსგავსი ტიპის შოუები ჩემთვის არაა, მაგრამ სცენა ძალიან მიყვარს და იმიტომ მივიღე მონაწილეობა ''ვოისშიც'' და ''ერთი ერთში'' მონაწილეობასაც იმიტომ დავთანხმდი. ''ახალი ხმა'' ძალიან კარგად მახსენდება, ამ პროექტიდან გამიცნო მაყურებელმა. ''ახალ ხმაში'' ვმუშაობდით და თან ძალიან მაგარ დროს ვატარებდით. იგივე ხდება ''ერთი ერთშიც''.
- ''ერთ-ერთში'' როგორ მოხვდი?
- ჩემს ცხოვრებში ერთი საინტერესო დღე გათენდა. დილით გავიღვიძე და სამი სხვადასხვა პროექტიდან მივიღე შემოთავაზება - ''ორი ვარსკვლავი'', ''X ფაქტორი'' და ''ერთი ერთში''. ''ახალ ხმაში'' დიდი გამოცდილება მივიღე. ვერ ვიტან კონკურსებს და დაძაბულობას, არ მომწონს, როდესაც სიმღერას იმის მიხედვით აფასებენ, ხმამაღლა იქნება ნამღერი თუ - არა. კონკურსი ყველა შემთხვევაში მასაზეა გათვლილი.
''ერთი ერთში'' ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. წინა ტურზე ბოლო ადგილზე გავედი, ახლა მეოთხე ადგილზე ვიყავი, მაგრამ არც ერთხელ არ დავძაბულვარ. სკამზე რომ ვსხედვართ, საერთოდ არ ვნერვიულობთ. თავი გვგონია კლუბში და ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ.
- სტეფანე მღებრიშვილს ''ერთი ერთში'' შენი სტეფანედ გარდასახვა მოეწონა. თავად რას ფიქრობ საკუთარ ნამღერზე?
- ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო სტეფანეს ერთი ერთში შესრულება, რადგან სტეფანე ჩემი და ჩემი ოჯახის ახლობელია. კარგად ვიცნობ მას და ვიცი, როგორ მღერის და კიბეებზე როგორც ჩამოდის, ორივემ ვიმუშავეთ ჩემს ნომერზე და ამიტომ მიიღო ასეთი კარგი შეფასება.
- სტეფანე ამბობდა, მაინტერსებს, იოანეს ცხვირს ჩემს ცხვირად როგორ გააკეთებენო. ცხვირის გამო რატომ ნერვიულობდა?
- ხუმრობით ამბობდა, ჯასტინ ტიმბერლეიკზე დიდი ცხვირი გაგიკეთეს და წარმომიდგენია, ჩემ შემთხვევაში რამხელა ცხვირს გააკეთებენო. გრიმიორები ძალიან ბევრს მუშაობენ. სცენაზე რომ ვიდექი, ჩემი რეალური სახიდან მაყურებელი მარტო ლოყებს ხედავდა.
- ''ერთი ერთში'' შესრულებული შენი ნომრებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან არც ერთი არ მომწონებია. ჩემს ხასიათსა და გრძნობებში არ ჯდება ხოლმე, რასაც ამ პროექტის სცენაზე ვაკეთებ. ყველაზე დიდი რეზონანსი სტეფანეს სიმღერის შესრულებას მოჰყვა და ალბათ ყველაზე კარგად ეს ნომერი შევასრულე. არ ვუყურებ ჩემს ნამღერს. მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი ''ერთი ერთში'' შესრულებული ჩემი სიმღერები და ალბათ მეტჯერ ვეღარ ვუყურებ.
- საკუთარ შემოქმედებას კრიტიკულად უყურებ?
- ჩემთვის მთავარია, მაყურებელსა და ოჯახის წევრებს მოეწონოთ ჩემი ნამღერი.
ბენდთან ერთად სულ სხვა მუსიკას ვუკრავ. სახლში რომ მივალ, ისევ კომერციულ მუსიკას თუ მოვუსმინე, მუსიკის წერის მუზა დამეკარგება.
- ახლობლებს პროექტში შენი მონაწილეობა მოსწონთ?
- კარგად არიან განწყობილი ამ პროექტის მიმართ. ამ კონკურსმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. თითქმის ერთი თვეა, სახლში საჭმელსაც ვერ ვჭამ, მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ.
- ''ახალ ხმაში'' მონაწილეობდა შენი შეყვარებული ელენე საბიაშვილიც. ''ერთი ერთშის'' დარბაზში სულ არის და შენი აქტიური გულშემატკივარია.
- ელენე ჩემი ყველაზე მაგარი გულშემატკივარი და ყველაზე მაგარი ფანია. როცა საჭიროა, კრიტიკულია. როცა
ვხედავ, რომ დარბაზში ზის და მიღიმის, სტიმული მემატება. ''ერთი ერთში'' ჩემი ყველა გამოსვლა მას უფრო მოეწონა, ვიდრე მე.
- დაოჯახებას გეგმავთ?
- ჯერჯერობით ბევრი რამ მაქვს ცხოვრებაში ასაწყობი. არ მინდა, რომ მერე მე, ჩემს მეუღლესა და შვილს რამე პრობლემა შეგვექმნას. მირჩევნია, ახლა ვიწვალო, რომ მერე ფინანსურად კარგად ვიყო. რამდენიმე წელი თავს შევიკავებთ დაოჯახებისგან.

- ერთობლივი შემოქმედებითი გეგმები გაქვთ?
- რამდენიმე სიმღერა გვაქვს გაკეთებული და უახლოეს მომავალში გვინდა ჩავწეროთ.
- როგორც ჩანს, პროექტში მონაწილეები ძალიან დამეგობრდით და ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამთ.
- პროექტის დაწყებამდე მხოლოდ ნინო ძოწენიძესა და დუტას ვიცნობდი. ახლა ყველა დავმეგობრდით. ჯერჯერობით არავის გვქონია იმის მცდელობა, რომ სკანდალი აგორებულიყო ჩვენს ურთიერთობაში. რამდენიმე მონაწილეს დაბადების დღე ჰქონდა და კარგად გავერთეთ. გასულ კვირასაც ღია ეთერის მერე წავედით საქეიფოდ და ძალიან ბევრი დავლიეთ.
- იმედია, ასეთი გართობა მომდევნო ტურში თქვენს სიმღერაზე ცუდად არ აისახება.
- ასე გართობის უფლებას თავს მხოლოდ კვირაში ერთხელ ვაძლევთ. მეორე დღესვე ვფხიზლდებით და პარასკევიდან რეპეტიციას ვაგრძელებთ.
- როგორია შენი პროგნოზი, ვინ მოიგებს პროექტს?
- გამოვარჩევდი ქეთი ორჯონიკიძეს. ქეთი პროექტში გავიცანი და მივხვდი, რომ რამდენადაც კარგი მომღერალია, იმდენად კარგი ადამიანია. ქეთის ისეთი ნომრები ჰქონდა, რომ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. არ შემიძლია, არ გამოვყო ნათია დუმბაძის ადელის შესრულება. დუტაც ძალიან მაგარია და ლევან მასპინძელაშვილიც, მაგრამ ნათიას ადელის გამოსვლა ჩემთვის შოკი იყო. თავი ნასვამი მეგონა და წარმოვიდგინე, რომ ადელის კონცერტზე ვიყავი.
- ''ერთი ერთში'' სამსახიობო ნიჭიც აუცილებელია. მსახიობობასთან როდისმე გქონია შეხება?
- რამდენიმე წლის წინ რუსთავში მიუზიკლში ვითამაშე, მთავარი როლი მქონდა. პროექტში რომ მოვდიოდი, რატომღაც მეგონა, რომ არაჩვეულებრივად ვიცეკვებდი. არ ვიცი, ასეთი დარწმუნებული რატომ ვიყავი. ჩვენი პროექტის ქორეოგრაფები რომ ვნახე, გადავირიე. ცეკვა გამიჭირდა, აჩიკო სოლოღაშვილი მეუბნება, დასაშლელი ხარო. შეიძლება ითქვას, ''ერთი ერთში'' ნელ-ნელა დამშალეს და ახლა თავიდან მაწყობენ (იცინის).
- პროექტში რომ გაიმარჯვო, როგორ გამოიყენებ პრიზს?
- ბებია და ბაბუა ნაქირავებში ცხოვრობენ. მათ გადავიყვან იმ ბინაში და მათთან ერთად მშვიდად და წყნარად ვიცხოვრებ. დედაჩემის მშობლების გაზრდილი ვარ და ორივე ძალიან მიყვარს.
''ერთი ერთში'' პროექტის დამთავრების შემდეგ ბენდთან ერთად სამთვიან ფესტივალზე ვაპირებ წასვლას. ფესტივალი ოთხ ქალაქში - რიგაში, სტოკჰოლმში, ვილნიუსსა და იურმალაში გაიმართება. ბენდთან ერთად თორმეტი დღით ვიყავით ერთხელ ფესტივალზე და ძალიან კარგი დრო ვატარეთ. მუსიკოსებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. საქართველოში რომ იყოს ასეთი პირობები, ქვეყნის დატოვებაზე არავინ იფიქრებდა. მოტივაცია ბევრ მომღერალს დაკარგული აქვს. არც მე მინდა, რომ ბარის მომღერლად დავრჩე და მარტო პეროვსკაიაზე ვიმღერო მთელი ცხოვრება. მინდა, ისეთი რამ გავაკეთო, რაც სამუდამოდ დარჩება მუსიკის ისტორიაში.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















