07 მაისი, 2014
როგორ აღმოჩნდა ექიმი-რადიოლოგი იუმორისტულ პროექტებში
ჩემი ყოფილი მეუღლის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ჩემი და დედაჩემის კი - უარესობისკენ გიორგი აფხაზავა ჯერ ''იმედის'' მაყურებელმა გაიცნო გადაცემით ''რომ გადახვალ, გააჩერე'' და შემდეგ უკვე ''ტვ 11''-ზე გამოჩნდა. ეს ტელევიზია ეთერში თებერვლის შემდეგ გადის. აღმოჩნდა, რომ გიორგი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ სცენარისტიც. სკეტჩების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს - კოტიკოს როლს გიორგი თამაშობს. ის დედისერთაა. დედამთილს რძალი არ მოსწონდა და რბილად რომ ვთქვათ, გამუდმებით ავიწროებდა. კოტიკოს მეუღლე ამაზე სულ წუხდა, მაგრამ ''სიყვარულის გამო ყველაფერს იტანდა''. თუმცა, ბოლოს,
ქმრის ღალატის გამო, კოტიკოს გაშორდა და მათი ოჯახი დაინგრა. თუ რა ბედი ეწევა ამ წყვილს, ეს უახლოესი კვირების განმავლობაში გამოჩნდება...
ჩემი ყოფილი მეუღლის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ჩემი და დედაჩემის კი - უარესობისკენ

- გიორგი აფხაზავას, რეჟისორსა და მსახიობს, თუ იცნობთ? რამდენიმე სპექტაკლის ავტორია, მათ შორის ''გოდოს მოლოდინი'' აქვს დადგმული თუ-მანიშვილის თეატრში...
- არა, არ ვიცნობ. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიით მსახიობი არ ვარ და არც ამ სფეროს წარმომადგენლებთან მაქვს დიდი შეხება. შეიძლება ითქვას, მხოლოდ მათ ვიცნობ, ვინც ჩვენს პროექტებში მონაწილეობს.
- რა პროფესია გაქვთ?
- პროფესიით ექიმი ვარ. ჩემი მშობლებიც... მოგეხსენებათ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დიდი ხანი გვიწევს სწავლა. მეცამეტე წელია ვსწავლობ და არჩეული მაქვს, რადიოლოგიის განხრით წავიდე. სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტობის პირველი წლებიდან ვთამაშობდი ''კავეენს''. ასე ვთქვათ, იუმორით მაშინ მოვიწამლე. სულ მქონდა მიდრეკილება და მხიბლავდა იუმორისტული სფერო. დაბოლოს, ეს ექიმი ადამიანი იუმორისტულ პროექტებში აღმოვჩნდი. საკმაოდ სხვა კუთხით წავიდა ჩემი ცხოვრება, ვგულისხმობ ''ღამის შოუს სტუდიასა'' და ''ტვ 11''-ს, მაგრამ ეს ყველაფერი მომწონს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
- როდის დაიწყეთ მუშაობა ზემოხსენებულ სტუდიასთან?
- 2009 ან 2010 წელს, როცა ''იმედზე'' იუმორისტული გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' კასტინგი ჩატარდა. ამ გადაცემის რეჟისორი გიორგი კაპანაძეა, პროფესიით ისიც ექიმია და კასტინგის შესახებ მან შემატყობინა. მივედი, მოვეწონე, ანეკდოტების მსახიობად ამიყვანეს და ეს იყო ჩემი პირველი შეხება ამ სტუდიასთან.
- ანეკდოტების დანარჩენი მსახიობები: ნიკა ქაცარიძე, ზურა ნიჟარაძე, ნატა ბერეჟიანი და სხვები გადასაღებ მოედანზე გაიცანით?
- დიახ, ყველა ანეკდოტების ჩაწერაზე პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული და ყველა ეს ადამიანი მაშინ გავიცანი.
- სკეტჩებში ჩანან დედათქვენი, მანანა კაზაკოვა, თქვენი მეუღლე, აწ უკვე ყოფილი - ანუკი ჯავახიშვილი. გყავთ შვილი - ბუხუტიკო, უახლოეს მომავალში ბავშვიც ხომ არ გამოჩნდება?
- ამ სკეტჩების ჩაწერამდე ტექსტები არაერთხელ განიხილება, კორექტირდება და ბევრ ფილტრს გადის. მეც ერთ-ერთი სცენარისტი ვარ. რაც შეეხება ბუხუტიკოს გამოჩენას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში (იღიმის). თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ჩემი ყოფილი მეუღლის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ჩემი და დედაჩემის კი - უარესობისკენ. თუ როგორ და რანაირად, ამას უკვე ეთერში ვნახავთ.
- ხომ არ ფიქრობთ პროფესიის შეცვლაზე, ან თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე?
- ხანდახან კი, მაგრამ ამ თემაზე სერიოზულად არ მიფიქრია. ჩემს თავს მაინც სამედიცინო სფეროსკენ ვექაჩები, რომ ცამეტწლიანი სწავლის პერიოდი არ დავკარგო. არადა, გადმორთვაც მიჭირს, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ''ღამის შოუს სტუდიაში''. მსიამოვნებს ეს საქმე, გარემო და ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება მაქვს.
- გადაღებების დროს, ალბათ ხშირად სიცილს ვერ იკავებთ. განსაკუთრებით ანეკდოტების ჩაწერისას. ვინ არჩევს, რა უნდა გავიდეს ეთერში?
- სცენარის მომზადებაში რეჟისორ გიორგი კაპანაძესთან ერთად სამი ადამიანი ვართ ჩართული. ხშირად ვარჩევთ ხალხისთვის ცნობილ ანეკდოტებს, რომლებსაც, ვფიქრობთ, რომ ეკრანული ვერსია მოუხდება. ზოგიერთ ახალ ხუმრობას თავად ვწერთ. ხშირად გვეცინება. შეიძლება, ანეკდოტის მოყოლის დროს არ გაგვეცინოს, მაგრამ ზოგჯერ გადაღების დროს ისე ჩავბჟირებულვართ, რომ ათი წუთი გვიცინია.
- ისევ სკეტჩებს მივუბრუნდები, კონსტანტინე გქვიათ. როგორია თქვენი თვალით დანახული ეს პერსონაჟი?
- ცხოვრებაში არშემდგარი ადამიანია, რომელსაც ალბათ არც არავითარი პერსპექტივაც არ აქვს, რომ რაღაცას მიაღწიოს. თავად ანალიზის უნარი არ შესწევს. ვიღაცების სიტყვებს ''იჭერს'', ერთმანეთთან ''აწებებს'' და გაგონილი ფრაზებით მეტყველებით ცდილობს, დამალოს კომპლექსები. სურს, თავის თავში წინა პლანზე წამოსწიოს მამაკაცური მხარე და ჰგონია, რომ თუ ამგვარად იმეტყველებს და მოიქცევა, უპირატესობასა და გავლენას მოახდენს ქალზე და საერთოდ, საზოგადოებაზე. ამ პერსონაჟით გაშარჟებული არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არიან. ზოგს თავად ვხვდებით, ზოგზეც გვსმენია. ჩვენი იდეა ისაა, რომ რაღაცნაირად ვაჩვენოთ, რომ ეს ამბავი არ ვარგა (იღიმის). სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები საზოგადოებაში გვყავს.
- თქვენი პერსონაჟის დედისა და მეუღლის მიმართ დამოკიდებულებას როგორ უყურებთ?
- ეს ცალკე კატასტროფაა. ცალკე საკითხია, როგორ ექცევა დედა რძალს და თავად შვილსაც როგორ უდგება. რაც ეს პერსონაჟები ეთერში გამოჩნდნენ, ახლობლები ხშირად მე-უბნებიან, რომ ძალიან ბევრ საერთოს პოულობენ რეალობაში იმ ადამიანებთან, რომლებსაც თავად იცნობენ.
- კონსტანტინეს ოჯახური მდგომარეობა გასაგებია. დედისერთაა, ცოლი გაშორდა, ერთი შვილის მამაა. თქვენი ოჯახური მდგომარეობა როგორია?
- ჩემი, ანუ გიორგის, ხომ (იღიმის)?! მყავს მეუღლე ნენე ხუჭუა და 4 წლის შვილი ნუცა. ნენე იურისტია და ერთ-ერთ ბანკში თავისი პროფესიით მუშაობს. ჩვენ ძალიან შორს ვართ კოტიკოს ოჯახისგან (იღიმის).
- კიდევ რა გაინტერესებთ ან თუ გრჩებათ კიდევ სხვა რამისთვის დრო?
- თავისუფალ დროს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ.

ანა კალანდაძე
ჟურნალი  ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
წარმატებებს გისურვებ, გიორგი.ისეთი შესანიშნავი მშობლების შვილი ხარ--ორივე პროფესიაში ივარგებ
12:46 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS